დღეს მედიაში გამოქვეყნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის , ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს რამდენიმე ამონარიდი, რომელთაგან ერთ-ერთი შეეხებოდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
„ინაუგურაციის მეორე თუ მესამე დღესვე, როცა სიტუაციის დალაგება დავიწყეთ და გაუგებრობაში აღმოვჩნდით, ჩვენი პოლემიკის ერთ-ერთი საგანი გახლდათ პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიცია, რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და ეს ჩემთვის იყო გაუგებარი.
მე მას ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი, თქვენ უნდა მოხვიდეთ ერთ გუნდად, "ქართული ოცნების" გუნდი გეხმარებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში, მხარს გიჭერდა, ჯერ არაკორექტულია და მეორეც, კონკურენცია დაგაზარალებთ. თქვენ კონკურენტი გყავთ უმუშევრობის, უამრავი, მათ შორის ტერიტორიული პრობლემის, საგარეო პოლიტიკის და ა.შ. სახით, რომ ეს არის თქვენი კონკურენტი. ხელი-ხელს ჩაკიდეთ, ერთად უნდა იმუშაოთ და არ უნდა იყოს კონკურენცია. საბოლოოდ, მე ჩემს აზრზე დავრჩი, მას კი თავისი აზრი არ შეუცვლია. მის ყველა ქმედებაში განა მარტივი დასანახი არ არის, რომ (ეს სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ) კონკურენტს ებრძვის, კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა ხელი შეუშალოს. ამით, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეშლება ხელი და ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი." - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილის ინტერვიუს ამონარიდების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში პრესკონფერენცია ჩაატარა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, სადაც უარყო მთავრობასთან მისი კონკურენციის ფაქტი და ამპროცეს სდემოკრატია უწოდა.
გადავხედოთ მარგველაშვილის რამდენიმე ციტატას: „მე ვერავინ მომიტანს ერთ მაგალითს მაინც, როდესაც აღმასრულებელ, თუ საკანონმდებლო ხელისუფლებას ხელი შევუშალე საქმიანობაში. "
საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა მარგველაშვილისგან სააკაშვილის "საიდუმლო ხარჯების"განსაჯაროებას, სხვანაირად თუ არა ხელის შეშლა ეს ფაქტი რთულია იქნას გაგებული "ეს არ არის დაპირისპირება, ეს არის დემოკრატია" როდესაც პრეზიდენტი ცდილობს პარალელიზმები შექმნას ვიზიტებში მაშინ როცა პრემიერი თავის მხრივ ცდილობს არ შეუქმნას მას პრობლემები (ღარიბაშვილი არ წავიდა უელსის სამიტზე), ეს არც დაპირისპირებაა, არც დემოკრატია _ ეს არის პრეზიდენტის მცდელობა დააფიქსირის საკუთარი მნიშვნელობა პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს მნიშვნელობა შავით თეთრზეა გაწერილი ქვეყნის კონსტიტუციაში. მარგველაშვილმა გაპრეზიდენტებამდე იცოდა, რომ თანამდებობა, რომელზეც ის ივანიშვილმა წარადგინა გავლენით სერიოზულად ჩამორჩებოდა სააკაშვილის ძალაუფლებას. დემოკრატია სწორედ ის იყო, როცა ქვეყანა გათავისუფლდა პრეზიდენტის ერთპიროვნული მმართველობისგან და არა ორმაგი თამაში, როცა ერთდოულად აცხადებ _ ვარ კოალიციის გუნდის წევრიო და იმავდროულად მუდმივი გაუგებრობები გაქვს კოალიციასთან.
"საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის. საქართველო არის ნახევრადსაპარლამენტო რესპუბლიკა. საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, საპარლამენტო რესპუბლიკებში კი პრეზიდენტებს, ჩვეულებრივ, ნიშნავენ."
პრეზიდენტის ხალხისგან არჩევითობა არნიშნავს ნახევრადსაპარლამენტო სისტემას. მნიშვნელობა აქვს არა პრეზიდენტის არჩევითობას, არამედ პრეზიდენტის გავლენას ქვეყნის პოლიტიკაზე. კონსტიტუციითაც და რეალურადაც მარგველაშვილს არ გააჩნია პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის ბერკეტები. მითუმეტეს, რომმ არგველაშვილი თავად აღიარებს რომ ვალდებულებებში, რასაც ახორციელებს, არ არის პოლიტიკური შინაარსი. ქვეყნის მართვის კონსტიტუციური ბერკეტები დღეს პარლამენტის და მთავრობის ხელშია. შესაბამისად საქართველოში მოქმედებს საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემა.
"მოხდა ისე, რომ მოხდა ძალიან სერიოზული ორგანიზებული მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ და მინდა გითხრათ, რომ ამ მუშაობის შედეგად პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში არის ჩაშლილი"
რას ნიშნავს ორგანიზებული მუშაობა ვიზიტის საწინააღმდეგოდ? როგორც თავად პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებდა, ვიზიტზე თავად მუშაობდნენ, ვინმემ დაბლოკა ან დარეკა გაეროში რომ მარგველაშვილი არ წასულიყო? იქნებ მარგველაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო თავად, რადგან დაინახა, რომ მისმა დაჟინებამ უკვე საერთაშორისო რეზონანსი მიიღო და მისთვის არცთუ სახარბიელო რაკურსში? რატომ არის პრინციპული მარგველაშვილისთვის ამა თუ იმ საქმიან შეხვედრებზე დასწრება, მაშინ როცა იმ შეხვედრებზე მიღწეული გადაწყვეტილებები მაინც მთავრობამ უნდა განახორციელოს? რატომ არის შეუძლებელი დემოკრატია თუ ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა იქნება ერთ პოზიციაზე და მითუმეტეს ერთიან კოალიციაში? ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში სწორედ ასეა _ აღმასრულებელ ხელისუფლებას აკომპლექტებს პარლამენტში მოსული უმრავლესობა, როგორც წესი პარტიების კოალიციის სახით. არსებობს კი სადმე სახელმწიფო, სადაც ერთი და იმავე კოალიციის წევრი პოლიტიკოსი კონკურენციაშია კოალიციასთან? ასეთი აბსურდის სამშობლო როგორც ჩანს საქართველოა, აბსურდის ავტორი კი პრეზიდენტი მარგველაშვილი. გასაგები იქნებოდა, რომ საზოგადოების ნაწილს გაჭირვებოდა აქამდე აბსოლიტური ძალაუფლების მქონე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცილ უფლებებთან შეგუება, მაგრამ ადამიანისთვის, რომელიც პრეზიდენტად იქნა არჩეული, წესით თავიდანვე უნდა ყოფილიყო გააზრებული, რომ სააკაშვილის მსგავსი ძალაუფლება მას არ ექნებოდა. ეს გააზრებული რომ ყოფილიყო, მარგველაშვილს არ ექნებოდა პრობლემები არც კოალიციასთან და არც საგარეო უწყებასთან.
ავტორი: ბლოგერი ნიკუშა მარქს