reportiori.ge - სააკაშვილისთვის ჩამოსართმევი რა ქონება არ მოხვდა პროკურტურის სიაში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:56
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილისთვის ჩამოსართმევი რა ქონება არ მოხვდა პროკურტურის სიაში?
ავტორი:
24 სექტემბერი, 2014. 23:14



„ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, „სააკაშვილის დაყადაღებული სიის ჩამონათვალს რომ გადავხედე, ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ყოველივე  „ნაციონალებისა" და „ქართული ოცნების" თამაშს ჰგავს. თუ მის საკუთრებაში მხოლოდ ის ქონებაა, რომელიც დაყადაღებულ სიაშია, სათქმელიც არაფერია. ისმის კითხვა: რატომ არ მოხვდა მსხვილი კომპანიები დაყადაღებული ქონების ჩამონათვალში?"

 

 

შეგახსენებთ, ჯონდი ბაღათურიამ სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში გადასცა დოკუმენტური, აუდიო-ვიდეომტკიცებულებით გამყარებული მასალები საქართველოს პროკურატურას, რომელიც ექსპრეზიდენტის ქონების ჩამონათვალს წარმოადგენს.

 

 

„ალიას" ჯონდი ბაღათურია ესაუბრა:

 

 

- ბატონო ჯონდი, სააკაშვილისთვის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, „ოცნება-ნაციონალების" თამაშზე რატომ გაგიჩნდათ ეჭვი?

 

 

- როგორც კი გადავხედე სიას იმ ქონებისას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილს დაუყადაღა, კიდევ ერთხელ გამიჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება რეალურად არც სააკაშვილის დაკავებას, არც ქონების ჩამორთმევას არ აპირებს. საქმე ისაა, რომ დაყადაღებული ქონების ნუსხაში შესულია სააკაშვილის ბიოლოგიური თუ იურიდიული ოჯახის კუთვნილი ქონების, ალბათ, მხოლოდ 1 %. ეს არის ჩოხატაურში არსებული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და ბებიის „ჰონდა", რომლის ფასი მაქსიმუმ 5 000 დოლარი იქნება. საქმეში ჩაუხედავი კაცი ან უცხოელი რომ ნახავს, დაყადაღებული ქონების სიას, იტყვის, ეს კაცი პატიოსანი ყოფილა და რაღაცებს აბრალებენო. გამოდის, რომ ქართველი ხალხი ტყუის, როცა ამბობს, რომ სააკაშვილმა დიდძალი ქონება მიისაკუთრა. ეს დოკუმენტები კი საპირისპიროს ადასტურებს.

 

 

- ფიქრობთ, დაყადაღებული ქონების სიაში შეგნებულად გამოტოვეს რამე?

 

 

- დიახ, ჩემი აზრით, შეგნებულად არ იქნა შეყვანილი სოლიდური ქონება ამ სიაში იმისთვის, რომ გამოჩენილიყო, თითქოს ეს ქონება მითვისებული არაა.

 

 

- მაინც რა გამორჩათ?

 

 

- ერთ-ერთი შემიძლია გითხრათ იმ ქონების ჩამონათვალიდან, რაც არ აქვთ ნუსხაში შეტანილი. პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას მფლობელობაში შპს „საქართველოს უნივერსიტეტი". ეს არის იურიდიული პირი, რომლის 37,5 % არის მისი, ამდენივე პროცენტი წილი აქვს გიულის დაქალს, სანოძეს, 12.5-12.5 % ედუარდ რაუფსა და ნიკოლოზ ალასანიაზე ნაწილდება. ეს ნიკოლოზი გახლათ სააკაშვილის დედის ძმისშვილი. როცა შპს „საქართველოს უნივერსიტეტი" შეიქმნა, ის მოქმედებდა საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში, ამიტომ დააგროვა უამრავი ქონება. ასეულობით მილიონი ლარი აქვს დაგროვილი ამ გზით, ამ ყველაფრის მერე მაქვს ეჭვი, რომ ყველაფერი თამაშია სააკაშვილთან დაკავშირებით.

 

 

- რა არის ამ თამაშის მიზანი „ოცნების" მხრიდან?

 

 

- „ოცნებას" უნდა იმის დემონსტრირება, ვითომდა სააკაშვილს ებრძვის, მთავარი ბრალდება კი ხალხის მხრიდან „ოცნების" მიმართ არის ღალატი იმ ნდობის, შეპირების, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე მისცეს. ეს არაა სამართლიანობის აღდგენა, წართმეულის დაბრუნება, სააკაშვილის და მისი ბანდის გასამართლება. ორი სახის ქონებაა მითვისებული: ერთი, სახელმწიფოსგან და მეორე კერძო პირებისგან. ივანიშვილმა რომ დაიბრუნა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, სხვასაც უნდა თავისი ქონების დაბრუნება.

 

 

- დიდი ხანია საუბრობთ, რომ თქვენ მიერ გადაცემული 180-გვერდიანი ქონების ჩამონათვალი მაგიდაზე უდევს პროკურატურას, მას გაცნობილები არიან კიდეც და რეაგირება არ მომხდარა. ბოლო ინფორმაციით, როგორ იცით, მინიმუმ, იმ დოკუმენტეში მაინც ჩაიხედეს?

 

 

- კარგია, რომ ეს თქვენ გახსოვთ, სამწუხაროდ, მათ არ ახსოვთ. ეს არის 186-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას მითვისებული ქონების შესახებ. მას ახლავს ფოტომასალა და მისამართები, სხვა დოკუმენტებით. რახან პროკურატურამ ეს უზარმაზარი შეკვრა „ვეღარ იპოვა", ვაპირებ, პარასკევს გავაკეთო ხელახალი პრეზენტაცია ამ ქონების ჩამონათვალის. თუ უჭირს ხელისუფლებას ქონების მოძიება, იხელმძღვანელონ ჩემი დოკუმენტებით და იქ იპოვიან ყველაფერზე პასუხს. ისე, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, სიტყვის პატრონები იყვნენ, თუ პოლიტიკოსი ხარ, სიტყვა არასდროს უნდა გატეხო, მით უმეტეს, ამ საკითხში.

 

 

- ბატონო ჯონდი, როგორც მითხრეს არასაპარლამენტო ოპოზიცია გააქტიურებას იწყებთ საარჩევნო კოდექსის შეცვლის მიზნით. ეს თემა მუდმივად „აქილევსის ქუსლია". რამდენად გაქვთ იმედი, რომ მოთხოვნას დაგიკმაყოფილებენ?

 

 

- წლების განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა, რომ ჩვენ ვერ მივაღწიეთ თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას. ამის გამო ჩვენ გვჭირდება საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და სამართლიანი საარჩევნო კოდექსი. მაგალითად, ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" აიღო 44 %, მაგრამ საკრებულოში 75 % მიიღო მანდატების. ეს სამართლიანია? ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ მახინჯი სისტემა გვაქვს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებისა. ივანიშვილს ვეთანხმები, როცა თქვა, რომ მაჟორიტარი ჩამოყალიბდა, როგორც პატარა ფეოდალი. ეს არის პარაზიტული სისტემა, რომელიც სამართლიანი შედეგების ასახვას ხელს უშლის, პარაზიტები კი ხელს უშლიან კონკრეტული რაიონის განვითარებას. ამიტომ სისტემა უნდა შეიცვალოს. ასევე, შესაცვლელია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესიც. წლებია, ამაზე ვმუშაობთ, მერე გვეუბნებიან, რომ რაღაც არ ესწრება და რჩება ისევ ეს საკითხი ღიად. საყოველთაოდ მიღებული სტანდარტით, არჩევნებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე მაინც უნდა დაიწყოს ამ საკითხებზე მსჯელობა, რომ ყველაფერი მოესწროს, ამიტომ ახლა ვაპირებთ გააქტიურებას.

 

 

- თავად „ოცნებაც" წუწუნებდა ამ საკითხზე, როცა ოპოზიციაში იყო, მერე მიხვდა, რომ დიდი ცდუნება იყო და არ მოგცათ შესაძლებლობა თქვენი გაგეტანათ. ამიტომ გკითხეთ, ახლა რა გარანტიაა, რომ იგივე არ მოხდება? ამ მოთხოვნაში მაინც ერთიანდებით არასაპარლამენტო პარტიები?

 

 

- ახლა იმიტომ გვინდა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომ მერე ვერ თქვას „ოცნებამ", რომ რაღაც ვერ ესწრება. მან აირჩია უკანონოდ ხელისუფლების შენარჩუნების პრიმიტიული გზა. ამით ისარგებლეს დაბალრეიტინგიანმა პარტიებმა, რომლებიც პარლამენტში არიან. იმდენად დიდია სურვილი საარჩევნო კოდექსის შეცვლის, რომ ყველასთან გვექნება კოორდინაციის საშუალება. თანამშრომლობა აუცილებლად უნდა მოხდეს. არასამთავრობოებიც გვიერთდებიან ამ მოთხოვნაში. სრული კონსენსუსი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. რეფორმის აუცილებლობაზე თეა წულუკიანიც დამეთანხმა, დამპირდა, რომ დააფიქსირებს ამ პოზიციას სამუშაო ჯგუფის ფარგლებშიც. ვნახოთ, რა იქნება. ვფიქრობ, ამ პროცესში პარლამენტიც ჩაერთვება და დიპკორპუსიც.

 

 

 

 

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016