„ასავალ-დასაველი" აგრძელებს ინტერვიუების ციკლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილთან, „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელ ნანა დევდარიანთან. ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელთა გააზრებისა და სიღრმისეული განცდის გარეშე საქართველო ვერანაირად ვერ შეინარჩუნებს საკუთარ უნიკალურ სახეს თანამედროვე გლობალიზაციის უსასტიკეს სამყაროში...
- ქალატონო ნანა, ჩვენი წინა საუბარი საქართველოს გეოპოლიტიკურ არჩევანზე შევაჩერეთ - ჩვენ ხომ ისევ ორ იმპერიას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება... ადრე იყო არჩევანი ოსმალეთსა და სპარსეთს შორის, ახლა - აშშ-სა და რუსეთს შორის...
- ჩვენი პოლიტიკური ნომენკლატურის („ელიტას" მას ვერ ვუწოდებ) მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ, დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა, ვერ მოახერხეს ერთი რამ: არ გადაექციათ საქართველო ორი იმპერიის დაპირისპირების პოლიგონად!
დიახ, ჩვენ რაც გვჭირს ეს წლები, სწორედ ის არის, რომ საქართველო გადაიქცა რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების ასპარეზად! ამიტომ დავკარგეთ ძირძველი მიწები, ამიტომ დაგვენგრა თავზე ეკონომიკა, განათლება, სოფლის მეურნეობა...
მაგრამ, მოდით, სანამ ამერიკასა და რუსეთზე ვისაუბრებთ, აგერ, ჩვენს მეზობელ თურქეთს მივაპყროთ ყურადღებიანი მზერა!
ამას იმიტომ ვამბობ, რომ რუსეთისა და ამერიკის ინტერესებზე გამუდმებული საუბრებისას ჩვენ გვავიწყდება ძალიან სერიოზული რეგიონული მოთამაშე - თურქეთი!
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დავუდოღლუს ღია ტექსტით აქვს გაცხადებული, რომ თურქეთს აქვს პრეტენზიები ოსმალეთის იმპერიისდროინდელ ტერიტორიებზე!
- და მათ შორი, აჭარაზეც!
- დიახ, და არა მხოლოდ აჭარაზე! მოდით, აქ მეტს ნურაფერს ვიტყვით!
ისევ ილია გავიხსენოთ: ხმლით მოსული მტერი ვერაფერს გვაკლებდა, ახლა უხმლოდ მოსული მტერი გვიპყრობსო!
თანამედროვე თურქეთის მამები პირდაპირ იძახიან, რომ ტერიტორიების დაპყრობისთვის სულაც არ არის საჭირო თოფი და ხმალი!
გლობალიზაციის მთავარი საფრთხე მხოლოდ ის კი არ არის, რომ შენს კულტურას და მსოფლხედვას უპირებენ გათელვას, არამედ ფინანსურ-ეკონომიკური დაკაბალება!
გადავხედოთ საქართველოს შიდა ბაზარს და მივხვდებით, რომ თურქეთს არა მხოლოდ აჭარაზე უჭირავს თვალი, არამედ მისი მოქალაქეები დედაქალაქის ცენტრში - აღმაშენებლის გამზირზეც მშვენივრად და შინაურულად გრძნობენ თავს!
ახლა, მოდით, კიდევ ერთი ასპექტი გავაანალიზოთ: დღეს თურქეთში უფრო მეტი გენეტიკური ქართველი ცხოვრობს, ვიდრე თავად საქართველოში! მაგრამ იქაურ ქართველებს არანაირი არჩევანი, გარდა ისლამისა, არა აქვთ! მეტიც, მათ ყველას პასპორტში უწერიათ ეროვნება - „თურქი"!
ახლა, გავიხსენოთ, ჯერ მეფის რუსეთის იმპერია, შემდეგ კი, „ბოროტების იმპერიად" მონათლული საბჭოთა კავშირი. ჩვენთვის ეროვნება - ქართველი არავის წაურთმევია!
ამდენად, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, საბჭოთა იმპერიის პირობებშიც კი, ჩვენ ეროვნების გრაფაში გვეწერა - „ქართველი", მაშინ, როდესაც XXI საუკუნეში, „დამოუკიდებელ საქართველოში", ჩვენ ამის უფლება, ელემენტარულად, წაგვართვეს!
- საბჭოთა კავშირს ნამდვილა არ მივტირი, მაგრამ პარადოქსულად კი ჟღერს ის ფაქტი, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში არა მხოლოდ ეროვნება და მამის სახელი გვქონდა ოფიციალურ დოკუმენტებში, არამედ მაშინ საქართველოში ყვაოდა კინო, თეატრი, მეცნიერება, სოფელი და უამრავი სფერო!
- დიახ! ცოტა უცნაური იმპერია გამოდის...
ისევ თურქეთს დავუბრუნდეთ: თურქეთი მოითხოვს აქ მეჩეთების აშენებას. ამაზე, ერთადერთი, პატრიარქი პასუხობს, რომ სანაცვლოდ ქართველებმა უნდა შევძლოთ ტაო-კლარჯეთის ისტორიულად ქართულ მიწაზე ტაძრების ამოქმედება და ღვთისმსახურება!
მაგრამ ამას მხოლოდ პატრიარქი მოითხოვს, ხელისუფლება - წინაც და ამჟამინდელიც - მორცხვად დგას და დუმს!
- რატომ „რცხვენიათ" თურქეთისა?!
- იმიტომ, რომ საკუთარი სკამები უფრო ემშობლიურებათ, ვიდრე სამშობლო!
ამ ერთი კვირის წინათ, ქობულეთში მუსლიმური პანსიონატის გახსნასთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის კვალობაზე, საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რელიგიის საკითხთა მინისტრი და მენტორულად დაგვმოძღვრა, როგორ უნდა ვცეთ პატივი რელიგიურ უმცირესობებს! ეს არა მხოლოდ ცინიზმია თურქი მოხელის მხრიდან, არამედ თავს ლაფის დასხმაა ჩვენთვის!
ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩემი სახალხო დამცველობისას სერიოზულად დავინტერესდი თურქეთის ციხეებში მყოფი ქართველი პატიმრების ბედით. მივწერე დიპლომატიურად თურქეთის იუსტიციის მინისტრს - ან მანდ გააუმჯობესეთ პირობები, ანდა საქართველოს ციხეებში გადმოგვაყვანინეთ-მეთქი! რეაქცია - ნული! მაშინ, ავდექი და მივწერე მეორე წერილი, სადაც ძალიან მკვეთრად დავუსვი საკითხი: ან პრობლემა მოაგვარეთ, ანდა... ევროკავშირს ჩავაყენებ საქმის კურსში, თქვენ რომ ასე ისწრაფვით-მეთქი!
ერთი კვირის შემდეგ, თურქეთის იუსტიციის მინისტრი ჩამოვიდა თბილისში, დიდი მოკრძალებითა და პატივისცემით იქცეოდა და სულ მალე ქართველი პატიმრები საქართველოში გადმოვიყვანეთ!
ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ თუ შენ ინტერესებს პრინციპულად დაიცავ, თავზე ვერავინ გადაგახტება!
- არადა, ხომ ყველამ იცის: აჭარაში, იმ მუსლიმურ პანსიონებში თურქული ფულით, თურქეთის განათლების სამინისტროში შედგენილი პროგრამით, თურქებს გვიზრდიან!
- დიახ! ეს არის თურქული ექსპანსია საქართველოში!
იცით, ჩემთვის სულერთია, ამერიკელი გამიზრდის ქართველს ამერიკულად, თუ თურქი - თურქად! მთავარი ის არის, რომ ამ ყმაწვილებში ქართული სული აღარ ენთება!
ალბათ, ჩემზე დიდი მოწინააღმდეგე ასლან აბაშიძეს არ ჰყავდა და არც ახლა ვაპირებ მისთვის დითირამბების აღვლენას, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: ის იყო ქართველი პატრიოტი! მისი მმართველობისას (რომელიც მართლაც, საკამათოა) თურქები აჭარაში ფეხის წვერებზე დადიოდნენ, რადგან ასლან აბაშიძემ კარგად იცოდა, რომ დიდი მემედ აბაშიძის შთამომავალი იყო!
სააკაშვილი რომ გაჰყვიროდა, აჭარა გავათავისუფლოთო, თურმე, თურქებისთვის გაუთავისუფლებია ეს ძირძველი ქართული კუთხე!
მე ერთი რამ ვიცი: ქართველი ხალხი არასოდეს არ დაუშვებს აჭარის თურქეთის ვილაიეთად გადაქცევას!
და მე ნამდვილად არ მშურს იმ ხელისუფლებისა, რომელიც თურქეთს რომ არ აწყენინოს, მას აჭარას მიუგდებს საჯიჯგნად!
ასე, ეს ავადსახსენებელი სააკაშვილიც ხომ გვიმტკიცებდა, თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიაო!
ჰოდა, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიხსენონ, რა მიმართულებით გააგზავნა ქართველმა ხალხმა და, კერძოდ, აჭარლებმაც, ეს „თურქეთის დიდი მეგობარი"!
ესაუბრა გიორგი გიგაური
გაზეთი „ალია"