ამბოხიდან ამბოხამდე სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა დაწყებულია. „ნაციონალური მოძრაობის" გეგმის მიხედვით, „თბილისური მაიდანის" სახელით დაწყებული ბრძოლა, სახელმწიფო გადატრიალებით უნდა დასრულდეს. გამოყოფილია მილიარდი დოლარი რამდენიმე „ნაციონალური" არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და „ჯოჯოხეთის მომწყობი" მედიასაშუალებებისთვის.
რატომღაც, აღმოჩნდა, რომ ის ტელევიზიებიც კი, სადაც 9 წლის მანძილზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არა თუ მისვლას არ კადრულობდნენ, არამედ ტელეჟურნალისტებს იარღის ძალით მიწაზე ახოხიალებდნენ, დღეს მათ სასურველ რესპონდენტებად იქცნენ, მაგრამ რა ქნას სააკაშვილისგან აოხრებულმა ტელევიზიამ, თუკი დამნაშავე რეჟიმს დღეს, ოპოზიცია ჰქვია?
თუმცა, ერთი რამ ცხადია, „ნაციონალებს" ტელევიზიებით შტურმის პირველი ეტაპი დაწყებული აქვთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ი კვლავ ფლაგმანია. ამ არხის გენერალურმა დირექტორმა და ფაქტების გაყალბების დიდოსტატმა ნიკა გვარამიამ „ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ „ჯოჯოხეთის მოწყობა" დაუანონსა. ამ საქმეში გვარამია მარტო არ არის, „ნაცმოძრაობის" მთავარი იდეოლოგი გიგა ბოკერია და მისი მხაირული მეუღლე, თამარ ჩორგოლეიშვილი 24-საათიან რეჟიმში, ჯოჯოხეთის სამზადისში არიან, მათი მიზანმიმართული და კარგად გათვლილი ნაბიჯები ემსახურება არა ჟურნალისტიკას, ხელისუფლების მხილებასა და რეალურ კრიტიკას, არამედ ხელისუფლების დისკრედიტაციას, სამართალდამცავების კომპრომეტაციას და ხელისუფლების შიგნით ბზარების შეტანას.
„ეროვნულების" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე „ალიასთან" საუბარში აცხადებს: „ეს პრელუდია, რასაც „ნაციონალური" ტელევიზიების ეკრანებიდან გვაჩვენებენ, საჭიროა იმ პიკისთვის, რომელსაც „თბილისური მაიდანი" უნდა დაერქვას და სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდეს. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ 20 სექტემბერს, „რუსთავი 2"-ის ზონდერგადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში" გასული ე.წ. კანონიერი ქურდებისა და მაყურებლების საუბრების ნაწილი არის სააკაშვილის მმართველობის დროს ჩაწერილი (ეტყობა, შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა უტიაშვილმა შეინახა და თავის ცოლს, ეკა კვესიტაძეს გადასცა), ხოლო ნაწილი დამონტაჟებული ფალსიფიკაციაა. ყოველივე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციები და ფალსიფიკაციები კიდევ მრავალი იქნება!!! „ვარდისფერი საფრთხე" საბოლოოდ უნდა განეიტრალდეს, ქვეყნის მტრების ადგილი არც პარლამენტშია და არც პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ რეალობას ეფექტური ადეკვატური პასუხი სჭირდება. საფრთხე ჩანასახშივე უნდა მოისპოს!"
სააკაშვილის მართული ტელევიზიები, დიდი ხანია ნადირობენ კომპრომატებზე, თუმცა პრაქტიკულად ვერ მოხერხდა აქამდე „ციხის სკანდალური" კადრების გადაფარვა, მაგრამ ჯოჯოხეთის მანქანა ჩართულია და როგორც კარგად ინფორმირებული წყარო გვატყობინებს, სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკის ანატომიას მალე ჩაანაცვლებს ამ ხელისუფლების ანატომია.
ის რომ „რუსთავი 2"-ის დე ფაქტო პატრონი სააკაშვილია და მასთან შეუთანხმებლად ჟურნალისტი კი არა, დამლაგებელიც კი ვერ იწყებს მუშაობას, ეს უკვე წაკითხული წიგნია და მიშას ხელწერა ეკრანს შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა, „რუსთავი 2" სააკაშვილის კვალდაკვალ დადის ნიუ-იორკში, კიევში თუ მის პოლიტიკურ საპირფარეშოში. ისიც გასაგებია, ვის რა ვალდებულება აქვს „ნაცელიტასთან", თუმცა ძალიან გაუგებარია ზოგიერთი ჟურნალისტის მიშას არხზე გადასვლა, ვინც წლების მანძილზე სწორედ მისი მხილებით იყო დაკავებული და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიშას და მისი რეჟიმის პოლიტიკურ სამარეს ნიჩაბი პირველმა ჩაარტყა, როცა 2006 წელს გირგვლიანის მკვლელობის სკანდალური ფაქტი ღია და საჯარო გახდა. „ანატომიის" ავტორისა და წამყვანის „რუსთავი 2"-ზე გადაბარგება ისეთივე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჟურნალისტურ წრეებში, როგორც მისი სიუჟეტი გირგვლიანზე, საიდანაც მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ გირგვლიანი მერაბიშვილის უწყების თანამშრომლებმა მოკლეს. სააკაშვილმა მის წინააღმდეგ მომართული იარაღი ხელში ჩაიგდო და უკვე გასაგებია, რისთვის გამოიყენებს ის ამ „იარაღს"...
ეშმაკთან წილი ნაყარია და ხელისუფლებაზე სისტემური დარტყმები დაწყებულია! და მაინც, ვინ იქნება მთავარი სამიზნე? მთავარი სამიზნე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. სააკაშვილისა და მისი მკვლელი რეჟიმის დაუძინებელი მტერი უნდა განეიტრალდეს, ასეთია დავალება. ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება ფართომასშტაბიანი იერიშის მიტანა ღარიბაშვილზე, რომელსაც სააკაშვილის ტელევიზიით მიეძღვნება გადაცემათა ციკლი, რაც პირდაპირ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, თუმცა რამდენად მიაღწევენ მიზანს ღარიბაშვილის მტრები, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა პოლიტიკურ კომბინაციებს აპირებს პრემიერი.
ის, რომ ხელისუფლებაში პრობლემებია და პრეზიდენტი მარგველაშვილი გუნდური თამაშიდან ამოვარდნილია, ეს ფაქტია. „ნაციონალების" ოცნებას, ეს პროცესი წყალს ასხამს და ამაზე ფაქტებიც მეტყველებს, შემთხვევითი არაა, როცა სააკაშვილი ალასანია-მარგველაშვილს ამოეფარა და სახელმწიფო ინსტიტუტებს „იცავს", მაშინ, როცა სახელმწიფო - ეს თვითონ იყო და ფეხქვეშ თელავდა ყველასა და ყველაფერს. არც ისაა შემთხვევითი, როცა „ნაციონალები" „დაჩაგრულ" პრეზიდენტს იცავენ, როგორც სახელმწიფოს სიმბოლოს და თავს ესხმიან პრემიერ-მინისტრს, როგორც მთავრობის ხელმძღვანელს. მეტიც, პრეზიდენტის მხარდაჭერის პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური" ტელევიზიებით ხდება შეთავაზება, რომ „რუსთავი 2"-ზე მარგველაშვილის ქალიშვილმა გასართობი გადაცემა ჩაიბაროს, ხოლო პრეზიდენტის მეუღლე „იქს ფაქტორის" ჟიურის წევრი გახდეს. ამავე დროს, ამავე არხზე პრემიერ-მინისტრისა და მისი გარემოცვის დისკრედიტაციის მიზნით გადაცემების მომზადება კი ნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის" იგივე გზის დაანონსებას, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ 2003 წელს მაშინ, როცა შევარდნაძის ხელისუფლების შიგნით არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა „ვარდების რევოლუცია" მოაწყვეს. მარგველაშვილის სახით სწორედ ეს საფრთხე დგას ქვეყანაში, მაგრამ ყველაფერი მაინც ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მარიფათზეა დამოკიდებული. კოალიცია „ქართული ოცნების" დინამიკა, რომელიც ეკლექტურია და მათი ნდობა პოლიტიკური ხარაკირის გაკეთებას ნიშნავს (ეს ქართული პოლიტიკის ანიბანია), მიგვანიშნებს, რომ კოალიციაში შემავალი რამდენიმე სუბიექტი დამოუკიდებელი თამაშის დასაწყებად ემზადება.
დიდი ხანია არსებობს მოლოდინი, რომ პრემიერი, რომელიც ამავდროულად „ქართული ოცნების" თავმჯდომარეა, რეორგანიზებას მოახდენდა და გაძლიერდებოდა. რეორგანიზება დაიწყო კიდეც, ღარიბაშვილს გადაწყვეტილი აქვს, გუნდი თანამოაზრეებით დააკომპლექტოს, ერთ მუშტად შეკრას, გააძლიეროს და ერთი იდეოლოგიის გარშემო გააერთიანოს. ასეთ კომბინაციაში კი ბევრი, ვინც დღეს, „ქართული ოცნების" ნიღაბს არის ამოფარებული, ამ გუნდში ვერ აღმოჩნდება, ღარიბაშვილმა კარგად იცის, ვინ არის მის პარტიაში გამყიდველი და ვინ მისი თანამოაზრე. მურმან დუმაძე არ იქნება ბოლო, ვისაც პარტიიდან გარიცხავენ, ამ პარტიის სახელით პარლამენტში სხედან დეპუტატები, ვინც „ქართული ოცნების" ოპოზიციაა და არა გუნდის წევრი. თავის დროზე, თუკი ვინმე პარტიის პოლიტსაბჭოში არ მოხვდა, საკუთარ თავში ჩაიხედოს და მიხვდებიან, რომ მათი თეთრი კბილების მიღმა, შავი ზრახვები იმალება. პარტია რომ გასაწმენდია ორსახოვანი იანუსებისგან, ეს ფაქტია, მაგრამ ვის მისცემს ღარიბაშვილი ლეგიტიმაციას, რომ პარტიის რეორგანიზაცია მოახდინოს და ფულზე შეყვარებულები ქვეყანაზე შეყვარებულებით ჩაანაცვლოს? ფაქტია, რომ დიდი საორგანიზაციო სამუშაოებია ჩასატარებელი, როგორც პარტიის შიგნით, ასევე რეგიონებში.
„ალიას" ინფორმაციით, ადამიანი, ვისაც ღარიბაშვილი ნდობას გამოუცხადებს ამ რთულ საქმეში, იქნება ზვიად ჯანყარაშვილი, თუმცა მის კანდიდატურას გუნდის შიგნით რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა ეწინააღმდეგება, რადგან პრემიერის ახლო ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილის შემოყვანით, მათი პოლიტიკური სარბიელი საბოლოოდ იკეტება და მათ ამბიციებსაც წერტილი ესმება.
ამიტომაც ღარიბაშვილის ოპონენტების მთელი ძალისხმევა გადასული იყო იქითკენ, რომ ჩაეგდოთ ჯანყარაშვილის კანდიდატურა. ჯანყარაშვილი, რომელიც პარტიის აღმასრულებელი მდივანი გახდა, აქტიურად იყო ჩაბმული პარტიის მშენებლობაში და 2012 წლის არჩევნებში. ისიც კარგად იციან, რომ ჯანყარაშვილს ვერაფერს გამოაპარებენ, ვერ მოისყიდიან და ის ღარიბაშვილმა სწორედ ერთგულების ნიშნით შეარჩია. „დროსთან" მოთამაშეებმა შედეგები ვერ დაუდეს, არადა პრემიერი პარტიის შიგნით კონკრეტული შედეგების დადებას ითხოვს. ამ გადაწყვეტილების გამო პრემიერი და მისი ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდებიან „ნაციონალური" ტელევიზიების სამიზნე. შეგახსენებთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდეობა ეკავა, ის ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია. ჯანყარაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნას „ნაციონალების" მხრიდან დაუსრულებელი კრიტიკა მოჰყვა, რომ ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმის ნიშნებს, რაზეც პრემიერმა განმარტა:
„რაც შეეხება ნეპოტიზმს... მინდა, რომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ გავაკეთო განმარტება და დავასრულო სპეკულაციები. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ამ აბსურდულ ბრალდებებს იმეორებენ სხვადასხვა ტელევიზიები და მედიასაშუალებები. ყველაზე მთავარი „ბრალდება", რაც ჩემი მისამართით ისმოდა, ის იყო, რომ შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო ჩემი მეუღლის ნათესავი. მე ეს თავიდანვე ვთქვი, როდესაც მინისტრად დავინიშნე, რომ ეს ადამიანი არის ჩემი ნათესავი, მაგრამ იქვე განვმარტე, რომ ის არ დამინიშნავს ნათესაური ნიშნით, არამედ შევარჩიე, როგორც პროფესიონალი, როგორც დასაყრდენი ძალა. მინდა მოსახლეობას განვუმარტო, მე ძალიან რთულ პერიოდში მომიწია მინისტრობა. რეალურად მარტო მივედი შს სამინისტროში. მე მჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც შიგნით დავეყრდნობოდი. ჩვენ ერთად და კიდევ რამდენიმე ადამიანმა გადავატრიალეთ, 180 გრადუსით შევცვალეთ შს სამინისტრო. ის პატიოსნად და ღირსეულად ემსახურა თავის საქმეს . გააკეთა, დამეხმარა, დაიხურა ქუდი კაცმა და წავიდა. რა არის ამაში გაუგებარი და მიუღებელი. რომელიმე ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ასეთი რამ არის დასჯადი და სკანდალის თემა".
ზვიად ჯანყარაშვილი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად 2012 წლის ნოემბერში დაინიშნა. 2014 წლის 15 აპრილს მან თანამდებობა დატოვა. „ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ჩემი ნათესაობის თემაზე ამ ნაბიჯით მინდა დასრულდეს სპეკულაციები", - ეს იყო მისი ბოლო განცხადება, რითაც ჯანყარაშვილის თემა დაიხურა, თუმცა დროებით. ზვიად ჯანყარაშვილი ახალ ამპლუაში ბევრი ჩასაფრებულის სამიზნე ხდება, განსაკუთრებით კი მათი, ვისაც პარტია „ქართული ოცნების" სამკედე ნიშანი ამშვენებს და ზურგს უკან „ქართულ ოცნებას" სამარეს უთხრის, კონკურენტ ბანაკში ადგილს იზომავს და გადასახტომად ემზადება. მაინც ფრთხილად იყავით, ორსახოვანი იანუსები, ფეხი არ აგიცდეთ და თქვენივე ხელით გათხრილ სამარეში არ აღმოჩნდეთ!
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"