გულის ნევროზი, ანუ კარდიოფობია უმეტეს წილად ახალგაზრდებში იჩენს ხოლმე თავს. ის პანიკის სინდრომთან ერთად ყალიბდება და განსაკუთრებული ხასიათის ფობიათა რიცხვს მიეკუთვნება.
როგორ ვლინდება
ადამიანს ეწყება განგაშის, უსაფუძვლო შიშის შეტევა. გული ისე ძლიერად უძგერს, რომ ჰგონია, ვეღარ გაუძლებს და მოკვდება. კარდიოფობიური შეტევა დამოუკიდებლად ვითარდება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყოველგვარი ფუნქციური ცვლილების გარეშე.
ხშირად მას წინ უძღვის ან დაერთვის თავბრუსხვევა, ღებინება, შფოთვა, თუმცა შეტევა შეიძლება წინამორბედი ნიშნის გარეშეც დაიწყოს. კარდიოფობიური შეტევის დროს ადამიანები მკაფიოდ გრძნობენ აჩქარებულ გულისცემას, უჩივიან ჰაერის უკმარისობას, ოფლიანობასა და მოდუნებას. ზოგიერთ მათგანს არტერიული წნება შეიძლება მომატებული არ ჰქონდეს, თუმცა, გარინდებულები არიან და კითხვებზე არ პასუხობენ. თითქმის არასოდეს კარგავენ გონებას, თუმცა, აკანკალებთ, აციებთ და ფიქრობენ, სადაცაა ჩემი გული შეწყვეტს ძგერასო. ზოგიერთი მათგანი პანიკაში ვარდება, აღგზნებული დარბის და ირგვლივ მყოფებს შველას სთხოვს. თუ შეტევა ავტომობილში დაეწყოთ, მანქანიდან გადმოდიან, რადგან „ჰაერზე სიკვდილი ჯობს". შეტევა საშუალოდ 15 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება, მისი შეწყვეტის საუკეთესო საშუალება ექიმის მოსვლაა ან ცნობა იმის თაობაზე, რომ ვიღაც მის დასახმარებლად უკვე მოდის, ამიტომ კარდიოფობიით დაავადებულებს ასეთი შეტევები კლინიკაში ან სამკურნალო დაწესებულებაში თითქმის არასოდეს ემართებათ.
შეტევის შემდეგ
პირველი შეტევის შემდეგ ადამიანი კარგავს სულიერ წონასწორობას, გამუდმებით მორიგი შეტევის შიშშია. იწყებს თავის დაზოგვას - ისე ფრთხილობს, აღარც კი დადის, თავს არიდებს ყოველგვარ დატვირთვას, გაურბის მღელვარებას და კონფლიქტურ სიტუაციებს, მოსალოდნელი შეტევის შიში უფრო ტანჯავს, ვიდრე თავად შეტევა.
გამომწვევი მიზეზები
ძირითადი გამომწვევი მიზეზები ფსიქოლოგიური ხასიათისაა: მწვავე კონფლიქტი და დაძაბვა, განშორება, მარტოობა და მიტოვებულობის განცდა. ხშირად პირველი შეტევა მათ ემართებათ, ვინც ეს-ესაა უეცრად დაკარგა ახლობელი და დარწმუნდა, რომ სავსებით შესაძლებელია, ასეთი რამ ახალგაზრდასაც დაემართოს. გარდა ამისა, ხშირად კარდიოფობიის მიზეზი ბავშვობაში იმალება. ჩვეულებრივ, ასეთი რამ ემართებათ პატარაობაში მშობლების ალერსითა და ზრუნვით ზედმეტად განებივრებულ ბავშვებს დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ.
მკურნალობა
თუ ექიმთან საუბარს შედეგი არ მოაქვს, პაციენტებს ენიშნებათ ტრანკვილიზატორები ან ბეტა-ბლოკატორები, ბევრი შიშისგან „განკურნებას" ალკოჰოლის საშუალებით ცდილობს, რაც დაუშვებელია. აღსანიშნავია, რომ ფარმაკოთერაპია ასეთ დროს მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე საშუალებაა, გადამწყვეტი სიტყვა ფსიქოთერაპიას ეკუთვნის. ის რამდენიმე ეტაპად ტარდება. თავდაპირველად საჭიროა ყველა იმ მიზეზის გარკვევა, რამაც პაციენტი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მომდევნო ეტაპი აღმგზნები კონფრონტაციაა, რომელიც მიზნად ისახავს პაციენტში საკუთარი თავის რწმენის გაღვივებას და განმტკიცებას. მესამე საფეხურზე ხდება პაციენტის შეჩვევა, ერთგვარი უმტკივნეულო ადაპტაცია ყოველივე იმისადმი, რამაც მასში ამ ავადმყოფური ემოციების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ფსიქოთერაპია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და როგორც პაციენტის, ისე მკურნალი ექიმის დიდ ნებისყოფასა და ურთიერთნდობას მოითხოვს.
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)