reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე: დიახ, "რესპუბლიკელები", აწყობდნენ ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:58
პრეს-დაიჯესტი
ნინო ბურჯანაძე: დიახ, "რესპუბლიკელები", აწყობდნენ ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას!
ავტორი:
15 სექტემბერი, 2014. 21:48



"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი" ნინო ბურჯანაძე, "ქრონიკასთან" ინტერვიუში ქვეყანაში "კონსტიტუციური გადატრიალების" საფრთხეებზე საგანგებო განცხადებას აკეთებს და შექმნილ ვითარებას აფასებს, როგორც პოლიტიკურ კრიზისს. ნინო ბურჯანაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს და აცხადებს, რომ, თუკი ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით არ წავა, დაპირისპირება გარდაუვალი იქნება! ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "ქრონიკა" გთავაზობთ ინტერვიუს ნინო ბურჯანაძესთან.

 


- უელსის სამიტის შემდეგ, არ გამორიცხეთ, რომ საქართველოში მივიღებთ კვიპროსის მოდელს, ტერიტორიებს საბოლოოდ დავკარგავთოკონკრეტულად რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს? ფიქრობთ, რომ რუსეთი განრისხდება იმის გამო, რომ ნატომ განსაკუთრებული მოქმედების პაკეტი შემოგვთავაზა?

- ვინმემ ამიხსნას, ეს განსაკუთრებული სამოქმედო პაკეტი რას ნიშნავს?! საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არ უნდა, თავი მოიტყუოს, ძალიან დაიღალა ილუზიაში ყოფნით, ყოველი სამიტის შემდეგ გვესმის, - "მართალია, მაპ- არ მოგვცეს, მაგრამ მოგვცეს მაპ-ზე უკეთესი". ძალიან ნათლად და გამოკვეთილად ითქვა, რომ ნატოში გაწევრიანების წინა ეტაპი უნდა იყოს მაპ-ის მიღება და რადგან მაპ- არ არის, მგონი, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ საქართველო ნატოს წევრი არ არის და ვერც გახდება, ყოველ შემთხვევაში ამ პერსპექტივას მე ნამდვილად ვერ ვხედავ. ჩვენ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, არავინ ლაპარაკობს ნატოსთან თანამშრომლობის გაწყვეტაზე, მესმის, ინსინუაციები დაიწყება, ამიტომ თქვენი გაზეთით ვაცხადებ: მე მომხრე ვარ ნატოსთან თანამშრომლობის, მომხრე ვარ გონივრულად მივიღოთ მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რაშიც ჩართულია მთელი მსოფლიო, იქნება ეს ავღანეთი თუ ერაყი. სხვათა შორის ამ ოპერაციებში ჩართულია თავად რუსეთიც, ნატოსთან თანამშრომლობა აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა გამოდიოდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან. საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის რუსეთის მუდმივი გაღიზიანება იმის ძახილით, რომ ჩვენ აუცილებლად შევალთ ნატოში, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ნატომ ბაზა რომ გახსნას, ეს იქნება კატასტროფა საქართველოსთვის. იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილზე დგას რუსული სამხედრო ბაზები, და თუ საქართველოს ტერიტორიის მეორე ნაწილზე იქნება ნატოს ბაზა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ვეგუებით საქართველოს ორად გაყოფას, უარს ვამბობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ამიხსენით, აქ სად არის საქართველოს ინტერესები?!.


- თქვენი აზრით, რუსეთის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად რა არის გამოსავალი?

- ამ შემთხვევაში გამოსავალი არის არა მოსახლეობის თვალში ნაცრის შეყრა, არამედ პირდაპირ იმის თქმა, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა საქართველოს უახლოეს პერსპექტივაში არ არის და არც იქნება. ნუ ვატყუებთ ხალხს და მოლაპარაკებების გზით დავიწყოთ ნორმალური თანამშრომლობა რუსეთთან იმ ჩარჩოებში, რაც არის რეალისტური. პრაქტიკულად, რუსეთი და დასავლეთი ცივი ომის რეჟიმშია, მაგრამ მერკელიც ელაპარაკება პუტინს, ობამაც, პოროშენკოც კი და საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ის, რომ გადადგას გამბედავი ნაბიჯი და რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ დაელაპარაკოს. საქართველოში ნატოსა და ევროკავშირზე ლაპარაკი, პროდასავლურ იარლიყზე ხელის მაგრად ჩაჭიდება ხელისუფლების შენარჩუნების გარანტი გახდა.


- როგორ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, რომლის ენაც ომია? ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტოს ომი, ვნახეთ, როგორ მოექცა რუსეთი უკრაინას, რუსეთი დღეს ნდობადაკარგულია, საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი კი ნატოა...

- და უკრაინა მათ კარგად დაიცვეს?!. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, საქართველო არ არის ნატოს წევრი და შენ არავინ დაგიცავს. სხვათა შორის, ამერიკის პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ნატო იცავს მხოლოდ ნატოში შემავალ სახელმწიფოთა ინტერესებს. ვინ დაუწყებს რუსეთს ომს საქართველოსთვის, ან თუნდაც უკრაინისთვის? არავინ! და ეს ნათლად გამოჩნდა. ამიტომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სამხედრო კონფრონტაციაში არ შევიდეს, ამიტომ თავდაცვის მექანიზმები ჩვენ სწორ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ და დავანებოთ თავი იმის ძახილს, რომ დღეს საქართველო უფრო გახსნილია, უფრო დაცულია, იმიტომ, რომ ნატოს სასწავლო ცენტრი გაიხსნაო. კი ბატონო, გაიხსნა კარგია, მაგრამ ჩვენ საჩხერეშიც ხომ გვქონდა ნატოს ბაზა, 2008 წლის აგვისტოს ომში რა, საჩხერეში ნატოს ბაზამ გადაგვარჩინა?!


- ჩვენ ვნახეთ, როგორ დასრულდა რუსეთის ულტიმატუმი, - უკრაინას უარი ეთქვა დასავლეთზე... თუკი საქართველო დასავლეთზე უარს იტყვის, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ დამოუკიდებლობას და გავხდებით რუსეთის გუბერნია...

- ვინ თქვა, რომ ჩვენ დასავლეთზე უარი უნდა ვთქვათ, კარგია, რომ ასე ხაზგასმით დამისვით შეკითხვა, მე არასოდეს არსად არ მითქვამს, რომ ჩვენ დასავლეთზე უარი უნდა ვთქვათ, გონივრული პოლიტიკა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ დასავლეთზე არ თქვა უარი, მაგრამ ამავდროულად, კონფრონტაციულ რეჟიმში არ იყო რუსეთთან, ეს კი აბსოლუტურად შესაძლებელია...


- "ოცნების" ხელისუფლება სწორედ ამას ცდილობს, რომ რუსეთთან არ იყო კონფრონტაციულ რეჟიმში, განსხვავებით სააკაშვილის რეჟიმისგან...

- ეს ხელისუფლება რას ცდილობს, საერთოდ გაუგებარია, ამ ხელისუფლებაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, იმდენად არაკომპეტენტურია, უუნარო, რომელიც ელემენტარულად იმასაც კი ვერ ბედავს, რომ გამოკვეთილად, ჩამოყალიბებულად თქვას, რა არის საქართველოს ინტერესები. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დასავლეთთან ურთიერთობაზე, მეტიც, მე ხაზი გავუსვი, რომ ნატოსთან თანამშრომლობის რეჟიმი უნდა გვქონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა წარვმართოთ სწორი და რეალისტური პოლიტიკა, ის, რაც თქვენ თქვით, რომ რუსეთს აქვს სურვილი, საქართველო თავის გუბერნიად აქციოს, იმავე რუსეთის ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც რეალურად აფასებენ მოვლენებს და თუ შენ არ იქნები მონა, ვერც ვერავინ დაგიმონებს.


- უელსის სამიტზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მზაობა განაცხადა, რომ ის ჩავა მოსკოვში და შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს... უფრო ადრე პრემიერ-მინისტრისა და პუტინის შეხვედრა არ გამოირიცხებოდა, ალბათ, ასეთ განცხადებებს პოლიტიკოსები ჰაერზე არ აკეთებენ...

- ჰო, ალბათ, ჩვენ სამი თვე უნდა ვუყუროთ ჭიდაობას, ვინ წავა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, პრეზიდენტი თუ პრემიერი... გახსოვთ, როგორც კი პუტინმა თქვა, არ გამოვრიცხავ საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრასო, როგორი აჟიოტაჟი ატყდა "ქართულ ოცნებაში", ვინ უნდა წასულიყო პუტინთან შეხვედრაზე. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი...


- არის ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ რუსეთის ხელისუფლებასთან, რადგან მოხდეს მათთან შეხვედრა და დიალოგი...

- თუ ასეთი რამ ხდება, ორი წელი გავიდა და ამ საკითხის დარეგულირება ვერ მოახერხეს?!. პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე ემზადებოდა გაეროში წასასვლელად, მაგრამ გადაიფიქრა. ეს ყველაფერი არ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას, იმის განცხადება, რომ პრემიერი თუ პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს პუტინს, ამ დონის შეხვედრები ასე არ წყდება. ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა დაიწყოს ურთიერთობის დარეგულირება კონფლიქტურ ზონებთან, ეს რომ პრობლემაა, ნატოს სამიტზეც გამოჩნდა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა, რომ ტერიტორიები, სადაც არის კონფლიქტები, ვერ გახდებიან ევროატლანტიკური სივრცის განუყოფელი ნაწილი. შენი კონფლიქტებით ევროპაში არავინ შეგიშვებს, ევროპაში არავინ შეგატანინებს მოუგვარებელ ეთნიკურ კონფლიქტს, ეს არის გამორიცხული. როგორ ვერ ხედავთ ამას?!. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა იგივე ევროპა, ნორმალური ცხოვრება, პირველ რიგში ჩვენი შიდა პრობლემები უნდა მოვაგვაროთ და დავიწყოთ აფხაზებთან, ოსებთან ლაპარაკი... არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ, როგორც კი ჩვენ გამოვაცხადეთ ნატოს საწვრთნელი ბაზის შესახებ და მოგვანიჭეს რაღაც პაკეტი, შეიკრიბა აფხაზეთი, .. სამხრეთ ოსეთი, რუსეთი და მათ დაიწყეს ლაპარაკი ერთიან სამხედრო კავშირსა და თავდაცვაზე. როგორ ვერ ვხვდებით ამდენს, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, თუ არ გვცალია იმიტომ, რომ დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვინ რომელ სამიტზე წავა და ვინ გაუმართავს სადილს ჩამოსულ პრეზიდენტს... "ქართული ოცნება", სამწუხაროდ, დაკავებულია მხოლოდ იმით, როგორმე სამუდამოდ შეინარჩუნოს ხელისუფლება და ამას ნამდვილად ვერ მოახერხებს. ამავდროულად "ნაციონალური მოძრაობა" დაკავებულია იმით, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მობრუნდეს ხელისუფლებაში. კონიუნქტურაა ასეთი, რომ მესამე ალტერნატიულ აზრს, დიდ გასაქანს არ აძლევენ ქართული მედიასაშუალებები. ამას აკეთებენ  იმიტომ, რომ მოსახლეობამ ამ ორი ძალის ალტერნატივა არ დაინახოს...


- დღეს უფრო აქტუალური გახდა მესამე პოლიტიკური ძალის გააქტიურება. როცა თქვენს პარტიაზე მიდის საუბრები, როგორც ამ ხელისუფლების ალტერნატივაზე, მაშინვე ჩნდება განცხადებები - ის ხომ პრორუსული ძალაა... სწორედ ამის გამო ძირითადი ამომრჩევლისთვის მაინც მიუღებელი რჩებით...

- რა თქმა უნდა, კლიშეები მუშაობს, არ ვაპირებ მილიონჯერ იმის ახსნას, რომ მე პრორუსული ძალა არ ვარ, ისევე, როგორც არ ვარ პროდასავლური, მე ვარ პროქართული პოლიტიკოსი. ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ისეთი ქართული ეროვნული პოზიციებით გაჯერებული ძალა, როგორიც ჩვენ ვართ, არ გამოჩნდეს. ამიტომაც ეშინია "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" იმ ძალის, რომელსაც სათავეში ვუდგავარ მე. სწორედ ჩვენს ძალას შეუძლია რეალური ალტერნატივა შექმნას და ამ ჭაობიდან გამოიყვანოს ქვეყანა.


_ პარტიები, რომლებიც თქვენ რადიკალურად გებრძვიან, სწორედ თქვენი კადრებით არიან გაჯერებული. საქართველოს პრეზიდენტი თქვენი პოლიტიკური მრჩეველი იყო და ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტია, ქალაქის მერი - თქვენი ბუღალტერი, ფინანსთა მინისტრი - თქვენი პარტიის წევრი, თავდაცვის მინისტრს სთავაზობდით პარტიის სიის პირველ ნომრობას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იყო თქვენი უფლებადამცველი და მას სურდა თქვენს პარტიაში გაწევრიანება, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თქვენი პროტეჟე და უახლოესი მეგობარი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იყო თქვენი სიით გასული დეპუტატი, რომელმაც თავმჯდომარის პოსტზე ჩაგანაცვლათ. აღარ გავაგრძელებ, სია ძალიან გრძელია, სწორედ ეს ადამიანები გიპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ თქვენ ხართ პრორუსული ძალა. მაშ, რა გამოდის, რატომ იყვნენ ისინი თქვენთან და რატომ იზიარებდნენ თქვენ პოლიტიკურ პოზიციას?

- უკაცრავად და, მანანა კობახიძე 26 მაისს რაიმე განსხვავებულს ისმენდა ჩემგან?!. დიახ, ის აპირებდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას, ნამდვილად არ მინდა პიროვნებებზე ვილაპარაკო, არ ღირს, პირდაპირ გეტყვით, რომ მათ ჩემს პირად მტრებად ნამდვილად არ აღვიქვამ, მათგან განსხვავებით ნამდვილი პოლიტიკოსი ვარ! ძალიან კარგად მესმის, რა პოლიტიკური ინტერესები აქვთ, მათი მიზანია, გააკეთონ ყველაფერი, რათა ბურჯანაძეს მიაწებონ რაღაც იარლიყები... მაშინდელი ოპოზიცია, რომელიც დღეს "ქართულ ოცნებაშია", სააკაშვილს ასწრებდა ბურჯანაძის ლანძღვა-გინებაში, იმიტომ, რომ თვითონ შეენარჩუნებინათ ოპოზიციის იმიჯი და ბურჯანაძე არ ყოფილიყო ხალხისთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურა და კიდეც გააკეთეს ის, რომ ჩვენ ყველანაირად ხელი შეგვიშალეს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, სააკაშვილს კი ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივეს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2009 წელს, ყველაფერი კეთდებოდა სააკაშვილის ძალაუფლების გასახანგრძლივებლად და ამას ის პოლიტიკური ძალები აკეთებდნენ, რომლებიც დღეს "ქართულ ოცნებაში" არიან, საკუთარ პოზიციას არც მალავენ და დღესაც ღიად ამბობენ, რომ სააკაშვილი ურჩევნიათ ბურჯანაძეს, "ნაციონალური მოძრაობა" ურჩევნიათ "დემოკრატიულ მოძრაობას". მათთვის გაცილებით კომფორტულია "ნაციონალებთან" დებატები, ვიდრე ჩემთან, რადგან მე არ შევცვლილვარ, ეს ადამიანები კი შეიცვალნენ.


- ყველას მინუს ნინო ბურჯანაძე, ასე შედგა კოალიცია "ქართული ოცნება"... 2012 წლის აგვისტოში თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს, თუ გითხრათ მიზეზი, რის გამოც თქვენ კოალიციაში არ აღმოჩნდით და დღეს თუ გაქვთ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია.

- ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებაში ბიძინა ივანიშვილი მარტო არ იყო, ის, ალბათ, იძულებული გახდა რაღაცისთვის ანგარიში გაეწია, ან მას ჰქონდა კონკრეტული მოსაზრება. მაგრამ მოსაზრება იმაზე, როცა ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძე პრორუსულია და ამიტომ მასთან კოალიციაში ვერ ვიქნებიო, ეს არასერიოზულია, მაშინ, როცა თავად ბიძინა ივანიშვილს აქვს გაცილებით მეტი პოზიციები კონკრეტული მიმართულებებით რუსეთში და ნაცნობობა იმ ადამიანებთან, ვისთანაც მე საერთოდ არ მაქვს კონტაქტი. ეს ერთი, მეორე, - "ქართულ ოცნებაში" არიან ძალები, რომლებიც გაცილებით მეტად ატარებენ რუსულ პოზიციებს, ვიდრე მე და მათი გვარების ჩამოთვლას აზრი არ აქვს, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს სერიოზული პრობლემები გვაქვს, რაზეც დელიკატურად მივანიშნებდი ყოველთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაგვინიშნა პრეზიდენტი და სამ თვეში გვითხრა, შეიცვალაო, "ნაციონალებთან" დაიწყეს კოჰაბიტაცია და ახლა ბოდიშს გვიხდიან. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ძეგლი უნდა დაუდგან, რადგან ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილი, თავის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, გადარჩინა. მიწასთან გასწორებული "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ჩემოდნები ჰქონდა ჩალაგებული და ვინ სად იყო შემძვრალი, კაცმა არ იცის, ისე მოაძლიერა, რომ დღეს თითებს იქნევენ და ჭკუას გვარიგებენ. მე არ ვიცი, ეს იყო შეცდომები თუ ვინმეს წინაშე ვალდებულებების აღება, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა... თქვენ ბიძინა ივანიშვილთან 2012 წლის აგვისტოს შეხვედრა გამიხსენეთ, მე რა თქმა უნდა, არ მქონდა იმის ილუზია, რომ მოვისმენდი მისგან მიზეზებს, ჩვენ გვქონდა საუბარი მხოლოდ ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე, დანარჩენ დეტალებს მნიშვნელობა აღარ აქვს, მას შემდეგ ბატონ ბიძინასთან კომუნიკაცია არ მქონია.


- 2012 წელს გასაქცევად გამზადებული "ნაციონალური მოძრაობა" დღეს რევანშისთვის ემზადება. "ალიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შს მინისტრმა განაცხადა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, სურდა სახელმწიფო ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზებით დამხობა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. როგორ ფიქრობთ, "ნაციონალები" შეძლებენ რევანშს?

- როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს ამას, ეს ნიშნავს, რომ აქვს უტყუარი მტკიცებულებები გადატრიალების მცდელობაზე. თუკი მას აქვს უტყუარი მტკიცებულებები, მაშინ გამაგებინეთ, რატომ არავის იჭერენ?!. რას ველოდებით, როდის გადაატრიალებს ხელისუფლებას "ნაცმოძრაობა" და როდის მოვა ხელისუფლებაში?!. ასეთ განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრი, წესით, უნდა აკეთებდეს სპეცოპერაციის დაწყებამდე წუთნახევრით ადრე ან საერთოდ, არ უნდა აკეთებდეს... რაღაც საოცრებასთან გვაქვს საქმე, შს მინისტრი საუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, ამ ინფორმაციას ადასტურებს პრემიერი და ამ მოსაზრებას ამყარებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგა ბოკერია და რა?!. ეს აბსურდის თეატრი დიდხანს ვერ გაგრძელდება, ეს უნდა გვესმოდეს. როცა მე ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მომძლავრდება, კოჰაბიტაციით ფეხზე დადგება და გაჩნდება "ნაციონალური მოძრაობის" მობრუნების შანსი, ამას სერიოზულად არავინ იღებდა. ვინ წარმოიდგენდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" გაბედავდა და საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურას წამოაყენებდა?!. ან იმას ვინ წარმოიდგენდა, რომ "ოცნების" წყალობით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე მეორე ადგილზე გავიდოდა 22%-ით? მოხდა უფრო უარესი, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში, "ქართული ოცნების" დახმარებით "ნაციონალებმა" გააუმჯობესეს შედეგი. ახლაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ მთავარ ალტერნატიულ ძალად არ დავფიქსირებულიყავით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომ მეორე ტური არ დაეშვა. მე არ ვამბობ, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი, მაგრამ მეორე ტური იყო რეალისტური, საფრთხე ჩნდებოდა იმისა, რომ ვეღარ ეყოლებოდა ბიძინა ივანიშვილს თავის ჭკუაზე მოხტუნავე პრეზიდენტი. აღმოჩნდა, რომ ისიც კი, ვინც ეგონა, მის ჭკუაზე იხტუნავებდა, არ დადის მის ჭკუაზე. კარგად უნდა გაიგონ, ვერ წარიმართება ერთი ადამიანის ჭკუაზე ეს ქვეყანა და ძალიან მძიმედ შეიძლება ქვეყანას ეს შემოუბრუნდეს და თავად ბიძინა ივანიშვილსაც.


- ფაქტობრივად, პოლიტიკური კრიზისის ნიშნები სახეზეა. ფიქრობთ თუ არა, რომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებშია?..

- რა თქმა უნდა, ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ჩამოვთვალოთ ნიშნები - პრეზიდენტი და მთავრობა არა თუ ერთმანეთს ელაპარაკებიან, არამედ ერთმანეთს ებრძვიან, ოღონდ ეს ის მთავრობაა, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სააკაშვილთან კოჰაბიტაციაში იმიტომ, რომ პრეზიდენტთან დაპირისპირება ქვეყანას დააზარალებსო, დღეს კი ისინი უპირისპირდებიან საკუთარი გუნდიდან არჩეულ პრეზიდენტს. ქვეყანა იმართება ერთი ადამიანისგან, პარალმენტში წარმოდგენილია 40%-ით დამნაშავე ორგანიზაცია, დანარჩენი 60% წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს რომ არ ამოფარებოდნენ, ცალ-ცალკე აღებული ვერც ერთი 5%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავდა. აი, ეს ადამიანები მართავენ დღეს საქართველოს. ქვეყანაში არის ურთულესი მდგომარეობა, რამაც შეიძლება აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ორი გზა რჩება, ან აბსოლუტურ ჭაობში ეფლობა ქვეყანა, ან გამწვავდება ეს კრიზისი და პირდაპირ დაპირისპირებაში გადაიზრდება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის. დღეს ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოებრიობის ნიშნებს კარგავს, ქვეყანა ქვეყანას არ ჰგავს, პარლამენტი პარლამენტს არ ჰგავს, სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ. დღეს მთელი მსოფლიო უკრაინაზეა გადართული და ჩვენთვის არ სცალია, თორემ რაც დღეს საქართველოში ხდება, ამის გამო, ალბათ, მსოფლიო დაგვცინებდა.


- საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გაეროში ჩაიშალა, თუმცა კონსტიტუციის 69- მუხლის მიხედვით პრეზიდენტი წარადგენს საქართველოს ქვეყნის გარეთ, თუმცა ამავდროულად ეს ფუნქცია აკისრია პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს. ძალაუფლების გადანაწილების პროცესში ხომ არ მივიღებთ საკონსტიტუციო გადატრიალებას?

- როცა ვამბობდი, რომ არ შეიძლება კონსტიტუციაში ასეთი ცვლილებების მიღება, რაც აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას ხელისუფლების შტოებს შორის-მეთქი, არავინ მისმენდა. ეს მოდელი, რაზეც დღეს არის ლაპარაკი, დააქცევს ქვეყანას, მე გამოვედი და ვთქვი, რომ ქვეყანაში ხდება კონსტიტუციური გადატრიალება, ხალხის ზურგს უკან ის პარტია, რომელსაც მოსახლეობის 3%-ზე მეტი მხარს არ უჭერს, რომელსაც არასოდეს არ გადაულახავს ბარიერი სხვისთან შეკვრის გარეშე და ესენი არიან "რესპუბლიკელები", აწყობდნენ ქვეყანაში კონსტიტუციურ გადატრიალებას. შეიძლება მათ სჯერათ, რომ ეს არის სწორი მოდელი, მაგრამ დავინახეთ, რომ ეს მოდელი ქვეყანას პრობლემას უქმნის. ამაზე ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს?!.


- ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, როცა ერთი კონკრეტული ადამიანის სიტყვას ემორჩილება პრეზიდენტი და არა კონსტიტუციას?

 

- მე არ ვიცნობ დემოკრატიას, სადაც მთავრობისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ახდენს ადამიანი, რომელსაც ოფიციალურად თანამდებობა არ უკავია. ამას არ ჰქვია დემოკრატია, თუმცა ვერ გეტყვით, ეს რა არის - მონარქია, ფეოდალური სახელმწიფო, თუ ხალიფატი. ეს რომ დემოკრატია არ არის, ნამდვილად შემიძლია გითხრათ. სამწუხაროდ, ჩვენ დავუშვით ის, რომ პრეზიდენტი დაგვინიშნეს, ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, მე მომწონს ეს კაცი და ამიტომ უნდა აირჩიოთ ის პრეზიდენტადო. ამან განაპირობა ის, რომ დღეს ქვეყანა ქვეყანას არ ჰგავს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016