მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.
წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოჰკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა. კერძოდ, კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.
წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ჰეროდე ანტიპას ჰეროდიადას ქალიშვილმა სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი. სალომეა ჰეროდეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგრით წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა.
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.