„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში შექმნილია რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელიც ეძებს მიხეილ სააკაშვილის იმ ქონებას, რომელიც სხვადასხვა კერძო და იურიდიულ პირებზეა რეგისტრირებული“.
ერთი დრო არავის შერჩებაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. სულ რაღაც 2 წლის წინ მიხეილ სააკაშვილს თავი უძლეველი ეგონა და ამ ქვეყანაში მას თუ ვინმე მოერეოდა, ამას ყველაზე დიდ კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა. მიშა იყო საქართველოში კანონიც და სამართალიც, ერთი კაცის ნებასურვილზე იყო დამოკიდებული ყველაფერი. 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნები წააგო, მერე კიდევ ორ არჩევნებში ჩაისვარა და ეს შენი უძლეველი სააკაშვილი ერთ ჩვეულებრივ დევნილად იქცა – პროკურატურამ ჯერ ხომ 3 მუხლით აღუძრა საქმე ექსპრეზიდენტს, მერე მასზე ძებნაც გამოაცხადა, ახლა კი ქვეყნის ყოფილ მბრძანებელს ქონება დაუყადაღეს. ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, მოდი ვნახოთ იმ ქონების ჩამონათვალი, რომელსაც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის აღსრულების ბიურომ ყადაღა დაადო.
1) ქ. ყვარელში მდებარე 2 332 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
2) ქ. ყვარელში მდებარე 1 316 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
3) ქ. ყვარელში მდებარე 2 441 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
4) ქ. ყვარელში მდებარე 1 207 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
5) ქ. ყვარელში მდებარე 6 820 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 97 კვ.მ. შენობა-ნაგებობით;
6) ქ. ყვარელში მდებარე 682 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
7) ქ. ყვარელში მდებარე 1 668 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
8) ქ. ყვარელში მდებარე 2 637 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
9) HONDA ACCORD-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი 1988);
სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებულ ქონებას:
ქ. თბილისში, ბარნოვის № 9-ში მდებარე 154 კვ.მ. ბინა და 164 კვ.მ. მანსარდა.
გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ ქონებას და წილს საწარმოში:
1) ქ. ყვარელში მდებარე 1 313 კვ.მ., 251 კვ.მ., 334 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;
2) ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა № 5-ში მდებარე 172.80 კვ.მ. ბინა;
3) შპს „ილუჯი ბაღში“ გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 59 %-იანი წილი;
მზია წერეთლის საკუთრებაში არსებულ ქონებას:
1) ქ. თბილისში. ილია ჭავჭავაძის გამზ. № 37-ში მდებარე 197 კვ.მ. მშენებარე ბინა;
2) ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
3) TOYOTA RAV4-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი 2010).
ნიკოლოზ სააკაშვილის საკუთრებაში არსებულ ქონებას:
TOYOTA LANDCRUISER LC 200-ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების წელი 2014).
პროკურატურამ, როგორც ხედავთ, არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უშუალო საკუთრებაში გაფორმებული ქონება დააყადაღა, არამედ მიშას მეუღლის, დედის, ბებიისა და სრულწლოვანი შვილისაც. ამასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რასაც უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461.34 ლარის გაფლანგვა, რითაც მან სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. „ვინაიდან, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ის გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ მიზნით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონებას“.
არა, ეს ყველაფერი მე, ამ ქვეყნის მოქალაქემ, გავიგე და ძალიან კარგად მესმის პროკურატურის ეს გადაწყვეტილება. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილსაც, „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებსაც, ბიუჯეტიდან მოპარული ფულით შეძენილი ქონება ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე ჰქონდათ გადაფორმებული. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ სააკაშვილის დედის, ბებიის, მეუღლისა და შვილის ქონებაც დააყადაღეს, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, პროკურატურას უფრო მეტი სიცხადე შეეტანა ამ საკითხში. განემარტა, რომელი იურიდიული ნორმის საფუძველზე დააყადაღა მიშას ოჯახის წევრების სახელზე გაფორმებული ქონება. გასაგებია, რომ ქვეყნის ექსპრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს, მთავარი პროკურატურა ქონებას უკანონოდ არ დაუყადაღებდა, მაგრამ ნათქვამს ბეჭედიც დაარტყი რა, დალოცვილო. მერე ისე არ მოხდეს, რომ დასავლეთში, სადაც კერძო საკუთრების უფლება მართლაც ხელშეუხებელია, მთავარი პროკურატურის ეს გადაწყვეტილება სასაცილოდ არ ეყოთ და სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებებით გაივსოს იქაური მედია – ისევ მიშას პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით მართლმსაჯულებაზე დაიწყოს ლაპარაკი. ისე ნუ იზამენ, მიშას დროებითი, მაგრამ მაინც ახალი კოზირი მისცენ ხელში და საქვეყნოდ იძახოს, რომ დედამისს ძველი მანქანა დაუყადაღეს, რომელთანაც მას შეხება არ ჰქონია. მართალია, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ რატომაც, მაგრამ ხანმოკლე და უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომ სააკაშვილს ჩაგრავენ, ხელისუფლებისთვის წამგებიანია. ვიმეორებ, იმ დედამისის მანქანასთან მიშას შეხებაც ჰქონდა და გიული ალასანიამ ეს მანქანაც და სხვა ქონებაც სწორედ ელიტური კორუფციის წყალობით შეიძინა, სწორედ შვილის გავლენის გამოყენებით ააწყო საგანმანათლებლო და სხვა სახის ბიზნესი და ერთ დროს ჩვეულებრივი თბილისელი ინტელიგენტი, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი, რამდენიმე წელიწადში წარჩინებულ ბიზნესმენად იქცა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, მთავარ პროკურატურას გავრცელებულ განცხადებაში სამოქალაქო კოდექსის ერთადერთი მუხლის განმარტება უნდა ჩაერთო და ყველაფერი დღესავით ნათელი იქნებოდა. აი, ეს მუხლიც.
მუხლი 151. ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი
1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისთვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას.
სხვათა შორის, ეს ე.წ. მასთან დაკავშირებული პირის ქონების შესახებ ახალი მუხლი, სწორედ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, 2004 წელს დაამატეს კოდექსს, მანამდე არ იყო. დღეს სააკაშვილი და მისი ადვოკატი, ოთო კახიძე ერთ ხმაში გაჰკივიან, ქონება უკანონოდ დააყადაღესო. ყველაფერი კანონიერად მოხდა, თანაც სწორედ მიშას დროს მიღებული კანონით.
ისე, მიშა სააკაშვილმა რაც დათესა, ის მოიმკა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პროკურატურა ბრალდებულთან დაკავშირებულ პირებს ქონებას უყადაღებს. ეს პრაქტიკა ზურაბ ადეიშვილმა დანერგა, სწორედ მისი გენპროკურორობის დროს შეიტანეს ეს 151-ე მუხლი კოდექსში. ამ მუხლით მრავალი პატიმრის ოჯახის წევრს გაუყიდეს ისეთი ქონება, რომლებთანაც ამ ბრალდებულებს პირდაპირი შეხება არ ჰქონდათ, უბრალოდ, მათთან დაკავშირებულ პირებს ეკუთვნოდათ. აი, ზუსტად ისე დაუყადაღეს ათასობით ადამიანს ქონება, როგორც ახლა მიშას დაუყადაღეს, მერე გაუყიდეს და უამრავი ადამიანი გააკოტრეს, ძალიან ბევრი დატოვეს ქუჩაში. მიშა სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების ფაქტს „ნაციონალები“ თავდაპირველად დუმილით შეხვდნენ, მერე კი დიდი წიოკი ატეხეს. ცხადია, ისინი სწორედ იმაზე აპელირებდნენ, რაც ზემოთ მოგახსენეთ – მიშას დედის, ბებიის, მეუღლისა და შვილის ქონება არ უნდა დაეყადაღებინათ, ეს უკანონობა იყო და სულ დედ-მამის სული უტრიალეს დღევანდელი ხელისუფლების ლიდერებს. ეგენი განსაკუთრებით იმან გააცოფა, რომ პროკურატურამ სანდრა რულოვსის ქონებაც დააყადაღა. სანდრა, მიშასი არ იყოს, მაგათი სალოცავი და ხატია. განსაკუთრებით, სანდრა რულოვსის სახელზე გაფორმებულ, ყვარელში მდებარე მიწის ნაკვეთსა და ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლზე დავობენ – ეგ მიშასი არ იყო, სანდრას მამამისმა აუშენა ეგ სახლი, ყვარლის მიწის ნაკვეთიც, სანდრამ, პატიოსანი შრომით შეიძინაო. სააკაშვილმა თავის „რუსთავი 2“-ს კომენტარი მისცა ამ ფაქტთან დაკავშირებით და იმანაც „დაადასტურა“, – ეგ ბარნოვის სახლი სანდრას მამამისმა უყიდა 90-იან წლებშიო. ეს „ნაცები“ დღე და ღამე კომპიუტერს არიან მიდღლეზილები და ერთი იმ თავიანთი ბელადის ქონებრივ დეკლარაციაში ჩაიხედონ, არ შეიძლება? ის სახლი, რომელიც ვითომ მამამისმა უყიდა სანდრა რულოვსს, მიხეილ სააკაშვილის ყველა ქონებრივ დეკლარაციაშია შეტანილი. აი, ბატონო, ერთ-ერთი, 2012 წლის 16 მაისს შევსებული. ამ დეკლარაციაში პრეზიდენტ სააკაშვილს ეს ბარნოვის სახლი აქვს შეტანილი და ამით აღიარებს, რომ მისი მფლობელია. ჰო, იმავე დეკლარაციაში სანდრას ყვარლის მიწის ნაკვეთიც შეტანილია და ესეც იმის დასტურია, რომ სააკაშვილი ამ ნაკვეთს თავისად მიიჩნევს. კაცი იძახის ჩემიაო და ესენი, მაგის ფანკლუბის წევრები, გაჰყვირიან, – არა, მიშასი არ არის, სანდრასიაო.
ეს ნამუსგარეცხილი მიშა სააკაშვილი გამოდის და აცხადებს, ყვარელში დიდი არაფერი ქონება არ მაქვს, რაღაც უმნიშვნელო 4 თუ 5 მიწის პატარა ნაკვეთი ჩემი სახლის გარშემო და ამაზე ატეხეს ერთი ამბავიო. ჯერ ერთი, 4-5 ნაკვეთი კი არა, 8 ნაკვეთია იმ ყვარლის სახლის გარშემო. მეორეც, ეს 8 ნაკვეთი ერთად რომ ავიღოთ და ამას სანდრას ერთი ნაკვეთიც მივუმატოთ, 2 ჰექტარი მიწა გამოდის. აი, ეს 9 ნაკვეთი, როგორც სააკაშვილი იტყუება, მართლა მისი სახლის გარშემო კი არ არის, სხვადასხვა ადგილასაა და რაღა თქა უნდა, ყველა საუკეთესო ნაკვეთია. ეს სააკაშვილისთვის არის 2 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა „რაღაც“ და „უმნიშვნელო“, თორემ, აბა, იმ ყვარლელ გლეხებს ჰკითხოს, ამის მეათედი რომ ენატრებათ ოჯახის სარჩენად. გუდაურის სახლს რაღას ერჩიან, ეგეც სანდრასიაო, გაჰკივიან მიშას და სანდრას ფანები, გეგონება, სანდრა მიშას ცოლი არ იყოს. ისევ იმ ქონებრივ დეკლარაციას გადახედეთ, ეგ გუდაურის სახლიც შეტანილი აქვს მიშას და ვიდრე ხმას ამოიღებთ, ცოტა წაიგუგლავეთ და რაღაცებში გაერკვიეთ, ნამდვილად არ გაწყენთ.
ცხადია, საქართთველოში ბავშვსაც არ სჯერა, რომ მიშა სააკაშვილს რაც დაუყადაღეს, ამის გარდა სხვა ქონება აღარ აქვს, თუნდაც საქართველოში. ეს მთელი დუნიის მასხარა ყოველდღე იძახის, მეტროთი დავდივარ და კიევში ჩასასვლელ ფულს მეგობრები მაძლევენო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მიშა მილიარდერია. მის მიერვე შექმნილი ელიტური კორუფციის წვერში თავად იდგა და საქართველოში არსებული ყველა მსხვილი ბიზნესიდან წილები მას მისდიოდა. ამ ფულს მიშას ახლობელი ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ატრიალებდნენ საქმეში და ცხადია, მოგებასაც მიშას ანგარიშებზე რიცხავდნენ. გარდა ამისა, ქართულ და უცხოურ მედიაში არაერთხელ გამოქვეყნდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იყო იარაღით ვაჭრობისა და ნარკოტრაფიკში, საქართველო სწორედ მისი მმართველობის პერიოდში იქცა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ნარკოდერეფნად. ამ იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიშა იმხელა ფულს შოულობდა, არც დაგესიზმრებათო, ამტკიცებენ ჭკუასაკითხავი ადამიანები. არანაირი საფუძვალი არ გვაქვს, რომ ამ მეტად გავლენიან მედიასაშუალებებსა და ასევე, გავლენიან, ანგარიშგასაწევ ექსპერტებს არ ვენდოთ, ვინც ამას აცხადებს.
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში შექმნილია რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელიც სხვა სახელმწიფო უწყებების დახმარებით, ეძებს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის იმ ქონებას, რომელიც სხვადასხვა კერძო და იურიდიულ პირებზეა რეგისტრირებული. რამდენიმე ათეული მილიონის ქონებას უკვე მიაგნო პროკურატურამ, ვისზეც ეს ქონებაა გადაფორმებული, იმ კერძო პირებმაც თუ კომპანიების მეპატრონეებმა აღიარეს, რომ ისინი სხვადასხვა დროს, მიხეილ სააკაშვილის სახელით, „ნაცმოძრაობის“ გავლენიანმა ლიდერებმა აიძულეს, ეს ქონება დაერეგისტრირებინათ, საკუთრად გაესაღებინათ და ამის შესახებ, არსად არაფერი ეთქვათ. პროკურატურა კვლავ განაგრძობს სხვებზე გადაფორმებული სააკაშვილის ქონების ძებნას და ეჭვი არ არის, კიდევ ბევრს მიაგნებს. სავარაუდოდ, ამის შესახებ მთავარი პროკურატურა მალე გააკეთებს განცხადებას და მიშას, ლამის მათხოვრად რომ აცხადებს თავს, მრავალი ასეულ მილიონიანი ქონების მეპატრონეობას დაუმტკიცებს.
ჰა, მიშა, დაგადეს... ყადაღა?!
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა“