ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ოფიციალურად იწყებს „ევროკავშირის კულტურის კვირეულს" - კულტურულ ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას ხელოვნების მეშვეობით.
შვედეთის ელჩი მარტინა კვიკი „ევროკავშირის კულტურის კვირეულს" დღეს კუს ტბაზე, კაფე „სანაპიროში" გახსნის. ამის შემდეგ შვედური ელექტრონული პოპ-არტ ჯგუფის „Tikkle Me"-ს კონცერტი გაიმართება.
26 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე „ევროკავშირის კულტურის კვირეული" ჩატარდება თბილისში, ქუთაისსა და ფოთში და ამ ქალაქების მცხოვრებლებს კულტურულ პროგრამას შესთავაზებს. გაიმართება დისკუსიები ქართველ და ევროპელ მწერლებთან, კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები, ქუჩის პერფორმანსები და სხვა. დაგეგმილია ღონისძიებები ყველა ასაკის ადამიანისთვის, მათ შორის - საგანგებო ღონისძიებები ბავშვებისთვის.