reportiori.ge - „სითი პარკს“ ფეხებზე ჰკიდია თბილისელი მძღოლებიც და მერ ნარმანიას მუქარაც
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:47
პრეს-დაიჯესტი
„სითი პარკს“ ფეხებზე ჰკიდია თბილისელი მძღოლებიც და მერ ნარმანიას მუქარაც
ავტორი:
15 სექტემბერი, 2014. 20:42



რატომ აჯარიმებენ ახალნომრიანი მანქანების პატრონებს

 

„სითი პარკი“ ავტომფლობელთა გატყავების არც ერთ შანსს არ უშვებს ხელიდან და ამჯერად როგორ ამწარებს მათ, მოგეხსენებათ. 1-ლი სექტემბრიდან ავტომობილებზე ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო. მარტო პრველ დღეს 1500 ახალი ნომერი გაიცა და რიგები დღემდე არ შეთხელებულა. 10 დღეა გასული, რაც ახალი ნომრების გაცემა დაიწყო და პირველ დღეს გაცემულ 1500 ნომერს თუ გავიხსენებთ, სავარაუდდ, მინიმუმ, 15 000 ნომერშეცვლილი მანქანა დადის თბილისში.

 

ახლა მთავარი. „სითი პარკის“ პარკირების საშვი, მოგეხსენებათ, ავტომობილის ნომრების მიხედით არის გაცემული. ეს ის ფასიანი საშვებია, რომლებშიც მოქალაქეები ფულს იმიტომ იხდიან, რომ მერიის კონტრაქტორი კომპანია მათ მოემსახუროს და არა ჯოჯოხეთი დააწიოს ყოველდღე. ნომრების შეცვლაც „სითი პარკმა“ სათავისოდ გამოიყენა. რადგანაც ძველის ნაცვლად ამ კომპანიის ბაზაში არ არის დარეგისტრირებული, ყველა ახალნომრიანი მანქანა, რომელიც სადგომზე მოიხელთეს, 10 ლარით დააჯარიმეს.

 

უხეში გათვლებით, ამ 10 დღეში, „სითი პარკმა“ შესაძლოა, 15 000-მდე ავტომფლობელი დააჯარიმა, რაც თბილისელთა ჯიბეებიდან უნამუსოდ ამოცლილი 150 000 ლარია. ხალხი რომ აღშფოთდა, „სითი პარკში“ მიხვდნენ, რომ ძალიან უნამუსოდ იქცეოდნენ და გუშინ, 10 სექტემბერს, სპეციალური განცხადება გაავრცელეს, ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების შემოღებასთან დაკავშირებით პარკირების საშვი ახალ ნომრებზე გადაიტანეთ, ამისთვის საჭიროა მიაკითხონ „სითი პარკის“ სერვისცენტრს კანდელაკის 47 ნომერში და წარმოადგინეთ ცნობა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან,რომ ჩააბარეთ ძველი სახელმწიფო ნომრები და ახალი აიღეთ. ამ ინფორმაციის საფუძველზე მოხდება პარკირების საშვის გადატანაო.

 

ახლა დეტალურად მივყვეთ, რა დააშავა „სითი პარკმა“, რატომ აიგდო ავტომფლობელები კვლავ აბუჩად, რის გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა და რასაც ახლა აკეთებს, ეს რატომ არის ძალიან მაგარი აბსურდი და ისევ ხალხის წვალების ახალი საშუალება?

 

ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლასთან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება 3 თვის წინ გააკეთა და ხაზგასმული იყო, რომ ეს პროცესი 2014 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყებოდა. „სითი პარკს“ თადარიგი უნდა დაეჭირა და, სულ მცირე, ავტომფლობელები 1-ელ სექტემბრამდე რამდენიმე დღით ადრე გაეფრთხილებინა, რომ ვინც ნომერს შეცვლიდა, პარკირების საშვი ახალ ნომრებზე გადაეტანა და საამისოდ, კომპანიის სერვისცენტრისთვის მიეკითხა. მაგრამ ამას რატომ გააკეთებდნენ ადრე, გიჟები იყვნენ? წესით, ქვეყანა ფული უნდა მოეხვეტა „სითი პარკს“ ამ 10 დღეში. მერე „მიხვდნენ“, რომ ავტომფლობელები არაფერ შუაში იყვნენ, თუ მათი პარკირების საშვზე ახალი ნომერი არ იყო დატანებული. ამას ხალხი თავად ვერ გააკეთებდა და ეს „სითი პარკი“ იმისთვის არსებობს, ავტომფლობელებს პრობლემები ისე მოუგვაროს, უმიზეზოდ არ დააჯარიმოს. „სითი პარკს“ ავტომფლობელების პრობლემებზე ორიენტირებული ხალხი რომ მართავდეს, ეს საკითხი მარტივად გადაიჭრებოდა. „სითი პარკსა“ და შსს-ს მომსახურების სააგენტოს შორის ხელშეკრულება გაფორმდებოდა, ვინც ახალ ნომერს აიღებდა, ყველა ეს მონაცემები მომსახურების სააგენტოს ბაზიდან ავტომატურად აღმოჩნდებოდა „სითი პარკის“ მონაცემთა ბაზაში, მერე, ავტომფლობელები მივიდოდნენ კომპანიის ოფისში და აიღებდნენ განახლებულ პარკირების საშვს, სადაც ავტომობილის ახალი ნომერი იქნებოდა დაფიქსირებული. ნორმალურ ვითარებაში, ავტომფლობელს ახალი საშვის ასაღებად რამდენიმე დღე ექნებოდა, დავუშვათ, 10 დღის ვადაში ვალდებული იქნებოდა ოფისში მისულიყო და ახალი საშვი აეღო. თუმცა, „სითი პარკმა“ ეს საკმაოდ მარტივი რამ არ გააკეთა და აჯარიმა და აჯარიმა ხალხი.

 

ახლა „სითი პარკის“ განცხადებას დავუბრუნდეთ. მათი მესვეურნი ხალხს მოუხმობენ, ვინც ახალი ნომრები აიღო, ყველამ „სითი პარკის“ ოფისს, კანდელაკის № 47-ს მოაკითხეთო. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა რიგები გაიჭიმება კანდელაკის ქუჩაზე? ძველი ნომრების ახლით შეცვლას, ახალი საშვის დამზადებას ხომ დრო სჭირდება? კაცმა მთელი დღე უნდა დაკარგოს, რომ ახალი საშვი აიღოს. ახლა ამას იმ რიგში ნერვების წყვეტა მიათვალეთ. გარდა ამისა, ავტომფლობელი ჯერ ისევ რუსთავში უნდა ჩავიდეს, ცნობა აიღოს, რომ ძველი ნომერი ახლით შეცვალა და ამ ცნობით უნდა ეახლოს „სითი პარკს“. რიგები რუსთავშიც დადგება და რაც არ უნდა სწრაფად იმუშაონ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა, ხალხი იქაც დიდ დროს დაკარგავს.  მაგარი ვაჟკაცობა იქნება, თუ ადამიანმა ერთ დღეში აიღო ცნობა მომსახურების სააგენტოდან და იმავე დღეს მოასწრო „სითი პარკში“ ახალი ავტოპარკირების საშვის აღება. აი, ამ დღეში ჩააგდო ხალხი „სითი პარკის“ თავმოუბმელობამ თუ წინასწარ განზრახულმა ხაფანგმა, რომელიც, გონივრული ეჭვი მაქვს, მასში ხალხის გაბმასა და მათგან ყოვლად გაუმართლებელი ჯარიმების ამოღების მიზნით დააგო.

 

კიდევ ვიმეორებ, ის ხალხი, ვინც დააჯარიმეს, არაფერ შუაშია, „სითი პარკმა“ ავტომფლობელები დროულად არ გააფრთხილა და ეს არის ყველაფრის მიზეზი. მაინტერესებს, ეს უსაფუძვლოდ დაჯარიმებული მძღოლები რომ მიადგნენ „სითი პარკს“, იმ ჯარიმას, 10 ლარს უკან დაუბრუნებენ, ვისაც გადახდილი აქვს? ანდა, ვისაც ჯერ არ გადაუხდია, მათ გაუბათილებენ ამ საჯარიმო ქვითარს? წესით, თუ ჭკუა აქვთ „სითი პარკის“ მესვეურთ, ასეც უნდა მოიქცნენ. ხალხი უკვე ისეთ დღეშია, იმდენად გამწარებულია ამ კომპანიის თავხედური საქციელით, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ოფისში შეუვარდნენ და მათი უფროსობა კინწისკვრით გამოყარონ გარეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს „ნოვაცია“, ეს 10-ლარიანი ჯარიმები აღმოჩნდეს ბოლო წვეთი ხალხის მოთმინების ფიალაში.

 

რატომ არ გააფრთხილა „სითი პარკმა“ ხალხი წინასწარ, რომ ეს გაუგებრობა თავიდან აეცილებინა მათთვის და რატომ გააკეთა განცხადება 10 სექტემბერს, როცა უკვე გვიანი იყო, როცა უამრავი ადამიანი დააჯარიმა და კიდევ ბევრს დააჯარიმებს ამ დღეებში? რატომ არ ისარგებლა მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზით, რომ სწრაფად, ავტომატურ რეჟიმში, ძველი სანომრე ნიშნები ახლით შეეცვალა და ამით ბევრ დროს მოიგებდა ხალხის სასიკეთოდ? რატომ იბარებს ყველა ავტომფლობელს „სითი პარკი“ ცენტრალურ ოფისში, როცა წინასწარ იციან მისმა მფლობელებმა, რომ იქ უზარმაზარი რიგები გაიჭიმება? ხომ შეეძლო, რაიმე ალტერნატიული მომსახურების საშუალება გამოენახა და დავუშვათ, რაიონების მიხედვით გაეცა ახალი საშვები? ის ავტომფლობელები, რომლებიც კანდელაკის ქუჩას მიაწყდებიან დღეიდან, ათ ნაწილად დაიყოფოდნენ და შესაბამისად, რიგები და ნერვების წყვეტაც ნაკლები იქნებოდა (თუმცა, ამას დამატებითი 10 სერვისცენტრის გახსნა, დამატებითი ხარჯები დასჭირდებოდა და „სითი პარკი“ იმის ჩიტი არ არის, ხალხის კომფორტული მომსახურებისთვის ფული დახარჯოს). ზუსტად რამდენი ადამიანი დააჯარიმა „სითი პარკმა“ 1-10 სექტემბერს? დაუბრუნებს თუ არა ამ 10-ლარიან ჯარიმებს უსაფუძვლოდ დაჯარიმებულ ხალხს და ვისაც ჯერ ჯარიმა არ გადაუხდია, გაუბათილებს თუ არა მათ საჯარიმო ქვითრებს? აი, ამ კითხვებზე გვსურდა „სითი პარკის“ წარმომადგენელს ჩვენთვის ეპასუხა. „ალია“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ლევან ტაბიძეს დაუკავშირდა, მაგრამ მან გვითხრა, რომ არც თავად და არც კომპანიის არც ერთი წარმომადგენელი, ჯერჯერობით, კომენტარს არ გააკეთებენ. შესაძლოა, „სითი პარკის“ ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ მორიგ შარში გაეხვივნენ, კიდევ ერთხელ დაიპირსპირეს ხალხი და მათთვის სათქმელი არაფერი აქვთ, დროს იგებენ. ნახავენ, მოვლენები როგორ განვითარდება და შემდეგ გააკეთებენ სიტუაციის შეძლებისდაგვარად ადეკვატურ განცხადებას.

 

საინტერესოა, სად არიან მერიის მაღალჩინოსნები, რომელთაც ამ ამბავში ერთი განცხადებაც კი არ გააკეთეს? „სითი პარკის“ თემით, დღევანდელი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ქულებს იწერდა, როცა აცხადებდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „სითი პარკს“ უყოყმანოდ და სასწრაფოდ გავაძევებთ საქართველოდანო. თბილისის ახალ მერს, დავით ნარმანიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ამ კომპანიის საქმიანობა მეტად საეჭვოა და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ჰოდა, დალოცვილო, ამ საეჭვო რეპუტაციის კომპანიამ კიდევ ერთხელ შავ დღეში რომ ჩაყარა თბილისელები, სიტყვით მიანც გამოექომაგე? უკვე მოხვედით ხელისუფლებაში, განცხადებების კეთების დრო წავიდა, ახლა ის დროა, ამ „სითი პარკს“ მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გადაახიო თავზე და საიდანაც მოსულა, იქ გაისტუმრო.

 

„ალია“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაგდა პოპიაშვილს დაუკავშირდა. გვსურდა, „სითი პარკის“ თავხედობასთან დაკავშირებით კითხვები მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსისთვის ან ამ სამსახურის სხვა წარმომადგენლისთვის დაგვესვა. პოპიაშვილმა გვითხრა, მერიის შესაბამისი სამსახურები საკითხს შეისწავლიან და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენო.

 

ლევან ჯავახიშვილი

 

გაზეთი „ალია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016