ამინდის მკვეთრი ცვლილება იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ამიტომ ხშირდება ამ პერიოდში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია - ბევრ ადამიანს აქვს სურდო, ხველა, ცემინება. ეს რომ არ დაგვემართოს, პირველ რიგში, უნდა გავიკაჟოთ ორგანიზმი და C ვიტამინის გაზრდილი დოზის მიღებით გავიძლიეროთ იმუნიტეტი. სასურველია, ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი მივიღოთ ნატურალური ვიტამინებით მდიდარი ლიმონი, გრეიპფრუტი, მოცვი, ასკილი, მოცხარი.
შეეცადეთ, ჩაიცვათ სეზონის შესაფერისად - ზაფხული ხომ დიდი ხანია, დაგვემშვიდობა და დროა, უფრო თბილად ჩაიცვათ.
ორგანიზმის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სინათლის დეფიციტი, რაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საკმაოდ მძაფრად ვლინდება. ეცადეთ, ოთახში რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოუშვათ. სინათლე, თუნდაც ელექტრონათურისა, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს და აძლიერებს მის დამცველ ფუნქციებს.
ხშირად დაიბანეთ ხელები: ვირუსი გადადის არამარტო ჰაერით, არამედ ჭუჭყიანი ხელების მეშვეობითაც.
ეპიდემიის პერიოდში მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
იმუნიტეტის სტიმულაციისათვის არსებობს საკმაოდ ეფექტური მცენარეული საშუალებები: ექინაცეა, ჟენ-შენი, იმუნალი.
წყარო: ამბები.ჯე
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)