reportiori.ge - ვინ ჩაიგდო ხელში პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის ჩანაწერი, რომელიც „იმედის" ეთერში უნდა გასულიყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:34
პრეს-დაიჯესტი
ვინ ჩაიგდო ხელში პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის ჩანაწერი, რომელიც „იმედის" ეთერში უნდა გასულიყო
10 სექტემბერი, 2014. 17:20

 

 

გაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ" 32-ე ნომერში გამოაქვეყნა წერილი „ვინ ჩაიგდო ხელში პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის ჩანაწერი, რომელიც „იმედის" ეთერში უნდა გასულიყო"

რედაქციის ნებართვით, ვაქვეყნებთ ამ წერილს თემის გაგრძელებით.

 

ვინ ჩაიგდო ხელში პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის ჩანაწერი, რომელიც „იმედის" ეთერში უნდა გასულიყო


ბესო კეიდია „ავტოვაზის" დირექტორად მაშინ მუშაობდა, როცა ბადრი პატარკაციშვილი რუსთავის ბაზის, რომელიც „ჟიგულის" ნაწილებით ამიერკავკასიას ამარაგებდა, დირექტორის მოადგილე-მომარაგების უფროსი იყო. იმ დროს ჩაეყარა საფუძველი მათ მეგობრობას, რომელიც ამ უკანასკნელის მოულოდნელ გარდაცვალებამდე გაგრძელდა.


1990 წელს ბორის ბერეზოვსკი „ლოგოვაზის" შექმნას შეუდგა და პატარკაციშვილი მოსკოვში პარტნიორად მიიწვია. ბადრი საქართველოში რომ დაბრუნდა, მონახა ბესო კეიდია და მას მერე დღე არ გასულა, ერთად რომ არ ყოფილიყვნენ - საქმეშიც და მოცალეობის ჟამსაც: ნარდის თამაშს, მაგალითად, ერთ დილას რომ იწყებდნენ, მეორე დილით ამთავრებდნენ.

 

- ნარდის თამაშით ისვენებდა. ეთიშებოდა საქმეს, ნარდის გარდა იმ საათებში არაფერზე ფიქრობდა, - იხსენებს კეიდია.


ამ შესავლის გაცნობის შემდეგ „საქართველო და მსოფლიოს" მკითხველი, ალბათ, არ გაიკვირვებს, თუ რატომ მოვიწვიეთ ბატონი ბესო კეიდია ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებულ,  ბოლომდე გაურკვეველ, ზოგიერთ საკითხზე სასაუბროდ.

 

- ბატონო ბესო, ამ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა ბადრი პატარკაციშვილისა და ირაკლი კოდუას საუბრის ჩანაწერზე ლაპარაკი. თქვენ ბადრის უახლოესი მეგობარი იყავით. შეგიძლიათ ისაუბროთ ამ თემაზე?


- მე ვიცოდი, რომ უნდა მომხდარიყო შეხვედრა პოლიციის ამ მაღალჩინოსანთან. ახლა რომ ამბობენ, კოდუამ ფარულად ჩაიწერაო, ტყუილია. შეუძლებელია, კოდუას რამის ჩაწერა მოეხერხებინა.


პირიქით იყო ყველაფერი.


ამ შეხვედრას წინ უძღოდა ბადრის შეთანხმება სკოტლანდ იარდთან. სწორედ ამ საიდუმლო სამსახურის დახმარებით უნდა ჩაეწერა მათი საუბარი. ასეც მოხდა. ეს ინგლისია, ჩემო ბატონო, ბანოჯა და ვანუატუ კი არა. ამგვარი ღონისძიების ჩატარება ქვეყნის შიგნით დივერსიად არის მიჩნეული და საქართველოს სპეცსამსახურის რაგინდ მაღალ მოხელეს ამ დივერსიის განხორციელების უფლებას არავინ მისცემდა. ეს აქსიომაა.

 

- ფეხსაცმლის ქუსლში ჰქონდაო ჩამონტაჟებული ჩამწერი აპარატურა?!


- ზღაპრებია! ასეთი პრიმიტივიზმი ბერიას დროინდელ შინსახკომშიც კი წარმოუდგენელი იყო. დღეს არსებული მაღალი მგრძნობიარობის აპარატურა დაუბრკოლებლად აღმოუჩენდა ასეთ „ფარულ" მოწყობილობას.


მე, რაც ბადრისგან ვიცი, იმას ვამბობ. ისიც უნდა ვთქვა, რომ ბადრი არ იყო ის პიროვნება, კოდუას სატყუარაზე რომ წამოგებულიყო. მან ძალიან კარგად იცოდა, ვის ხვდებოდა, თავიდან ბოლომდე შესწავლილი ჰყავდა ეს კაცი და დარწმუნებული იყო, რომ ორმაგი თამაში მისთვის უცხო და მიუღებელი არ იქნებოდა.


მოვლენების განვითარებამ ეს დაადასტურა, ხოლო კოდუასთვის გენერლის წოდების მინიჭებამ ბეჭედი დაუსვა იმას, რასაც ბადრი ამბობდა.


ბადრისთან შესვლამდე კოდუა ლამის ფეხის ფრჩხილამდე შეამოწმეს და, როგორ ფიქრობთ, ფეხსაცმლის ქუსლში ჩამონტაჟებულ მოწყობილობას ვერ აღმოუჩენდნენ?! თქვენ რა, არ გინახავთ, რომ თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ სპეცკონტროლში გასვლისას ზოგიერთი მგზავრი ფეხშიშველიც კი გაუტარებიათ?

 

- ვყოფილვარ ამის მომსწრე, თუნდაც ჩვენს აეროპორტში, როცა ერთ-ერთ ჩვენს ოპერატორს (სვანს") მანამ არ მოეშვნენ, სანამ ფეხსაცმელი არ გახადეს და დეტექტორში რამდენიმეჯერ ისე გაატარეს, რომ მშობლიური მიწის სითბო ფეხის გულებით ეგრძნო...


- ლონდონში ბადრისთან მისულ კოდუას დაცვის თანამშრომლები, რომლებიც სპეციალურად იყვნენ გაფრთხილებულნი და იცოდნენ, რისი აღმოჩენა და აღკვეთა ევალებოდათ, როგორი გულმოდგინებით შეასრულებდნენ დავალებას, მტკიცება არ სჭირდება. სააკაშვილის პროპაგანდისტული აპარატის ჩვეული ხრიკია: ეს პროფესიონალები ისეთ პრიმიტიულ ხეპრეებად წარმოგვიდგინა, რომლებიც მოხერხებულმა ვანო მერაბიშვილმა და მასზე უფრო მოხერხებულმა კოდუამ გააცურეს.


ასეთ პრიმიტივიზმს საბჭოთა მზვერავებზე გადაღებულ ოცდაათიანი წლების კინოფილმებშიც ვერ შეხვდებით.


პატარკაციშვილ-კოდუას საუბარს არ დავსწრებივარ, ვიმეორებ იმას, რაც ბადრისგან ვიცი.

 

- ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაცია შესთავაზაო პატარკაციშვილმა კოდუას. ჩანაწერში ასეა.


- ჯერ ერთი, ბადრი პატარკაციშვილი არ იყო ის პიროვნება, რომელიც ვინმეს ლიკვიდაციას შესთავაზებდა კოდუას. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. თავის პოლიტიკურ ცხოვრებას იგი სხვების გვამებზე არ ააგებდა. რომც ეფიქრა ლიკვიდაცია, პოლიციის თანამშრომელს ამას არ გაანდობდა. მეორე: ჩანაწერი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ქართულ საზოგადოებრიობას მოასმენინა, იყო უხეში მონტაჟი, რომლის გაკეთება მეტ-ნაკლებად დაოსტატებულ ხმის რეჟისორს შეუძლია. ისეთი სიყალბე იყო, რომელსაც ნებისმიერი ექსპერტი წვალების გარეშე აღმოაჩენს და დაადასტურებს.

 

- თქვენი არგუმენტები გასაგებია, მაგრამ, თუ ბადრი პატარკაციშვილმა თვითონ ჩააწერინა კოდუასთან თავისი საუბარი, მაშინ საკითხავია, სად, როდის და როგორ მოახერხა მერაბიშვილის სპეცსამსახურმა ამ ჩანაწერის გაყალბება?


- ძალიან მარტივად - ე. წ. „პერეხვატის" მეშვეობით ხელთ იგდეს საუბრის ჩანაწერი.

 

- აბა, თარგამაძემ ჩამოიტანაო?


- თარგამაძე მაგ დროს თბილისში იყო, „იმედში" იჯდა და ელოდებოდა ამ ჩანაწერს. შემდეგ, თუ გახსოვთ, თარგამაძე გამოვიდა და დახურა ტელევიზია. დამონტაჟებული ჩანაწერი კი „რუსთავი 2"-ზე გაასაჯაროვა ხელისუფლებამ _ მოგვასმენინა ის, რაც მას სურდა, და არა ის, რაც სინამდვილეში იყო. ბადრის რომ ვკითხე, შალვოვიჩ, ამაზე რას ფიქრობ-მეთქი, მიპასუხა, მეც იმავეს ვფიქრობ, რასაც შენო. გაეცინა: მაგ ავანტიურაზე ლაპარაკიც არ მინდაო _ კოდუას ჩემი საუბარი როგორ უნდა ჩაეწერაო?!

 

- რატომ დასჭირდა სააკაშვილის ხელისუფლებას ამ სიბინძურის გაკეთება?


- ბადრიც ამბობდა და ნებისმიერი პატიოსანი ანალიტიკოსიც გაიზიარებს იმ პოზიციას, რომელსაც პასუხად გეტყვით. ბადრის ჰქონდა უზარმაზარი რესურსი,  წერტილი დაესვა „ნაციონალების" პარპაშისთვის საქართველოში. ხალხი მას მხარს უჭერდა. ოპოზიციური პარტიები მის გვერდით იდგნენ. სააკაშვილისეული ელიტა დაფრთხა და ყველაფერს კადრულობდა ბადრის ავტორიტეტის შესარყევად.


კოდუას ავანტიურაზეც ამიტომ წავიდნენ, მაგრამ ამ ბლეფმა დიდხანს არ იმუშავა. როგორც ყველა ტყუილს, ამასაც მოკლე ფეხები აღმოაჩნდა.


რას იზამ, ზოგს ასე აძლევს ხელს, ზოგს - სხვანაირად. ზოგმა ყველაფერი ოლიგარქსა და მილიარდერ ბერეზოვსკის დააბრალა. თითქოს ბერეზოვსკიმ ჩაგვიშვა... ბერეზოვსკის არაფერი გაუფუჭებია, არავინ ჩაუშვია.

 

- ნაღდია?


- აბა, რა! პირიქით. ბადრი რომ გარდაიცვალა, ბერეზოვსკი ძალიან ნერვიულობდა, იმიტომ, რომ ყველაფერი პატარკაციშვილისთვის ჰქონდა მინდობილი, მთელი ბიზნესი. თვითონ საერთოდ არაფერს აკონტროლებდა. ბადრის სიკვდილი ბერეზოვსკისთვის ბიზნესის სიკვდილი, მთელი საქმის კატასტროფა იყო.

 

- ბადრი ელოდა, რომ მისი ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელებულიყო?


- აბა, რა! ამაზე საუბარს ხშირად შევსწრებივარ. ყველაფერს ეუბნებოდნენ, თუ რამეს გაიგონებდნენ, თუ სადმე რამეს აღმოაჩენდნენ. ელოდა, მზად იყო ყველაფრისთვის, მაგრამ პანიკაში არასოდეს ჩავარდნილა.

 

- დაგიჯერებთ, რომ იცოდა, მაგრამ საიდან ჟონავდა ასეთი ინფორმაცია?


- ბადრი დიდი ფულის პატრონი იყო. ამ ფულის მეშვეობით ყველგან ჰყავდა თავისი „თვალი და ყური" - აქაც, იქაც.

 

- პოლოციაშიც?


- აბა, რა! ვინ რას იტყოდა დილით, საღამოს ბადრიმ იცოდა, შეიძლება, უფრო ადრეც. დიდ ფულს უხდიდა ყველას.

 

- თქვენთვის უთქვამს, რომ იქ" ჩემი ხალხი მყავსო?


- თქმა რად უნდოდა! მე თვითონაც ვიცოდი.

 

- ისეთ მოღვაწეებზეა" ლაპარაკი, რომლებიც ცნობილი იყვნენ და არა წვრილფეხობაზე?


- აბა, რა! მაგრამ დასახელებას ნუ მომთხოვთ. ბადრი ცოცხალი არ არის და სხვა ვერავინ დამიდასტურებს იმ გვარებს, მე რომც ჩამოგითვალოთ.

 

- კოდუაზეც შეიძლება ვიფიქროთ?


- კოდუას იმ პერიოდში რაღაც პრობლემები შეექმნა პოლიციაში და რეაბილიტაციისთვის, შეცდომების გამოსასყიდად იკისრა ის საქმე, რომელზეც ვილაპარაკეთ, ან - დაავალეს. ამ ოპერაციის შედეგად ქეც მისცეს გენერლობა,  როგორც ვიცი.


ბადრის, როგორც გითხარით, ყველგან თავისი ხალხი ჰყავდა, პარტიებშიც.

 

- პარტიებშიც?!


- პარტიებშიც! ყველაფრის შესახებ მოსდიოდა ინფორმაციები. უკვე წასული ამბავია და შეიძლება ვთქვა. ერთ პერიოდში ჩამოვიტანეთ მანქანაზე დამონტაჟებული მოძრავი მოსასმენი აპარატურა. მანქანას ეწერა „ტელევიზია იმედი". თანამედროვე, უაღრესად მგრძნობიარე პელენგატორით შენობაში რაც ხდებოდა, იმის მოსმენა და დაფიქსირება შენობის გარედან შეიძლებოდა. ამასთან 3-4 მობილური ტელეფონის მოსმენაც იყო შესაძლებელი.


ერთი თვე იმუშავა ამ აპარატურამ, შემდეგ დამიძახა და მითხრა ბადრიმ:


- ბესო, გამორთე ეგ აპარატურა, იმდენ სისაძაგლეს ვიგებთ, რომ შეიძლება გავგიჟდეთ. ამ ყველაფერს რომ ვუსმინოთ და დავიჯეროთ, შეიძლება მარტონი დავრჩეთო. ახლობლები ისეთ რაღაცებს ყვებოდნენ, რომ თმები ყალყზე დაგიდგებოდა კაცს. ყველაფრის გადმოცემა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად -  წასული საქმეა.


- ბადრის საარჩევნო შტაბშიც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პატარკაციშვილზე აუგის თქმაში ვარჯიშობდნენ?


- ყველგან იყვნენ. იქიდანაც მოჰქონდათ ამბები, აქედან იქითაც მიჰქონდათ. ამას მიჩვეული იყო ბადრი. ვინმე რომ ეტყოდა, ესა და ეს კაცი, ხომ ხედავ, შენს ქონებას იპარავსო, უპასუხებდა: შენ რომ მის ადგილზე იყო, არ მოიპარავო?!


გულუხვი კაცი იყო ბადრი პატარკაციშვილი. მეგობარსა და ახლობელს ფულს დაუშურვებლად აძლევდა ბიზნესის წამოსაწყებად (ათასები იყო, ცოტა კი არა!). ზოგეჯრ ისეც ხდებოდა, რომ მისგან დაფინანსებული პიროვნება, საეჭვო საქმეში დებდა ფულს და პირწმინდად კარგავდა.


პატარკაციშვილთან დარცხვენილი რომ მოვიდოდა, ბადრი ეტყოდა:


- ბიჭო, საქმეს თავს თუ ვერ ადგამ, ის ფული შენ მაინც შეჭამე, სხვას რატომ აბაირამებ?


ბანკში უდებდა ანგარიშზე, ბევრი იმათგანი ახლაც იმ თანხის პროცენტებით ცხოვრობს.


ანალიტიკური ტვინი ჰქონდა და სიტუაციას ყოველთვის პრაგმატულად აფასებდა, ზედმეტი ემოციების გარეშე. არ უკვირდა არც მოსმენა, არც ქურდობა, არც ჩაშვება, მაგრამ ყველაფერს მომზადებული ხვდებოდა შხამსაწინააღმდეგო საშუალებებით.


ადამიანები, რომლებსაც ბადრი თავისიანებად მიიჩნევდა, ერთმანეთთან საუბარში ბადრის გინებასაც კი არ თაკილობდნენ, ასეთი და ისეთია, ყევერი და გაიძვერაა, ეს თანამდებობა უნდა, ის უნდა და ა. შ.


ისეთი ახლობლები ლაპარაკობდნენ, რომლებზეც გადაყოლილი იყო. მოწინააღმდეგე მხარესთან საუბრის დროს ჩადებდნენ კუბოში.


მას შემდეგ ის მოსასმენი აპარატურა აღარ გამოგვიყენებია და ახლა სად არის, არ ვიცი. უამრავი ჩანაწერი იყო, თავისთავად ძალიან საინტერესო, მაგრამ ვინ და რისთვის გამოიყენა, ან იყენებს თუ არა დღეს, ვერაფერს გეტყვით. არც მაინტერესებს.

 

- ამდენი მუქარა რომ მოდიოდა ბადრი პატარკაციშვილის მისამართით, ამის გასანეიტრალებლად კეთდებოდა რამე განსაკუთრებული? გარედან ისე ჩანდა, რომ მის დაცვაში სულ რამდენიმე კაცი იყო, თანაც უცხოელები.


- დაცვა რომ ჰყავდა, ყველა ხედავდა. მაგრამ არავინ იცოდა, რომ მას ყოველთვის თან დაჰყვებოდა 30 კბილებამდე შეიარაღებული პროფესიონალი. თვალში არავის რომ არ მოხვედროდა, ეს გარე დაცვა უბრალო, შეუხედავი მანქანებით გადაადგილდებოდა. ბადრის პირადმა დაცვამაც არ იცოდა მათი  არსებობა.

 

- პარლამენტის წინ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე ბადრი პატარკაციშვილი რომ გამოვიდა, განაცხადა, რომ მთელ თავის ქონებას სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას მოახმარდა.


- თავი გადადებული ჰქონდა. არამარტო გააკეთებდა, არამედ აკეთებდა კიდეც.

 

- ბევრს ლაპარაკობდნენ ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებაზე, ბევრს ჭორაობდნენ.


- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ბადრის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე არასოდეს სიტყვაც არ წამოსცდენია! ცუდს საერთოდ ვერავისზე ათქმევინებდით. ხოლო ენის მიმტანს, რაც გინდა შენს საწინააღმდეგოდ ელაპარაკა, არ დაუჯერებდა, შენზე ჩამოყალიბებული თავისი აზრი არ შეეცვლებოდა.


ჩამშვებები რომ დარწმუნდნენ, ენის მიტანას აზრი არ ჰქონდა, დაშოშმინდნენ, დაწყნარდნენ, შეეშვნენ ყურში ჩაჩურჩულებას. თორემ თავიდან ისეთი შემოტევა იყო, ნორმალური ადამიანი ვერც წარმოიდგენდა. პროფესიულ საქმიანობად ჰქონდათ გადაქცეული.


ჩემზე რას არ ეუბნებოდნენ, ოოო! ეცინებოდა ბადრის ამაზე.

 

- ბატონო ბესო, ის რა იყო, ბადრის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულმა აქტივისტებმა აქცია რომ მოაწყვეს, ფული არ გადაგვიხადაო?!


- ბადრი სხვის ფულს არასოდეს შეირჩენდა, მით უფრო, თუ იმ სხვას რაღაც საქმე მაინც ჰქონდა გაკეთებული. მაგრამ ზოგი ფულის შოვნაზე იყო გადასული, ბერავდნენ ხარჯთაღრიცხვას, სულ უფრო მეტ ფულს მოითხოვდნენ, ლარიან საქმეს ოცი ლარის ფასს ადებდნენ. არ იყო ბადრი ისეთი სულელი, ასე რომ ეფლანგა ფული.


ერთი ნუღლა იყო, ვისაც თითქოს ფული არ მისცა, სხვებიც მახსოვს ასეთი პრეტენზიის მქონე. მეტს აძლევდა, თორემ ნაკლები არავისთვის მიუცია.


დარწმუნებით ვიცი, რომ ის ფული, რომელიც აქტივისტებისთვის უნდა დაერიგებინათ, მან გამოაგზავნა, მაგრამ ვინ სად წაიღო და როგორ გაანაწილა, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ბადრი მას მერე თბილისში ვერ ჩამოვიდა, თორემ ყველაფერს გაარკვევდა.


ბადრის დავცილდი 11 თებერვალს. მასთან სტუმრად ვიყავი ლონდონში. შემართებით ლაპარაკობდა, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო. შენ ხომ ხარ ჯანზეო, მეუბნებოდა.

 

- სიკვდილის წინათგრძნობა არ ჰქონდა? არ ელოდა?


- არა! ვაჟკაცურ განწყობილებაზე იყო, მომავალზე ლაპარაკობდა. ასე დავცილდით. 12-ში მოსკოვში ჩემმა შვილმა დილის 6 საათზე დამირეკა, ბადრი გარდაიცვალაო...


ასე იყო.


საქართველოს სიყვარული ბადრის სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი. ეს განსაკუთრებული თემაა და ცალკეა სალაპარაკო.


ესაუბრა არმაზ სანებლიძე

 



ახლა კი - თემის გაგრძელება, ანუ მცირე ექსკურსი ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო საქმიანობაში.


ჭეშმარიტად მამულიშვილი იყო

 

- მახსოვს, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას დავით-გარეჯის კომპლექსის რესტავრაციისთვის 15 ათასი დოლარი გაიღო. მაშინ მონასტერმა თვალში გამოიხედა. შესაძლებლობა მომეცა, დავით-გარეჯში შევხვედროდი და მეკითხა, როგორ მოხდა, რომ მან, იუდეველმა კაცმა, მართლმადიდებლური ქრისტიანული კერის აღსადგენად ფული გაიღო. მაშინ ბადრიმ მიპასუხა, რომ იგი ქართულ სიწმინდეებს უდიდესი კრძალვით ეკიდება.


- მარტო დავით-გარეჯი?! უამრავ ეკლესიაში ვყოფილვართ და ღვთის ყველა სახლისთვის ფული შეუწირავს ბადრის, მცირე თანხა არ ყოფილა.


მცხეთის ქალაქის რეკონსტრუქცია ჰქონდა ჩაფიქრებული. დახურულ ქალაქს აკეთებდა, დაცულ ქალაქს. სვეტიცხოვლის გარშემო კერძო სახლები უნდა აეღო, მოსახლეებისთვის ცოტა მოშორებით ყიდულობდა მიწებს, აუშენებდა სახლებს. ტაძრის გარშემო უნდა ყოფილიყო ცარიელი სივრცე და მის ცენტრში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მთელი თავისი დიდებულებით იქნებოდა აღმართული.


მტკვარზე ხიდი გაიდებოდა. 21 ჰექტარი მიწა ვიყიდეთ სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს, სადაც გაკეთდებოდა ავტოსადგომი, აშენდებოდა სასტუმრო, მოეწყობოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მცხეთაში მომსვლელი შინაური თუ გარეშე აქ დატოვებდა მანქანას და იმ ხიდით ფეხით შევიდოდა წმინდა ქალაქში.


ეს ყველაფერი დაახლოებით 130 მილიონი დოლარი ჯდებოდა. ფული გამოყოფილი ჰქონდა. ბოლომდე რომ მივედით, ატეხეს ერთი ამბავი პრესაში, აქეთ გუბერნატორმა - მცხეთას რომ აკეთებ, თიანეთიც და ყაზბეგიც გაგვიკეთეო, იქით „პატრიოტებმა" - ბადრის კაზინოების გაკეთება უნდაო. დიდი ყვირილი ატყდა და უარი ათქმევინეს შევარდნაძეს ამ პროექტზე. არადა, მასთან ყველაფერი იმთავითვე იყო შეთანხმებული.


ერთი რამ, რაც ბადრის ნამდვილად უნდოდა, მცხეთის მერობა იყო. იერუსალიმში ყოფნისას ქალაქის ხელმძღვანელობას მოელაპარაკა და დააძმობილა მცხეთა და იერუსალიმი.


დიდი გეგმები ჰქონდა. ჩაუშალეს. მაგალითისთვის დავასახელებ აფხაზეთს. ჯერ ძალისმიერი მეთოდით ამ კუთხის დაბრუნებას აპირებდა 2000-კაციანი მობილური, სრულად აღჭურვილი ჯარის ნაწილის მეშვეობით. შევარდნაძემ თავიდან მოიწონა ეს პროექტი, შემდეგ უპირატესობა აფხაზეთში ეკონომიკური განვითარების გზით შესვლას მიანიჭა. ბადრის დავალებით თითქმის ორი წლის განმავლობაში ვიყავი აფხაზეთში, ვიყიდე ბიჭვინთის ტერიტორია...

 

- თავისი კორპუსებით?!


- აბა, რა! შემდეგ - სანატორიუმები. ცხონებული ფულს მაძლევდა აფხაზეთის ომში დაღუპული ჩვენი მოხალისეების საფლავების მოსავლელად. გუდაუთაში აფხაზებთან ერთად ავამუშავეთ თამბაქოს ფაბრიკა.


აფხაზეთში ისე მიღებდნენ, როგორც შინაურს, თანაც ის აფხაზები, რომლებიც მაგარი სეპარატისტები იყვნენ. გუდაუთაში მათთან ვცხოვრობდი.


2002-2003 წლის ამბებს გეუბნებით. შემდეგ რაც მოხდა, ყველასთვის ცნობილია, და საქართველოს ხელისუფლებამ თანდათან დათმო პოზიციები.


დავაზუსტებ, რომ ფული, რომელიც აფხაზეთში იხარჯებოდა, მარტო ბადრის არ იყო, ბერეზოვსკისაც ეკუთვნოდა. ბერეზოვსკი მაქსიმალურად ცდილობდა,  აფხაზეთი საქართველოს დაბრუნებოდა. მისი და ბადრის 20-30 მილიონი დოლარი დღესაც არის იქ ჩადებული.


არძინბა რასაც იტყოდა, იმას აკეთებდა: ბადრისთან და ბერეზოვსკისთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ მოვიდა ბაგაფში... არძინბა ბადრის ეპატიჟებოდა, ჩამოდი, ადგილზე გადავწყვიტოთ ყველაფერიო. მაგრამ შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და წყალში ჩაიყარა, რაც იყო გაკეთებული.


კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით.


ბადრი ზუგდიდში რომ ჩამოვიდა, ჩემთან ცხოვრობდა. მკითხა, რა გინდა, შენს მშობლიურ ქალაქში რომ გავაკეთოთო. ვუთხარი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ დადიანების სასახლეს პირვანდელ სახეს დავუბრუნებდით.


2002 წელია. დავუძახეთ მუზეუმის დირექტორს, თანამშრომლებს და გავაცანით რესტავრაციის იდეა. ჩავრთეთ ქალაქის მერიც. შევისწავლეთ და განვსაზღვრეთ სამუშაოების მოცულობა. შედგა ხარჯთაღრიცხვაც - საკმარისად დიდი თანხა ჯდებოდა. შევუდექით საქმეს. მოვასწარით ერთი შენობის გადახურვა და დაიძრა ცილისწამების ნიაღვარი, თითქოს მე დეპუტატობა მინდოდა და კარიერისტული მიზნები მამოძრავებდა. ათას სისულელეს იგონებდნენ და აქვეყნებდნენ. მაშინ დამიძახა ბადრიმ და მითხრა:


- ბესო, ხომ ხედავ, რაც ხდება. გავილანძღებით, და ჯობია, ამ საქმეს თავი დავანებოთო.


ყველაფერი, რაც რესტავრაციისთვის გვქონდა ჩატანილი - რკინის არმატურა, ცემენტი, აგური, ხეტყის მასალა და ა. შ. - გაყიდეს. არაფერი დაუტოვებიათ.


საოცარია, ბადრი იმ სასახლეს ზურგზე მოიკიდებდა და წაიღებდა?! ზუგდიდს არ დარჩებოდა?!


ასეთები ვყოფილვართ ჩვენ, სამწუხაროდ.


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016