კიბო მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების დახვეწის მიუხედავად, წლიდან წლამდე ავთვისებიან სიმსივნეთა რიცხვი მატულობს.
ჯერ მარტო საქართველოში ბოლო წლის მანძილზე სიმსივნით 8 000 ადამიანი გარდაიცვალა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რიცხვი 55 %-ით გაიზარდა.
რატომ იტანჯება მილიონობით ადამიანი ამ უკურნებელი სენისგან? ამ ავადასახსენებელ სენს მსოფლიო ჯერ კიდევ ვერაფერს უხერხებს, თუმცა, ექსპერტების თქმით, კიბოსგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა პროფილაქტიკაა.
უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრევენციას ქალებში ყველაზე მეტად გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნის - ძუძუს კიბოს თავიდან ასაცილებლად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილეთაგან სარძევე ჯირკვლის კიბოთი 35%-ით ნაკლები ქალი გარდაიცვალა.
რა არის კიბოს გამომწვევი მიზეზი?
კიბო ვითარდება ერთი უჯრედისგან. ნორმალური ტიპის უჯრედიდან სიმსივნური ტიპის უჯრედად ტრასნფორმაცია არის მრავალეტაპიანი პროცესი, რაც ჩვეულებრივ წარმოადგენს კიბოს წინა მდგომარეობიდან ავთვისებიან სიმსივნედ ჩამოყალიბების პერიოდს. ეს ცვლილებები გამოწვეულია ადამიანის გენეტიკური ფაქტორებისა და გარე ფაქტორების ურთიერთქმედებით.
რისკ-ფაქტორები და მათი პრევენცია
ავთვისებიანი სიმსივნეების ხელშემწყობ ზოგად არახელსაყრელ ფაქტორებად ითვლება:
- რადიაციული დასხივების ზონაში ცხოვრება;
-ცხოვრების არაჯანსაღი წესი: არასწორი კვება (ცხიმებით მდიდარი და უჯრედისით ღარიბი პროდუქტები), თამბაქოსa და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, უმოძრაო ყოფა და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, არსებობს ძუძუს კიბოს სპეციფიკური რისკ-ფაქტორებიც:
-მემკვიდრული განწყობა, ანუ სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევები ახლო ნათესავებში (დედა, და, შვილი);
-ორსულობა და მშობიარობა 30 წლის ასაკის შემდეგ ან უშვილობა;
-სარძევე ჯირკვლის ქსოვილის გადაგვარება, გამოწვეული ჰორმონული დარღვევებით (დისჰორმონალური ჰიპერპლაზია).
-მენსტრუაციის ნაადრევი (12 წლის ასაკამდე) დაწყება და გვიან (50 წლის შემდეგ) შეწყვეტა;
-სქესობრივი ფუნქციების დარღვევები: ორგაზმის არქონა, ფრიგიდულობა;
-მენსტრუაციის დარღვევები: არარეგულარული, მტკივნეული, ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუაცია;
-საშვილოსნოსა და საკვერცხეების ანთებითი და ქსოვილის გადაგვარებით მიმდინარე დაავადებები;
-მაღალი დოზით ან ხშირი, თუნდაც დასაშვები დოზის ფარგლბში, რადიაციული დასხივება მოზარდ ასაკში (16 წლამდე), მაგალითად, ხშირი რენტგენoლოგიური გამოკვლევა;
-ჭარბი წონა, განსაკუთრებით წონის მკვეთრი მატება 16 წლის ასაკის ზევით.
სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა
გამოსავალი არის ზემოაღნიშნული რისკ-ფაქტორების შეძლებისდაგვარად თავის არიდება.
სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა რეგულარულად, თვეში ერთხელ. თვითგასინჯვით შეიძლება 2,5 სმ ზომის სიმსივნის აღმოჩენა. დადგენილია, რომ ასე აღმოჩენილი სიმსივნის სწორი მკურნალობით ავადმყოფთა 50-70% თავს ჯანმრთელად გრძნობს და ინარჩუნებს შრომისუნარიანობას მინიმუმ ათი წლით.
გინეკოლოგის კონსულტაცია წელიწადში ერთხელ მაინც. სასურველია, გყავდეთ ერთი გინეკოლოგი, რომელსაც ენდობით, კარგად აქვს შესწავლილი თქვენი ორგანიზმი და ყველა ცვლილებaს დროულად დააფიქსირებს და შესაბამის გამოკვლევებსაც დაგინიშნავთ.
როგორ გავისინჯოთ სარძევე ჯირკვალი?
სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა ყველაზე მიზანშეწონილია მენსტრუაციის დამთავრებიდან პირველ კვირას. ქალებმა, რომლებსაც მენსტრუაცია არ აქვთ, სარძევე ჯირკვალი უნდა გაისინჯონ ყოველთვიურად, ერთსა და იმავე დროს.
თვითგასინჯვის ტექნიკა:
სარძევე ჯირკვლების დასათვალიერებლად დადექით სარკის წინ ჯერ დაშვებული, შემდეგ მაღლა აწეული ხელებით. ამ დროს მიაქციეთ ყურადღება:
-ხომ არ არის ძუძუს ან იღლიების მიდამოს კანის არაერთგვაროვნება, ჩაღრმავებული ან ამობურცული ადგილები;
-გაქვთ თუ არა ძუძუს დვრილის ჩაბრუნება;
-გაქვთ თუ არა რომელიმე სარძევე ჯირკვლის ფორმის ან ზომის ცვლილება;
-გაქვთ თუ არა გამონადენი სარძევე ჯირკვლიდან;
-გაქვთ თუ არა ცვლილებები დვრილზე (სისველე, ქერქები).
ხელით გასინჯვა ანუ პალპაცია ხდება ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში. გასინჯვის დროს მკერდი ოდნავ აწეული უნდა იყოს, ამიტომ, ბეჭქვეშ ამოიდეთ პატარა ბალიში.
ძუძუ ისინჯება მოპირდაპირე ხელით (მარჯვენა ძუძუ - მარცხენა ხელით და პირიქით). გასინჯვა ხდება ნაზად (მოერიდეთ უხეშ ზეწოლას), მთელი მტევნით. სარძევე ჯირკვალი უნდა გაისინჯოთ მთლიანად, მცირე უბნებად. დიდი უბნის გასინჯვისას შეიძლება შეიგრძნოთ სიმკვრივე, რაც შეიძლება არ ნიშნავდეს პათოლოგიურ ცვლილებას.
გასინჯვა ხდება სამ მდგომარეობაში:
1. წვებით ზურგზე და ხელს შლით „ზემკლავის" მდგომარეობაში
2. წვებით ზურგზე და ხელს შლით გვერდზე „განმკლავის" მდგომარეობაში.
3. ზურგზე მწოლიარემ ჩამოუშვით გაშლილი ხელი ტანის გასწვრივ,
კვლავ გასინჯეთ ძუძუ მოპირდაპირე ხელით.
მოპირდაპირე ხელის თითებით გასინჯეთ სარძევე ჯირკვლის ჯერ გარეთა ნახევარი. გასინჯვას იწყებთ დვრილიდან და თითებს გადააადგილებთ ზედა გარეთა კვადრატისკენ. შემდეგ სინჯავთ შიდა ნახევრის ყველა ნაწილს ასეთი თანმიმდევრობით: გასინჯვას იწყებთ დვრილიდან და ხელს გადააადგილდებით მკერდის ძვლისკენ. დააკვირდით, არის თუ არა კვანძები, როგორია მათი სიმკვრივე, ხომ არ შეიგრძნობთ მტკივნეულობას.
შემდგომ გასინჯეთ იღლიისქვეშა და ლავიწქვეშა მიდამოები.
და ძუძუს თავები: ორი თითით ნაზად მოუჭირეთ დვრილს და არეოლის მიდამოს. დააკვირდით, არის თუ არა გამონადენი.
გამონადენი შეიძლება იყოს:
-ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვლიდან,
-თავისით ან მხოლოდ ხელის მოჭერის დროს,
-სხვადასხვა ფერის: სისხლიანი, მომწვანო, ყვითელი ან თეთრი.
გაითვალისწინეთ, რომ სარძევე ჯირკვალში მოცულობითი წარმონაქმნისა და ძუძუს დვრილიდან გამონადენის გამომწვევი მიზეზები კიბოს გარდა ძალიან ბევრია.
ამიტომ, უჩვეულოს აღმოჩენის შემთხვევაში თქვენით დასკვნას ნუ გამოიტანთ, ნურც დამამშვიდებელს და ნურც ცუდს. აუცილებელია, მაინც დროულად მიმართოთ სპეციალისტს (გინეკოლოგს, მამოლოგს).
თუ გაქვთ ძუძუს კიბოსადმი მემკვიდრული განწყობა, ექიმის კონსულტაციები და ძუძუს კვლევა უნდა დაიწყოთ შედარებით ადრეული ასაკიდან.
ჩვეულებრივ, 18-35 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის დათვალიერება ექიმის (მამოლოგის ან გინეკოლოგის) მიერ საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ, 35-40 წლის ასაკში - ორ წელიწადში ერთხელ, 40-50 წლის ასაკში და 50 წლის ზევით - წელიწადში ერთხელ.
ექიმის გადაწყვეტილებით, საჭიროებისამებრ, ტარდება სარძევე ჯირკვლების უფრო დეტალური კვლევა. კვლევის თანამედროვე გავრცელებული მეთოდებია მამოგრაფია და ექოსკოპია.
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)