reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: გპირდებით, უფრო აქტიური ვიქნები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:35
მთავარი თემა
ბიძინა ივანიშვილი: გპირდებით, უფრო აქტიური ვიქნები!
ავტორი:
15 სექტემბერი, 2014. 19:43


 

 

„კვირის პალიტრა“ ბიძინა ივანიშვილს ურეკში ესტუმრა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ყოფილ პრემიერთან ეს თქვენი მონა-მორჩილის პირველი შეხვედრა იყო. ივანიშვილი უშუალო და ენეგიული ადამიანია, და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესპონდენტია. მან ორი წლის წინ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა კარდინალურად შეცვალა და დღესაც მის სიტყვას ქვეყანაში მიმდინარე პროცსებზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უპირველესად, დავინტერესდით, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან მეორე წლისთავზე, მისთვის მისაღებია თუ არა ქვეყანაში არსებული ვითარება და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების დინამიკა.

 

– გულწრფელად გეტყვით – ორი წლის წინ ველოდი, რომ დღეს ქვეყანაში დაახლოებით ასეთი სურათი იქნებოდა. რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას, დაპირებებს საერთოდ ძუნწად ვიძლევი: უფრო საქმის გაკეთება მიყვარს და არა დაპირებების გაცემა. პოლიტიკაში ყოფნისას მე ამ პრინციპისთვის არ მიღალატია. დაპირებები იმაზე სწრაფად სრულდება, ვიდრე დაგეგმილი იყო, თუმცა, ოპოზიციას სურს, ყველაფერი სხვანაირად წარმოაჩინოს. ვფიქრობ, თავის დროზე სამთავრობო გუნდი ოპტიმალურად შევარჩიე. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოისურვა მისი გადახალისება და მომავალი გვიჩვენებს, როგორ გაამართლებენ ახალი მინისტრები.

 

– თქვენს ცნობილ წერილში („პოსტსკრიპტუმი“) აცხადებდით, რომ მთავრობას არც მხარდაჭერას დაამადლიდით და არც კრიტიკას მოაკლებდით, თუ ეს საჭირო გახდებოდა. ამ ხნის განმავლობაში გაგიჩნდათ თუ არა კრიტიკული შენიშვნა პრემიერის, სამთავრობო გუნდის ან ცალკეული მინისტრების მიმართ?

 

– ზოგადად, მთავრობის მუშაობის დავახასიათებდი როგორც წარმატებულს, და, რა თქმა უნდა, უპირველესად წარმატებულია პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

– როდესაც წარმატებულია გუნდი, ეს არ ნიშნავს, რომ შენიშვნები არ არსებობს.

 

– ჩემს საჯარო გამოსვლებში ვსაუბრობდი იმ გადაცდომებზე, რაც მთავრობას ჰქონდა და მათზე მქონდა შესაბამისი რეაქცია. იქვე აღვნიშნავდი, რომ საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე სრულფასოვანი კონტროლი ხორციელდება, თუმცა, ამ კონტროლს დახვეწა სჭირდება. მთავრობაში ყველაზე დიდ გადაცდომად მივიჩნევ მაღალი პრემიების გამოწერას და ეს ძალიან არ მომწონა. თუმცა, თუ ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გადაცდომა ერთ-ერთ სტრუქტურაში, სასჯელაღსრულების სამინისტროში, მაღალი პრემიების გამოწერაა (გარდა ამისა, იყო ძვირადღირებულ მანქანებზე საუბარი), მაშინ ასეთი მთავრობა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. თუმცა, ერთია გადაცდომები და მეორე საკითხია, თუ რამდენად ხარისხიანად მუშაობს მთავრობა. მივიჩნევ, რომ კადრები ოპტიმალურად შეირჩა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ალბათ, 10-15%-ით მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა ან შესაძლოა, ოდნავ უარესი სურათიც ყოფილიყო. იმას არ ვამბობ, რომ მთავრობის მუშაობა იდეალურია, თუმცა, დღეს საქართველოს ეფექტიანი აღმასრულებელი ხელისუფლება და ეფექტიანი პრემიერი ჰყავს.

 

– ყველაზე მეტი შენიშვნა რომელი სამინისტროს მიმართ გაქვთ?

 

ერთ-ერთი ყველაზე რთული სამინისტრო კულტურის სამინისტრო აღმოჩნდა. დიდ პატივს ვცემ ყოფილ მინისტრს, რომელიც ჩემი დანიშნული იყო ამ თანამდებობაზე. თუმცა, მგონი, თვითონაც არ იყო კმაყოფილი თავისი მუშაობით. ჩემი აზრით, ურთულესი სამინისტროა სასჯელაღსრულების უწყება. სოზარ სუბარი გულწრფელად ცდილობდა ვითარების გაუმჯობესებას. ვიცით, რომ ამ სამინისტროშიც მოხდა საკადრო გადაადგილებები. ჩემი პრემიერობისას თუ რომელიმე სამინისტროსთან გაჩნდებოდა კითხვები, რეაქცია ადეკვატური იყო. ასეა დღესაც. ჩემი აზრით, დღეს მთავარია საქმისადმი დამოკიდებულება. დღევანდელ პრემიერს საქმისადმი აქვს ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც მე, ამასვე ვიტყოდიქართული ოცნებისპოლიტსაბჭოსა თუ საზოგადოდ, გუნდზე. საქართველო უნდა იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული ქვეყანა და ადამიანის უფლებები წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული. თუ რომელიმე მინისტრი ვერ მოახერხებს ამ ფორმატში მუშაობას, მას შესაბამისად მოექცევიან. პრემიერ ღარიბაშვილის დამოკიდებულება იგივეაგადაცდომა არავის ეპატიება და ძველი უბედურება არ დაბრუნდება: ხელისუფლება ბიზნესში არ ჩაერევა, კანონის დაცვა უპირველესად პრემიერსა და მინისტრებს მოეთხოვებათ და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. მთავარია, ეს დამოკიდებულება არ შეიცვალოს, რაც ყველამ კარგად უნდა გაითავისოს.

 

– საინტერესოა, მთავრობაში საკადრო ცვლილებებამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა რჩევა თუ გკითხათ?

 

– სამთავრობო ცვლილებებამდე ღარიბაშვილმა მკითხა აზრი. თუმცა, მე არ დავინტერესდი და არ მითქვამს, კონკრეტულად ასე ან ისე გააკეთეო. ჩემი დამოკიდებულება დღესაც ისეთივეა, როგორიც ადრე იყო – როდესაც მე ღარიბაშვილს პრემიერის პოსტი გადავაბარე, მისთვის არანაირი პირობები არ წამიყენებია. იგივე ვუთხარი ღარიბაშვილს ახლაც – დღეს ის არის პრემიერი და თუ ხედავს სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას, შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ისიც ვუთხარი, რომ თუ კონკრეტულ მინისტრზე ან სამინისტროზე მკითხავს, მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, თუმცა, რაც ნაკლებს შემეკითხები, მით უფრო უკეთესია ჩემთვის-მეთქი. ჩემში დიდ ინტერესს არ იწვევს, მაგალითად, ის, თუ ვინ იქნება კულტურის მინისტრი. თუმცა, ჩემთვის რამდენიმე საკვანძო სამინისტრო უფრო საინტერესოა (მაგალითად, ჯანდაცვის, შსს და ა.შ.), იგივე, შს მინისტრი დანიშნა ღარიბაშვილმა, ეს აბსოლუტურად მისი არჩევანი იყო და მე ამ კაცს (ჭიკაიძეს) არ ვიცნობდი, ისე, მივიჩნევ, რომ ნორმალური არჩევანი იყო. ვიმეორებ – ჩემთვის მთავარია კურსი და დამოკიდებულება, რომელიც აქვს პოლიტიკურ გუნდს კოალიციის სახით.

 

თუ ვერ გაამართლებს რომელიმე მინისტრი, პრემიერს აქვს უფლება, ის ისევ გამოცვალოს, თუმცა, ალბათ, ჯობს, ასეთი ცვლილებების საჭიროება ხშირად არ დადგეს. მთავარია, პრემიერმა, ანუ პოლიტიკურმა ლიდერმა, პოზიცია არ შეიცვალოს, რასაც არც ველოდები – დინჯი, კახელი კაცია და პოზიციებს ხშირად არ იცვლის ხოლმე. მირჩევნია, ქვეყნის 15-20-წლიანი განვითარების პერსპექტივასა და ეკონომიკაზე ვიფიქრო (რაზეც ვხარჯავ ჩემს ძირითად დროს) და არა იმაზე, ღარიბაშვილი რომელ მინისტრს ვისით ჩაანაცვლებს. ყველა მინისტრი ღარიბაშვილმა შეარჩია, ერთადერთი, რაშიც დახმარება მთხოვა, კულტურის მინისტრის კანდიდატურა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ დავეხმარე – ლამის მთელი საქართველო მოვსინჯეთ, თუმცა, მინისტრის კანდიდატურა საბოლოოდ ისევ ღარიბაშვილმა შეარჩია.

 

– თქვენს წერილში ასევე აღნიშნავდით, რომ საზოგადოების აქტიური წევრი იქნებოდით. ამას მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დაფუძნება. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა და, ჯერჯერობით, ისე ჩანს, რომ მაინცდამაინც აქტიური არა ხართ საზოგადოებრივ ასპარეზზე. აქვე მინდა გკითხოთ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, თქვენ ტელეგადაცემის წაყვანას აპირებდით.

 

– ორი პროექტი უკვე მზად არის, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარებაა (სადაც მე ჩემს როლს ვხედავ). სკოლის მოსწავლეებისთვის საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროექტი მზადდება – ჩატარდება ოლიმპიადები, იქნება წამახალისებელი მექანიზმები. პროექტის არსი ის არის, რომ სკოლის მოსწავლეები ჩაერთონ იმაში (ცოდნის სახით), თუ რა არის სამოქალაქო საზოგადოება, როგორი უნდა იყოს მოქალაქე, რომ ყველა უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, ყველამ უნდა იზრუნოს სამშობლოზე და ა.შ. დაიბეჭდება ასეთი სახის კითხვარები, რომლებიც სკოლებში გავრცელდება და გამარჯვებული გამოვლინდება. პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებმა თავიდანვე ისწავლონ, რომ საზოგადოების წევრები არიან და მოუწევთ მონაწილეობა საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. მეორე, ასეთივე ფართომასშტაბიანი პროექტი სტუდენტებისთვისაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებასა და ამაში სტუდენტების ჩართულობას უკავშირდება. სტუდენტები ჩაერთვებიან რეგიონების ბიუჯეტის განხილვაში, უნდა გამოთქვან კრიტიკული შენიშვნები და შეძლონ უკეთესი ვარიანტის წარმოდგენა. საკმაოდ ბევრი დავხარჯე ამ ორი პროექტის მომზადებაში და ეს, ალბათ, ადასტურებს, რომ ვმუშაობ კონკრეტული მიმართულებებთ. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს – ჩემს სავარაუდო ჟურნალისტობას. სხვათაშორის, ეს თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის – მეც (იცინის). სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა.

 

– და ვინ გისმენთ?

 

– არ ვიცი, რა და როგორ არის... ისე, შეიძლება, მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო. თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არა ვარ. სულ ორი-სამი დღის დაწყებული იყო ეს საუბრები და უეცრად ეს ამბავი ტელევიზიით გადმოსცეს, რამაც გამაოცა. ვიმეორებ – შესაძლოა, ასეც მოხდეს, ოღონდ დაბალი ალბათობით. რაც შეეხება ჩემს საზოგადოებრივ აქტიურობას – ორ პროექტზე უკვე ვისაუბრეთ, გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საჭიროა ჩემი პირადი აქტიურობა და ამასთან დაკავშირებულ ფორმებზე ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ. მაქვს პროექტების რამდენიმე ვარიანტი. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ მე უფრო აქტიური ვიყო და ხშირად დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება საზოგადოების სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე. მაქვს სურვილი, მივიღო მონაწილეობა მიმდინარე პროცესების ანალიზში და ჩავერთო დისკუსიაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი საზოგადოების განვითარების სტრატეგია. ყველაზე ადრე, ერთ თვეში, და ყველაზე გვიან, ახალ წლამდე, მე ერთ-ერთ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, რაზეც დღეს არ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. მოკლედ, საზოგადოებას ვპირდები, რომ უფრო აქტიური ვიქნები, იმიტომ, რომ დღევანდელი საზოგადოება ამას საჭიროებს. დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს არარეალური განცდა, არარეალური მოლოდინი აქვს, არასწორად აღიქმება რეალობა.

 

თუ ჩვენ არ გავაცნობიერეთ, რეალურად, სად ვართ დღეს, რისი გაკეთება შეგვიძლია, რა გვინდა (იმავდროულად, უნდა დავგეგმოთ, რა უნდა მივიღოთ 10 თუ 20 წლის შემდეგ), საით ვისწრაფვით და არ შედგა ფართომასშტაბიანი კონსენსუსი საზოგადოებაში, მისი განვითარება რთული იქნება.

 

ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ თუნდაც უახლოესი 2 წელიწადი, უახლოესი წარსული, ჩვენი რეალური შესაძლებლობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთულია, მივაღწიოთ იმ წარმატებას, რისი სურვილიც ჩვენ ყველას გვაქვს – გავხდეთ ევროპის ღირსეული წევრი და მივიღოთ ის ეკონომიკა, რაც გვჭირდება. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს გახლავთ ეკონომიკა და ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ იმას ეთმობა, რომ საქართველოში შემოვიდეს ინვესტიციები. ინვესტიციების შემოსვლას კი სჭირდება წინაპირობები – პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, გასაგები კანონები. გარდა ამისა, საჭიროა ის, რაც არ იყო საქართველოში 9 წლის განმავლობაში. ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს კერძო საკუთრებაში ჩარევა, ეკონომიკის ყველა დარგში უნდა იყოს კონკურენტუნარიანი გარემო, კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, არ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ბიზნესმენები თუ კომპანიები, ყველასთვის უნდა იყოს თანაბარი შესაძლებლობები. ეს არის საფუძველი იმისა, რომ წამოვიდეს ინვესტიციები. ჩემი, როგორც მოქალაქის, საზოგადოების წევრის აზრით, ამ პროცესებს დახვეწა სჭირდება, რაც რა გახლავთ იოლი, რადგან გარემო რთულია. უპირველესად პოლიტიკოსებს ვგულისხმობ. საკმაოდ ბევრი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია დღეს ოპოზიციაში, რომლებიც ძალიან ცუდად წარმოაჩენენ რეალობას. ამას აღრმავებს ის ჯგუფი, რომელიც თავის თავს ექსპერტს ეძახის. იმის გამო, რომ მათში ბევრი არაპროფესიონალი და არაკეთილსინდისიერია, არასწორად ხატავენ რეალობას. იგივე პრობლემაა მედიაშიც, დაახლოებით, იმავე ტიპის, რაც ექსპერტზე მოგახსენეთ.

 

– არ მასვენებს თქვენი განცხადება, მისმენენო. თქვენი აზრით, ვინ შეიძლება გისმენდეთ?

 

– ის, ვისაც ეს ხელწერა ჰქონდა. თუ გახსოვთ, „ვერის უბნის მელოდიებში“ არის ასეთი ეპიზოდი: ქურქი სად არისო, და კარგად იცი, სადაც უნდა ეძებოო... 9 წლის განმავლობაში ეს ხალხი („ნაციონალები“) ძირითადად ამას აკეთებდა და ამაზე ჰქონდა აგებული ყველაფერი. თუ გვისმენენ, ალბათ, ისევ ესენი გვისმენენ. თუმცაღა ისევ მათი მხრიდან ისმის კრიტიკა, რომ მოსმენებს დღევანდელი მთავრობა ახორციელებს. არადა, არც ერთი მაგალითი არ დაუსახელებიათ. ამას მე დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს და ჩემთვის კატასტროფა იქნებოდა, თუ მსგავსს გაიმეორებდა დღევანდელი მთავრობა.

 

– რაც შეეხება მედიას – თქვენ ხშირად გსაყვედურობენ, რომ ჟურნალისტებს აკრიტიკებთ.

 

– უპირველესად ვიტყვი იმას, რომ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა. ის ხალხი, ვინც მედიასფეროში მუშაობს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, საზოგადოების წევრები, და ისინიც ასევე უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლსაც და, თუ გნებავთ, კრიტიკასაც. როდესაც მე მედიასთან დაკავშირებულ კრიტიკულ განცხადებას გავაკეთებდი, ან როდესაც ამას დღევანდელი მთავრობის რომელიმე წევრი აკეთებს, მაშინვე ატყდება ხოლმე აჟიოტაჟი, რომ თითქოს მედიაზე ძალადობა ხორციელდება და ა.შ. მე მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მედია იყოს თავისუფალი ხელისუფლებისგან. ყველაზე საშიში ის არის, თუ ხელისუფლება ერევა მედიის საქმიანობაში და ძალადობს მასზე. თუმცა, ვერ მოხდება ის, რომ ტაბუ დაადონ მედიის თემას – არ შეეხოთ, არ გააკრიტიკოთო. ახლავე ვაფრთხილებ ყველას – შეიძლება, სპეციალური გადაცემა და საათებიც მივუძღვნა იმის ანალიზს, რა არის დღევანდელი მედია, ვინ ვინ არის (მეპატრონეები თუ ჟურნალისტები)... როგორც სააკაშვილი არ არის პოლიტიკურად დევნილი, ისე მედიაზე ზეწოლის არც ერთი ფაქტი არ ყოფილა არც ჩემი მთავრობის და არც დღევანდელი მთავრობის დროს. ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც უნდა მსახურობდეს ის და რა პოზიციაც უნდა ეკავოს, უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება და თუ ეს ხდება და ამ დროს მედიის თავისუფლებას თავს არავინ ესხმის, ეს იდეალური სურათია. თუ ამას მთავრობის წევრი ბედავს (კრიტიკას) და არავითარი ნიშანი არ არის იმისა, რომ მან შეიძლება მედიაზე ზეწოლა მოახდინოს, ან უკვე მოახდინა, ესე იგი, მას სუფთა ზურგი აქვს, ის იწვევს მედიას, რომელსაც შეუძლია უპასუხოს. დღეს ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე მედიასაშუალებას მთავრობის წევრისთვის პასუხის გაცემის უფლება არა აქვს. არავინ იფიქროს, რომ ჩემს ამ განცხადებაში კიდევ რაღაც მუქარაა. ღმერთმა დამიფაროს, პირიქით – ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მედიაში პროფესიონალიზმი გაიზარდოს, უფრო ობიექტური გახდეს, რადგან საზოგადოებაში მედიას ვერავინ ჩაანაცვლებს. სწორედ მედია უნდა გახდეს მედიატორი, მან უნდა გააკონტროლოს პროცესები, მედიამ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია... მედიასაშუალებებს ჰყავთ მესაკუთრეები, მედია კერძო ბიზნესია. კერძოს შეიძლება ჰქონდეს მიკერძოებული დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი. ჩემი მხრიდან მეტი არაფერი იქნება ამ მიმართულებით, გარდა იმისა, რომ დავაფიქსირო, თუ გამოჩნდა, რომ კერძოს მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს კონკრეტული საკითხებისადმი.

 

– თუმცა, ალბათ, ესეც საკამათოა...

 

– რა თქმა უნდა, საკამათო იქნება და უნდა ვიკამათოთ. მთავარია, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ გახდეს მედია უკეთესი. თუ მას დაედო ტაბუ და საზოგადოებაში მედიაზე მსჯელობა აიკრძალა, ვერ გავბედეთ კრიტიკული შენიშვნების გამოთქმა, ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურების მომტანი. სწორედ ეს იყო, რასაც მიაღწია სააკაშვილმა, რომელსაც კრიტიკა არ სურდა, ლამის მთელი მედიის მობილიზება მოახდინა და კატასტროფისკენ მიჰყავდა ქვეყანა...

 

მედია არის ერთ-ერთი ძირითადი (საკვანძო) ინსტიტუტი და დამოკიდებულება მისადმი უნდა იყოს ძალიან ფაქიზი, სწორი და არა უხეში. მთავრობამ ვერ უნდა გაბედოს მედიის საქმიანობაში ჩარევა და ყველამ მოთმინებით უნდა ავიტანოთ კრიტიკა მედიის მხრიდან...

 

დღევანდელ მდგომარეობაზეც ვიტყოდი ორიოდ სიტყვას: არის „რუსთავი 2“, რომელიც არ მალავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწევა და რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ დავასახელებ – მათი („ნაცმოძრაობის“) ლიდერი არის „რუსთავი 2“-ის მეპატრონე და ამის გაქარწყლებას უკვე არავინ ცდილობს. „რუსთავი 2“-ს ეს უფლება აქვს, კანონებს თუ არ არღვევს. ჩემთვის სხვა მედიასაშუალებები უფრო მძიმეა, ვიდრე „რუსთავი 2“, რადგან ჩვენ ვიცით „რუსთავი 2“-ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს, ვინ არის მისი მეპატრონე და ვის აგიტაციას ეწევა. „რუსთავი 2“-ის ნებისმიერი გადაცემა პირდაპირ მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ – რომ იწვის და იბუგება ყველაფერი და მთავრდება საქართველო. მაგრამ ვიმეორებ – ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები – გინდაც „პირველი არხი“, „მაესტრო“ თუ „იმედი“, რადგან ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს „რუსთავი 2“. რა არის ამის მიზეზი? პროფესიონალიზმი? დამოკიდებულება? შეიძლება ასეც იყოს... სამი ტელევიზია დავასახელე და საუბედუროდ, არ ჩანს, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი ხელწერა, ჩაატარონ სერიოზული კვლევა, ანალიზი და არ იმეორონ ის, რაც „აიწევა“ „რუსთავი 2“-დან. ჩემი გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახლავთ და თავის დროზე, ჩემს დამოკიდებულებას თითოეულ მედიასაშუალებაზე დეტალურად მოგახსენებთ... ეს მძიმე თემაა საზოგადოებისთვისაც, რადგან ამ სამ ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ისგან განსხვავებით, საზოგადოება აღიქვამს, რომ ისინი არიან ობიექტურნი და თავისუფალნი. მაგრამ ძალიან ხშირად ისინი იმეორებენ იმავეს, რასაც „რუსთავი 2“ გადამოწმებისა და არგუმენტების გარეშე გაავრცელებს და ეს იწვევს საზოგადოების დაბნევას. ისე, დღევანდელი მედია რომ აღვწერო, პატარა მაგალითს მოგიყვანთ: ოდესღაც მე გამოვიყენე სიტყვა „მიჭირხვნა“ და ჟურნალისტებმა გაიგეს „მიჯირყვნა“. მას შემდეგ ორჯერ განვმარტე, რომ გამოვიყენე „მიჭირხვნა“, მაგრამ დღესაც ჟურნალისტების დიდი ნაწილი „მიჯირყვნას“ იყენებს. აი, ეს არის დღევანდელი მედია. არ იცოდნენ სიტყვა „მიჭირხვნა“, გაიგეს, მაგრამ იმავეს აგრძელებენ. უფრო ზუსტად, არ გაიგეს, არ უნდათ, გაიგონ – ეს მედიის დიდ ნაწილს ეხება. არ იფიქროთ, რომ თუნდაც ეს განმარტებაც უშველის საქმეს, ისევ გააგრძელებენ იმავეს.

 

– ბოლოდროინდელმა კრიმინალურმა ფაქტებმა საზოგადოების ნაწილში გააჩინა განცდა, რომ დამძიმდა კრიმინოგენული სიტუაცია, გააჩინა განგაშის გრძნობა და ბევრს 90-იანი წლებიც მოაგონა. მთავრობის არგუმენტით, ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება და ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად არის შექმნილი. უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა ეს კამათი. სხვათაშორის, ბოლო დროს ხშირად გაიხსენეს თქვენი ცნობილი გამონათქვამი, როდესაც თქვით, რომ ბევრი პატიმარი გამოვა ციხიდან, შეიძლება გარკვეულწილად დამძიმდეს სიტუაცია და გაგებით უნდა მოვეკიდოთო.

 

– ამ განცხადებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მოკლევადიან პერიოდს ვგულისხმობდი. უპირველესად ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“ იმ იდეოლოგიას ნერგავს, რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს როგორ ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება, ტირაჟირება; როგორ ამბობდნენ, რომ 2008 წლის ომი ჩვენ მოვიგეთ. ამას აკეთებდნენ ეს მედიასაშუალებები და იმ ადამიანების დიდი ნაწილი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს. გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში მიმდინარეობს საოცარი აღმშენებლობის პროცესი და მაშინდელი ლიდერი დავით აღმაშენებელს ედრებოდა. რეალურად, აღმშენებლობას რაც შეეხება, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ბოლო ადგილზე ვიყავით ერთ  სულ მოსახლეზე (მშპ-ს ოდენობით). სიცრუე მოდიოდა, ეს ხალხი („ნაციონალები“) ამის სპეციალისტები არიან. თქვენ ზემოთ კითხვა დამისვით ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის ორ წელთან დაკავშირებით. შეგახსენებთ მათ („ნაციონალების“) რეაქციას: პირველად ააგორეს, აღმშენებლობის პროცესი შეაჩერეს და ქვეყანას დანგრევას უპირებენო. შემდეგი ეტაპი იყო, რომ თითქოს ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია იყო. დღეს აცხადებენ, რომ თურმე ივანიშვილი მართავს ყველაფერს, ივანიშვილი იჭერს სააკაშვილს და ა.შ. ამას უპირველესად ევროპისა და ამერიკის გასაგონად ამბობენ, ქართველი ხალხი, უკაცრავად და, მათთვის რაღაც ბრბოა, რომლის მართვაც მარტივად შეიძლება. შემდგომ ატეხეს აჟიოტაჟი მთავრობაში გადაჭარბებული პრემიების გამოწერის თემაზე (რაც მართლა ცუდი იყო). არადა, ამ პრემიების ოდენობას ვერც შეადარებდი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას გაფლანგულ თანხებს, თუნდაც იმ 16 მილიონს, რაც ერთ წელიწადში მარტო ლობიზმზე დახარჯა ბოკერიამ და დღეს ამ საქმეს პროკურატურა იძიებს, ან უგულავასა თუ მერაბიშვილის გაფლანგულ ფულს, რისთვისაც ისინი დღეს ციხეში არიან. თურმე პრემიები უფრო დამაქცევარი იყო იმ ელიტურ კორუფციაზე, რაც 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის მთავრობაში სუფევდა. მსგავსი ხდება კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. რადენიმე კვირაა ეს თემა არის „აწეული“, რომ თურმე საქართველოში კატასტროფა ხდება კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით. კი მაგრამ, სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! მოხდა მკვლელობები, ეს კატასტროფაა და ცუდია, თუმცა, ასეთი შემთხვევები მომავალშიც მოხდება (სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება). მკვლელობები ამერიკაშიც ხდება, საფრანგეთშიც, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: პოლიცია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ადრე? სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დაუჯერებელია? მდგომარეობა გაუარესდა და საქართველო კატასტროფისკენ მიექანება? არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას. გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა ეს (თემის აჟიტირება), „ასწია“ „რუსთავი 2“-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა – შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია...

 

სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუ არ ვცდები, ჯაფარიძე, თურმე მესამე ღია წერილით მომმართავს (პირველი ორი მე „საუბედუროდ“ არ მინახავს). წერილში წერს, რომ თავის დროზე, პოლიტპატიმრები რომ გამოუშვეს ციხიდან, თურმე ჯერ მაშინ მიკითხავდა ლექციებს, რომ ეს არ შეიძლება. საუბრობს ციხიდან გამოსულ 17 ათას პატიმარზე. მათ ამით იმის გამართლება უნდათ, რომ 17 000 კაცი უკანონოდ ჰყავდათ დაპატიმრებული...

 

– იქნებ მართლაც რაღაც ხდება? იქნებ პოლიცია უფრო უნდა გააქტიურდეს, რომ საზოგადოებას შიშის განცდა არ გაუჩნდეს? სხვათაშორის, საზოგადოების ნაწილი პრემიერს ზოგიერთ საკადრო გადაწყვეტილებას უწუნებს. ერთ-ერთი მათგანია ალექსანრე ჭიკაიძის შს მინისტრად დანიშვნა. მიიჩნევენ, რომ საკმაოდ სუსტი მინისტრია და უფრო მეტად პროფესიონალი ან თუნდაც პოლიტიკური ფიგურა უნდა დაენიშნათ მის ადგილას.

 

– მე არ ვიცი, რას ერჩით ჭიკაიძეს. მე მომისმენია მისი გამონათქვამები. მეც მირჩევნია, რომ უკეთესი ორატორი ვიყო და მშვენივრად ვიცი, რომ აქამდე ბევრი მიკლია. შეიძლებოდა, ვთქვათ, უკეთესი ქართული მცოდნოდა, საუბედუროდ, ბევრ შეცდომას ვუშვებ, თუმცა, რაღაც მოვახერხე პოლიტიკაში. მე იმით უნდა შევფასებულიყავი, რასაც ვაკეთებდი. ერთ-ერთმა მითხრა, ჭიკაიძეს ხელში კნოპიანი დანა ეჭირა, რომელსაც ხსნიდა და კეტავდაო (კადრები უჩვენებიათ). შეიძლება, არ არის ლამაზი, რომ შს მინისტრს დანა უჭირავს ხელში და უკეთესი იქნებოდა, ჭიკაიძე უფრო კარგი ორატორი ყოფილიყო.

 

მე ჭიკაიძეს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ვიცნობ და ჩემი შერჩეული კადრი არ არის, მაგრამ ის უნდა დახასიათდეს შსს-ს მუშაობით და თუ გნებავთ, საკუთარი წარსულით. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რაღაც საშინელება ხდება, დღევანდელი პოლიცია მთლიანად ხალხის სამსახურშია. გახსოვთ, ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, პოლიცია იყო ყველაზე საშიში ჩვენს საზოგადოებაში.

 

დღეს პოლიცია მუშაობს ხალხის დასაცავად და არა დასაჩაგრავად. ზოგიერთი ვიდეოფირი მართლაც ცრემლის მომგვრელია – ვგულისხმობ იმას, წინასაარჩევნო პროცესში „ნაცმოძრაობის“ პროვოცირებულ შეტაკებებში თუ როგორ ძალადობენ პოლიციელებზე და როგორ ცდილობენ პოლიციელები, იყვნენ ფაქიზნი და ადამიანებს უხეშად არ მოექცნენ. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს, როდესაც სხვას აკრიტიკებენ. უნდათ, შს მინისტრი, პრემიერი თუ სხვები იდეალურები იყვნენ, არადა, ადამიანი იდეალური ვერ იქნება, ყველას აქვს თავისი შეცდომები და მინუსები. ჭიკაიძე საქმიანობით შეაფასეთ. ამჩნევთ მას კორუფციისკენ მიდრეკილებას ან პოლიციაში რაღაც საშინელება ხდება? მე ვიცი, რომ პოლიციაში მას დიდ პატივს სცემენ და უყვართ თანამშრომლებს. ის ახერხებს, რომ მართოს შს სამინისტრო, რომელიც დღეს ეფექტიანი და წესიერი გუნდითაა დაკომპლექტებული. მე ჭიკაიძეში ზედმეტ პატიოსნებას, წესიერებას ვხედავ. რას ერჩით? ეს კაცი თავის საქმეს კარგად აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, ყველაფერი უკუღმა დახატოს.

 

– კიდევ ერთი საკითხი, როელზეც აჟიოტაჟია ატეხილი, მთავრობისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობაა, რომელიც ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, უკვე ბავშვურ კინკლაობას ჰგავს და აზარალებს ქვეყნის იმიჯს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ (ინტერვიუ ჩაწერილია 10 სექტემბერს), მიმდინარეობს მარგველაშვილისა და მაია ფანჯიკიძის შეხვედრა, რომ იქნებ შეთანხმდნენ, რათა ორი ქართული დელეგაცია არ გაემგზავროს გაეროში. სხვათაშორის, ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ეს კინკლაობა განსაკუთრებით  მას შემდეგ გამძაფრდა, რაც თქვენ საჯაროდ გააკრიტიკეთ მარგველაშვილი.

 

– ნებისმიერ კამათსა და კინკლაობას ჰყავს დამნაშავე ამა თუ იმ დოზით. ამასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს სწორი ანალიზი, რაც არ კეთდება. ჟურნალისტები, გუნდი, ექსპერტებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს, აცხადებენ, რომ არის კინკლაობა და არ გამოყოფენ არც ერთ მხარეს. მეტიც, თუ გამოყოფენ, აქცენტს მთავრობაზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ თურმე მთავრობა პრეზიდენტს ცუდ დღეში აყენებს, ლამის ძალადობს მასზე, არ აძლევს უფლებებს და ა.შ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან აწყობს, რომ წარმოაჩინოს, ვითომ ხელისუფლებაში არის პრობლემები და კონფლიქტური სიტუაცია. მე სამი საკითხი წამოვწიე, როდესაც პრეზიდენტ მარგველაშვილზე დამისვეს შეკითხვა: პირველი – მაჭავარიანის დანიშვნა (ვანო მაჭავარიანი, მიხეილ მაჭავარიანის ძმა, მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილის მრჩევლად); მეორე ის, რომ მარგველაშვილი ვეტოს დადებას აპირებდა პარლამენტის გადაწყვეტილებაზე (უნდა დაიკითხოს თუ არა მოწმე სასამართლოში); მესამე – მარგველაშვილის ავლაბრის სასახლეში გადასვლა. სხვათაშორის, მარგველაშვილის სააკაშვილის სასახლეში გადასვლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან გაუხარდა, შესაბამისად, მედიამ ეს თემა ვერ „ასწია“ და საერთოდ ჩაქრა. ასევე ჩაქრა სხვა თემები – მაჭავარიანისა თუ ვეტოს დადების საკითხი. დაიწყო აჟიოტაჟი, როგორ თუ, ეს თქვა ივანიშვილმა და მარგველაშვილის დაკნინება დაიწყესო. არც ერთი თემა არ გაშლილა იმ კუთხით, რამდენად ობიექტური იყო ჩემი შენიშვნა. აქვე განვმარტავ, რომ სხვანაირად არ გაიგოს საზოგადოებამ – განსაკუთრებული არაფერი ხდება პრეზიდენტთან დაკავშირებით, მარგველაშვილი, ასე თუ ისე, თავის ფუნქციას ასრულებს, კანონიდან გადაცდომასთან საქმე არა გვაქვს და მდგომარეობას ზედმეტი დრამატიზმი არ სჭირდება. მხოლოდ პოლიტკორექტულობაზეა საუბარი. გავიხსენებ რამდენიმე მომენტს: პროკურატურამ საჯაროდ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს სამჯერ მიმართეს და პრეზიდენტმა დოკუმენტებს გრიფი „საიდუმლო“ არ მოხსნა (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებს, რასთან დაკავშირებითაც სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა). ასევე გავიხსენებ აჟიოტაჟს იმის შესახებ, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. თუმცა, მანამდე ვიტყვი იმას, რომ ინაუგურაციიდან მეორე და მესამე დღეს ჩვენი პოლემიკის საგანი გახლდათ ის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა პოზიცია – ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტთან. ჩემთვის მარგველაშვილის პოზიცია გაუგებარი იყო. ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არასწორია, თქვენ მოხვედით ერთ გუნდად, მთელი გუნდი „ქართული ოცნების“ სახით გეხმარებოდა არჩევნების პროცესში, მხარს გიჭერდა. ჯერ ერთი, არაკორექტულია და მეორე - რისთვის და რად გინდა ეს კონკურენცია, ეს დააზარალებს საქმეს-მეთქი. ვეუბნებოდი, თქვენ კონკურენტად გყავთ უმუშევრობა, უამრავი პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობა, საგარეო პოლიტიკა და ა.შ. ხელი ხელს ჩაჰკიდეთ, თქვენ ერთად უნდა იმუშაოთ, რად გინდა კონკურენცია-მეთქი. მან ვერ დამისაბუთა, თუმცა, აზრი არ შეუცვლია. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ რეალურად ის ნაბიჯები, რაც გადადგა მარგველაშვილმა, უკვე ნიშნავდა, რომ ის მთავრობასა და პარლამენტთან უკვე კონკურენციას ახერხებდა. ამას ადასტურებს ის, რომ ვეტოს დადებას აპირებდა კანონპროექტზე, რომელიც მას წაკითხულიც არ ჰქონდა (მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით). ასევე, მან მშვენივრად იცოდა, რომ გუნდს არ ჰქონდა განცდა იმისა, რომ სააკაშვილის სასახლეში უნდა გადასულიყო ახალი პრეზიდენტი ან მთავრობა. მთელი გუნდი გაოგნებული იყო, რატომ გადავიდა მარგველაშვილი იმ სასახლეში (არადა, ადრე თავადაც ამ პოზიციაზე იყო).

 

დავუბრუნდები პროკურატურის თემას. საერთო ფონი ისეთი იყო, რომ როგორ გაბედეს და საჯაროდ გამოიტანეს პრეზიდენტთან მიწერ-მოწერის ამბავი. ეს სასაცილოა, რა იყო ამაში დასამალი? როდესაც ბოკერიას უწყების 16 მილიონის ამბავი გადაცემულიც არ იყო გრიფი „საიდუმლოს“ მოსახსნელად, ავდექი და საჯაროდ ვისაუბრე ამაზე და არავის უთქვამს, როგორ გავბედე და განცხადება გავაკეთე, ლობისტური ხარჯები უნდა იყოს გამჭვირვალე, ისევე როგორც პრეზიდენტის ხარჯები – თან ისეთი ხარჯები, რაც სააკაშვილს ჰქონდა. არასწორად ჰქონდა გრიფი დადებული და რა იყო აქ დასამალი?! ერთი თვის განმავლობაში ერთხელ მიმართა პროკურატურამ მარგველაშვილს, არ მოხსნა გრიფი, მეორედ მიმართა, მაინც არ მოხსნა, მესამედ მარგველაშვილს პროკურორები შეხვდნენ და ასევე უარით გამოისტუმრა. ამის შემდეგ სწორად მოიქცა პროკურატურა, ეტყობა, მიხვდნენ, რაც უნდა გაეკეთებინათ და ეს ამბავი გაასაჯაროეს. ის ხალხი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს, საუბრობდა, უნდა მოეხსნა თუ არა მარგველაშვილს გრიფი, რას ერჩიან, როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე, როდის და როგორ უნდა მოეხსნა და ა.შ. ამაზე პასუხი გასცა თვითონ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა – როგორც კი გაუსაჯაროეს, მედიითვე გამოაცხადა, გრიფი მოხსნილიაო. მისი პაუზა გარკვეულ კითხვებს იწვევდა. ალბათ, კარგად გესმით, რამდენად რთულია დღევანდელი მთავრობისთვის (ჩემი მთავრობისთვისაც რთული იყო) და დღევანდელი საზოგადოებისთვის მთლიანად იმ პროცესებისგან თავის დაცვა, რაც მიმდინარეობს დღეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერების დასჯასთან (პასუხისგებაში მიცემასთან), სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. უამრავი კითხვა არსებობს ევროპაში, კითხვები აქვთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და პროკურატურის ხვედრი ძალიან მძიმეა – მაქსიმალურად უნდა დაასაბუთოს და გამჭვირვალე გახადოს პროცესები, უნდა წარმოადგინოს უამრავი მტკიცებულება... პრეზიდენტს სინამდვილეში დაუყოვნებლივ უნდა მოეხსნა დოკუმენტებისთის გრიფი „საიდუმლო“ და ეს თავისივე ქცევით დაადასტურა, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე.

 

ასევე, აჟიოტაჟი იყო ამტყდარი, ნახეთ, რას შვრება მთავრობაო. რა შუაშია მთავრობა იმასთან დაკავშირებით, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში გადავიდა და გუნდის არც ერთ წევრს არაფერი ჰკითხა?! რა შუაშია მთავრობა იმასთან, რომ პრეზიდენტმა ვეტოს დადება გადაიფიქრა კანონპროექტზე, რომელიც წაკითხულიც არ ჰქონდა?! რა შუაშია მთავრობა იმასთან, რომ პროკურატურას მარგველაშვილმა გრიფი „საიდუმლო“ მთელი თვე არ მოუხსნა?! ყველა ქმედებაში განა მარტივი დასანახი არ არის, რომ ეს კონკურენციაა, რაც მარგველაშვილმა თავშივე განაცხადა? მიიჩნევს, რომ კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა ხელი შეუშალოს. დიახ, ეს ხელის შეშლაა საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეშლება ხელი და ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი. ვიმეორებ – საშინელ ზეწოლას განიცდის დღევანდელი მთავრობაც, მეც კი მწვდებიან დღესაც (ვინც ახერხებს), რომ კითხვები დამისვან – რა ხდება, არის თუ არა პოლიტიკურად დევნილი სააკაშვილი? ამ ფონზე, როდესაც ერთი თვე არ ხსნი გრიფს „საიდუმლო“ ელემენტარულ საბუთს და იმავდროულად აცხადებ, რომ შენ კონკურენციაში გინდა იყო მთავრობასთან, ეს საბოლოოდ, რა თქმა უნდა, აზარალებს ქვეყანას.

 

რაც შეეხება იმას, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. იყო პრეზიდენტი სააკაშვილი განუსაზღვრელი უფლებებით, დღეს გვყავს პრეზიდენტი მარგველაშვილი ისეთი უფლებებით, როგორიც კონსტიტუციაშია გაწერილი. მთავრობას უნდა მიენიჭებინა მისთვის ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება. ეს მარგველაშვილმა მშვენივრად იცოდა. აქვე გეტყვით, რომ მარგველაშვილს არ აქვს ურთიერთობა გუნდთან – არც საპარლამენტოსთან და არც სამთავრობოსთან. პიროვნული კომუნიკაცია არ ხერხდება, იმიტომ, რომ მარგველაშვილს არ აქვს ამის სურვილი. მხოლოდ მიწერ-მოწერა აქვთ ერთმანეთთან. ღარიბაშვილს ჰქონდა კომუნიკაციის მცდელობა – საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტისას რესტორანში ერთადაც ისადილეს. მაშინ ღარიბაშვილმა აზრი მკითხა და მე ვუთხარი, ძალიან კარგი იქნება, თუ დასხდებით და თქვენვე გაარჩევთ პრობლემებს-მეთქი. სამი თვის შემდეგ კი გამოდის პრეზიდენტი მარგველაშვილი და აცხადებს, რომ ის წავა და ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას. ამ დროს მან მშვენივრად იცის, რომ ეს უფლება უნდა მიიღოს მთავრობისგან. დანარჩენი თქვენც იცით: მარგველაშვილი დაჩაგრულის როლში გამოიყვანეს. გაიხსენეთ კიდევ ერთი ნიუანსი – როდესაც გაცხადდა მთავრობის პოზიცია, რომ პრემიერი წავა ხელმოსაწერად, მარგველაშვილმა განაცხადა – მე ამ უფლებას ვანიჭებ პრემიერსო. ანუ აძლევს იმ უფლებას, რომელიც მას არ გააჩნია. რომელ ლოგიკაში ჯდება ეს? ამის ანალიზი განა რთულია? რა არის აქ გაუგებარი? ეს არის (ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა) მთავრობის უფლება. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მთავრობას არც კი შეუთანხმდა, არც კი დაურეკა, გამოვიდა და ზემოხსენებული მედიით განაცხადა, მრავლისმეტყველია. ყველანი დაბნეულნი არიან და ძალიან დელიკატურად იქცევიან. დაბნეულია მთელი გუნდი, რადგან გუნდის წევრი იყო ეს კაცი, გუნდმა იზრუნა მის გაპრეზიდენტებაზე, დღეს კი მარგველაშვილს არავისთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს... ის ვერ აკრიტიკებს მთავრობას და პარლამენტს, წუნს ვერ ხედავს. არავინ მინახაცს მისგან დასაბუთებულად გაკრიტიკებული, მაგრამ ეს სურვილი კი აქვს. ღარიბაშვილმა არ იცის, რა ქნას, როგორ მოიქცეს, გუნდშიც იგივე განწყობაა. ყველას უყვარს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ვიმეორებ, გუნდი დაბნეულია – ვგულისხმობ პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდსაც. მისი გუნდის წევრთა უმრავლესობა ვერ ახერხებს, პრეზიდენტს სწორი რჩევა მისცეს, რადგან მის განწყობას კითხულობენ და თან სკამებს უფრთხილდებიან... მე არ ვიცნობდი აბაშიძეს (ლაშა აბაშიძე – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი), თუმცა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველაზე მეტად მას აქებდა და რატომღაც ეს კაცი გუნდიდან წავიდა. მის გუნდში, მე მგონი, ყველაფერი მარგველაშვილის ხასიათზეა მორგებული. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ უნდა გაემგზავროს ამერიკაში, აქ კიდევ უფრო მარტივადაა ყველაფერი. ნახეთ სია, ვინ დაესწრება გაეროს სხდომას. საპარლამენტო რესპუბლიკებიდან, როგორც წესი, პრემიერები იქნებიან. იქ ჩავლენ მერკელი, ნეთანიაჰუ, ინგლისის პრემიერი და ა.შ. შეიძლება იყოს ერთი-ორი გამონაკლისი, როდესაც პრემიერმა ვერ მოიცალა და გაეროს სხდომაზე გამგზავრების უფლება პრეზიდენტს გადასცა. ასეთია საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია. სხვათაშორის, შარშან კლიმატის გაუმჯობესების სამიტზე ფანჯიკიძე იყო. მას წასვლა არ უნდოდა და მოადგილეს გზავნიდა (ზალკანიანს). ეს დაბალი დონის შეხვედრაა, თუმცა, ფანჯიკიძე მაინც წავიდა, რადგან სხვა საქმეებიც ჰქონდა. არავის უფიქრია, რომ ჩემთვის ან პრეზიდენტისთვის ეთქვა წასვლის შესახებ. ვიმეორებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს აძლევს კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, თუმცა, ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ და „რუსთავი 2“ მეორეხარისხოვანია, იმდენად მდარე თემებია, იმდენად მარტივია საანალიზოდ. სად არის მედია? სად არის ჟურნალისტიკა? სად არიან ისინი, ექსპერტებს რომ ეძახიან საკუთარ თავს? რა უნდა ამის დალაგებას! სადაა კითხვები? განა არ ჩანს, რომ პრობლემები მხოლოდ ერთი მხრიდან არის? განა მარტივი დასანახი არ არის, რომ წასვლა პრემიერის პრეროგატივაა და მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო? განა ლამაზი იქნება ორი, ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა ამერიკაში პატარა, ღარიბი ქვეყნიდან?! მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდევს არაფრად. მას ჰგონია, რომ ეს არის ჯანსაღი კონკურენცია. თუმცა, ვიმეორებ – არაფერი კატასტროფული არ ხდება. ისევ პოლიტკორექტულობაზეა საუბარი... პრეზიდენტ მარგველაშვილის გუნდში არის ხალხი, რომ მას უთხრან, სად არის შავი და სად – თეთრი, თუმცა, ვერ ბედავენ, საკუთარ თავს უფრთხილდებიან და პატიოსნება გვერდზე აქვთ გადადებული. ხაზს ვუსვამ, პარლამენტი, მთავრობა თუ პრემიერი – მთელი გუნდი ძალიან ცუდ სიტუაციაშია, ცდილობენ, რაც შეიძლება რბილი გამონათქვამები გამოიყენონ. „ნაცმოძრაობის“ წევრები კი აკეთებენ იმას, რაც უნდათ, გააკეთონ, თუმცა, პრეზიდენტ მარგველაშვილის აშკარა მხარდაჭერას ისინი არ გამოხატავენ, რომ ფონი არ გააფუჭონ. ცდილობენ, როგორმე დაიახლოონ. ორი-სამი ადამიანი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს და რეალურად ელემენტარული ანალიზის უნარი არ აქვთ, მიეტმასნენ მარგველაშვილს (ადრე მთავრობაში იყვნენ და იქ თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს). თითქოს პრეზიდენტის ინსტიტუტის გამაგრებას ცდილობენ, რეალურად კი ერთი სამსახურს ეძებს, მეორეს თავისი ადგილი ვერ უპოვია, მესამეს კიდევ რაღაც უნდა... ისინი დათვურ სამსახურს უწევენ მარგველაშვილს, ამბიციებს უღვივებენ და სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ქვეყანა და თვითონაც. პირველ რიგში ეს პრეზიდენტ მარგველაშვილის იმიჯს აზიანებს. ცალკე საკითხია სასახლის თემა. მე სპეციალურად არ ვაღვივებ ამას, ველოდები, რას იზამს საზოგადოება, მასმედია, ეკონომიკური ხასიათის კითხვებია. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა სასახლე, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია – გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის დაგირავება რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება. მე არ მინდა ამის გაღვივება, თუმცა, ეს ყველაფერი მიწყნარებულია იმის გამო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასე აწყობს. ის („ნაცმოძრაობა“) ეთამაშება, რომ როგორმე გუნდიდან სოლიდური წევრი გადაიყვანოს ოპოზიციაში და გუნდში განხეთქილება გამოიწვიოს. ეს არის რეალობა და სად არის ანალიზი, სად არის მედია? რთული დასანახია, რაც მე ახლა ვთქვი? – რთული საანალიზოა? ეს არის ძირითადი პრობლემა – „რუსთავი 2“ ახერხებს, ისევ სიცრუეში ამყოფოს საზოგადოება და ამაში, რა თქმა უნდა, წვლილი აქვს ზოგადად მედიას.

 

– სადამდე შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი? ხომ არ შეექმნება საფრთხე ხელისუფლების ქმედუნარიანობას?

 

– საქართველოში მოხდა ძალიან დიდი მოვლენა – ხალხმა დაიბრუნა თავისი ლეგიტიმური უფლებები და საარჩევნო ყუთთან ამას არცთუ ისე ცუდად ამჟღავნებს. საშიში დღეს არავინ აღარ არის – არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც მთავრობა, რადგან საზოგადოებას აქვს ლეგიტიმურად ბერკეტი. პრეზიდენტის ასეთი ინსტიტუტი ვერ იქნება ძალიან საშიში მომავალი განვითარებისთვის, პროცესები როგორც უნდა წარიმართოს. ცუდი რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, უკვე მოხდა... „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს აძლევს კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ ხომ ეს არ გვინდა? პრეზიდენტს თავისი უფლებები აქვს, პრემიერს – თავისი და ამის ფარგლებში უნდა იმოქმედონ, თუმცა, თანამშრომლობა უნდა მოახერხონ. რაც შეეხება ცუდს – ბიზნესმენების ნაწილი შეფერხდა (ინვესტიციების განხორციელების კუთხით), რადგან აშფოთებდათ შექმნილი მდგომარეობა. ეს ვიგრძენი შეხვედრებზე, თუმცა, უკვე გამოსწორდა მდგომარეობა და მე მგონი, ბიზნესმენები მიხვდნენ, რომ ნეგატიური პროცესები უფრო ღრმად აღარ განვითარდება. შეიძლება, ვიღაცამ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი და ეს ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ იქნება, მაგრამ რაღაც დიდ გართულებებს არ ველოდები. რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, გუნდს, რომელიც მოვიდა ერთი იდეოლოგიით, რომელსაც აქვს ერთნაირი განწყობა, ერთი მიმართულება, ასე გაეგრძელებინა, მაგრამ მოსახდენი უკვე მოხდა და მდგომარეობის ზედმეტი დრამატიზება საჭირო არ არის. ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა მოვახერხოთ და ყველა მინუსი პლუსად ვაქციოთ. როდესაც გულწრფელად მოქმედებ, როდესაც სწორ გზას ადგახარ, ნებისმიერი პირის ქარი შეიძლება ზურგის ქარად გამოიყენო.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოვიდა ახალი გუნდი, „ნაციონალური მოძრაობა“ ბობოქრობს თავისი სიცრუის მანქანით და ახალ გუნდშიც ვერ არის სინქრონულად საქმე, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს სახელმწიფო და სწორი გზით ვითარდება, იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლებები და პროცესები საშიში გზით აღარ განვითარდება.

 

– აუცილელად უნდა გკითხოთ NDI-ს ბოლო კვლევებზე. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, ხელისუფლებიდან რეიტინგებში ლიდერობენ მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია. მარგველაშვილი თქვენ გისწრებთ რეიტინგით.

 

– ეს კვლევები ბევრჯერ შემიფასებია. ამ ინსტიტუტს ვაფასებ და პატივს ვცემ, მაგრამ კვლევების თემა ბევრ კითხვას ბადებს. ამ კვლევებს, თუ არ ვცდები, ცქიტიშვილი (გოჩა ცქიტიშვილი, კომპანია „აიპიემის“ დამფუძნებელი) ატარებს, რომელიც, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. გასაგებია, რატომ მოუნდა ასე დალაგება და რატომ მოუნდათ, ასე წარმოეჩინათ (რეიტინგები). ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს. ჩვენ პრეზიდენტ მარგველაშვილზე ვსაუბრობდით და თქვენ ნახეთ, როგორ აკენკა „ნაციონალური მოძრაობის“ დალაგებული (რეიტინგი). თვითონ, თუ არ ვცდები, უარი განაცხადა კომენტარზე, მაგრამ რამდენჯერმე ასეთი რეაქცია ჰქონდა – კარგია, რომ მისი რეიტინგი იზრდება. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელიც აპირებს, მთავრობისა და პარლამენტის კონკურენტი იყოს, მშვენივრად ისარგებლა „ნაციონალური მოძრაობის“ (რომელიც ასევე მთავრობისა და პარლამენტის კონკურენტია) გადაგდებული რაღაც ჯილდოთი, თუმცა, მანაც და მთელმა საზოგადოებამ მშვენივრად იციან, რეალურად ვინ ხატავს ამ რეიტინგებს.

 

– სააკაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რამაც გარკვეული შეშფოთება გამოიწვია ამერიკული და ევროპული პოლიტიკური წრეების ნაწილში. არის მოსაზრება, თითქოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ისინი დაერწმუნებინა, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა და ხელისუფლებას დასავლურ წრეებთან უფრო მეტი კომუნიკაცია სჭირდება.

 

– ვფიქრობ, რომ სუბიექტური და ობიექტური ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ხელისუფლებამ შეძლო სასწაული. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორი დამოკიდებულება იყო ევროპასა და ამერიკაში სააკაშვილისა და საქართველოსადმი. ორი-სამი წლის წინ ამერიკაში ან ევროპაში ვინმეს რომ წარმოედგინა, რაც დღეს საქართველოში მოხდა (საქმის აღძვრა სააკაშვილის წინააღმდეგ), ამას ბომბის აფეთქების ეფექტი ექნებოდა. შესაძლოა, ყველაზე მეტი მე გადავიტანე, როდესაც ვუმტკიცებდი ევროპასაც და ამერიკასაც, რომ საქართველოში არ იყო დემოკრატია. აქ ყვაოდა ელიტარული კორუფცია, ადამიანთა უფლებები იყო ნულამდე დაყვანილი პირდაპირი მნიშვნელობით. ევროკავშირთან რაიმე ხელშეკრულების ხელმოწერა კი არ არის მთავარი, მთავარია, ევროპული ღირებულებების დაცვა, რაც ფეხქვეშ იყო გათელილი. გახსოვთ, ალბათ, თქვენც, სააკაშვილის დროს რეალურად რა ხდებოდა და ეს ცხრა წლის განმავლობაში ამერიკასა და ევროპაში აბსოლუტურად განსხვავებულად ფორმდებოდა. კოლოსალური სამუშაო გასწია ხელისუფლებამ და საოცარი შედეგი გვაქვს – რამდენიმე გამოხმაურების გარდა, პრაქტიკულად არავინ აღარ შფოთავს და ზრუნავს სააკაშვილზე. ეს არის რეალობა. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს და ვერც ერთ ევროპელსა თუ ამერიკელს ვერ ვუსაყვედურებთ, რატომ აქვთ ეს კითხვები. აქ გვძარცვავდნენ, ლამის მონებად გვაქციეს, ფეხქვეშ გათელეს ადამიანის უფლებები და ნაძარცვი ფულით, ბოკერიასა და სააკაშვილის იდეოლოგიით ქვეყანაში არსებულ ვითარებას ყიდდნენ, როგორც დემოკრატიას. კარგად უნდა გავაცნობიეროთ – არავინ ზედ არ გადაგვყვება და არავინ გააანალიზებს, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში. როგორც მიაწვდი (ინფორმაციას), ისე მიიღებს. ამიტომ ევროპა და ამერიკა კი არ უნდა დავადანაშაულოთ, არამედ ჩვენი თავი. თითოეული ჩვენგანია ამის მონაწილე, ჩვენ ავირჩიეთ არასწორად და გაყალბებული არჩევნები ავიტანეთ. ამის შემდეგ, მათ გათელეს ქართველი საზოგადოება, ყველაფერს აკონტროლებდნენ, საიდანაც კვამლი ამოდიოდა, ყველაფერს ითვისებდნენ და ამ ფულით მოსყიდული ლობისტებისა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით, ხშირად კორუფციული გზითაც, ახერხებდნენ მიეღოთ ის შედეგები, რაც მიიღეს.

 

– სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ სარფის გამშვებ პუნქტთან (თურქეთის მხარეს) მინითათბირი გამართა თანაგუნდელებისთვის და სამომავლო გეგმები დასახა. იქიდან გაემგზავრა საბერძნეთისკენ, სადაც, არსებული ინფორმაციით, მისი იახტა ოთხი საათის განმავლობაში შეაჩერეს თუ დააკავეს. თქვენ რა იცით ამ ფაქტის შესახებ?

 

– მე მგონი, სააკაშვილმა კარგი რეპეტიცია გაიარა (იცინის).

 

– მინდა, გკითხოთ თბილისი-პანორამის პროექტზე (რომელიც თბილისში ერთმანეთთან საბაგირო გზით დაკავშირებული სამი სასტუმროს მშენებლობას გულისხმობს), რამაც თავის დროზე აჟიოტაჟი გამოიწვია.

 

– თბილისი-პანორამის არსი ის არის, რომ ერთი სასტუმრო აშენდება ძველი ცეკავშირის შენობის ადგილას. ალბათ, ვიცით ყველამ, რა მდგომარეობაში იყო მისი კარკასი, რომელიც ქალაქს ამახინჯებდა. კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება პირობითად, ძველი თბილისის ცენტრში (ერეკლე მეორის მოედანზე). კაზინო „შანგრილას“ თავზე. ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია კიდევ ერთი სასტუმროს აშენება „სოლოლაკის ბაღებში“. ამ პროექტის უნიკალურობა ის არის, რომ ქალაქის ცენტრი, ძველი თბილისი და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია ერთმანეთს უკავშირდება საბაგირო გზით. მართლაც უნიკალურია, რომ ქალაქის ცენტრიდან შეგიძლია პირდაპირ ველურ ბუნებაში გახვიდე და არ გამოიყენო სხვა ტრანსპორტი, გარდა საბაგირო გზისა. ეს ერთ-ერთი უნიკალური პროექტია, თუ ერთადერთი არა. მსოფლიოში არც ერთ ქალაქს მსგავსი რამ არ აქვს. ეს საოცრად აძვირებს პროექტს. რა თქმა უნდა, რენტაბელობის მხრივ ბევრი კითხვაა და მე ძალიან დიდ რისკზე მივდივარ. პროექტი თანაინვესტირების ფონდისაა და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. პირველი რისკები მე ავიღე ჩემს თავზე და თუ პროექტი გაამართლებს და რენტაბელური გახდება, ნებისმიერს ექნება საშუალება, თვითღირებულებით ეს ყველაფერი შეიძინოს. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ ექსკლუზიური პროექტი შეიქმნას, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და თბილისი რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდეს. „რუსთავი 2“ და „ნაცმოძრაობა“ კი ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს ივანიშვილი საბოლოოდ ანადგურებს თბილისს. ამას აჰყვნენ ვითომ დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტები, არადა, რეალობა სხვაა – ვხარჯავ ფულს, რომ თბილისში უნიკალური პროექტი განხორციელდეს. მთელ საზოგადოებაში დანერგეს აზრი – მოდის ივანიშვილი და ქალაქს ანგრევსო. „ნაციონალებს“ უნდათ ნგრევა, სურთ, ცეცხლში ნახონ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვერ გამაჩერებენ.

 

– არ შემიძლია, არ გკითხოთ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, ოფიციალურმა თბილისმა ადეკვატურად შეაფასა აღნიშნული მოვლენები თუ განცხადებებში მეტი სიმწვავე იყო საჭირო? ასევე, თუ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი გამწვავდება, უფრო გლობალურ მასშტაბს მიიღებს და მსოფლიო დაიყოფა პოლიტიკურ ბანაკებად, საქართველომ სად უნდა ნახოს ოქროს შუალედი?

 

– ღმერთმა ნუ ქნას, რომ ის გაგრძელდეს, რაც ხდება უკრაინაში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დროში დალაგდება და დარეგულირდება ყველაფერი. რა თქმა უნდა, საშინელებაა, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ, ყველანი, და მე პირადად მხარს ვუჭერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, უკრაინას, ვისურვებდი, სწრაფად დამყარდეს იქ მშვიდობა და უკრაინა ჩვენთან ერთად გახდეს ევროკავშირის წევრი. რაც შეეხებ იმას, ადეკვატურად შეაფასა თუ არა საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოვლენები. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ნორმალურად შეაფასეს. მე მყავს მხედველობაში პრემიერიც, პრეზიდენტიც და პარლამენტიც. თუმცა, საუბედუროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არ აძლევს ხელს, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ ცეცხლის ალში იწვოდეს საქართველო, რადგან დღეს ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში. მათი პრობლემა გახდა საქართველო. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში, თორემ შესაძლოა, ამ ომში ჩართული საქართველო გვეხილა... მე ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენს მეზობელთან და მათ შორის, დაჩაგრულ უკრაინასთან, ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. შარვლიდან ამოხტომა ვისაც უნდოდა, მან ქვეყანა საშინელ დღეში ჩააგდო. ხტებოდა კიდეც შარვლიდან და გლობალურ მოთამაშედ გვაჩვენებდა თავს. მათ რაც დამართეს ქვეყანას, კარგად დავინახეთ. ახლა ეს ბავშვები გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ისევ ომში უნდა ჩავერთოთ. ამ დროს ვერც ევროპიდან და ვერც ამერიკიდან ვერ ნახავთ ვერც ერთ საყვედურს, პირიქით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი იყო ჩამოსული და მან მოგვიწონა რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობა. ასე იწონებენ სხვებიც და ჩვენი პოზიცია მისაღებია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, რაც არ შეგვეძლო, იმას აკეთებდა ერთი კაცი. სწორედ ამიტომ დაგვემართა წარსულში ამდენი უბედურება.

 

გიორგი კვიტაშვილი

 

გაზეთი „კვირის პალიტრა“


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016