reportiori.ge - კიდევ ერთხელ პატარკაციშვილი-კოდუას საუბრის ჩანაწერის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:02
ინტერვიუ
კიდევ ერთხელ პატარკაციშვილი-კოდუას საუბრის ჩანაწერის შესახებ
ავტორი:
24 სექტემბერი, 2014. 23:36



„საქართველო და მსოფლიომ" 32-ე ნომერში გამოაქვეყნა საუბარი ბადრი პატარკაციშვილის უახლოეს მეგობართან, ბესო კეიდიასთან „ვინ ჩაიგდო ხელში პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის ჩანაწერი, რომელიც „იმედის" ეთერში უნდა გასულიყო".


ვუბრუნდებით ამ თემას. ჩვენი რესპონდენტი კვლავ ბატონი ბესო კეიდიაა.


- ბატონო ბესო, თქვენ იცით, რომ პატარკაციშვილი-კოდუას აუდიოჩანაწერის გაყალბების რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. გარდა იმ ვერსიის, რომლის თანახმად საუბარი კოდუამ ჩაიწერა, სხვა ვარიანტები ემთხვევა თქვენს ნათქვამს, კერძოდ, რომ ეს ჩანაწერი მერაბიშვილის უწყებამ ჩაიგდო ხელში, მაგრამ როგორ, ვისი დახმარებითა და ხელშეწყობით, აქაა ვარიაციები. ეგებ, ცოტა უფრო გაშიფროთ თქვენი ვერსია.


- უპირველეს ყოვლისა, ის, რასაც თქვენ ჩემს ვერსიას უწოდებთ, ჩემი ვერსია კი არ არის, არამედ პირველწყაროს - ბადრი პატარკაციშვილის მონათხრობია.


ამ ვერსიის ლოგიკა ასეთია: ჩანაწერი ხელისუფლებამ ხელში რომ ჩაიგდო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ სპეცსამსახურის გარდა არის კიდევ ორი ადრესატი, ვინც საქართველოში მიიღო ჩანაწერი: „იმედი", ანუ გიორგი თარგამაძე და პატარკაციშვილის პრესსამსახური. ამ ორმა უკანასკნელმა აუდიომასალის „იმედის" ეთერში გაშვება დაამუხრუჭა, დააგვიანა, რითაც სპეცსამსახურს დრო მიეცა, გაეყალბებინა ეს მასალა, გარკვეული ადგილები ისე დაემონტაჟებინა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა. ნებით დაამუხრუჭეს, თუ ობიექტური ვითარების ზეგავლენით,  ხელისუფლების მუქარისა და ძალადობის მიზეზით, ვერ გეტყვით. ბადრის ვისზეც ეჭვი ჰქონდა, ის ადამიანი გარდაცვლილია, ხოლო გარდაცვლილზე, თქვენს მკითხველებს მოეხსენებათ, ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს.


ფაქტი ერთია, ჩვენებმა დააგვიანეს, ან დაამუხრუჭეს ეთერში ჩანაწერის გაშვება, რამაც ხელი შეუწყო გამყალბებლებს განეხორციელებინათ შავი პიარი ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, კერძოდ, საზოგადოების თვალში იგი წარედგინათ როგორც მკვლელობის დამკვეთი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც აპირებდა კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ამ გზით საქართველოს პრეზიდენტად მოვლინებას.


- ამ ჩანაფიქრის საფანელად გამოიყენეს მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ მოსკოვში პატარკაციშვილის ფეხზე დადგომას, ავტორიტეტისა და სერიოზული გავლენის მოპოვებას ხელი შეუწყო კვანტრიშვილმა, რომელიც იმ დროს თითქოს მართავდა მოსკოვის კრიმინალურ სამყაროს. შეიყვანა ბადრი ამ სამყაროში და დაამკვიდრა. ხოლო შემდეგ პატარკაციშვილი რაღაც ფორმით თითქოს მონაწილეობდა მის ლიკვიდაციაში.


- სისულელეა! კვანტრიშვილი იმათ მოკლეს, ვისთანაც კონკურენციის გამო დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.


- ბადრის არ ჰქონდა ურთიერთობა კვანტრიშვილთან?


- ურთიერთობა როგორ არ ჰქონდა. ბადრი ყველას იცნობდა. რაც ბადრიმ გააკეთა იმავე რუსეთში, იმას არც კვანტრიშვილი სჭირდებოდა, არც არავინ. მე კიდეც გითხარით, რომ პირველი დიდი ოპერაცია, რომელიც ბადრიმ და ბორის ბერეზოვსკიმ რუსეთში განახორციელეს, ტოლიატის ავტოქარხანასთან იყო დაკავშირებული, როცა „ავტოვაზის" ბაზაზე სააქციო საზოგადოება „ლოგოვაზი" ჩამოაყალიბეს. ყველა ფინანსურ ოპერაციას, ფინანსურ ნაკადებს ბადრი აკონტროლებდა. კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი და გარიგება კი არა, სწორედ პატარკაციშვილმა ჩამოაცილა ქარხანას ე.წ. „ბრატვა", რომლის ნებართვის გარეშე ერთი მანქანაც ვერ ჩამოდიოდა მთავარი კონვეიერიდან.


სხვათა შორის ეს მომენტი პატარკაციშვილზე და ბერეზოვსკიზე გადაღებულ ფილმშიც არის. პირდაპირ გეტყვით, მაშინ ისეთი არეული დრო იყო, რომ მართლაც შეიძლებოდა ყოფილიყო კრიმინალურ დაჯგუფებებთან მკვეთრი დაპირისპირებაც და დაპირისპირების მოლაპარაკების გზით მოგვარებაც. ვერავინ დაიჩემებს, რომ გამორიცხული იყო ანგარებიანი ვარიანტები. მაგრამ ბადრიმ ისე გაიარა ეს ურთულესი პერიოდი, რომ არც საქმე დაზარალებულა, არც სახელი შეულახავს. სიტყვის კაცი იყო და ამიტომ ენდობოდნენ. მტერი არ ჰყოლია. ის კი არა, მოსკოვის საქმიან წრეებში საქმე რომ გქონდეს, ბადრის სახელის ხსენებაზე დღესაც ყველა კარი გაიღება და დახმარებაც გარანტირებული გექნება.


- ზოგიერთ პუბლიკაციაში, ბატონო ბესო, იმაზე არის ლაპარაკი, რომ პატარკაციშვილი დაეხმარა რომან აბრამოვიჩს რუსეთის ალუმინის წარმოება მთლიანად  ხელში ჩაეგდო. იმ დროს ალუმინი იყო ის ერთადერთი ნედლეული, რომელიც მთელ მსოფლიოში უდიდესი მოთხოვნილებით სარგებლობდა, და არნახულ მოგებას იძლეოდა. ჩავიდა, მოაცილა კრიმინალური დაჯგუფებები ამ დარგს და როცა ყველაფერი დაამთავრა, აბრამოვიჩს შეუთვალა - ჩამოდი და იმეფეო. აბრამოვიჩი ამ გაწეული სამსახურისთვის საკმაოდ დიდ თანხას იხდიდა...


- აბრამოვიჩი, იცით, ვინ იყო? ბადრის და ბორიას „ლოგოვაზში" ხელის ბიჭად ჰყავდათ. სტუმრებს ამას მიუჩენდნენ ხოლმე. ბადრის ნათქვამიდან ვიცი, საუბარში ახსენებდა ზოგჯერ.


ჭკვიანი ბიჭი გამოდგა. საქმეს ალღოს უღებდა. ბორიას და ბადრის მოსკოვიდან რომ მოუწიათ წამოსვლა, ძებნაში რომ გამოაცხადეს, მაშინ გაშალა ფრთები, თორემ ამათ დროს რას წარმოადგენდა?! არც არაფერს.


პირდაპირ გეტყვით, სანამ ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი ფეხზე იდგნენ, რუსეთის ლეგალური ბიზნესის 65 პროცენტი მათ ხელში იყო. „სიბნეფტი", „როსნეფტი", „მეტალოინვესტი", „ლოგოვაზი", სხვა დიდი საწარმოების, პირველი ტელეარხის, ტვ-6-ის აქციები და, თუ რამე იყო მნიშვნელოვანი, ყველაფერი ამათ ეკუთვნოდა. უმაღლეს დონეზე კადრების მოყვანა, დაწინაურება უამათოდ არ წყდებოდა. უფრო დეტალურად ამაზე საუბარი ახლა არ ღირს, წასული საქმეა.


- ერთ პერიოდში აბრამოვიჩს გაურთულდა ურთიერთობა ბერეზოვსკისთან, რომელმაც მილიარდერ აბრამოვიჩს 500 მილიონიანი ვალის გადახდა მოსთხოვა.


- სარჩელი ბერეზოვსკიმ მართლაც შეიტანა ლონდონის სასამართლოში, რადგან მისმა ადვოკატებმა დაარწმუნეს, რომ საქმეს მოიგებდა, მაგრამ წააგო. სასამართლოდან რომ გამოვიდა, ბორიამ ჟურნალისტებს ცინიკურად განუცხადა, მოხიბლული ვარ ბრიტანეთის მართლმსაჯულებითო. ფულმა გადაწონა და აბრამოვიჩს მოაგებინეს. ბერეზოვსკიმ ყველაფერი დაკარგა, საქმის თავიდან დაწყების თავი კი აღარ ჰქონდა.


დაიწყო წერილების წერა პუტინთან - ყველაფერს ვინანიებ, მინდა ჩამოვიდე რუსეთში, დავიმარხო დედაჩემის გვერდით და ა.შ.


მერე კი იპოვეს ჰალსტუხით ჩამოკიდებული თავის აბაზანაში...


- სასამართლოდან გამოსულმა ბერეზოვსკიმ ისიც თქვა, რომ ის ფული აბრამოვიჩმა რომ მიითვისა, ჩემიაო.


- მიითვისა, აბა რა!


- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ ფინანსურ ნაკადებს პატარკაციშვილი განაგებდა სრულად.


- ფინანსურ ნაკადებს კი არა, ყველაფერი, მთელი საქმე, რაც ბიზნესთან იყო დაკავშირებული, ბადრის ხელში იყო. ბერეზოვსკი პოლიტიკით იყო დაკავებული...


- სადაც ვერ შეძლო თავის გამოჩენა და წააგო კიდეც ყველაფერი.


- მეტსაც გეტყვით, ბერეზოვსკისა და ბადრის წინააღმდეგ საქმე რომ აღიძრა, ბორია ლონდონში გაიქცა და იქიდან შეუტია პუტინს. ხან რას წამოიწყებდა, ხან რას. ერთი პერიოდი უკრაინის „ნარინჯისფერ რევოლუციაშიც" ჩაერთო, იუშჩენკოს მრჩეველი გახდა...


ბადრი საქართველოში ჩამოვიდა და აქაური საქმეებით დაკავდა. მათ შორის, მეცენატობით, ქველმოქმედებით, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებით...


- შევარდნაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და როცა ამის შესახებ ერთ-ერთ სამიტზე პუტინს უთხრა, მან უპასუხა: „ბადრი ხოროში". ბადრი კარგი კაციაო. ასე მითხრა ედუარდ შევარდნაძემ, ერთ-ერთ ინტერვიუში.


- ბადრი მართლაც კარგი კაცი იყო. ამიტომაც არ დევნიდნენ. ბერეზოვსკივით პოლიტიკურ ავანტიურებში არასოდეს ჩარეულა.


- და როცა საჭირო გახდა, ავანტიურისტი ხელისუფლების საქართველოსთვის მოცილებას მოჰკიდა ხელი. მაგრამ მანამდე მას აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებთან, რომლებიც ჯერ ოპოზიციაში იყვნენ, შემდეგ ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდნენ.


- ურთიერთობა მართლაც ჰქონდა. დღე და ღამე მასთან იყვნენ მიშაც, ზურაც, ვანოც და კიდევ, რა ვიცი, ვინ.. ბადრი ფინანსურად ეხმარებოდა „ვარდების რევოლუციამდეც" და შემდეგაც. დიდი ფული დაახარჯა. გარედან ისე ჩანდა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. დიდად იყვნენ მისგან დავალებული.


- ეტყობა, გავლენაც ჰქონდა მათზე, რადგან, როცა პატარკაციშვილთან საუბრის შემთხვევა მომეცა, მან მითხრა: ეს ბიჭები ქვეყანას აქამდეც აურევდნენ, მე რომ არ ვაჩერებდეო. ბოლომდე, როგორც ჩანს, არ სჯეროდა მათი „პროგრესულობის".


- ბადრის აზრით, შევარდნაძე უნდა გადამდგარიყო, პრეზიდენტად აირჩევდნენ მის მიერ შერჩეულ „მემკვიდრეს". ოპოზიცია მოვიდოდა უმრავლესობით პარლამენტში, მთავრობასაც იგი დააკომპლექტებდა. შევარდნაძეს პირისპირ ელაპარაკა ამის შესახებ, მაგრამ შეთავაზებულ წინადადებაზე უარი მიიღო.


გიყვებით იმას, რაც ბადრისგან მაქვს გაგებული.


რადგან მისი წინადადება არ იქნა მიღებული, ბადრი ოპოზიციისკენ გადაიხარა. განსაკუთრებით ჟვანიას დაუახლოვდა. ეს ზოგიერთს არ მოსწონდა და სააკაშვილს ურჩევდნენ თავი დაენებებინა ზურაბისთვის. სააკაშვილსა და ჟვანიას შორის ურთიერთობა ამ პერიოდში ძალიან დაიძაბა. იჩხუბეს კიდეც, და როცა კაბინეტიდან გამოდოიდა ჟვანია, კარებიდან უთხრა მიშას: - შენ მეც დამღუპავ, საკუთარ თავსაც და ქვეყანასაცო. შემდეგ ბადრი ჩაერია მათ ურთიერთობაში და შეარიგა.


- ასე რომ მოხდა, პატარკაციშვილისგან იცოდით?


- ვიცოდი რა, სულ იქ არ ვიყავი?! შემდეგ თანდათან ბზარი გაჩნდა ახალგაზრდების ბადრისთან ურთიერთობაში. ამათ თავიანთი ძალა ირწმუნეს: ბადრი რად გვინდა, აგერ არა ვართ ჩვენო? ეტყობა, სხვა ფულის წყაროც გაუჩნდათ და თანდათან დაიწყეს პატარკაციშვილის იგნორირება. ბადრი რამეს რომ თხოვდა, ეს ძირითადად ბიზნესს ეხებოდა, არ უსრულებდნენ. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ეუბნებოდა, მე თუ გისრულებთ თქვენს თხოვნას, თქვენც ვალდებული ხართ, ასე მოიქცეთ. მე ის ხომ არა ვარო...


მთაწმინდაზე იყო საუბარი, სპორტის სასახლეზე, ფოთის პორტზე ინვესტიციების ჩადების კუთხით.


ბადრი მაშინ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე იყო და უნდოდა სპორტის სასახლე თანამედროვე მოთხოვნების დონეზე მოეწყო: სპორტსმენებისთვის ნორმალური ვარჯიშის, სპორტული შეჯიბრებებისთვის საერთაშორისო სტანდანრტების შესაბამისი პირობები შეექმნა.


არ შეისმინეს.


ყულევის ტერმინალი ააშენებინეს და იქ რკინიგზის შეყვანაზე უარი უთხრეს. კი პირდებოდნენ, მაგრამ უჭიანურებდნენ - დღეს-ხვალ, დღეს-ხვალო, და აღარ თავდებოდა ტყუილი დაპირებები.


ურთიერთობა გაფუჭდა, განსაკუთრებით გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა „იმედმა" გადასცა სიუჟეტი ამ ტრაგედიის შესახებ. სამჯერ იყო ისეთი სიტუაცია, როცა ბადრი უკვე მიდიოდა ქვეყნიდან.


- ამასობაში სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის ტრიუმვირატი ხელისუფლების სათავეში დაფუძნდა.


- დიახ, სათავეში, თორემ ხელისუფლებაში ადრეც ხომ იყვნენ. დაპატიმრებას უპირებდნენ. ერთხელ თვითმფრინავში რომ იჯდა, ასაფრენ ზოლზე საათნახევრით გააჩერეს. არ მისცეს გაფრენის ნებართვა.


მათთან ბადრის ურთიერთობას საქმიანი მხარე ედო საფუძვლად, ქვეყნის განვითარება, სოციალური საკითხების მოგვარება, ჯანდაცვის პრობლემების გადაწყვეტა და ა.შ. რაც ამ მიმართულებებით გააკეთა ხომ ცნობილია... მაგრამ არ მისცეს საქმის გაგრძელების საშუალება. როგორც ამბობენ, „დაიქნიეს". ზურაბი რომ გარდაიცვალა, იმის შემდეგ მაგარი „ჯახი წავიდა". მანამდე კი იყო ისეთი მომენტი, რომ ან ჟვანია უნდა მოეცილებინათ, ან პატარკაციშვილი.


- იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ  ქვეყნის ხელმძღვანელობა ბადრის ლიკვიდაციასაც ცდილობდა?


- ჩემი თქმა რად გინდათ, განა ოქრუაშვილმა ამაზე არ ილაპარაკა ინგა გრიგოლიას გადაცემაში?!


მე სხვა ამბავს მოგიყვებით.


იმ ზაფხულს ძალიან ცხელოდა. ზუგდიდში ჩემს სახლში ვიყავი. სტუმრები გამთენიის პირზე წავიდნენ - საუბარში და ნარდის თამაშში გავერთეთ.


სახლი მანსარდიანია. ჩაცმული წამოვწექი და წამთვლიმა. უცებ რაღაც ხმაურმა გამომაღვიძა. ვიღაცა ჭიშკრის გაღებას ცდილობდა. ბინდბუნდში ვერ გავარჩიე ვინ იყო. დამაინტერესა და თვალი მივადევნე.


ის კაცი შემოვიდა ეზოში. მაგრამ იმ კარს არ მიადგა, საიდანაც ყველანი შევდიოდით. შემოუარა სახლს და უკანა კართან დადგა. ისე იქცეოდა, თითქოს ვიღაცას ემალებოდა. დავაკვირდი. ვიცანი. ეს იყო კაცი, რომელსაც ყოველთვის პატივს ვცემდი. უშიშროებაში მუშაობდა, სერიოზულ თანამდებობაზე.


გადავძახე, რამ შეგაწუხა-მეთქი?


მანიშნა - ჩუმათო.


ჩავედი და დიდი საიდუმლო გამანდო: ბადრი პატარკაციშვილზე დღეს-ხვალ თავდასხმა მზადდება. მოკლავენ, და თუ შესაძლებლობა გაქვს, გააგებინეო.


ასეთ საიდუმლოს ტელეფონით ვერ ვეტყოდი. სასწრაფოდ ჩავჯექი მანქანაში და რამდენიმე საათში ურეკში ჩავედი. მივადექი ბადრის სახლს კარგად გათენებულზე.


ვხედავ ბადრი ეზოში სეირნობს. მივედი და ვუთხარი, რაც შევიტყვე.


- ვიციო, - მიპასუხა ბადრიმ, - ყველა ზომა მიღებულია და ნუ ღელავო.


- სხვა შემთხვევა თუ იყო ასეთი, ან მსგავსი?


- იცით, რას გეტყვით? როცა ხელისუფლებაში მყოფი მაფია არასასურველი კაცის ლიკვიდაციას გადაწყვეტს, საშიშროება მის თავზე ყოველთვის ჰკიდია დამოკლეს მახვილივით. მუდმივი დაძაბულობაა, რომელიც გარეგნულად შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ყოველთვის შეიძლება იქ და მაშინ დაგატყდეს, როცა არ ელოდები.


ასე იყო ბადრის შემთხვევაშიც, და მეტს ვერაფერს გეტყვით.


P. S.

ვერ თქვა, მაგრამ იცის. გარკვეული ინტრიგა დარჩა. ალბათ, დადგება დრო, როცა ყველაფრის თქმა შეეძლება.

ან არ დადგება.


ესაუბრა არმაზ სანებლიძე



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016