ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვის განსაკუთრებული შესაძლებლობების აღმოჩენა სიამაყით ავსებს მშობლებს და უჩნდებათ საკუთარი შვილის ნიჭის დემონსტრირების სურვილი, რასაც დიდი მონდომებით აკეთებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან ბებიები და ბაბუები. მათი დამოკიდებულება შვილიშვილისადმი და, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისადმი მართლაც განსაკუთრებულია. ხშირად ისინი ვერ აცნობიერებენ თავიანთი ქცევის შედეგებს და ზედმეტად ანებივრებენ საკუთარ შვილიშვილებს. ისინი აღტაცებით უყვებიან ახლობლებს, თუ როგორ კითხულობს მათი 5 წლის შვილიშვილი და სთხოვენ ბავშვს, სტუმრების თანდასწრებით წაიკითხოს ესა თუ ის ნაწარმოები. ბავშვი კითხულობს, ყველა აქებს, ეუბნებიან უამრავ თბილ სიტყვას. ბავშვი კი ფიქრობს, რომ მას შეუძლია, თავისი მოქმედებით ყველა გააოცოს და გააკვირვოს. უფროსების ამგვარი ქმედება შეიძლება უარყოფითი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს ბავშვის პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. შესაძლოა, ბავშვს ჩამოუყალიბდეს არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება, იმის მოთხოვნილება, რომ მისით ყოველთვის აღფრთოვანებული იყოს ის საზოგადოება, სადაც მოუხდება ყოფნა, ყველა ანგარიშს უწევდეს, აქებდეს და ადიდებდეს. ყოველივე ეს კი მომავალში ადამიანებთან ურთიერთობაში უამრავი სირთულის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ნიჭის იგნორირება, მაგრამ ბავშვის უნიკალური შესაძლებლობების დემონსტრირებისას საჭიროა ზომიერების დაცვა. არ ღირს ბავშვის გამორჩეული უნარით ზედმეტი აღტაცება მისი სხვა პიროვნული თვისებების და უნარების დაჩრდილვის ხარჯზე.
არიან მშობლები, რომლებიც დაჟინებით ეძებენ საკუთარ შვილში ნიჭიერების ნიშნებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთ ნიშნებს ვერ აღმოაჩენენ მასში, მაინც „მიაწერენ" მას ამა თუ იმ განსაკუთრებულ უნარს. ეს უფრო ხშირად იმ მშობლებს ახასიათებთ, ვინც თავად არიან დაჯილდოებული ამა თუ იმ უნარით და შვილებისგანაც იმავეს ელიან.
განსაკუთრებული შესაძლებლობების წარმოჩენასთან ერთად მშობელმა უნდა მოუწონოს პატარას ისეთი ქცევები, რომლებიც დაკავშირებულია მის მიერ სიკეთის, პატიოსნების, მიზანდასახულობის გამოვლინებებთან. მშობელმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვში აღნიშნული თვისებების განვითარებას, უნდა გაუცნობიეროს ბავშვს, რომ ეს თვისებები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ინტელექტის დონე ან კარგი მუსიკალური სმენა.
იმისათვის, რომ ნიჭიერ და წარმატებულთან ერთად პატიოსან და კაცთმოყვარე ადამიანად აღვზარდოთ ბავშვები, აუცილებელია, ინტელექტისა და შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად სიყვარულის, ურთიერთობის, თანაგრძნობის, მეგობრობის უნარი გავაღვივოთ მათში. ისინი შეძლებენ ადამიანების შეფასებას არა მხოლოდ ნიჭიერების მიხედვით, არამედ სხვა პიროვნული მახასიათებლებითაც.
(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)
სხვა