14 სექტემბერს (საეკლესიო კალენდრით 1 სექტემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტიონის დაწყებას, ანუ ახალ წელს აღნიშნავს.
ქრისტიანულმა ეკლესიამ, ახალ წლად ანუ ინდიქტიონად პირველი სექტემბერი მიიღო, მაგრამ მთავარი მიზეზი სექტემბრის პირველი რიცხვის საეკლესიო ინდიქტიონად განწესებისა ის უფროა, რომ ამ დროს იესო ქრისტე ნაზარეთში იუდეველთა შესაკრებელში შევიდა, წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: „ვითარმედ წელიწადი უფლისა შეწყნარებული", - და იქ მყოფთ საკუთარი თავი, ვითარცა მესია, წარმოუჩინა: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე" (ლუკ. 4:18-19).
გარდა ამისა, 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენტის, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიეცათ. ამ მოვლენების აღსანიშნავად ბერძნულ ეკლესიაში უძველესი დროიდანვე წელიწადის ათვლა პირველი სექტემბრიდან იწყება. ამავე დღეს ეკლესია უფალს მადლობას სწირავს გასულ წელს მიღებული მოსავლისათვის და სამომავლოდაც ევედრება, ქვეყანამ გამოსცეს ნაყოფი თვისი.