1. გათვლებით დადგენილია, რომ მსოფლიოში 2,6 მილიარდ ადამიანს არ აქვს ადეკვატური ხელმისაწვდომობა სანიტარიაზე. თუ შენარჩუნდა მსგავსი ტენდენცია, 2015 წლისთვის 2,7 მილიარდ ადამიანს არ ექნება ხელმისაწვდომობა სანიტარიის ელემენტარული საშუალებებისადმი. აფრიკის ტერიტორია საჰარის სამხრეთით (31%), სამხრეთ აზია (36%) და ოკეანია (53%) - ეს ის რეგიონებია, სადაც აღინიშნება სანიტარიის პირობების ყველაზე დაბალი დონე. ბევრ ქვეყანაში ამ პრობლემას ართულებს აგრეთვე სუსტი ინფრასტრუქტურა, შრომითი რესურსების არაადეკვატური ბაზა და მდგომარეობის გამოსასწორებლად არსებული მეტად მწირი რესურსები.
2. სანიტარიული პირობების არარსებობა იძულებულს ხდის ადამიანებს, განახორციელონ დეფეკაცია შენობის გარეთ, მდინარეებში ან იმ ტერიტორიებთან ახლოს, სადაც თამაშობენ ბავშვები ან მზადდება საკვები. ეს ზრდის დაავადების გადაცემის რისკს. ინდოეთის მდინარე განგში წუთში ჩაედინება 1,1 მილიონი ლიტრი საკანალიზაციო მასა. ეს არის საგანგაშო ციფრი იმის გათვალისწინებით, რომ ფეკალიების ერთი გრამი შეიცავს 10 მილიონ ვირუსს, 1 მილიონ ბაქტერიას, პარაზიტების 1000 კისტას და ჭიის 100 კვერცხს.
3. დიარეა, ქოლერა, დიზენტერია, ტიფი და A ჰეპატიტი გადაეცემა ადამიანის ექსკრემენტებით დაბინძურებული წყლის საშუალებით. აფრიკაში ყოველ საათში იღუპება 115 ადამიანი იმ დაავადებებით, რომლებიც დაკავშირებულია არასათანადო სანიტარიასა და ჰიგიენასთან და აგრეთვე დაბინძურებულ წყალთან.
4. ინფექციებთან საბრძოლველად სამედიცინო დაწესებულებებისთვის აუცილებელია სათანადო სანიტარიული და ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა. მსოფლიოში პაციენტთა 5%-30%-ს სამედიცინო დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში უნვითარდებათ ერთი ან მეტი სახის ინფექცია.
5. ყოველწლიურად 200 მილიონზე მეტ ადამიანზე უარყოფითად ზემოქმედებენ ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა გვალვები, წყალდიდობები, ტროპიკული ციკლონები, ტყის ხანძრები და სხვა. სანიტარია წარმოადგენს ამ მოვლენებზე რეაგირებისა და რეაბილიტაციისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რათა დროულად შეჩერდეს დაავადებების გავრცელება, აღდგეს საბაზისო სამსახურები თემებში და ადამიანები დაუბრუნდენენ ყოველდღიურ ცხოვრებას.
6. კვლევებმა აჩვენეს, რომ გაუმჯობესებული სანიტარიული პირობები სამჯერ ამცირებს დიარეით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელს. დიარეა არის სიკვდილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, თუმცა, დიდწილად შეიძლება მისი პრევენცია: ყოველწლიურად დიარეით იღუპება 1,5 მილიონი ადამიანი, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები განვითარებად ქვეყნებში.
7. სათანადო სანიტარიული პირობები სტიმულს აძლევს სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით გოგონებს, იარონ სკოლაში. ტუალეტის ხელმისაწვდომობა ამაღლებს სკოლაში მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელს - ცალკე არსებული სანიტარიული კაბინის არსებობა ხელს უწყობს გოგონების სკოლაში ჩარიცხვის მაჩვენებლის გაუმჯობესებას.
8. სანიტარიული განათლება და ხელის დაბანის ხელშეწყობა წარმოადგენენ მარტივ და ხარჯეფექტურ ღონისძიებებს, რომლებმაც შეიძლება 45%-ით შეამცირონ დიარეის შემთხვევების რაოდენობა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არის იდეალური სანიტარიული პირობები, სათანადო ჰიგიენური პრაქტიკის განხორციელებამ ცალკეულ თემებში შეიძლება დიდად შეუწყოს ხელი ჯანმრთლობის გაუმჯობესებას.
9. სანიტარიას აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური უპირატესობა. გაუმჯობესებულ სანიტარიულ პირობებში ყოველ დახარჯულ 1 ლარს მოაქვს საშუალოდ 9 ლარის მოგება. ეს უპირატესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღარიბი ბავშვებისა და ხელმოკლე თემებისთვის.
10. ათასწლეულის განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მიზანია, 2015 წლისთვის მოსახლეობის 75% უზრუნველყოფილ იქნას სანიტარიული საშუალებებით. გაანგარიშებულია, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა გამოიყოს ყოველწლიურად 14 მილიარდი დოლარი. ჯანმრთელობის კუთხით სხვა სახის მიღწევების გარდა გათვლილია, რომ სანიტარიის გაუმჯობესება უზრუნველყოფს წელიწადში დიარეის შეთხვევევების 391 მილიონით შემცირებას.
წყარო:ncdc.ge
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)