reportiori.ge - კახა კახიშვილი: „ნაციონალები“ დაიწყებენ აქტიურ მუშაობას სხვადასხვა კუთხით – დაწყებული სპორტსმენებით, დამთავრებული სტუდენტებით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:55
პრეს-დაიჯესტი
კახა კახიშვილი: „ნაციონალები“ დაიწყებენ აქტიურ მუშაობას სხვადასხვა კუთხით – დაწყებული სპორტსმენებით, დამთავრებული სტუდენტებით!
ავტორი:
22 სექტემბერი, 2014. 21:20



ბოლო პერიოდში ექსპერტთა ნაწილს არაერთხელ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებას ცდილობენ. აღნიშნულმა ექსპერტებმა თუ საზოგადოების წარმომადგენლებმა ზემოხსენებულის ერთ-ერთ დამადასტურებელ არგუმენტად მიიჩნიეს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება, რომლის თანახმად: „ნაციონალების“ მხრიდან ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულება მზადდება. არიან ჯგუფები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასამყარებლად აურზაურის გამოწვევას შეეცდებიან. ამ ყველაფრის მიზანი კი დესტაბილიზაციაა, სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა და საბოლოოდ, ხელისუფლების შეცვლა“.

 

ჩვენს რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ დღეს და ხვალ ქვეყნის შიდაუსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, თუმცა, დესტაბილიზაციის სავარაუდო გეგმა შესაძლოა, ქვეყანაში ქაოსის გამოწვევას რამდენიმე წლის შემდეგ ითვალისწინებდეს და შესაბამისად, ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს.

 

ვახტანგ ქუთათელაძე, უშიშროების ექსმინისტრი: – „ნაციონალები“ გაიძახიან, რომ კრიმინალმა იმატა და ამის დამადასტურებლად ყველაფერს იყენებენ – ჭორს თუ მართალს. სამწუხაროდ, მათ მიაღწიეს მიზანს – ამის შესახებ საზოგადოებაში აქტიურად მსჯელობენ, ისევე, როგორც  პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირებაზე. ესეც ყურით მოთრეული თემაა. რაც უფრო ბევრს ვილაპარაკებთ ამაზე, ჩათვალეთ, რომ „ნაციონალების“ მიზანი მიღწეულია. არადა, ჩემი აზრით, კრიმინალური ფონის კუთხით საგანგაშო არაფერი ხდება...

 

რაც შეეხება რელიგიურ საფუძველზე დაპირისპირების ფაქტებს, ეს ხელოვნურად გამოწვეულს ჰგავს.

 

ამ ეტაპზე მეტის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ ხელისუფლების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს როგორც ქობულეთში მომხდარი ფაქტი, ასევე ქვემო ქართლი, სადაც ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, თუ რა ხდება რელიგიური თემატიკის კუთხით. საქართველოში ამჟამად არ არის ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, რამაც შესაძლოა კატაკლიზმები გამოიწვიოს. თუმცა, კრიმინალის ზრდის შესახებ ისტერიული ფონის შექმნა და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტები,  შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის მოსამზადებელი ეტაპი. დღეს და ხვალ არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, არეულობა 1 ან 2 წლის მერე მივიღოთ, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ შესაბამისად არ იმოქმედა. „ნაციონალები“, რა თქმა უნდა, ისევ იდემაგოგებენ, იცრუებენ, არც პროვოკაციებია მათთვის უცხო ხილი, მაგრა საზოგადოებაც უნდა შეიცვალოს, ახლანდელი სამართალდამცველი ორგანოებიც უფრო გახსნილები უნდა იყვნენ ინფორმაციული თვალსაზრისით და იმოქმედონ კომპეტენტურად და ოპერატიულად.

 

კახა კახიშვილი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი: – ყოველდღიურად კრიმინალზე საუბარი და იმის ძახილი, რომ ქვეყანა ინგრევა, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებში შედის „ნაციონალები“ აცნობიერებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რევოლუციის ავანგარდში ვეღარ იქნებიან. ამ ეტაპზე ისინი პოლიტიკურ ტრიბუნას იყენებენ იმისათვის, რომ შექმნან რევოლუციური განწყობა ქვეყანაში, რაც აუცილებელია ძალაუფლების ხელში ასაღებად. შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალები“ პარალელურად შექმნიან ახალ, თითქოსდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რეალურად მათი იდეოლოგიის გამზიარებელი იქნება.

 

დესტაბილიზაციის გამოწვევის ერთ-ერთი ეტაპი მიტინგებისა და მანიფესტაციების მოწყობაა და ხელისუფლება ფხიზლად უნდა იყოს – ერთი მხრივ, არ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია და ნებისმიერ მოქალაქეს მივცეთ პროტესტის გამოხატვის საშუალება, მეორე მხრივ, თუ სამართალდამცველებისთვის ცნობილია, რომ რაიმე ქედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ. „ნაცმოძრაობა“ კარგად ორგანიზებული ძალაა, რომელმაც მშვენივრად იცის დესტრუქციის ელემენტები. „ნაციონალები“ დაიწყებენ აქტიურ მუშაობას სხვადასხვა კუთხით – დაწყებული სპორტსმენებით, დამთავრებული სტუდენტებით და აპელირებას მოახდენენ იმ პრობლემებზე, რომლებიც 9 წლის განმავლობაში თავად ვერ მოაგვარეს. რევოლუციური განწყობის შექმნისთვის „ნაციონალები“ აქტიურად გამოიყენებენ სტუდენტურ კავშირებს, მათ ამის „კარგი“ გამოცდილება აქვთ, პროფკავშირებს, სპორტულ კავშირებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, დევნილებს, ეროვნულ უმცირესობებს, რელიგიურ ორგანიზაციებს, ვეტერანებსა და პენსიონერებს. მათ ამ საქმეში დაეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ მათ მოახერხეს ხელისუფლების დასუსტება და ქაოსის შექმნა, ძალაუფლების ხელში აღებას შეეცდებიან. ხელისუფლების დასუსტებით ერთ-ერთი წინა პირობა მისი დისკრედიტაციაა. თქვენ ხედავთ, როგორ ცდილობენ შსს-ს დისკრედიტაციას, როგორ უღვიძებენ მარგველაშვილსა და ალასანიას ამბიციებს, მალე გადავლენ პროკურატურაზე, ჩაერევიან სასამართლო რეფორმაშიც, რათა გაამაგრონ ის საკუთარი კადრებით. მით უმეტეს, მათ აქვთ საპარლამენტო ბერკეტები. „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება რამდენიმე წელზე გაწერილი გეგმაა.

 

ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლას შეეცდება „ნაციონალების“ მიერ დაფუძნებული, ახალი, ვითომ დამოუკიდებელი პარტია, რეალურად კი ყველანი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან სააკაშვილის ჩათვლით. მოკლედ, „ნაცმოძრაობა“ რევოლუციისათვის ახალ ნიადაგს ამზადებს და ამაში ჩართულები არიან მათი მარიონეტი არასამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. შესძლებს თუ არა სააკაშვილი რევანშის სცენარის განხორციელებას, დღევანდელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“.

 

ჯემალ ჯანაშია, უშიშროების გენერალ-მაიორი, იურიდიულ  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: – ქაოსისა და დესტაბილიზაციის მოწყობის ერთ-ერთი ხერხია მასმედიაში აქტიურობა, საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ სახელმწიფოში არის სერიოზული პრობლემები – ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სასამართლოში. გარდა ამისა, შეიძლება ტერორისტული აქტების მოწყობაც, რომელიც დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და მიზნად ისახავს ქვეყანაში შიშის სინდრომის დათესვას – ადამიანებს უნდა შეუქმნა იმის განცდა, რომ ქვეყანაში ცხოვრება გართულდა. დესტაბილიზაციის ერთ-ერთი საფუძველია პოლიტიკური ვითარების დაძაბვა, მედიასაშუალებებით უნდა შეიქმნას ისეთი ფონი, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური უსამართლობა – არ არის დემოკრატია, სამართლიანობა და ადამიანის უფლებები ირღვევა. ამას საკმაოდ ინტენსიურად აკეთებს ყოფილი ხელისუფლება და საკმაოდ მძიმე სურათს ხატავს ქვეყანაში. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანების გაერთიანება რაღაც ჯგუფებში და ფართო მასების დარწმუნება, რომ საჭიროა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა მისი წასვლის მოთხოვნით. რაც შეეხება უცხოურ სპეცსამსახურებს, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს სააკაშვილს მისი მიზნების განხორციელებაში, თუ ხელისუფლება არაკეთილგონიერ ნაბიჯებს გადადგამს და სერიოზულ შეცდომებს დაუშვებს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში. თუმცა, ხელისუფლებას ამის ნიშნები ნამდვილად არ ეტყობა.

 

 

 

ნანა ფიცხელაური

 

გაზეთი „კვირის პალიტრა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016