„ალიას" გლდანს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ბასილ მკალავიშვილი ესაუბრა:
- მამაო, ქობულეთში მუსლიმანურ სკოლასთან დაკავშირებით დაპირისპირება არ წყდება. დაკლული ღორის თავის გაკვრა საპატრიარქომაც დაგმო და მრევლმაც. თქვენთვის ეს რისი ნიშანი იყო?
- იმას, რაც ქობულეთში მოხდა, შეიძლება ორი კუთხით შევხედოთ: პირველი, როგორც პროვოკაცია, რათა ურთიერთდაპირისპირება გამოიწვიონ მართლმადიდებლებსა და მუსლიმანებს შორის, ხოლო მეორე, თუნდაც მართლმადიდებელთა პროტესტი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. აბა, მოდით, მოვსინჯოთ და თურქეთის ქალაქებში გავხსნათ სამრევლო სკოლები, ან ჩვენი რწმენა ვიქადაგოთ, დარწმუნებული ვარ, ცოცხალს არ გამოგვიშვებენ. საქართველოში სამასამდე მეჩეთია, მეტი რაღა საჭიროა, სოკოებივით რომ ამრავლებენ. აჭარელი მუსლიმანების უმრავლესობა თურქული პოლიტიკის გამტარებელია. ყოველივე ამას ხელს უწყობენ ჩვენს მთავრობაში მოკალათებული პიროვნებები. ვაი-ქართველებმა არც აციეს, არც აცხელეს და განგაში ატეხეს, მათაც არ დააყოვნეს და ქობულეთში ჩავიდნენ, თავისი გაგებით, აჩვენეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მუსლიმანები არ არიან უპატრონონი. საკიხავია, როდის ილახებოდა მუსლიმანთა უფლებები საქართველოში? პირიქით, ყველასთვის ღიაა საქართველოს კარი და სწორედ ამიტომაც ვართ ამ დღეში.
ალბათ, გახსოვთ, თეა თუთბერიძე როგორ რწყილივით დახტოდა ტელევიზიებში და ეკლესიის ლანძღვა-გინებით იყო დაკავებული. ხელისუფლებას ხმა აქვს ამოსაღები? ღრმად რომ დაფიქრდეს ადამიანი, რეალურად მთელი პარლამენტი დასაშლელია, ვერც ერთი ვერ იქართველებს იქ, საერთოდ, ხმაც კი არ აქვთ ამოსაღები, რამეთუ ყოველგვარ ღალატთან წილნაყარნი არიან. ეს სიბინძურე რომ ამოიძირკვოს საქართველოში და შეჩერდეს ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, სასწრაფოდ უნდა დააპატიმრონ ბოკერია - ციხის ბუნტის დროს რვა კაცის მკვლელი.
- მამაო, სწორედ ხელისუფლების უნიათობის გამო, ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია. 23 სექტემბრიდან საპროტესტო აქციები იწყება ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით. არაერთი ადამიანისგან მსმენია, აქციაზე კი გავალ, მაგრამ ეკლესიის მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებაო. ხომ არ იცით, რას აპირებენ სასულიერო პირები?
- გეთანხმებით, ქართველი ხალხი მართლაც გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება. ქუჩაში გავლის დროს გული გიკვდება ამდენი გულგატეხილი ხალხის ცქერით, როგორი გასაცოდავებულები დადიან. ეტყობათ, რომ მწარედ არიან მოტყუებულნი; ისევ შიმშილი, სიცივე, უბინაობა, მატერიალური სიდუხჭირე. გასაოცარი ის არის, რომ სააკაშვილი და მისი ბანდა კვლავ ემზადებიან ხელისუფლებაში მოსასვლელად. ამ სამარცხვინო პროცესს მხარს უჭერს მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა გარკვეული ნაწილი. ისინი მრევლს უხსნიან, რომ სააკაშვილი ისევ დაბრუნდება. თქვენ სწორად დამისვით კითხვა, ეკლესია ვის გვერდითაც დადგება, ის გაიმარჯვებს.
სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში სამასამდე პატიმარი შეიწყალა, რომლებიც მძიმე დანაშაულში იყვნენ მხილებულნი. მათი ნაწილი ისევ ციხეში დააბრუნეს, ხოლო დანარჩენი ნაწილი, გარკვეული ინფორმაციით, საიდუმლო წვრთნას გადის, რამეთუ „ნაციონალური პარტია" ემზადება სახელმწიფო გადატრიალებისთვის, მაგრამ გარწმუნებთ, ისინი ამას ვერ განახორციელებენ. მართალია, ნაციონალური პარტია ეშმაკთა შესაკრებელია, მაგრამ საბოლოოდ ის ეშმაკიც უფალს ემორჩილება. თუმცაღა პროვოკაციასა და არეულობას შეეცდებიან, დღესაც ცდილობენ ამას. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მისცა საშუალება „ნაციონალურ პარტიას" ფეხზე წამოდგომისა და გაძლიერებისა. მე ნამდვილად გული მწყდება, პარლამენტში მოკალათებულია ბევრი უვიცი პიროვნება, კაცის მკვლელებიც კი, რომელთაც ქართველთა ბედი არ აინტერესებთ.
- მამაო, ვის გულისხმობთ მკვლელებში?
- კაცის მკვლელები არ არიან? მაგათი მოღვაწეობის პერიოდში რამდენი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. გია ბარამიძე, რომელმაც თავისი მინისტრობის დროს ჩვენი ეკლესია დაარბია და მძიმე მარხვაში ღამენათევ მრევლს ხელკეტებით სცემდა, ეს საშინელი პიროვნება ერთი კვირის შემდეგ სვანეთში გაემართა, მშვიდობიან მოსახლეობას ვერტმფრენიდან ჭურვებს უშენდა, რასაც მოჰყვა სავალალო შედეგი, გარდაცვლილთა გვამებზე ქეიფობდა, თავის ამფსონებთან ერთად. სწორედ ამიტომაცაა ხალხი გაღიზიანებული. გამოდის და პარლამენტის ტრიბუნიდან თუ ტელევიზიით მორალს გვიკითხავს, ღია ეთერში უსირცხვილოდ აცხადებდა უცოდველი კრავივით: ჩვენ სვანეთში ხალხი არ დაგვიხოცავს, ყოველივე მოგონილია, იქ ტერორისტები ავიყვანეთო. ნუთუ, იმ დარბაზში ერთიც კი არ აღმოჩნდა, რომ პირში მიეხალა, რა ცოდვა ჩაიდინა. სწორედ ეს ფაქტია დღევანდელი ხელისუფლების უნიათობა, რომ ასეთი საზიზღარი დამნაშავენი მაღალი ეშელონებიდან გველაპარაკებიან.
- სააკაშვილს ქონება დაუყადაღეს. მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებში უკვე შეუვალი გახდა და სამართლიანობის აღდგენა გაგრძელდება?
- სისხლისმსმელ სააკაშვილს გაუკვირდა მისი ქონების დაყადაღება, ეს მანამდე უნდა მომხდარიყო, რამეთუ მან თითქმის ყველაფერი გაიტანა და საზღვარგარეთ დააბანდა, ეს საქართველოს მძარცველი ახლა ზის ოკეანის გაღმა და იმუქრება, ჩვენი ერის სალანძღავად დამამცირებელ სიტყვებს არ იშურებს. სააკაშვილისა და მისი მიმდევრების ადგილი მხოლოდ ციხეშია, გისოსებს მიღმა.
მეტად გასაოცარია დღევანდელი პრეზიდენტის ქმედება, მოვიყვან მის სიტყვებს: „მე ჩემი ქვეყნის ოპოზიციაში უნდა ვიყო?.." ტელევიზიით გამოდის და საქართველოს სიყვარულით დნება, საინტერესოა, სად გაქრა ეს სიყვარული, როცა ქართველ ერს დიაგნოზი დაგვისვა და გონებასუსტებად და დებილებად შეგვრაცხა. ასეთი ფარისევლობა და გარდასახვა საოცარია, თუმცაღა მარგველაშვილი ხომ სოროსის ფონდის დამაარსებელია საქართველოში...
- არასაპარლამენტო ოპოზიციის დუმილს როგორ აღიქვამთ, ახლა დუმილის დროა? თუ ამოწურეს მათ რესურსი და ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ?
- ლაპარაკითა და გაუთავებელი ლანძღვით რამე გააკეთეს? მაგათ უმრავლესობას პირადი ცხოვრება აწყობილი აქვს, დაბეჩავებული ისევ ხალხია, დღეს ძალიან გაუგებარი ბურუსია ჩამოწოლილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სფეროში. თითქოს ხელისუფლება თუ ოპოზიცია იდუმალებითაა მოცული, მე ვფიქრობ, რომ ეს დუმილი ავის მომასწავებელია. ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ ბევრი ნიჭიერი, მორწმუნე პიროვნება დარჩა პარლამენტს გარეთ. როგორ შეიძლება, დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის მიღმა იყვეს და უჩა ნანუაშვილი - საზღვარგარეთის ლაქია სახალხო დამცველად იჯდეს?
- მამაო, დიმიტრი ლორთქიფანიძეც ხომ იყო კანდიდატი სახალხო დამცველის თანამდებობაზე, მაგრამ ვერ გავიდა...
- ამერიკამ და ევროპამ შეიტყო რა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე მართლმადიდებლობის უზადო დამცველი იყო, ყველანაირი გზა გამონახეს, რომ დიმიტრი არ გასულიყო, მაგრამ საიდანღაც გამოძებნეს მათთვის სასურველი პიროვნება და დასვეს სექტების უფლებების დამცველი, რომელიც სისტემატურად ეახლება ხოლმე თავის მბრძანებლებს და ანგარიშს აბარებს, აკი ბაიდენი ამბობს: „მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა, კულტურა აქვს იმ ერს, რომელიც იცავს „ლგბტ" ორგანიზაციის უფლებებს".
- რიგგარეშე არჩევნებს რამდენად შესაძლებლად თვლით? მზადაა საზოგადოება ამისთვის?
- ფაქტია, რომ ხალხი მომავალი არჩევნებისთვის მზად არ არის, უფრო სწორად, არ აინტერესებს, რამეთუ მათ ყველაფრის იმედი გადაეწურათ. მე კარგად ვიცი საზოგადოების აზრი, რომ მათ აღარავისი აღარ სჯერათ, ეს ჩატარებულმა არჩევნებმაც გვაჩვენა პროცენტული მონაცემების მიხედვით და ის მცირე პროცენტი, რომელიც არჩევნებზე მივიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი კვლავ არ დაბრუნებულიყო. ჩემო კარგო, ხალხის ნებას ვინ უყურებს, მის გოდებას ვინ უსმენს? მათ მხოლოდ იმისთვის იყენებენ, რომ საარჩევნო უბნებზე მიიყვანონ და ბიულეტენები ჩააყრევინონ, შემდეგ კი მათი ხმები თავისი სურვილისამებრ მართონ. ასი კაციც რომ მივიდეს არჩევნებზე, აცხადებენ, არჩევნები ბრწყინვალედ ჩატარდა, ყველაფერი რიგზეაო, რათა თავიანთი კანდიდატურები დასვან. მათ ხელშია კალამი და ფურცელი, რაც უნდათ, ის წერონ, ხალხის ბედს კი არას დაგიდებენ.
როგორც სასულიერო პირი, ნაკლებად ვარ ჩახედული საარჩევნო კოდექსში. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ, პირველ რიგში, შესაცვლელია კანონი. ჩემი აზრით, სულ მცირე, ხუთი პარტიის წარმომადგენლები მაინც უნდა ხვდებოდნენ პარლამენტში დეპუტატებად და არა ისე, როგორც დღესდღეობით ორპარტიული პარლამენტი გვყავს, რომლებიც ერთმანეთს ისე არიან დასეულები, როგორც თხა და მგელი. საოცარი ის არის, რომ მათი დაპირისპირების მიზეზი ქვეყნის ინტერესებიდან არ გამომდინარეობს, არამედ პიროვნულად შეურაცხყოფენ ურთიერთს, უკვე ყველაფერი მოსაბეზრებელია, ყველაფერს აქვს დასასრული, მაგრამ მათ დაპირისპირებას კი - არა. ფიზიკურ შეურაცხყოფასაც კი არ აკლებენ ერთმანეთს. მინდა მივცე ჩემს ერს იმედი, რომ ცოტაც მოვითმინოთ, ღმერთი არ გაგვწირავს, მთავარია, მტკიცედ ვიდგეთ სარწმუნოების დაცვის სადარაჯოზე. სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, არ დავნებდეთ ბელიარს, რამეთუ ის ჩასაფრებულია და ცდილობს, რაიმე შეგვეშალოს, თვით ცდილობს კიდეც, შეგვაშლევინოს, მაგრამ ჩვენ მტკიცე რწმენითა და განუწყვეტელი ლოცვით შევძლებთ ყველაფრის დაძლევას. მთავარია, ვიყოთ შემართებით, მივენდოთ უფალს, მხოლოდ ეს არის ჩვენი გამოსავალი.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"