reportiori.ge - რიკოთი-ჩუმათელეთის კვების ობიექტებში შეიძლება მენინგიტი „აიკიდოთ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:43
პრეს-დაიჯესტი
რიკოთი-ჩუმათელეთის კვების ობიექტებში შეიძლება მენინგიტი „აიკიდოთ“
ავტორი:
15 სექტემბერი, 2014. 20:36



დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი ან მომავალი მგზავრი სურამსა და ჩუმათელეთში ჩასვლას ელოდება, რომ შეისვენოს და ყოველ კუთხე-კუნჭულში არსებულ კაფესა თუ რესტორანში წაიხემსოს. იცოდით, რომ აქ შეიძლება, ისეთი რამე შეჭამოთ, ბოლოს სასქესო დაავადება, ანდა სულაც მენინგიტი შეგრჩეთ ხელში? 

 

ალიას ესაუბრება საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე: 

 

ჩვენს ორგანიზაციაში მომხმარებელმა გამოაგზავნა სურათი, რომელიც გადაღებული იყო სურამი-ჩუმათელეთის ტრასაზე. ფოტოზე ჩანდა, როგორ იღებენ აქაური საზკვების ობიექტები პურ-ფუნთუშეულს, ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე. სურსათის სააგენტოსთან 5 სექტემბერს დაიგეგმა ჩვენი ერთობლივი რეიდი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და მომხმარებელთა ფედერაციამ ავიღეთ ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვის ყველა სტანდარტის დაცვით, ამის შემდეგ მოხდა ამ სინჯების თბილისში ტრანსპორტირება და რა შედეგები დადგება, ამას უშუალოდ სურსათის უვნებლობის თანამშრომლები და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის თანამშრომლები მოგახსენებენ. 

 

ჰოდა, სანამ მოგვახსენებდნენ კვლევის პასუხს, მანამდე რა ნახეთ, იჭმევა აქ საჭმელი, თუ არა? 

 

დაგვხვდა უმძიმესი მდგომარეობა: არ იყო დაცული ტემპერატურული რეჟიმი პროდუქტის რეალიზაციის დროს, ჭურჭელი არ ირეცხებოდა სათანადოდ, ირგვლივ იყო საშინელი სიბინძურე, სრულიად გულისამრევი სურათი ვნახეთ: აბლაბუდები, უამრავი ბუზი, ტარაკნები, პროდუქტი იატაკზე დაყრილი, დამიჯერეთ, ვერც კი წარმოვიდგენდით ასეთ სიტუაციას. 

 

სულ რამდენი ობიექტის ნახვა მოასწარით? 

 

სამი ობიექტის, მაგრამ ერთი იყო სურამში, სადაც ჭერი ისეთი იყო, არ შეიხედებოდა ჩამონგრეული, წყალი ჩამოდიოდა, ამას დაუმატეთ მტვერი, სიბინძურე, წყლის მომარაგება აბსოლუტურად მოუწესრიგებელი, კანალიზაცია მოუწესრიგებელი, როგორ შეიძლება პროდუქტის დამუშავება და ხელების დამუშავება ასე ხდებოდეს და შემდეგ აქ რეალიზებული პროდუქტი მომხმარებელს მიაწოდო? 

 

არადა, ეგ ის ადგილებია, წამსვლელ-წამომსვლელი მგზავრები რომ შედიან და იკვებებიან. 

 

ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ სამარშრუტო ტაქსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებს აქვთ ამ დაწესებულების პატრონებთან დადებული ზეპირი ხელშეკრულება, რომ აუცილებლად მათთან გააჩერონ, ამის საფასურად მძღოლებს უფასოდ აჭმევენ ეს ობიექტები, მაგრამ მგზავრს წართმეული აქვს არჩევის უფლება და იძულებულია, იკვებოს ისეთი პროდუქტით, რასაც მისი ჯანმრთელობის აშკარა დაზიანება შეუძლია. 5 დღის წინ იყო ეს ერთობლივი რეიდი და დღესაც თვალებიდან არ ამომდის იქაურობა. 

 

სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოა ოფიციალურად ერთადერთი სტრუქტურა, რომელსაც მომხმარებლის უფლებების დაცვა შეუძლია და სწორედ ეს საზკვების ობიექტებია საქართველოს მთავარი სავიზიტო ბარათი, რადგანაც ამ გზას გადის ყველა და წარმოდგინეთ, ელემენტარულად, ისინი ამ ანტისანიტარიასა და სიბინძურეს უყურებენ, ასევე იმას, რა პირობებში მზადდება პროდუქტი იმ ჯიხურებში, რაც ორ რიგადაა განლაგებული გზის ორივე მხარეს და აქ ჩვენ შევხვდით დიდი რაოდენობით ვადაგასულ პროდუქტს, რომელიც სურსათის უვნებლობამ იქვე ამოიღო და გაანადგურა. ასევე უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლს არ ექვემდებარება სიტუაცია საპირფარეშოებთან დაკავშირებით. თუმცა ასევე კატასტროფაა და მომხმარებლის შეურაცხყოფაა ამ საზკვების ობიექტებში შესვლაც და კვებაც. აქ შეძენილ ისეთ დაცულ საკვებშიც, როგორიცაა ხაჭაპური, შესაძლოა, იყოს გარკვეული საშიში ელემენტები. მე ორი ნიმუში შევიძინე კვლევისთვის. "სალათი ოლივიე" და –„შეკმაზული კუჭმაჭი ლაბორატორიული კვლევისთვის მივიტანე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში, რის შედეგებზეც უშუალოდ ლაბორატორიის წარმომადგენლები გესაუბრებიან. ამ დაწესებულების პატრონები ამ ჯერზე დაჯარიმდნენ მონიტორინგის ფარგლებში, მაგრამ ახლა მოხდება სახელმწიფო კონტროლი და სურსათის უვნებლობა თავად გეტყვით, ამ ობიექტებს რა მოელით. 

 

 

ამის შემდეგ კომენტარისთვის ვუკავშირდები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის გამგის მოვალეობის შემსრულებელ თამუნა მოდებაძეს: 

 

5 სექტემბერს ლაბორატორიაში მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ შესამოწმებლად შემოიტანა შეკმაზული კუჭმაჭი, ერთი ნიმუში, და ვინეგრეტის სალათი. კუჭმაჭშიც და ვინეგრეტის სალათშიც აღმოჩნდა კოლიფორმები, ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვები საკმაოდ დაბინძურებული იყო. ასევე, შეკმაზულ კუჭმაჭში იყო დაბინძურება მედოფილური აერობები და ფაკულტატური ანაერობები იყო მომატებული ნორმასთან შედარებით. 

 

ჩვენს გასაგებ ენაზე ეს რას ნიშნავს? 

 

ეს იმას ნიშნავს, რომ კოლიბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების მიღება იწვევს ნაწლავურ ინფექციებს, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანებას, ასევე მენინგიტსა და სხვა სერიოზულ დაავადებებს. 

 

 

ოპააა, მენინგიტიო? და რა ემუქრებათ ამ მენინგიტის გამავრცელებლებს? ვუკავშირდები სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს გიგა ქურდოვანიძეს: 

 

ჩვენ გავაკეთებთ კომენტარს მხოლოდ მაშინ, როცა ხელთ გვექნება ჩვენი წარმომადგენლების მიერ აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომლის პასუხი ჯერ არ გვაქვს. ამას მოჰყვება სამართლებრივი შედეგები, ნიმუშების კვლევის შემდეგ, თუ იქნება აღმოჩენილი დარღვევები, შევაფასებთ ამ საწარმოებს და ამის შემდეგ თუ ადგილზე იქნება კრიტიკული შეუსაბამობები, ეს საწარმოები დაიხურება მანამ, სანამ არ იქნება სრულად გამოსწორებული სიტუაცია და გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რომელიც მიეცემა ამ საწარმოებს ინსპექტირების ჯგუფისგან. თუ დაფიქსირდება არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ საწარმოებს პროცესი არ შეუწყდებათ, ოღონდ მიეცემათ გონივრული ვადა ამის გამოსასწორებლად და შემდეგ უკვე მოხდება გადამოწმება, რამდენად გაითვალისწინა მან ჩვენი რეკომენდაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება საჯარიმო სანქციების საკითხი. 

 

თქვენ ნახეთ ამ კონკრეტული შემოწმების კადრები? 

 

კი, ვნახე და ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა სანიტარიის თვალსაზრისით, მაგრამ რადგანაც ეს შემოწმება არ იყო გეგმური ინსპექტირების სიაში და ჩვენ მხოლოდ მონიტორინგით შევედით, ამიტომ დაველოდებით ლაბორატორიულ დასკვნას. 

 

- რატომ აირჩიეთ ეს ტრასა? 

 

ეს ნამდვილად ცენტრალური ტრასაა, ზაფხული კი გავიდა, მაგრამ არ დასრულებულა ტურისტული სეზონი, უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ დაწესებულებებით. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მოწამვლა შეიძლება ყოფილიყო, ეს სიტუაცია გავაანალიზეთ და დავიწყეთ ამის კვლევა. 

 

თამარ ოქრუაშვილი

 

გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016