მოძრაობა ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციულ გეგმებზე გვესაუბრება და მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით განგაშის ზარებს არისხებს.
– სანდრო, „ფიესბუქში“ თქვენი სტატუსი წავიკითხე, მერაბიშვილი ციხეში ტირისო და რა ხდება, გადატანითი მნიშვნელობით დაწერეთ თუ სააკაშვილის რეჟიმის ხერხემალი მართლა ცრემლებს აღვარღვარებს?
– გადატანითი მნიშვვნელობით კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით ტირის! გასაკვირიც იქნებოდა, მერაბიშვილს ციხეში რომ არ ეტირა! დიახ, მერაბიშვილი მერაბ კოსტავა არ არის, რომ ციხეში იდეის გულისათვის იჯდეს და სასჯელი ღირსეულად მოიხადოს!
მერაბიშვილი ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ გულშემატკივრები, ფაქტობრივად, აღარ ჰყავს და იძულებულია, მხარდამჭერები ფულით იყიდოს!
– მერედა, სად აქვს მერაბიშვილს ფული? – ხომ გახსოვთ, სააკაშვილმა თქვა, ვანო გაღლეტილიაო!
– მერაბიშვილი „გაღლეტილი“ კი არა, მილიონერია! საერთოდ, ჩვენ, რამდენიმე მილიონერი გვიზის ციხეში – მერაბიშვილი, უგულავა, ახალაია, ხოლო რამდენიმე მილიონერი – სააკაშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი – ქვეყნიდან გაქცეულია!
მერაბიშვილმა თავის მომხრეებს შემოუთვალა, მთელ ჩემს ქონებას დავხარჯავ, ოღონდ როგორმე ციხიდან გამიყვანეთო!
– მაინც ვინ არიან მერაბიშვილის მომხრეები, რომლებმაც იგი ციხიდან უნდა გამოიყვანონ?
– ყველაზე მეტად „აქტიურობს“ „თავისუფალი ზონა“ კობა ხაბაზის მეთაურობით! ისინი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ჰპირდებიან, რომ დაიწყებენ აქციებს, მოაწყობენ თბილისურ „მაიდანს“, აიძულებენ ხელისუფლებას, რომ გადადგეს და შემდეგ მერაბიშვილს, ახალაიასა და სხვებს საპატიმროდან გაათავისუფლებენ! ეს არის ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებით ვიცი!
– მერაბიშვილი რომ ტირის, ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?
– ეს ინფორმაცია ციხიდან გამოვიდა! კიდევ ვიმეორებ, გასაკვირი ის იქნებოდა, მერაბიშვილი რომ არ ტიროდეს!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნაციონალები აქტიურად ემზადებიან სახელმწიფო გადატრიალებისათვის და უკვე შეუდგნენ იმ გეგმის აღსრულებას, რომელიც მათ სააკაშვილმა ჯერ – კიევში და მერე სარფში დაუსახა!
ამ გეგმის პიკი იქნება თბილისის ცენტრში კიევური „მაიდნის“ მოწყობა!
– მაინც რაზე ატყობთ, რომ ნაციონალები გადატრიალებისა და არეულობისთვის ემზადებიან?
– დააკვირდით, რა ხდება – პრეზიდენტი მარგველაშვილი აბსოლუტურად ხელოვნურად და უმიზეზოდ ეკინკლავება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და ფაქტობრივად, მთავრობის ოპოზიციაშია გადასული! პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პირველმა შეიტანა ბზარი „ქართული ოცნების“ ერთობაში! აჭარის უზენაესი საბჭო აჭარის მთავრობის გადასაყენებლად ემზადება!
ფოთში დევნილებმა ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად დაიწყეს შიმშილობის აქცია! ჭიდაობის ფედერაციაში ლუკა კურტანიძეს კარი აუჭედეს!
ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება! ეს არის იმ ერთიანი გეგმის ნაწილი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებს!
– ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილიც კი ნაციონალების გეგმით მოქმდებს?
– არ ვიცი, მარგველაშვილი ან იგივე მურმან დუმბაძე შეგნებულად მონაწილეობან თუ არა ნაციონალების გეგმებში, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებაში არსებული შიდა განხეთქილება სწორედ ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს!
ხომ ხედავთ, გივია თარგამაძე და სხვა ნაცები უკვე ღიად იმუქრებიან, რომ მალე დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, რომ ციხეებს კვლავ პატიმრებით გაავსებენ! ცოცხებითაც კი იმუქრებიან!
რაღა შორს წავიდეთ, როცა თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ღიად აცხადებს, რომ ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით დამხობა იგეგმება!
– მერედა, ხელისუფლება რას აკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი რამ არ დაუშვას?
– ხელისუფლება, ალბათ, თავის გასაკეთებელს გააკეთებს, მაგრამ აქ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობის პოზიცია უნდა იყოს მთავარი. დიახ, სწორედ ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ის კრიმინალები და მანიაკები დაბრუნდნენ, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ღუპავდნენ ქვეყანას!
დიახ, სწორედ ქართველი ხალხი უნდა აღსდგეს და საქართველოს დაუძინებელი მტერი – „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური სივრციდან განდევნოს!
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სივრციდან გაქრობა უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციური ძალების უპირველესი მიზანიც!
– ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ჩემი ტელეფონი ისმინება და ამას ისევ ნაციონალები აკეთებენო. როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ფარულ მოსმენებს ახორციელებდეს?
– ამ კითხვაზე კონტრშეკითხვით გიპასუხებდით – რამდენად ნორმალურია, რომ დღეს ქვეყანაში თითქმის ყველა ტელევიზია „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტულ მანქანად არის გადაქცეული?! საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი, რომელიც ქართველი ხალხის ჯიბიდან ფინანსდება, ხშირ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებლად გვევლინება!
არადა, სუპერდემოკრატიის პირობეშიც კი არ არსებობს იმის მაგალითი, რომ ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ე. წ. ოპოზიციურ ძალას რამდენიმე საინფორაციო საშუალება კონტროლქვეშ ჰყავდეს!
– მერედა ესეც, მოსასმენი აპარატურისა არ იყოს, ხელისუფლების სისუსტეზე არ მეტყველებს? თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ სააკაშვილის დროს ოპოზიციას ფარული მოსმენების საშუალება ჰქონდა და ხელისუფლებას ამისათვის ვერ მიეხედა?
– რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალა „მეხუთე კოლონა“ ფარულ მოსმენებს ვერ ახორციელებდეს! აუცილებლად უნდა იქნას აღმოჩენილი ეს მოსასმენი აპარატურა და ყველა, ვინც ამ დანაშაულს სჩადის, პასუხისგებაში მიეცეს! ხელისუფლებამ ეს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს!
და კიდევ: გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, კობა ხაბაზი, გია ბარამიძე, გოკა გაბაშვილი ის ადამიანები არიან, რომლებმაც კიტოვანთან და იოსელიანთან ერთად სისხლის გუბეები დააყენეს საქართველოში! დიახ, ესენი იარაღით ხელში პუტჩისა და ხუნტის ავანგარდში იდგნენ და დღესაც მზად არიან, იგივე გაიმეორონ!
დღეს ისევ საბედისწერო არჩევანის წინაშე ვდგავართ – ვივლით ქრისტეს გზით თუ ვივლით ბარაბას გზით?! ქართველმა ერმა, საუბედუროდ, ერთხელ უკვე აირჩია ბარაბას გზა და იმედი მაქვს, ასეთ მძიმე შეცდომას მეორედ აღარ დაუშვებს.!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი“