სარეცხი საშუალებების მრავალფეროვანი ასორტიმენტის მიუხედავად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება ისეთი „პარაზიტი" მასის სრულყოფილად მოცილება ტანსაცმლიდან, როგორიც საღეჭი რეზინია. გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს, შეგვიძლია ქიმწმენდაში მივიტანოთ, თუმცა, დროსთან ერთად ფულსაც დავხარჯავთ, არადა, შეგვიძლია, ჩვენ თავად მოვაგვაროთ.
გთავაზობთ პრობლემის გადაჭრის გზას, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ კევი ტანსაცმელს მოსცილდება, თანაც ქსოვილის დაზიანების გარეშე.
გაყინვა
კევიანი სამოსი პოლიეთილენის პარკში ისე მოათავსეთ, რომ ლაქა ზემოდან მოექცეს და საყინულეში შედეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ პარკი კევს არ ეხებოდეს. დატოვეთ საყინულეში რამდენიმე საათით. ამ დროის განმავლობაში კევი გამაგრდება. გამოიღეთ და სანამ კვლავ დარბილდება, სქელი ფენა ქსოვილს დანის ან მაკრატლის წვერით მოაცილეთ, თხელი კი - ჯაგრისით.
გაცხელება
ჩაუშვით მდუღარე წყალში ქსოვილის ის ადგილი, სადაც კევია მიკრული. ცოტა ხნით გააჩერეთ და ამოღებისთანავე სცადეთ კევის დანის წვერით მოცილება. თუ ბოლომდე არ მოსცილდა, პროცედურა გაიმეორეთ.
უთოს გამოყენებაც შეიძლება. დალაქავებულ ადგილს დააფარეთ ქაღალდის ფურცელი და ცხელი უთო გაუსვით. კევი ქაღალდს მიეკრობა.
კბილის ჯაგრისი დაასველეთ ცხელ ძმარში და ლაქას "შეუტიეთ". ძმარი კარგად უნდა იყოს გაცხელებული. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. ძმრის სუნი რეცხვისას გაქრება.
თუ ქსოვილი ძალიან ფაქიზი არ არის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გამხსნელი - სპირტი, ბენზინი, უნივერსალური გამხსნელი. დაასხით ლაქას სითხე და 5 წუთის შემდეგ დაიწყეთ მისი ამოწმენდა.
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)