ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ალიასთან" საუბარში იმ კანონიერ ქურდებს ასახელებს, რომლებმაც თავის დროზე „ნაციონალებს" დიდი ფული გადაუხადეს თავისუფლების სანაცვლოდ. მისი თქმით, ამ ფაქტების დასახელებას არ აპირებდა, მაგრამ „ნაციონალების" ცრუ პოლიტიკურმა კამპანიამ აიძულა. შეგახსენებთ, ეკა კვესიტაძემ თავის გადაცემაში („აქცენტები"), რომელიც ყოველ შაბათს გადის „რუსთავი 2"-ის ეთერში, კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების სატელეფონო ჩანაწერები გაუშვა.
- მე არ ვიცი, ხელისუფლება რატომ არ სცემს პასუხს, მაგრამ მე გეტყვით, რაშია საქმე: ყველა ის პირი, რომელიც კვესიტაძის გადაცემაში იყო ნაჩვენები და დამატებით კიდევ 60 პირი, ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით არათუ მიცემულ იქნა პასუხისგებაში, გასამართლდა კიდეც და მიესაჯა 6-დან 9 წლამდე პატიმრობა. ეს ჩანაწერები ძველია და საქმის მასალებიდანაა გატანილი. მასალები ჰქონდა პროკურატურას, სასამართლოსა და ადვოკატებს. მათ შორის იყვნენ ადვოკატები, რომლებიც დღეს იცავენ „ნაციონალ" მაღალჩინოსნებს. ასე რომ, ხსენებულ ფაქტზე სახელმწიფომ მოახდინა რეაგირება და 60-მდე პირს საპატიმრო სასჯელი შეეფარდა. ამჟამად, ხსენებული საქმეების ნაწილი სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებშია. ამ საქმეების განხილვა შარშან ზაფხულში მიმდინარეობდა, პროცესებს ესწრებოდა „რუსთავი 2"-იც, ვერ გავიგე, ახლა რა სიახლე აღმოაჩინეს? ან ტენდენციურები თუ არ არიან, რატომ ისიც არ თქვეს, რომ უმკაცრესი სასჯელები შეეფარდათ ხსენებულ პირებს? არ აწყობთ სიმართლის თქმა, მთავარია, საზოგადოება დაზაფრონ და ბიძინა ივანიშვილს დაჰბრალდეს ყველაფერი. კიდევ ერთი - პროკურატურა ამ საქმეებში საპროცესო შეთანხმებაზეც არ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პატიმარი განსაკუთრებით მძიმე და განუკურნებელი სენით იყო დაავადებული. თუმცა „რუსთავი 2"-ს არც ეს აინტერესებს. ნიკა გვარამია ამ ქვეყანას ექცა მეორე გებელსად. დღეს "ნაციონალების" პროპაგანდის სამინისტრო არის „რუსთავი 2" და მინისტრი არის გვარამია, რომლის საქმიანობასაც, თავის მხრივ, აკონტროლებს ირმა ნადირაშვილი. თუ ვინმეს დაავიწყდა, მე კარგად მახსოვს გვარამიას ფილმები ბადრი პატარკაციშვილზე.
- გვარამია ერთი პერიოდი დაიბნა სხვა „ნაციონალებივით", მაგრამ როგორც ვხედავთ, ახლა ისევ ფორმაშია.
- რაც კვესიტაძემ და მაგან გააკეთეს, ეს არ არის ახალი ამბავი, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, სოზარ სუბარი ახალი დანიშნული იყო სასჯელაღსრულების მინისტრად, მიდის გადაბარება, ცოცხებით აღარ იმართება ციხეები, ამოისუნთქეს პატიმრებმა, მიეცათ დარეკვის უფლება და მაშინ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა აღმოაჩინა, კონკრეტულად მისმა თავმჯდომარემ, დავით ბედიამ ეს ნახა, მისცა დანაშაულის კვალიფიკაცია და როგორც ვთქვი, ყველა პატიმარი მიეცა პასუხისგებაში. ამ საქმეებში, როგორც ადვოკატი, მე პირადად ვმონაწილეობდი და ყველაფერი მშვენივრად მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პიროვნებას კიბოს მეოთხე სტადია ჰქონდა, ესეც კი არ გაითვალისწინეს. რაც მთავარია, ეკა კვესიტაძემ ეთერში გაუშვა ამოჭრილი, დამახინჯებული და მიწებებულ-მოწებებული ჩანაწერები. მე ყველა ჩანაწერი მაქვს, სულ სიტყვასიტყვით გაშიფრული. მეტიც, ამ სატელეფონო საუბრებს წითელ ხაზად გასდევს და სასამართლოზეც ამას ვამბობდით, რომ აქ დანაშაულის შემცველი ნიშნებიც კი არ არის. აქ იმაზე კი არ მიდიოდა ლაპარაკი, რომ ვიღაცამ "ობშიაკში" ფული გადაიხადოს და ვიღაცა მაყურებელი იყოს, პირიქით, სისტემა შეიცვალა, პატიმრები ერთმანეთს ეუბნებიან, ნუ იქნება ჩხუბი, გაუგებრობა, ნუ იქნება დაპირისპირება, ძლივს ამოვისუნთქეთო. პატიმრები ერთმანეთს აფრთხილებენ, ნუ იქნება არეულობა, მოვიდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ჩვენგან ამას არ იმსახურებსო. თუმცა სასამართლომ ეს მაინც ჩათვალა დანაშაულად. კვესიტაძის გადაცემაში ერთი ხოხიაშვილი აჩვენეს, მისი საქმე სტრასბურგში წავიღეთ და მოვიგეთ. ვინც ამ ადამიანს აწამებდა, „ნაციონალების" მიერ შეგზავნილი რამდენიმე პირი დღესაც ციხეში ზის. მაგალითად, „რეზბალნიცის" ყოფილმა დირექტორმა, ჭაკუამ ერთ-ერთი პატიმარი გაკვეთა, გვამი მაგიდაზე დააგდო, ნაწლავები ამოაცალა, იქვე დაყარა, სამი დღე გააჩერეს, რომ კარგად აქოთებულიყო, ამის შემდეგ მიიყვანეს ეს ხოხიაშვილი, გააშიშვლეს და დააკრეს გვამს, რათა კარგად დატანჯულიყო. ასე იყო ხოხიაშვილი სამი დღე სისხლში, დამპალ გვამში და სუნში. თან დენი მიუერთეს და წყალს ასხამდნენ. ამ ბიჭმა მოიხადა 12 წელი, გამოვიდა გლდანის ციხიდან და 200 მეტრში ისევ აიყვანეს სწორედ ამ ჩანაწერების გამო. კვესიტაძე ტყუილად წიკვინებს, სახელმწიფომ ამ სატელეფონო საუბრებზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. 15 კაცს 9-9 წელი მიუსაჯა მოსამართლემ, ამას მოჰყვა დიდი წივილ-კივილი მათი ოჯახების წევრების მხრიდან. ასეთი დანაშაულები ხდება იტალიაშიც, საფრანგეთშიც და გერმანიაშიც, იქ რომ ხდება, დანაშაული ისეთი უნდა. ეს ჩანაწერები არ წარმოადგენს არავითარ საიდუმლოს, აგერ მიყრია სახლში და ვისაც უნდა, გავატან, ერთი ტომარა გავავსე ამას წინათ და გადავყარე, ბევრი საქმე დამთავრდა და ისტორიას ჩაბარდა, არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს.
კვესიტაძემ ნაგვიდან ამოიღო ჩანაწერები და თავისი ჭკუით გააცოცხლა. „ნაციონალების" პროპაგანდისტული მანქანაა ამუშავებული, თითქოს ქვეყანა იქცევა, ორი წლის წინანდელ ჩანაწერებს იყენებენ, ხალხო, ეს ფაქტები მოხდა 2012 წლის არჩევნებიდან 2 კვირის შემდეგ. ასეთი რაღაცები არ ხდება ახლა, ეს არის "ნაციონალების" მიერ მომზადებული აფიორა. არავითარი ტელეფონები და არავითარი „ობშიაკი", გვარამია-კვესიტაძის ზღაპრებია ეს ყველაფერი. რა, "ნაციონალების" ადვოკატებმა არ იციან, რომ ახლა მე სიმართლეს ვლაპარაკობ? სასჯელაღსრულების სამინისტრომ ყველა ამ პატიმრის გვარი უნდა გამოიტანოს და გააკეთოს ვრცელი განმარტება. ამ საქმეში ერთადერთ ადამიანს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, ისიც იმიტომ, რომ იყო არასრულწლოვანი და ითანამშრომლა გამოძიებასთან.
- გამოდის, „ნაციონალებმა" ამჯერად ვერ გაარტყეს ცხრიანში?
- ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 15 კანონიერი ქურდი აიყვანეს, ახლა ისინი ციხეში სხედან. ამ კუთხით „ნაციონალებს" არაფერი გამოუვათ. თუ შენ ობიექტური ჟურნალისტი ხარ, მაშინ უნდა თქვა: ბატონებო, ეს იყო 2 წლის წინათ, არჩევნებიდან 1 თვის განმავლობაში, ამაზე მოხდა რეაგირება და ყველას მიესაჯა პატიმრობა, ანუ დაუმატეს სასჯელებიო. ერთი კაცი არ არის გარეთ, ყველა ზის ციხეში. მოსამართლის გვარი და სახელიც კი მახსოვს, ეს იყო დალი მეტრეველი. კვესიტაძეს რომ ეს ყველაფერი ეთქვა, მაშინ აღარ გამოუვიდოდა გებელსური პროპაგანდა. მაშინ ამ პატიმრების ახლო ნათესავები ხან რომელ მინისტრთან დარბოდნენ, ხან რომელთან, იმასაც კი ცდილობდნენ, ბიძინა ივანიშვილთან რომ მიეგზავნათ ვინმე, მაგრამ ახლოს არავინ გაიკარა და არავითარი შეღავათი არ ყოფილა. რამდენად სამართლიანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ეს სხვა საკითხია, საქმეები გასაჩივრდა. ყოველ შემთხვევაში „რუსთავი 2"-ს ამ მხრივ ხმა არ ამოეღება. ამათ თავიანთი მიზანი აქვთ, აგერ მეორე დღესვე გამოვარდა ირმა ნადირაშვილი და ხელისუფლება ქურდებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, ბრიფინგი ჩაატარა. ამ დროს ყვებიან 2 წლის წინანდელ ამბავს.
- ნადირაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი ქურდული გარჩევებითაა დაკავებული პრეზიდენტთანო. ეტყობა, ამჯერად მარგველაშვილს ურჩევს საქმეებს.
- მეტი საქმე არა აქვს ბიძინა ივანიშვილს, აქ პრეზიდენტს ახსენებენ და სხვა კუთხით მიჰყავთ პროპაგანდა. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი დამოკიდებულება აქვს ივანიშვილს ქურდული სამყაროს მიმართ, გაგონებაც კი არ უნდა. მე ასეთი უარყოფითი პოზიცია არ გამიგონია. ზღაპრებს ნუ ჰყვებიან „რემენაზე" და ვიღაცებზე, მოიტანონ ფაქტები. ამათ გეგმა აქვთ, ეს არის ამ გეგმის ერთი ნაწილი და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. თუ სხვა თემების წამოწევაც ასევე უნდათ, მაშინ ჩაფლავებულან და ეგაა. წამდაუწუმ ახსენებენ ტარიელ ფოცხვერიას, ამ კაცს კიბოს მეოთხე სტადია აქვს და ზის ციხეში. გარეთ არის? სანატორიუმშია? „ნაციონალებმა" რომ დაიჭირეს რამდენიმე კანონიერი ქურდი, როგორ გაუშვეს, ამაზე რატომ არ ლაპარაკობენ?
- რომელი კანონიერი ქურდები გაუშვეს?
- ერთი გარდაცვლილია და გვარს ვიტყვი - ქუთათელაძისგან მილიონი დოლარი რომ აიღეს „ნაციონალებმა", რატომ არ მოამზადებენ გადაცემას? ეს კაცი იყო კანონიერი ქურდი, აიღეს ფული და გაუშვეს. მეორისგან აიღეს 5 მილიონი და გაუშვეს. პირველი 2006 წელში იყო, მეორე - 2008-ში, ომამდე. მაშინ ნიკა გვარამია იყო პროკურატურაში მაგათი ზედამხედველი. ქუთათელაძის საქმეში ადეიშვილია გარეული, ეგ იყო გენპროკურორი. ამათ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვეძინა და არაფერი ვიცით? შაქრო კალაშოვის საქმეზე 1 მილიონი დოლარი რომ შემოიტანეს სომხეთიდან, ეგ როგორ იყო? მე ამაზე საჩივარი მაქვს შეტანილი მთავარ პროკურატურაში.
- კონკრეტულად შაქრო კალაშოვის საქმეზე გაქვს შეტანილი განცხადება?
- დიახ, დოკუმენტები მაქვს წარდგენილი, როგორ შემოიტანეს სომხეთიდან ფული, რათა კალაშოვისთვის თავი დაენებებინათ. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ჩემთან მოვიდა პიროვნება, ახლა ვერ დავასახელებ, ყველაფერი დაწერა, რა იყო, როგორ იყო, დაასახელა გვარები, ვისთან მიიტანეს ფული, ვინ იყო მოლაპარაკებებში ჩართული და ასე შემდეგ. ეს კბილაშვილის პროკურორობის პერიოდში შევიტანე. ველოდები გამოძიების დაწყებას. სააკაშვილმა დაამკვიდრა მანკიერი სისტემა, რაც ახლაც გრძელდება - მე არ გამიგია პატიმრების ჯგუფურად შეწყალება, ეს უნდა იყოს ინდივიდუალური. სააკაშვილის დროს ამაში ფული კეთდებოდა, ახლა რა კეთდება? ყრიან ამდენ ხალხს ერთდროულად და მერე იძახიან, ეს რატომ მოკლეს, ის რატომ დააყაჩაღესო? ვიმეორებ: ეს არის „ნაციონალების" საშემოდგომო შეტევის ერთი ნაწილი, თუ ასე გააგრძელებენ, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"