reportiori.ge - თენგიზ კიტოვანი: გიორგი მარგველაშვილი და „რესპუბლიკელები“ შეკრულები არიან „ნაცმოძრაობასთან“ და არეულობას გეგმავენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:02
ინტერვიუ
თენგიზ კიტოვანი: გიორგი მარგველაშვილი და „რესპუბლიკელები“ შეკრულები არიან „ნაცმოძრაობასთან“ და არეულობას გეგმავენ!
ავტორი: ანა ნოდია
19 სექტემბერი, 2014. 16:29


რატომ არ აღუდგინეს თენგიზ კიტოვანს საქართველოს პასპორტი სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში და რატომ ჩამოართვა მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა? რატომ შეიკრიბნენ სარფში სააკაშვილი და უმცირესობის ლიდერები და არიან თუ არა შეკრულები „რესპუბლიკელები" და მარგველაშვილი „ნაციონალებთან"? რატომ გახშირდა ქვეყანაში კრიმინალი და რამდენად ცხელი შემოდგომა ელოდება საქართველოს? -  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თენგიზ კიტოვანის ექსკლუზიური ინტერვიუ და პოლიტიკური პროგნოზები „რეპორტიორთან":


 

თენგიზ კიტოვანი: საქართველოში ჩამოსვლა დავაპირე, მაგრამ არ შემომიშვეს. როცა პასპორტს ვადა გაუვიდა, მივედი საკონსულოში, შევიტანე განცხადება, გადავიხადე ფული, მაგრამ პასპორტი არ მომცეს. მაშინ უარი მითხრეს არა მოქალაქეობაზე, არამედ საბუთის აღდგენაზე.

__რატომ?

_ რომ არ ჩამოვსულიყავი საქართველოში. მქონდა მოქალაქეობა და სააკაშვილი არ მიშვებდა ქვეყანაში. მოქალაქეობა კი არ წამართვა სააკაშვილმა, ფიზიკურად ქვეყანაში არ მიშვებდა, ვადაგასული საბუთი არ აღმიდგინა. დრო გაწელა, რომ ქვეყანაში არ შემოვსულიყავი. იძულებული გავხდი, აღმედგინა რუსული პასპორტი და რუსეთის მოქალაქეობა მიმეღო. რომ არ მიმეღო რუსეთის მოქალაქეობა, დღესაც ჰაერში ვიქნებოდი.

ახლა კი მოქალაქეობა მომიხსნა ამ მუთაქა მარგველაშვილმა.


__ რა დასკვნას აკეთებთ, რატომ ჩამოგართვეს მოქალაქეობა?

_ მოლაპარაკებულები არიან „ნაციონალები" და „რესპუბლიკელები", რომლებმაც მარგველაშვილს უთხრეს, ჩემთვის მოქალაქეობა არ მოეცათ. მათ სურთ ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების კვლავ ხელში ჩაგდება. იციან, რომ ამის უფლებას არ მივცემ. მყავს ძლიერი ხალხი, ძველი გვარდიელები, ქართლ-კახეთი მხარს გვიჭერს და მათ ეს ყველაფერი კარგად იციან. ეს იყო მიზეზი.

ბოკერიას ძმაკაცმა მარგველაშვილმა მოქალაქეობა არ მომცა, როგორც ჩანს, ბოკერიამ უთხრა, ხელს შეგვიშლის კიტოვანი უკან დაბრუნებაშიო.


__ რა მოგწერათ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ?

_ რომ აღარ ვარ საქართველოს მოქალაქე.

__ მარგველაშვილი ამბობს, თენგიზ კიტოვანი ვერ გაერკვა, რასთან აქვს საქმე, რადგან მას საქართველოს მოქალაქეობა კი არ ჩამოერთვა, არამედ არ მიენიჭაო. ამასთან იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მოქალაქეობის მინიჭება იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა, შესაბამისად, თქვენი საკითხი განიხილება და მიიღებთ მოქალაქეობას...

_ როგორ არ მომენიჭა მოქალაქეობა, როცა პენსია მეკუთვნოდა და ვიღებდი ხუთას ლარს. ამ წერილის მერე კი პენსიას არ მაძლევენ. დეპუტატის პენსია მეკუთვნოდა, 4 თვეა, აღარ ვიღებ ამ პენსიას.


__ რა გეგმა გაქვთ?

_ რევოლუციებს არ ვაპირებ, მაგრამ ჩემს პოზიციას დავიცავ. პრეზიდენტი არის შესაცვლელი, უვარგისია.

ამათ არ იციან პოლიტიკა. იცით, რატომ? 97-ში ელცინს და კლინტონს ხელი აქვთ მოწერილი, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამერიკელი ფეხს ვერ მოიკიდებს. ეს დღემდე ძალაშია, იცით?


შევარდნაძემ ჯარები შეიყვანა თუ არა აფხაზეთში, ეგრევე შემოვიდა რუსის ჯარი. ჩემი ძალისხმევით გავიდა რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.


ახლა, 2008 წელს იგივე გაიმეორეს. უკვე ოფიციალურად შემოიყვანეს რუსებმა ჯარი და დამოუკიდებლობა მისცეს როგორც ოსებს, ისე აფხაზებს. „ნაცები" უმიზნებდნენ NATO-ში შესვლას, რისი უფლებაც რუსებმა არ მისცეს!


დღეს ვარ რუსეთის მოქალაქე.  ორგზის დეპუტატს, თავდაცვის მინისტრს რა უფლებით მართმევენ მოქალაქეობას?


__ რატომ ამ დრომდე არ თქვით?

_ ველოდებოდი პასუხს. მივწერე წერილი. მარგველაშვილს მაგიდაზე უდევს ჩემი წერილი. ფიქრობს, მოაწეროს თუ არა ხელი.


__ რა არგუმენტებზე დაყრდნობით საუბრობთ პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის" გარიგებაზე?

_ მე პოლიტიკაში ბევრი რამ მესმის. დღევანდელი მოძრაობა, „ნაცებისა" და „რესპუბლიკელების" ბრძოლა მიდის სხვა პოლიტიკური პარტიებისა და ხალხის წინააღმდეგ.

ქართლ-კახეთში გავიარე და ხალხი დამშეულია. ამისთვის ვერ მოიცალეს! ქართული მიწები, წყლები გაყიდულია.

სააკაშვილი ჩამოსაკიდია, იმდენად ბევრი ცუდი საქმე აქვს გაკეთებული. ეგ სასიცოცხლო კაცი არ არის. რა უფლებით უნდა ამ ქვეყანაში ჩამოსვლა, არ მესმის.


__ სარფში „ნაციონალური მოძრაობის" შეკრებაზე რას იტყვით? ქვეყანაში მოსალოდნელ არეულობაზე თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?

_ გიორგი მარგველაშვილსა და „რესპუბლიკელებს" შორის მიდის ჩუმი მოლაპარაკებები. მთავრობა ამ საქმეში გარეული არ არის.

ნაციონალებს სურთ ხელისუფლებაში მობრუნება. მარგველაშვილი ხედავს, რომ არ არის პრივილეგირებული პრეზიდენტი, კარგავს ძალაუფლებას და ამის გამო შეეკრა ნაციონალებს.

სარფში შეკრებას შესაძლოა მოჰყვეს არეულობა. სააკაშვილი სარფში ტყუილად არ იყო ჩასული. დასახეს გეგმები, როგორ გადააყენონ ახალი მთავრობა. არ არის გამორიცხული, ნაციონალებს შენახული ჰქონდეთ იარაღი.


__  შესაძლოა, გამოიყენონ ეს იარაღი?

_ რა თქმა უნდა... ისინი ისე თამამად საუბრობენ... ამ ყველაფერის უკან ძალა დგას.

ღარიბაშვილი ახალგაზრდა კაცია, არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება.


__ ქვეყანაში ყბადაღებული თემაა კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესება. შესამჩნევად თვალშისაცემია ყოველდღიურად ადამიანების მკვლელობა... გამოითქვა სხვადასხვა აზრი, მედიის აქტიურობა გაშუქების თვალსაზრისით და ა.შ...  

_ შესაძლოა, ეს მკვლელობები მიმართულია ღარიბაშვილის ხელისუფლების დასამხობად. ცდილობენ, დაამცირონ ეს მთავრობა და მთავრობის მიმართ განწყობა შეუცვალონ ხალხს.


__ რას გულისხმობთ,  მკვლელობები შეკვეთილია?

_ არ გამოვრიცხავ, ასე იყოს! იმდენად ცნობილი ახალგაზრდები დახოცეს, რომელთაც მთელი თბილისი იცნობდა... ლაშა მახარაძის  მკვლელობა უნდა გაიხსნას და სასტიკად დაისაჯოს მკვლელი.

ცოტაა ფაქტები, როცა ნაციონალები უკვეთავდნენ მსგავს შემთხვევებს?

რთულია, დარწმუნებით თქვა, რომ ასეა, თუმცა, ეჭვი არსებობს.

ამდენი მკვლელობა გაუფუჭებს რეპუტაციას ხელისუფლებას.

საინტერესო ფაქტს მოგიყვებით. ჩემს დროს ორი გოგო გააუპატიურეს და მოკლეს. მე ვთქვი, დამნაშავეები ცოცხლები არ მიიყვანოთ განყოფილებამდე-მეთქი. მიუგდეს ხალხს და ხალხმა გამოუტანა განაჩენი. ქალები მიუსიეს. ჩაქოლეს, დაღრღნეს მკვლელები.

ჩვენ რომ დამნაშავეები მიგვეყვანა პოლიციამდე, დაიწყებოდა პროცესები, გამოძიებები და საქმეების განხილა. დროში გაიწელებოდა იმ ადამიანების დასჯა, რომლებმაც ორი პატარა გოგო გააუპატიურეს და მოკლეს. და მე სასამართლოს დავუწყებდი ლოდინს?

ასევე არ უნდა აპატიონ ლაშა მახარაძის მკვლელსაც. სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს.


__ ქვეყანაში ლინჩის წესის შემოღებაზე საუბრობთ?

_ არსებობს შემთხვევები, როცა ეს საჭიროა. ამერიკელები თავის დროზე მართლები იყვნენ, როცა მძიმე დამნაშავეებს ლინჩის წესით ასამართლებდნენ.


__ არის თუ არა მთავრობის დანაშაული საპატიმროებიდან ათასობით ადამიანის გათავისუფლება ისე, რომ არ იქნა საქმეები გადახედილი, რამდენად მძიმე ბრალდებით იჯდა ესა თუ ის პირი?

_ ამნისტია ჰუმანური აქტია. ის არ ითვალისწინებს, რამდენად ბოროტი ხართ ან რამდენად კეთილი. ეს აქტი ყველაზე ერთნაირად მოქმედებს. თუმცა, ალბათ, საჭირო იყო ფსიქოლოგიურად შემოწმება, ესა თუ ის ადამიანი იყო თუ არა გათავისუფლების ღირსი. ფსიქოლოგიურად სუსტ ადამიანებზე ადვილად მოქმედებენ შემკვეთები.


__ ბატონო თენგიზ, პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას ელოდებიან...

_ მეც ველოდები. დღეს რა პოლიტიკაც ხორციელდება, ეს არის ხალხის საწინააღმდეგო პოლიტიკა. შიმშილის ზღვარზეა საქართველო. ხალხს ჩამორთმეული აქვს მიწები, ბინები, წყალი...


320 000 ბენეფიციარი ჰყავდა სააკაშვილს და ყველას რაღაც ჩამოართვა, ყველას რაღაც წაართვა!

ყველაფერი გაყიდულია თბილისში, ყველა ძველი შენობა. ეს არის ბენდუქიძის პოლიტიკა. სად წავიდა ეს ფული? ვინ აკონტროლებდა? არავინ არაფერი იცის. სახელმწიფო ქონება გაიყიდა და კერძო მესაკუთრეების ხელშია.


__  თენგიზ კიტოვანის გეგმა, მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ...

_ უნდა აღმიდგინონ მოქალაქეობა, ეს არის უპირველესი ამოცანა! 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016