reportiori.ge - გადაბარგდება თუ არა ოპოზიციაში და რა კრიზისის გამოწვევა შეუძლია მარგველაშვილს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:48
ინტერვიუ
გადაბარგდება თუ არა ოპოზიციაში და რა კრიზისის გამოწვევა შეუძლია მარგველაშვილს?
ავტორი:
21 სექტემბერი, 2014. 22:07


ექსპერტი გია ხუხაშვილი ყველა იმ მწვავე და კრიტიკულ კითხვას უპასუხებს, რაც პრეზიდენტის გარშემო არსებობს. შეგახსენებთ, რომ გია ხუხაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტ მარგველაშვილის კანდიდატურას ლობირებდა. რას ფიქრობს ის დღეს შექმნილ ვითარებაზე, გადაბარგდება თუ არა პრეზიდენტი ოპოზიციაში და რა კრიზისის გამოწვევა შეუძლია მას? 

 

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ალიას" ექსპერტი გია ხუხაშვილი უპასუხებს: 

 

- რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ მარგველაშვილს უბიძგონ და ის ოპოზიციაში გადაბარგდეს? 


- პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილს გაეხსნას გრძელვადიანი პოლიტიკური მადა, იმ ამ ტიპის პოლიტიკოსი არ არის, მით უფრო, ამ ტიპის პრეზიდენტი. მას კარგად ვიცნობ და მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყანა ნელ-ნელა გადავიდეს ინსტიტუციურ მმართველობაზე, გახსნას პოლიტიკური სივრცე ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, მაგრამ ის, რომ თვითონ მიიღოს მონაწილეობა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბებაში და მათთან ითანამშრომლოს, ეს გამორიცხულია... თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი ძალიან ბევრს აწუხებს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კვირაში მოხდა, ეს იყო ყოფილი პრემიერის ინტერვიუ, სადაც ის, პრინციპში, ძალიან დიდ ადგილს უთმობს მარგველაშვილს. ეს საკითხი ძალიან აწუხებს და ბუნებრივიცაა, მარგველაშვილისა და მთავრობის ურთიერთობის საკითხებზე, როგორც ჩანს, მოკლებულია მრავალფეროვან ინფორმაციას. ცალმხრივი შეხედულებები აქვს და მისი დასკვნებიც კითხვის ნიშნებს ბადებს ამ ურთიერთობების შესახებ. 


- ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ მარგველაშვილი ცდილობს, კონკურენციაში შევიდეს მთავრობასთან და ეს მას არ გამოსდის. სურს, საზოგადოებაში წარმოჩინდეს, როგორც დაჩაგრული. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს პარადოქსული ვითარება შექმნა კონსტიტუციამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა თავისთვის დაწერა? 


- კონსტიტუცია, რომელზეც ყოფილი პრემიერი აპელირებს, შექმნა მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად იმ მიზნით, რომ პრემიერ-მინისტრობას აპირებდა. ის უკვე პრემიერის რანგში მოახდენდა ხელისუფლების უზურპაციას, ეყოლებოდა მარიონეტული პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ბაქრაძის სახით, ეყოლებოდა ბუტაფორიული პარლამენტი, თავის მორჩილი უმრავლესობის სახით. ეს მოდელი ჰქონდა ჩაფიქრებული სააკაშვილს. ჩვენ გვიწევს ამ კონსტიტუციის პირობებში ცხოვრება, პარადოქსი ის არის, რომ ხელისუფლება, თითქოს ებრძვის მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, ვინც სააკაშვილის მახინჯი გეგმის განხორციელებას ეწინააღმდეგება, არის გიორგი მარგველაშვილი. ფაქტობრივად, მარგველაშვილი ებრძვის სააკაშვილის მიერ ჩაფიქრებული სისტემის განხორციელებას. აღმასრულებელი ხელისუფლება კი ცდილობს, ის მოირგოს, ეს ძალიან სახიფათო მემკვიდრეობა, და ერთპიროვნულად მართოს ისევ ქვეყანა. ფაქტობრივად, სქემა არის ასეთი: რეჟიმის დამარცხება არ ნიშნავს სისტემის დემონტაჟს, ჩვენ ხომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც სახელსა და გვარს, არ ვებრძოდით, ჩვენ ვებრძოდით მის მიერ შექმნილ სისტემას. სააკაშვილის მიერ ჩაფიქრებულ ან მახინჯ გეგმას, რომელიც მან კონსტიტუციაში ჩაწერა და სათავისოდ მოირგო, უნდა ვებრძოლოთ და დავიცვათ ჯანსაღი ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის. ამ კონსტიტუციითაც კი, რომელიც სააკაშვილმა საკუთარ თავზე მოირგო და პრემიერის რანგში სურდა ხელისუფლების უზურპირება, იქაც კი პრეზიდენტს გარკვეული სივრცე ჰქონდა დატოვებული. მეჩვენება, რომ დღევანდელი მთავრობა ამ სივრცეზეც უარს ეუბნება პრეზიდენტს. ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ამ პოლემიკაში, რაც ხელისუფლების შტოებს შორის არის, ბატონი ბიძინა გამოდის, როგორც მხარე. ყველა ამ დაპირისპირების ციკლში, არ მახსენდება, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ყოფილიყო ინიციატორი. ჩემი აზრით, ეს სამარცხვინო კამათი ყოველთვის მოდიოდა მთავრობიდან, მთავრობას ჩამოუყალიბდა გარკვეული კომპლექსი, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს აქვს ამბიციები იმაზე მეტი, ვიდრე მას ეკუთვნის. დიდი ბოდიში, მაგრამ ძირითადად ამით მარგველაშვილის კომპეტენციაში ხდება შეჭრა და არა პირიქით, კეთილმოსურნეები ამ მთავრობას არ აკლია, რომლებიც მერე გამოდიან, აკეთებენ აბსურდულ კომენტარებს და დაუკრეფავში გადადიან, აბსოლუტურ უპატივცემულობას ავლენენ პრეზიდენტთან მიმართებაში და ძალიან უცნაური სიტუაცია იქმნება, რაც ხალხისთვის მიუღებელია. 


- ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მარგველაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, როგორი პრეზიდენტი იქნებოდა ის. არსებობდა თუ არა მათ შორის შეთანხმება და თუკი არსებობდა, რატომ გადაუხვია მარგველაშვილმა ამ შეთანხმებას. 

 

- ზუსტად ესაა პრობლემა. ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაც შეთანხმებებზე მაშინ, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო მართვას, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციით ცხოვრება. ზეპირი შეთანხმებებით და გარიგებებით ქვეყანა არ იმართება. არაფორმალური სამართლის დამკვიდრება დიდი შეცდომა იქნებოდა ქვეყანაში, ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კანონის ფარგლებში ცხოვრება. რა შეთანხმებაც არ უნდა ყოფილიყო ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის, ეს იქნებოდა უკანონო, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყანა მხოლოდ კონსტიტუციით უნდა იმართებოდეს. პრეზიდენტს კონსტიტუციით გარკვეული უფლებები აქვს, მას არა აქვს უფლება, ქვეყნის ოპერატიულ მართვაში ჩაერიოს. არ მახსოვს შემთხვევა, ოდესმე ჩარეულიყოს პარლამენტის საქმიანობაში. მარგველაშვილი ცდილობს, მისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს და ასევე სხვას არ აძლევს უფლებას, მის კომპეტენციებში ჩაერიოს. თუ ვიღაცას ჰქონდა სურვილი, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი მარიონეტად ექცია, ცხადია, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც არ უნდა ვალდებულებები გვქონდეს ვიღაცასთან, ვერავინ კონსტიტუციაზე მაღლა ვერ დადგება. არ მინდა ვიყო პათეტიკური, მაგრამ მაინც ვიტყვი... ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ადამიანი, რომლისთვისაც ყველაფერს გავიღებ, რაც მაქვს, ქვეყანა გადაარჩინა და პირადად მის წინაშე ისეთი ვალდებულებები მაქვს, მთელი ცხოვრება არ მეყოფა, რომ გადავუხადო, მაგრამ ქართული სახელმწიფო არის ბევრად უფრო მაღალი ფასეულობა. თუ ჩვენ არაფორმალური მმართველობა დავუშვით, არაფორმალური შეთანხმებები კონსტიტუციაზე მაღლა დავაყენეთ, ჩვენ ვერასოდეს ვიცხოვრებთ ნორმალურ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დავალებული ვართ ბიძინა ივანიშვილთან, არავის ეპარება ეჭვი, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვერც მარგველაშვილი გახდებოდა პრეზიდენტი, ვერც ღარიბაშვილი იქნებოდა პრემიერი, ეს ყველაფერი ერთი კაცის მოტანილია. მესმის, რომ შესაძლოა ამ ურთიერთობებმა გულისტკივილი გამოიწვია, მაგრამ სახელმწიფო ჩვენს ურთიერთობებზე ბევრად დიდია. 


- ოცნების" ხელისუფლება სააკაშვილთან კოჰაბიტაციაში იყო, ხოლო საკუთარ პრეზიდენტთან ამასაც ვერ ახერხებს. ივანიშვილის წყენა და მისი გაბრაზება მარგველაშვილზე რით დასრულდება? 


- ძალიან მწყდება გული, რომ ასეთ კნინობით ფორმაში მიდის მისი მხრიდან საუბარი. ივანიშვილსა და მარგველაშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ადამიანები ვართ და ყველას რაღაც გვეშლება, მაგრამ ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ ასეთ სისტემურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო ურთიერთობა. მე ვფიქრობ, ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. ეს ყველაფერი ლამაზად არ გამოიყურება, მაგრამ გიმეორებთ, დაპირისპირების ინიციატორი პრეზიდენტი არ ყოფილა, ის ცდილობს, დაიცვას კანონი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამ დროს მთელი სახელისუფლებო რესურსი მიმართულია მის წინააღმდეგ, მეორე მხრიდან უფითილებს „ნაცმოძრაობა" და კონკრეტული მედიასაშუალებები ასრულებენ მედიაქილერის როლს. ეწევიან ძალიან ბინძურ კამპანიას მარგველაშვილზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. ასეთ მდგომარეობაში აგდებენ ადამიანს, რომელსაც არც პოლიტიკური ამბიცია აქვს და არც კეთილდღეობის სურვილი. უბრალოდ, იმისთვის ისჯება, რომ იცავს კონსტიტუციას, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. 


- ბიძინა ივანიშვილი ეჭვობს, რომ მარგველაშვილი ნაციონალების" საქმეს აკეთებს. მან გაიხსენა, როცა სახელმწიფო დაცვის დოკუმენტს გრიფი საიდუმლო" დროულად არ მოხსნა, რამაც პროკურატურის მუშაობა შეაფერხა. 

 

- პრეზიდენტი ცდილობდა, ეს საკითხი კარგად აეწონ-დაეწონა, რადგან ხედავდა სერიოზულ რისკებს ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე. მარგველაშვილს კანონით განსაზღვრული ვადა გრიფის მოხსნაზე არ დაურღვევია. ამასთან დაკავშირებით, სხვა კონტრკითხვა მაქვს. საქმე ისაა, რომ პროკურატურას გამოძიებაში ხელს არ უშლიდა, მოხსნიდა თუ არა პრეზიდენტი დოკუმენტზე გრიფს. მეტიც, სასამართლოშიც შეიძლებოდა საქმის წარმართვა ისე, რომ გრიფი არ ყოფილიყო მოხსნილი და ისე შეესწავლათ დოკუმენტები. სასამართლოზე დახურული ნაწილიც შეიძლება იყოს. ერთადერთი, რაც გრიფის მოხსნით გაკეთდა, ინტერპრეტაცია მიეცა, რომ მარგველაშვილი გამოძიებას ხელს უშლიდა, ეს არის აბსოლუტური სისულელე, გამოძიება არ შეფერხებულა, ამ დოკუმენტის დროულად გასაჯაროებას ჰქონდა ერთადერთი აზრი - ორდღიანი პიარკამპანია მოეწყო სამართალდამცავ სტრუქტურებს. ჩემი აზრით, ამ დოკუმენტის ფრიალმა გამოძიება უფრო დააზარალა, ამან გამოიწვია ანტირეაქცია დასავლეთის მხრიდან, „ნაცმოძრაობას" მიეცა სპექტაკლის დადგმის საშუალება მიშას კოსტიუმებზე და ა.შ. ფაქტობრივად, ეს იყო არაპროფესიონალურ დონეზე მომზადებული კომბინაცია, მხოლოდ ბოღმით გაკეთებული, რომლის შედეგიც იყო უარყოფითი, რითაც „ნაცმოძრაობას" კიდევ ერთი შანსი მიეცა პოლიტიკური დევნილის მანტიით შემოსილიყო. ვიღაცამ ინტრიგისთვის გამოიყენა ეს თემა, რომ აი, პრეზიდენტი მარგველაშვილი დროში ჭიმავს სააკაშვილის მამხილებელ დოკუმენტებზე გრიფის მოხსნასო. პირადად მე, ყელში ამომივიდა, ეს პროვინციული, ვირეშმაკული ინტრიგანობა, რაც კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით ხდებოდა, სხვას ვერაფერს დავარქმევ. 


- ივანიშვილი ვერაფრით ინელებს, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში შევიდა. ის კატეგორიულ უარს ამბობდა ამ სასახლეში შესვლაზე. რა მოხდა? 

 

- ყველა წინააღმდეგი იყო, მათ შორის მეც, რომ პრეზიდენტი ამ სასახლეში შესულიყო. არ მინდა დეტალებში შესვლა და ამან ახალი დაპირისპირება წარმოქმნას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მარგველაშვილი იძულებული გახდა, იქ გადასულიყო. მას შეჰპირდნენ, რომ მისცემდნენ სამუშაო სივრცეს და ეს პირობა არ შესრულდა. ფაქტობრივად, მთელი მისი ადმინისტრაციული შტატი რჩებოდა ქუჩაში. წარმოიდგინეთ, კაბინეტის გარეშე დარჩენილ პრეზიდენტს როგორ უნდა ემუშავა, სად უნდა შეხვედროდა მაღალი რანგის ჩამოსულ სტუმრებს? მეორე მხრივ, სამეურნეო ნაწილს მაინც უნდა ემუშავა პრეზიდენტის სასახლეში. ერთია პრინციპები, მეორეა პრაგმატული ლოგიკა. მარგველაშვილმა ბევრი იჭოჭმანა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. თუ გამოჩნდება სამუშაო სივრცე მარგველაშვილისთვის სხვა ადგილზე, ის არ არის პირად კომფორტზე ორიენტირებული, ეს ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა მშვენივრად იციან, დატოვებს პრეზიდენტის სასახლეს და გადავა სხვა შენობაში. საერთოდ, როცა ვლაპარაკობ სახელმწიფოზე, ისეთ თემებზე, როგორიცაა სასახლეში გადასვლა, მაჭავარიანის დანიშვნა, არ უნდა დავწვრილმანდეთ. ეს არის წვრილმანი ტექნიკური საკითხები. 


- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიშა მაჭავარიანის ძმა ნამდვილად არ არის წვრილმანი ტექნიკური საკითხი"... როგორც ვხედავთ, ბიძინა ივანიშვილი არც ამას პატიობს მარგველაშვილის... 


- ეს საკითხი მეც მძაბავდა, მქონდა ჩემი შეხედულება ამ საკითხზე, მაგრამ პრეზიდენტს პატივი უნდა ვცეთ და მის საკადრო პოლიტიკაში ზედმეტად არ უნდა ჩავერიოთ. სხვათა შორის, საარჩევნო პროცესში 2012 წელს ვანო მაჭავარიანი „ოცნების" შტაბში დადიოდა, მაშინაც მიშას ძმა იყო და აქტიურად მონაწილეობდა პროცესებში. მე ვაკვირდებოდი მის მუშაობას პრეზიდენტ მარგველაშვილთან, მისი მუშაობა იყო პოზიტიური. როცა ერთი მხარე საყვედურობს პრეზიდენტს ვანო მაჭავარიანის გამო, რა ქნას პრეზიდენტ მარგველაშვილის მხარემ, დაიწყოს იმის ლაპარაკი რა ხდება მთავრობაში, რამდენი ბევრად უფრო ოდიოზური ადამიანია მაღალ თანამდებობაზე. თქვენც ხომ არ იცით ასეთი ჩინოვნიკები? კითხვას ვსვამ კულტურის მინისტრზე და ველი პასუხს. საარჩევნო პროცესში ჩვენ გვჭირდებოდა მონიტორი, რომელიც კიდია ფილარმონიასთან, რათა ერთი კვირა დაგვეტრიალებინა რეკლამა. ამაზე გვეთქვა უარი და ძალიან ცინიკური ფორმით მოითხოვეს, გადაგვეხადა 2 მილიონი. მაინტერესებს, მიშა გიორგაძე ამაზე დღეს რა პასუხს გამცემს? უსამართლობასაც ხომ აქვს თავისი საზღვარი, როცა სულ ვანო მაჭავარიანზეა ლაპარაკი, მეორე მხარეს კი უამრავი ოდიოზური ადამიანი იკავებს მაღალ თანამდებობას, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება ემსახურებოდნენ მიხეილ სააკაშვილს, თანაც ძალიან ბინძურად, გვცემდნენ, გვატერორებდნენ, ასეთი ხალხია დღეს ხელისუფლებაში, ამ დროს უხერხულია, ვეღარ იყურებოდე ვანო მაჭავარიანის იქით და ხელზე იხვევდე ამ ფაქტს. არ ვცემ იმ ადამიანებს პატივს, ვინც მზად არიან, კანონის მიღმა ემსახურონ ხელისუფლებას. აი, ეს არის ჩემი პასუხი... ის, რომ ჩვენ თავის დროზე მონიტორზე გვითხრეს უარი იმ ფორმით, იყო კანონის დარღვევა, მაგრამ მაშინ კანონი არ კანონობდა და ბატონობდნენ პიროვნებები. თუ მაშინ პიროვნებას ემსახურებოდა ადამიანი, რომელიც დღეს მინისტრია, ჩათვალეთ, რომ იგივეს გააკეთებს. ამ ხელისუფლების პირობებშიც ბატონის მსახურები იქნებიან ასეთები და არა კანონის. ასეთ ხალხს კი სახელმწიფოს აშენება, ძალიან გაუჭირდება. 


- გამორიცხავთ, მარგველაშვილი აიძულონ თავისი ნებით გადადგეს პრეზიდენტობიდან? ამაზე თუ აქვს ნაფიქრი მარგველაშვილს და როგორი იქნება მისი პოზიცია? 


- ამას მე არ ვისურვებდი, ეს ქვეყნისთვის იქნებოდა ძალიან ცუდი, თუმცა მესმის, მორალურად მარგველაშვილისთვის ძნელია ამ ვითარებაში ყოფნა, ვისი დამსახურებაც არ უნდა იყოს ის, რომ მარგველაშვილი დღეს პრეზიდენტია, ასეა თუ ისე, ის ხალხმა აირჩია, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ხალხს, მძიმე და სასტიკი ბრძოლაა, მაგრამ მარგველაშვილმა ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა გაიტანოს სახელმწიფოს სახელით. თუ მთლიანად ჩატყდა ხიდი, პრეზიდენტს აქვს ისეთი მექანიზმები, რომელმაც მართლა შეიძლება პრობლემა შექმნას ქვეყანაში, მე მგონი, პრობლემები არავის არ უნდა. ამ ბინძური მეთოდების გამოყენება იმისთვის, რომ პრეზიდენტი თავისი ნებით გადადგეს, არ მოხდება. 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016