reportiori.ge - სქემა, რომლითაც მურმან დუმბაძე პრეზიდენტსა და ნაციონალებთან ერთად აჭარას ხელში ჩაიგდებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:12
პრეს-დაიჯესტი
სქემა, რომლითაც მურმან დუმბაძე პრეზიდენტსა და ნაციონალებთან ერთად აჭარას ხელში ჩაიგდებს!
ავტორი:
21 სექტემბერი, 2014. 22:03


ერთ დროს ოცნების" მაჟორიტარი ბათუმში, მურმან დუმბაძე კიდევ ერთი პარტიიდან კიდევ ერთხელ გარიცხეს და ახლა, საპარლამენტო უმრავლესობა მისი ვიცე-სპიკერობიდან გადაყენებაზე მსჯელობს. სწორედ ეს იყო უმრავლესობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიც მოწმობს, რომ ბათუმელ დუმბაძეს გუნდში არც იმდენი მხარდამჭერი ჰყავს, რამდენსაც თავად ითვლის. ამ დროისთვის შეჩერებულია აჭარის მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურაც, რომლის დაწყების ინიციატორი, აჭარის სამ დეპუტატთან ერთად, სწორედ ოპოზიციის ფლაგმანი" გახლდათ. ყოფილი გუნდი მხოლოდ ერთი შეფასებით შემოიფარგლება - არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აჭარის მთავრობაზე გავლენის მოპოვება სურდა და ამიტომ გაირიცხაო. პირდაპირ რომ ვთქვათ, მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურთან, ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან, არჩილ ხაბაძესთან ბრძოლას შეეწირა.

 

 

„ოცნების" უმრავლესობისგან განსხვავებით, მურმან დუმბაძე, რომელიც პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს, არც ისე თავშეკავებულია. პირიქით, აჭარის მთავრობის წევრებს უნიათო მლიქვნელებს უწოდებს, ამბობს, რომ უმრავლესობიდან კი არ გამოაგდეს, თავად წამოვიდა და პოლიტიკური რყევებით იმუქრება. არ ვიცი, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ მის მუქარას ყოფილი თანაგუნდელები, თუმცა დუმბაძე განეიტრალებული ნაღმი არ არის და აჭარაში პოლიტიკური აფეთქების გამოწვევა ისევ შეუძლია, მით უმეტეს, როცა აჭარაში რელიგიური შეუწყნარებლობა მძვინვარებს და ერთმანეთს ღორის თავებით დასდევენ. თუმცა ფაქტია, როცა „გემზე" არეულობა ხდება, ბატონი მურმანი მას ყოველთვის ერთ-ერთი პირველი ტოვებს. ასე მოხდა რესპუბლიკელებში მისი ყოფნის დროსაც და ახლაც, როცა „ოცნებაში" აშკარა კრიზისია. უფრო კონკრეტულად კი, სააკაშვილის დროს ყოფილმა გამგებელმა და დღეს ვიცე-სპიკერმა, სიურპრიზი 20-წლიანი თანამებრძოლობის შემდეგ, საკუთარ გუნდს, რესპუბლიკელებს მოუწყო აზიზიეს მეჩეთის თემაზე. ამის შემდეგ იგი პარტიიდან გაირიცხა და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, „ემსახურე საქართველოს" შექმნა. სიურპრიზი იყო ბიძინა ივანიშვილის გუნდში ერთ-ერთ პირველკაცად მისი მიღებაც, რესპუბლიკელების გვერდისავლით; პარალელურად, დუმბაძემ შეცვალა პოზიცია და ბათუმელ მრევლს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუწყო, აზიზიეს მეჩეთის აშენების გულმხურვალე მხარდაჭერით. ცოტა ხანში, იგი ბათუმის ,,მთავარი მეოცნებე'‘ გახდა და პარლამენტში სწორედ ბათუმის მაჟორიტარის კვოტით შევიდა. თანაც, პროფესიით კიბერნეტიკოსმა განაცხადა, დღეიდან პასუხისმგებლობას მარტო ბათუმზე კი არა, მთელ აჭარაზე ავიღებო. აიღო კიდეც - როცა აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ოქტომბრის არჩევნების პარალელურად ტარდებოდა, მურმან დუმბაძემ ასეთი რამ განაცხადა: ,,სულ 6 საარჩევნო ოლქია აჭარაში ანუ გამოდის - 12 ადგილი. აქედან 6 - საქართველოს პარლამენტში, 6 - აჭარის უმაღლეს საბჭოში. დავიწყეთ სოციოლოგიური კვლევები და დავასახელეთ კანდიდატები. მე ავიღე ეს დიდი პასუხისმგებლობა და ამ კანდიდატების შერჩევაში გადამწყვეტი როლი შევასრულე. ბიძინა ივანიშვილს მე შევთავაზე აჭარის ექვსივე ოლქში ჩვენი კანდიდატი. დაიწყო სერიოზული განხილვები, დებატები, მაგრამ ჩვენს მიერ დასახელებული ხალხი უფრო აკმაყოფილებდა მაღალ კრიტერიუმებს. ეს იყო ცნობადობა, განვლილი ცხოვრება, პოლიტიკური ცხოვრების წესი და გამოცდილება. დიახ, თორმეტივე კანდიდატი სწორედ ჩვენი რეკომენდებული იყო დაქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს 10-ვე წევრმა მაჟორიტარობის კანდიდატთა ეს შემადგენლობა მოიწონა". მურმან დუმბაძე ამ ინტერვიუში უმაღლესი საბჭოს სწორედ იმ წევრებზე საუბრობდა, დღეს რომ უნიათოებსა და მლიქვნელებს უწოდებს და მთავრობის თავიდან მოშორების სცენარს სამ თანაგუნდელთან ერთად ამუშავებს. დუმბაძის „ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებში ბევრ სხვა რამესაც ამოვიკითხავთ: მოვაგვარებ დასაქმების პრობლემას! ბათუმში, სულ მცირე, 40 000 ოჯახია და მათგან ერთს ვერ ნახავთ, საიდანაც ვიღაც მეზობელ ქვეყნებში სამუშაოდ არ იყოს გასული. ხალხს თვალში აღარ მოხვდება თურქული წარწერები, რომლებიც ჩვენს ქალაქში ქართულს ჭარბობს. ბათუმში აშკარად მიდის პასპორტების ომი და ეს ომი ჩვენ უნდა მოვიგოთ! პროექტის დონეზე უკვე დაწყებულია მუშაობა იმაზე, როგორ უნდა აღვადგინოთ სახელმწიფოში ქართული ფლოტი და როგორ შევქმნათ ხელახლა ქართული საზღვაო-სანაოსნო! ფლოტის აღდგენის შემდეგ ჩვენი კვალიფიციური მეზღვაურებიც დასაქმდებიან და უზარმაზარ შემოსავლებს მივიღებთ, როგორც სახელმწიფო, ისე დასაქმებულთა ოჯახები". ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს ისევე, როგორც დაპირებების საპირისპირო მოქმედებები მისივე მხრიდან. ბათუმის ეკონომიკის ნაცვლად, მისი ძმების ბიზნესები აყვავდა, უბრალო ხალხის დასაქმების ნაცვლად კი მთელი მისი სანათესაოა დასაქმებული. ამ 2-წლიან პერიოდში, მურმან დუმბაძემ ნეპოტიზმის მასტერკლასი ჩაგვიტარა: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის თანაშემწე გიორგი გორაძე მისი დისშვილია; დუმბაძის დეიდაშვილი, როსტომ შერვაშიძე აჭარაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა; ვიცე-სპიკერის კიდევ ერთი ძმის, ექიმ გურამ დუმბაძის მეგობარი, არჩევნების შემდეგ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გახდა. მარინა ბერიძე, დუმბაძის ძმის ცოლი, აჭარის უმაღლეს საბჭოში საორგანიზაციო და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, მარინა ბერიძის ძმა, ემზარ ბერიძე კი ქედის მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსია... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ბოლო დროს, დუმბაძეს თვალი უკვე აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრისა და მთავრობის მეთაურის შეცვლაზე ეჭირა, რასაც პრემიერ ღარიბაშვილისა და ვიცე- პრემიერ კალაძის განცხადებებიც ადასტურებს. ფაქტია, „ოცნების" გუნდიდან ყველა დუმბაძის წინააღმდეგ ილაშქრებს ერთი გამონაკლისის გარდა. ამ ბოლო დროს კი, ეს ერთი გამონაკლისი თითქმის ყოველთვის პრეზიდენტია. ასეა ახლაც - გიორგი მარგველაშვილს დუმბაძის პოლიტბატალიებზე კომენტარი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, თავად მურმან დუმბაძემ ღია ეთერითაც და თითქმის ყველა საგაზეთო კომენტარშიც საინტერესო რამ აღნიშნა პრეზიდენტის შესახებ და პირადი სიმპათია ამგვარად დაუდასტურა: გიორგი მარგველაშვილი ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია. თუ თქვენ მოგწონთ კაცი, მეც უნდა მომწონდეს და თუ აღარ მოგწონთ, მეც აღარ უნდა მომწონდეს?" პოლიტიკაში იშვიათია უსასყიდლო ქათინაურები და თუ კონსტიტუციაში ჩავიხედავთ, მივხვდებით, რომ ამ ქათინაურის ფასი საკმაოდ მაღალია. მურმან დუმბაძეს კი იმდენი პოლიტიკური გამოცდილება ნამდვილად აქვს, ვითარება სწორად შეაფასოს. მან იცის, რომ რეალურად, აჭარაში მიმდინარე პროცესებში ვერც დავით უსუფაშვილის პარლამენტი და ვერც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა მიიღებს მონაწილეობას, ყოველ შემთხვევაში, კანონის დონეზე. ერთადერთი რეალური ბერკეტის მქონე, კონსტიტუციის ძალით, პრეზიდენტი მარგველაშვილია.


შესაბამისად, ამ განცხადებებით, დუმბაძემ პრეზიდენტს თავი წინასწარ მოუქონა - ვინძლო, დასჭირდეს?! და თუ მოვლენები იმ სცენარით განვითარდება, რასაც „აჭარის რევოლუცია" ჰქვია და რისი ნიშნებიც უკვე გვაქვს, მარგველაშვილ- დუმბაძე, ერთ გუნდში რატომაც არ უნდა მოვიაზროთ? თანაც, ამ ორიდან ერთი უკვე ოფიციალურ, მეორე კი არაოფიციალურ ოპოზიციაშია და მოქმედ ხელისუფლებას ორივე კონკურენტად განიხილავს. ეს სქემა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ასეთ სურათს ვიღებთ: ვიცე-სპიკერმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო და აჭარის საბჭოს სამი დეპუტატი - ჯემალ ფუტკარაძე, მედეა ვასაძე და ალექსანდრე ჩიტიშვილი აიყოლია. ოთხივე დეპუტატი, დუმბაძიანად, ფრაქცია „ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. დუმბაძე კი ამბობს, ჩემი წასვლა „ოცნების" ფრაქციის დაშლას გამოიწვევს, როგორც ეს ბათუმელი რესპუბლიკელების რიგებში მოხდაო. ე.ი. მურმან დუმბაძე რაღაც პროცესისთვის მხარდამჭერებს აგროვებს. ეს პროცესი კი რა უნდა იყოს, თუ არა ამ წუთას შეჩერებული უნდობლობის პროცედურა? კანონით, თუ მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება ოფიციალურად დაიწყება, უმაღლესმა საბჭომ მაქსიმუმ 30 დღის ვადაში, დეპუტატების ორი მესამედის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, რათა მთავრობა გადააყენოს. თუკი პროცედურის დაწყებიდან ერთ კვირაში არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის მეთაური თანამდებობიდან გადააყენებს, ვთქვათ, ორ მინისტრს, უმაღლესი საბჭო მთავრობის გადაყენების პროცედურას ვეღარ გააგრძელებს, ხოლო ხაბაძე საბჭოს ახალ მთავრობას წარუდგენს. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საბჭო ახალ მთავრობას ზედიზედ ორჯერ ჩააგდებს, თამაშში პრეზიდენტი შემოდის. დღეს გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ერთადერთი კაცია, ვისაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა შეუძლია. აი, რატომ ეპირფერება პრეზიდენტს დუმბაძე და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორივეს პოლიტიკური წარსული, რაღაც დოზით, სახალხო კრებასაც უკავშირდება.


აქ უკვე მარტივი არითმეტიკაა საჭირო იმის დასათვლელად, რა შანსები აქვთ მურმან დუმბაძის მხარდამჭერებს. დღეს დუმბაძის მომხრეები უმცირესობაში არიან, მაგრამ ნაციონალებსაც ხომ აქვთ ხმები? რატომაა გამორიცხული, დუმბაძემ ნაციონალების თამაში ითამაშოს ხმათა საჭირო რაოდენობის მოსაპოვებლად? უმაღლესი საბჭოს უნდობლობის საკითხის დაყენებას სულ 7 ხმა სჭირდება, ამ პროცედურული ომის მოსაგებად კი 14 ხმაა საჭირო. დუმბაძე, თავის ამალიანად, 4 გარანტირებულ ხმას ფლობს, ნაციონალებს უმაღლეს საბჭოში 8 ხმა აქვთ და ახლა დუმბაძე-ნაციონალები, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, 2 დეპუტატს ვეღარ გადაიბირებენ, თან, თუ საქმეში პრეზიდენტიც ჩაერთვება?


სქემაც მშვენივრად ლაგდება - ათვალწუნებული გიორგი მარგველაშვილი, ოპოზიციის ფლაგმან დუმბაძესა და ნაციონალებთან ერთად, აჭარის სათავეში.


მურმან დუმბაძე კი საკმაოდ ჭკვიანი კაცია და ისიც იცის, რომ შეიძლება ხმათა ორი მესამედი ვერც შეაგროვოს, რაც მთავრობის დასათხოვადაა საჭირო, მაგრამ ფაქტია, ვერც უმაღლესი საბჭო გააგრძელებს არსებობას, თუკი ახალ მთავრობას არ დაამტკიცებენ. 12 ხმა კი ამისათვის სრულიად საკმარისია. ასეთია აჭარაში მოვლენათა განვითარების საკმაოდ რეალური სცენარი და არც ისაა გამორიცხული, განდევნილი მურმან დუმბაძე, ცოტა ხანში, გიორგი მარგველაშვილის მთავარი მოკავშირე გახდეს!   


ნინო კომახიძე

გაზეთი „ვერსია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016