„რუსული დერეფანი", წიგნი - „ცივი აგვისტო", წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - რუსთაველის თეატრის მსახიობის ედმონდ მინაშვილის პროექტი, აგვისტოს ომში დაღუპული 17 გმირის სახელების უკვდავსაყოფად შედგა.
კინოპრემიერა 15 მაისს, სატელევიზიო პრემიერა კი 11 აგვისტოს გაიმართა.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში დაღუპილ 17 გმირზე, ფილმის შექმნის ისტორიაზე, თითქმის დასრულებულ ტაძარზე, წიგნზე, რომელიც ჯერ არ გამოცემულა და მხატვრული ფილმის გადაღების იდეაზე რუსთაველის თეატრის მსახიობი, პროექტის იდეის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი „რეპორტიორთან" საუბრობს:
__ ედმონდ, დაასრულეთ შინდისის გმირებისადმი მიძღვნილი ფილმი. როგორ გაჩნდა იდეა, ამ ბიჭებზე გადაგეღოთ ფილმი?
_ ფილმის იდეა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა. რუსთაველის თეატრში დავასრულე სეზონი და წავედი სოფელში, ვანის რაიონში. ჩემი სოფლიდან ომში იყო წასული დაახლოებით 15 ბიჭი.
10 აგვისტოს ქორწილი უნდა გამართულიყო. სოფელში ძალიან დაძაბული ვითარება იყო. არადა, ოჯახს უკვე გაწეული ჰქონდა ქორწილისთვის ხარჯი. ჩატარდა სოფლის კრებასავით, გადაეხადათ თუ არა ქორწილი. გადაწყდა, რომ შემდგარიყო. 10 აგვისტოს გადაიხადეს ქორწილი, თუმცა, ეს იყო ქორწილი ვალდებულების მიზნით, იქ არ ყოფილა ლხინი.
11 აგვისტოს სოფელში დაბრუნდა რამდენიმე ბიჭი. ნელ-ნელა ყველა დაბრუნდა. არ ჩანდა მხოლოდ ერთი ბიჭი - მიშიკო დვალიშვილი. დილაობით და საღამოობით მეზობლები ერთმანეთს გადასძახებდნენ, ხომ არ დაბრუნებულა დვალიშვილის ბიჭი? ხომ არ გაგიგიათ რამე სიახლე?
ყველა მოლოდინში ვიყავით, იმედი გვქონდა, რომ სხვების მსგავსად მიშიკოც დაბრუნდებოდა. 17 აგვისტოს მეზობელი აივნიდან (სადაც ცხოვრობს ვანის რაიონის გამგეობის წევრი) ხმა გავიგე - ამას ოჯახს მე ვერ ვეტყვი, ამოდით, მიგყვებით და თქვენ შეატყობინეთო.
ჩემს ძმას ვუთხარი, მიშიკო დაიღუპა-მეთქი. ასეც აღმოჩნდა.
იმ ღამეს ჩამოასვენეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მისი ცხედარი. 11 აგვისტოს, პაპანაქება სიცხეში დაღუპული, 17 აგვისტოს გადმოასვენეს. ოჯახს დარდს ვერაფრით შეუმსუბუქებდნენ, მაგრამ იქ ითქვა, რომ მასთან ერთად დაიღუპა 16 ბიჭი და ეს ადამიანები იყვნენ გმირები.
მაშინ დავიფიცე მიშიკოს საფლავზე - შენს სახელს გავაგებინებ მთელს საქართველოს-მეთქი.
__ როგორ დაიწყეთ ფილმზე მუშაობა?
_ თბილისში დაბრუნებისთანავე დავიწყე პროექტზე მუშაობა. შევკრიბე გადამღები ჯგუფი, სპონსორების დახმარებით მოვიძიე მიზერული თანხები. ამბავი ბატონ რეზო ჩხეიძეს მოვუყევი. ვუთხარი, რომ მინდოდა, უწმინდესს ეკურთხებინა პროექტი. ბატონმა რეზომ მითხრა, უწმინდესს ხვალ დილითვე შევხვდეთო.
თავიდან მქონდა ინფორმაცია, რომ დაღუპული იყო 12 ბიჭი. როცა კვალს გავყევით, 17 გარდაცვლილი აღმოჩნდა. სათითაოდ ყველა მათგანის ოჯახში მივედით, ყველას ოჯახის წევრი, მშობელი გადავიღეთ. ყველა მათგანის ისტორია მოვისმინეთ...
ეს არის მეორე ფილმი, ანუ მეორე ნაწილი. პირველი ნაწილი 2010 წელს დასრულდა. პირველი ნაწილი არის ნეკროლოგის ჟანრის. იქ არის თითოეული მათგანის ბიოგრაფიული ცნობები. მეორე ნაწილი უკვე დასრულებული, შეკრული, დოკუმენტური ხასიათის ფილმია.
პირველი ფილმის გადაღების პროცესში შემექმნა პრობლემა წინა ხელისუფლების მხრიდანაც. დამირეკეს თავდაცვის სამინისტროდან. ყველა დეტალს აკვირდებოდნენ, რას ვიღებდით, სად ვიღებდით, რა მიმართულებით მივდიოდით. მითხრეს, რომ რაღაცები უნდა ამომეღო ფილმიდან. გადამღები ჯგუფი მეუბნებოდა, ვიღაც დაგვყვებაო. ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახში მისულან და გამოუკითხავთ, რა გადავიღეთ.
__ რა ამოგაღებინეს ფილმიდან?
_ რამდენიმე დეტალი, მაგალითად, ერთ-ერთი დაღუპულის დედა ამბობს, რომ 5-ში გამოიძახეს მისი შვილი. ხელისუფლება კი ამბობდა, თავს დაგვესხნენ და თავი დავიცავით 8-შიო. მშობლები კითხულობდნენ, 5-ში რატომ გამოიძახეს, საიდან იცოდნენ, რომ ომი დაიწყოო?
ამაზე საუბრობს ყველა დაღუპულის მშობელი.
ეს მასალები ფილმის მეორე ნაწილშიც არ შევიტანეთ. ჩემი მიზანი იყო, მეჩვენებინა, რა მოხდა შინდისში, გამეცნო ხალხისთვის ეს გმირები და არა ის, თუ ვინ დაიწყო ომი.
__ საიდან მოიძიეთ ფინანსები, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გვერდით დაგიდგნენ?
_ ბევრი კომპანია, ბევრი ადამიანი ცალ-ცალკე. დიდი წვლილი მიუძღვის „თი-ბი-სი ბანკს", რის გამოც მამუკა ხაზარაძეს ვუხდი დიდ მადლობას. კულტურის სამინისტროს ვუხდი მადლობას. დამეხმარა „პოპული" საკვებით, „სონი" აპარატურით. დუტა სხირტლაძე დამეხმარა. ერთ დღეს შემთხვევით შემხვდა და რომ გაიგო, ფილმს ვიღებდით,ჯიბეში ხელი ჩაიყო და რაც ჰქონდა, მომცა. 400 ლარამდე იყო.
საბერძნეთიდან დამირეკა ქალბატონმა. მითხრა, წავიკითხე თქვენი ინტერვიუ, შვილი დამეღუპა ორი კვირის წინ, ახლა საავადმყოფოში ვწევარ და მინდა, ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეშიო. 200 ევრო გადმორიცხა. ვუთხარი, ტიტრებში შევიტან თქვენს სახელს, ვინ ხართ-მეთქი. ჩემი მადლობა ის არის, თქვენ რომ ამ საქმეს აკეთებთო. ტიტრებში მიწერია - დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს საბერძნეთიდან. ასე, ნაწილ-ნაწილ ვშოულობდი ფულს ფილმისთვის.
ფილმის გადაღებაში მონაწილეებს - პერსონალს, დამხმარე ჯგუფს, თითოეულ ადამიანს, ვინც მცირე წვლილიც კი შეიტანა, ვუხდი მადლობას!
__ ფილმის პარალელურად ააშენეთ ეკლესია...
_ ეს თავიდანვე გათვლილი იყო. პროექტი იყო, რომ გადაღებულიყო ფილმი ორ ნაწილად, აშენებულიყო ეკლესია და დაწერილიყო წიგნი. წიგნში შესულია თითოეულ გმირზე ინფორმაციები, ისტორიები, ის, რაც ვერ შევიდა ფილმში. წიგნის სახელწოდებაა „ცივი აგვისტო", ფილმის პირველ ნაწილს „შინდისის გმირები" დაერქვა, საბოლოო და მეორე ნაწილს კი - „რუსული დერეფანი". გარდა ამისა, უნდა გადავიღოთ მხატვრული ფილმი.
.
ეკლესიას რაც შეეხება, ის ტერიტორია ეკუთვნოდა ვინმე ზვიად საბაშვილს. როცა გაიგო, რომ იქ ეკლესიის აშენებას ვგეგმავდით, ტერიტორია საპატრიარქოს გადასცა სრულიად უანგაროდ, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ზვიადს.
ეკლესიის თაობაზე შევხვდი უწმინდესს, კურთხევის მისაღებად. უწმინდესმა მომცა კალამი და ფურცელი, მითხრა, ჩაიწერე, რასაც გიკარნახებო - „ააგეთ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ეძღვნება ყოველთა ქართველთა და ოსთა ბრძოლის ველზე მომწყდართა სახელის ხსოვნას, ეს იქნება ქართველების და ოსების შერიგების სიმბოლო". ტერიტორიის კურთხევის ცერემონია შედგა შარშან, რომელსაც ვესწრებოდით მე და კახა კალაძე.
__ როგორც ვიცი, კახა კალაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ეკლესიის მშენებლობაში.
_ შინდისის გმირების საკითხი გაპოპულარულებული იყო ერთი პერიოდი, ჩადიოდნენ პოლიტიკოსები და აკეთებდნენ განცხადებებს. წინასაარჩევნო პერიოდში კახა კალაძემ სოფლის წინაშე დადო ფიცი, არ აქვს მნიშვნელობა, გავიმარჯვებ თუ არა, დავბრუნდები შინდისში და საკუთარი სახსრებით დავასრულებ ეკლესიის მშენებლობასო. იმ პერიოდში მიზერული თანხა იყო შეგროვილი, არსებობდა ანგარიში, სადაც პატარა-პატარა თანხები ირიცხებოდა.
იმ თანხით მოვახერხეთ საძირკვლის გაჭრა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კახა კალაძის პრეს-სამსახურმა დამირეკა და მითხრა, ხვალ კახა მიდის შინდისში და თქვენც უნდა გაჰყვეთო. ერთად წავედით. დღეს უკვე ეკლესიის შიდა მოპირკეთება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მონუმენტზეც ვმუშაობთ. მთლიანად კახა კალაძემ დააფინანსა ეკლესიის მშენებლობა.
__ საქართველოს გარდა სად აპირებთ ფილმის ჩვენებას?
_ ბევრი შემოთავაზება გვაქვს სხვადასხვა კინოფესტივალიდან. ამ ეტაპზე შვეიცარიაში, დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე იქნება წარდგენილი.
__ მოგვიყევით ამ 17 ბიჭის გმირობის ისტორია.
_ 11 აგვისტოს, როცა ბრძანება გაიცა, რომ ცეცხლი შეწყვეტილიყო, ბიჭებმაც მიიღეს ბრძანება, დაბრუნებოდნენ ბაზას. 13 „პიკაპის" ტიპის მანქანა მოდიოდა შინდისის გავლით ქალაქისკენ. როდესაც ომია, ჯარს სჭირდება გეგმა გადაადგილებისთვის, ანალოგიური დაგეგმვაა საჭირო უკანდახევისთვის. როდესაც შენს სოფელში ეწყობა ჩასაფრება და იმ გზით გაგყავს შენი სამხედრო ნაწილი, ნიშნავს, რომ სიტუაცია უმართავია. ჯარისკაცებს არ ჰყავდათ მეთაური. მათ ჰყავდათ მხოლოდ მამა იოსები.
თითოეულ მათგანს ოჯახში დარეკილი ჰქონდა, სახლებში ვბრუნდებით, ომი დასრულდაო. ერთ-ერთი დაღუპულის, შმაგი კუპატაძის მამა მოგვიყვა - შმაგიმ დამირეკა და მითხრა, მოვდივარ, ბიჭები მომყვებიან და სუფრა გაშალეთო. მამა გვიყვებოდა, რაც კი მყავდა სახლში, ყველაფერი დავკალით, მეომარი, მშიერი ბიჭები სახლში ბრუნდებიანო. რამდენიმე საათის მერე დაურეკავს შვილისთვის და აღარ უპასუხა.
ამ დროს 13 პიკაპიდან, რომელიც შინდისის გავლით გადიოდა, პირველი და ბოლო ააფეთქა რუსის ჩასაფრებულმა ჯარმა. ატყდა პანიკა. უმეტესობამ მანქანები მიატოვა და მინდორში გაიფანტა. ვერავის გაამტყუნებ. მამა იოსები ამბობს, ამ ბიჭების მიერ გახსნილმა ინტენსიურმა ცეცხლმა განაპირობა, რომ დანარჩენები გავიდნენ სამშვიდობოსო. ამ გმირებმა გადაარჩინეს ბატალიონი. იბრძოლეს ერთი საათის განმავლობაში, რუსული ბატალიონის, სამხედრო ტექნიკის, სნაიპერებისა და „ბეტეერების" წინააღმდეგ.
ერთ-ერთი დაღუპულის - ალეკო ონიანის დედამ გვიამბო, ალეკომ გვითხრა, თუკი ერთი ძმაკაციც კი დაიღუპება, ცოცხალი არ ჩამოვალო. მან ეს სიტყვა შეასრულა. შეეძლო, გადარჩენილიყო. მისი ნათლული, 19 წლის რომან ზოიძე სისხლისგან იცლებოდა და უყვიროდა ალეკოს, გაქცეულიყო. ალეკო ონიანმა დაჭრილებს წყალი მიუტანა, ეხმარებოდა გადარჩენაში. ამ ყველაფერს ხედავდნენ რუსებიც. სავარაუდოდ, მისი დატყვევება უნდოდათ. ალეკომ აიღო „РГД" ტიპის ლიმონკა, ჩაიხუტა თავისი ნათლული და ბიჭებს დაუყვირა, ყველა მოდით, ვინც გადარჩენილები ხართ, ტყვედ არ ჩაბარდეთო და თავი აიფეთქა.
__ შინდისის გმირებს შორის არსებობს 5 გადარჩენილი, რომელიც ამ 17 ბიჭთან ერთად იბრძოდა. სწორედ მათ გამოიტანეს ის ამბები, რასაც ჰყვებით. როგორ გადარჩნენ ეს ბიჭები?
_ გმირებს შორის არის კიდევ ერთი გმირი, სოფლის მკვიდრი ბადრი ხუციშვილი, იგივე „ახმეტა". ვინც ფილმი ნახა, ყველა ამბობს, რომ გმირი არის ეს კაცი. რომ არა „ახმეტა", 21 ბიჭი დაიღუპებოდა შინდისში. „ახმეტა" გვიყვება, როცა სროლის ხმა მიწყდა, შევედი კონფლიქტის ადგილზე, ვამოწმებდი, ვინ იყო ცოცხალი და ვინ გარდაცვლილიო.
იქაურობას რუსები აკონტროლებდნენ და ხოხვით დადიოდა. გაჰყავდა დაჭრილები, მიჰყავდა სახლში და უვლიდა.
გადარჩენილები ამბობენ, რომ ენახათ, ბადრი ხუციშვილს ოჯახში ვყავდით, მასაც ოჯახიანად ამოხოცავდნენ და ჩვენცო.
16-ში შინდისში ჩავიდა უწმინდესი, დაღუპულების გადმოსასვენებლად. ბადრი ხუციშვილი მივიდა მასთან და უთხრა, სახლში ხუთი დაჭრილი მყავს, მათ სჭირდებათ სასწრაფო შველა, იქნება გაიყვანოთო. უწმინდესის ესკორტმა გამოიყვანა ბიჭები სამშვიდობოს. ერთ-ერთი დაჭრილი გვიყვება, როცა შევედით გორში, რუსებმა გააჩერეს უწმინდესის ესკორტი. დაგვინახეს, დაჭრილები ვიყავით და ერთ-ერთმა იარაღი მომადო, იყვირა - შენ გვესროდიო! მეტი არაფერი გვითხრა, უწმინდესის გვერდით ვისხედით და კარი მოგვიჯახუნაო.
ამ ამბავს ჰყავს 17 დაღუპული და 5 გადარჩენილი გმირი, ბადრი ხუციშვილი და პატრიარქი, რომელიც შევიდა იმ ზონაში და გამოიყვანა დაღუპულები.
__ მხატვრული ფილმის გადაღებას გეგმავთ...
_ უკვე დაწყებულია ამ საკითხზე მოლაპარაკებები. უახლოეს მომავალში გახდება დეტალები ცნობილი.
„რეპორტიორის" ინფორმაციით ფილმის რეჟისორი გელა ბაბლუანი იქნება.