დღეს „ნაციონალური მოძრაობა" ხშირად საუბრობს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრებებზე, თუმცა მმართველი გუნდი ოპონენტებს იმ პერიოდს ახსენებს, როდესაც რევოლუციით მოსულმა სააკაშვილის ხელისუფლებამ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა როგორც ედუარდ შევარდნაძის, ისე ასლან აბაშიძის გარემოცვის წინააღმდეგ. ეს კორნტრარგუმენტი ნაწილობრივ გასაგებია, ნაწილობრივ - არა, რადგან მაშინ, როცა ქვეყანა შევარდნაძის კორუფციულ ჭაობში ცურავდა, აჭარა კი ასლან აბაშიძის საფეოდალოდ იყო ქცეული, უამრავი სამოხელეო დანაშაულიც პირდაპირ ზედაპირზე ტივტივებდა, მაგრამ პოსტრევოლუციური სამართლიანობის აღდგენამ მალევე მიიღო არაფორმალური ფინანსური გარიგებების სახე, უფრო მოგვიანებით კი ამას ერთი მარტივი სახელიც უწოდეს - სახელმწიფო რეკეტი.
ვინ რამდენად კეთილსინდისიერად შეიძინა ის ქონება, რომლის ჩამორთმევის არაერთი ფაქტი გახმაურდა, ეს ცალკე თემაა და გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესის წარმართვის შემთხვევაში, ალბათ, კითხვებიც ნაკლები იქნებოდა, თუმცა გამჭვირვალობისგან ნამდვილად შორს დგას ის შემთხვევა, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგიყვებით.
დეტალებზე „პრაიმტაიმს" თავად ასლან სმირბა ესაუბრა, რომელმაც პროკურატურას სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში მიმართა, თუმცა საქმე ამ დრომდე არ დაძრულა.
სანამ დეტალებს გაგაცნობთ, მკითხველს გავახსენებ, რომ ასლან სმირბა ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, 1993-96 წლებში საზღვაო სანაოსნოს უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა, 1996 წელს ბათუმის საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი გახდა, 1998 წელს ბათუმის მერის თანამდებობას იკავებდა, 1999 წლიდან 2004 წლამდე კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახლდათ. 2004 წლიდან ასლამ სმირბა საგამოძიებო უწყებების სამიზნე აღმოჩნდა. რა პრობლემები შეექმნა მას და როგორ დაათმობინეს ქონება, ამას თავად მოგვიყვება.
ასლან სმირბა წლების განმავლობაში ფლობდა ბათუმში ცნობილ რესტორან „სანაპიროს", რომელიც სხვადასხვა მაღალი დონის სტუმრებს ხშირად მასპინძლობდა. იქ ნახავდით, როგორც მთავრობის წევრებს, ასევე ცნობილ ბიზნესმენებს.
ასლან სმირბა: „2004 წლის მაისში მოულოდნელად გამომიძახეს თბილისში, საქართველოს უშიშროების სამინისტროში მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან შესახვედრად. დათქმულ დროს გამოვცხადდი და მასთან ჩემს შეხვედრას ესწრებოდა იმ დროისთვის მისი მოადგილე გიგი უგულავა. მათ ამიხსნეს, რომ ჩემი ან ჩემი ახლობლების სახელზე რიცხული ის უძრავი ქონება, რომელზეც მიმითითებდნენ, საკუთარი ინიციატივით უნდა გადამეცა მათი ნდობით აღჭურვილი პიროვნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს მიმართ დაიწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც დაპატიმრებით დამთავრდებოდა. გამაფრთხილეს, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობით უფრო დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მომადგებოდა, ვიდრე დაკმაყოფილების შემთხვევაში. ჩემი აზრით, მათი მოთხოვნები მე-20 საუკუნის 30-იანი წლების იტალიელი მაფიოზების მოთხოვნებსა და მუქარებს უფრო ჰგავდა, ვიდრე ქართული სახელმწიფოს დემოკრატი მოხელეებისას. ოჯახის წევრებზე საშიშროების აცილების მიზნით დავთანხმდი მათ მოთხოვნებს. პირველი, რაც მათ მუქარისა და სხვ უკანონო ზემოქმედებიდან თავის დაღწევისთვის უნდა გამეკეთებინა, იყო ის, რომ 2004 წელს მათ კაცად მითითებულ ვინმე ოთარ დაბრუნდაშვილზე, იმჟამად შპს „გამა+"-ის წარმომადგენელზე, „კანონის შესაბამისად" შედგენილი საბუთები უნდა გამეფორმებინა, რომლის თანახმადაც თითქოს 500 ათას აშშ დოლარად ჩემი მეუღლე, მზია გოგოლიშვილი „მიჰყიდდა", მის საკუთრებაში არსებულ ქვის ორსართულიან შენობას (მოქმედ რესტორანს). აღნიშნული ხელშეკრულება გასაჩივრებას ვერ დაექვემდებარებოდა, რადგან ასეთ ქმედებას გაფრთხილების შესაბამისი მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ოთარ დაბრუნდაშვილი წარმოადგენდა აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს, ამიტომ საქმის ვითარებაში გარკვევისა და დაზუსტების მიზნით მივმართე ჩემთვის ნაცნობ ბესო კეიდიას, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ახლობელი და მეგობარი გახლდათ".
სანამ გაგაცნობთ, როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები, მანამდე ორიოდე სიტყვით ბესო კეიდიას შესახებ... ბოლოს მისმა სახელმა ცოტა ხნის წინ სადახლოზე მომხდარ გახმაურებული მკვლელობის საქმეში გაიჟღერა, რა დროსაც 21 წლის გიორგი ფირანიშვილი და ბიზნესმენი მერაბ კალანდაძე ჩაცხრილეს. ისინი სწორედ ბესო კეიდიასთან ერთად სომხეთში აცილებდნენ ვინმე დილარ მუკბანიანს, რომელსაც ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფება ანგარიშსწორებით ემუქრებოდა... მუკბანიანმა საზღვარზე გადასვლა ვერ მოასწრო, თავდამსხმელები სადახლოზე დაეწივნენ და ცეცხლი გაუხსნეს. ფირანიშვილი და კალანდაძე ადგილზე გარდაიცვალნენ, თავად მუკბანიანი კი მძიმედ დაიჭრა. სასამართლოს ჩვენება მისცა ბესო კეიდიამ, რომელიც სროლებს სასწაულებრივად გადაურჩა. კეიდია გამოძიების ეტაპზეც დაკითხეს, სადაც ზედმიწევნით მოყვა ყველაფერი, თუმცა მოულოდნელად სასამართლოზე ჩვენება შეცვალა და საქმის ირგვლივ მნიშვნელოვანი გარემოებების გამჟღავნება არ ისურვა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ბესო კეიდიამ? არ არის გამორიცხული, კეიდიას შურისძიების შეეშინდა, რადგან ამბობენ, რომ თავდამსხმელებმა მას ამის შესახებ პირდაპირ მიანიშნეს. ჩვენების შეცვლის გამო მას სისხლის სამართლის პასუხისგება დაეკისრა და ამჟამად პატიმრობიდან, გირაოს სანაცვლოდ არის განთავისუფლებული.
ახლა კი დავუბრუნდეთ კვლავ სმირბას საქმეს... მოკლედ, ბათუმის ყოფილმა მერმა დახმარებისთვის და ბადრი პატარკაციშვილთან შუამდგომლობის მიზნით სწორედ ბესო კეიდიას მიმართა, რომლისგანაც შესაბამისი პირობაც მიიღო.
„კეიდას ვთხოვე, რომ დამხმარებოდა და პატარკაციშვილისთვის აეხსნა შექმნილი სიტუაცია და ეთხოვა, რომ აღნიშნული ობიექტის თვითღირებულება მაინც გადაეხადათ ჩემთვის. ბესო კეიდიას გადმოცემით, ის ესაუბრა ბადრი პატარკაციშვილს შექმნილი სიტუაციის თაობაზე და მიიღო დასტური, რომ დააკმაყოფილებდნენ ჩემს მოთხოვნას, გადაიხდიდნენ ობიექტის თვითღირებულებას. ბესო კეიდიამ გადმომცა პატარკაციშვილის ნათქვამი, რომ თუ მე მის ჩამოსვლამდე გადავაფორმედი შპს „გამა+"-ის საკუთრებად უძრავ ქონებას, უშიშროების მინისტრ ზურაბ ადეიშვილისა და გიგი უგულავას მიერ მოთხოვნილ ობიექტს, ის ამ თანხას გადამიხდიდა.
2004 წლის 21 მაისს „კანონის შესაბამისად" ჩემმა მეუღლემ გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ოთარ დაბრუნდაშვილთან, რომელმაც მოითხოვა, რომ თანხის გადაუხდელობის მიუხედავად, ხელშეკრულებაში მიგვეთითებინა, რომ მან, ანუ უძრავი ქონების შემძენმა, აღნიშნული თანხა თვითონ გადაუხადა ჩემს მეუღლეს. მე სხვა გზა არ მქონდა. ასე გამომძალეს 960 ათას ლარად ღირებული ქონება, რომელსაც თან ახლდა მუქარა არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებზეც. ეს ყველაფერი კი გაკეთდა ვითომ „კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით".
მიუხედავად ამისა, მე სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და ბესო კეიდიას ჩარევით ვცდილობდი სამართლიანობის მიღწევას, ჩემი ოჯახის კუთვნილი თანხის, ან ქონების დაბრუნებას", - აცხადებს ასლან სმირბა.
მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილს ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაუფუჭდა, დღის წესრიგში დადგა მის წინააღმდეგ კომპრომატების მოგროვება. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით გამოიძახეს კუდ-ში ასლან სმირბაც, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილი მისი საკუთრების მოტყუებით მითვისებაში უნდა დაედანაშაულებინა. სანაცვლოდ ასლან სმირბას, რესტორნის დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.
„2007 წლის 15 ნოემბერს გამომიძახეს აჭარის კუდ-ის უფროსთან. თემურ პატარიძემ მასთან კაბინეტში მისულს მომილოცა, რომ თანხის გადახდას თუ არ მოვითხოვდი, უკან დამიბრუნებდნენ რესტორან „სანაპიროს", მაგრამ მას ჩემთვის რესტორნის დაბრუნებასთან დაკავშირებული საბუთები არ გადმოუცია, მითხრა, რომ საბუთებს მალე გადმომცემდნენ", - ყვება ასლან სმირბა.
საბუთებს იმ შემთხვევაში გადასცემდნენ, თუ სმირბა პატარკაციშვილის წინააღმდეგ გამოვიდოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მისი საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
სანამ მერაბიშვილის უწყება სმირბასგან პასუხს ელოდა, კუდმა პატარკაციშვილის წინააღმდეგ უფრო მსუყე ლუკმა იპოვა. ასლან სმირბას ინფორმაციით, კუდ-ი პირადად ოთარ დაბრუნდაშვილზე გავიდა.
„2008 წლის პირველ ნახევარში კვლავ მიმიწვია პატარიძემ და მითხრა, რომ რესტორნის საბუთებს ვერ გადმომცემდნენ, რადგან ობიექტი ოთარ დაბრუნდაშვილის საკუთრებაში უნდა დარჩენილიყო. თან გამაფრთხილა, რომ პრეტენზიები აღარ გამომეთქვა. როგორც მოგვიანებით ჩემთვის გახდა ცნობილი, დაბრუნდაშვილი პატარკაციშვილის წინააღმდეგ კუდ-ს შეეკრა. ისიც კი აქვს ნათვქამი, რომ ბადრი ვინ არის, ვანო ყოფილა რაც ყოფილა, კაცად მაქციაო. როდესაც პატარიძისგან კვლავ უარი მივიღე რესტორნის დაბრუნებაზე, ისევ დავუკავშირდი ბესო კეიდიას და შევახსენე დანაპირების შესრულება. მან მიპასუხა, მე და ბადრი პატარკაციშვილი საზღვარგარეთ შენს პრობლემას მოვაგვარებთო, არ არის აუცილებელი ტელევიზიებისა და გაზეთების შეწუხებაო. ანუ პატარკაციშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა ოთარ დაბრუნდაშვილმა რეალურად ჩემი კუთვნილი თანხა არ გადამიხადა. მან დამირეკა საზღვარგარეთიდან და პირობა მომცა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე გაარკვევდა თანხის გადმოუცემლობის მიზეზს და გულნატკენს არ დამტოვებდა. მითხრა, რომ თანხას მისგან და ბესო კეიდიასგან მივიღებდი.
დღესაც იმედი მაქვს, რომ აღნიშნული დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია პირადი საკუთრების ხელყოფასთან, დიდი ოდენობით თანხების გამოძალვასთან და მითვისებასთან, ობიექტურად იქნება გამოძიებული და სამართლიანობა აღდგება. იმედს არ ვკარგავ, რომ დამიბრუნდება ჩემი ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონება, ან მივიღებ მოჩვენებითი გარიგებით შედგენილ ხელშეკრულებაში მითითებულ იმ თანხებს, რომელიც თითქოს გადაეცა უძრავი ქონების გამყიდველს, ჩემს მეუღლე მზია გოგოლიშვილს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის მიერ რესტორნის შესაძენად გადახდილი და ოთარ დაბრუნდაშვილისთვის გამოტანებული თანხა, დაბრუნდაშვილმა მიითვისა. გამოძიებას ამ ფაქტის დასადასტურებლად შეუძლია დაკითხოს პატარკაციშვილთან დაახლოებული პირები: ბესო კეიდია, ბეჟან გაბელია და თვითონ ოთარ დაბრუნდაშვილიც. ამასვე დაადასტურებს იმ დროისთვის ბათუმის სატრანსპორტო პროკურორად მომუშავე გოგი საყვარელიძეც, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის თანაკლასელია და მისივე დავალებით გადაამოწმა რესტორნის „შეძენის" დროს ჩემს ოჯახზე შეთანხმებული თანხის გადაუხდელობის ფაქტი", - ამბობს სმირბა.
რესტორნის გარდა, მოგვიანებით ასლან სმირბას ხელვაჩაურში მამაპაპისეული სახლიც სიმბოლურ ფასად დაათმობინეს, რომელიც ასევე ოთარ დაბრუნდაშვილის ხელში აღმოჩნდა. შემდეგ კი ეს სახლი თავადვე გამოასყიდვინეს 250 ათას აშშ დოლარად, რომელიც სმირბას ოჯახმა „თიბისი ბანკისგან" ისესხა.
პროკურატურაში შეტანილ საჩივარში ასლან სმირბა არა მხოლოდ ქონების დარუნებას, არამედ დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
ასლან სმირბა: „გამოძიებამ უნდა დაადგინოს იმ დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წარმომადგენელი, რომლებმაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებით არაერთხელ განახორციელეს ჩემი ოჯახის კერძო საკუთრების უკანონო ხელყოფა, მისი გამოძალვისა და მითვისების მიზნით. დადგენილ მაფიოზურ-რეკეტიორ პირთა სრულ შემადგენლობას დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ფაქტია, რომ ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავას, დათა ახალაიასა და ოთარ დაბრუნდაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ჩემთვის გამოეძალათ 1 მილიონი აშშ დოლარი, ან ამ თანხის შესაბამისი ღირებულების ქონება. მათი პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, დაპატიმრებასა და დაუმსახურებელ სასჯელს ვერ ავცდებოდი".
„პრაიმტაიმი" ოთარ დაბრუნდაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. გამოხმაურების შემთხვევაში ჩვენ დაბრუნდაშვილის პოზიციას, ასევე, უცვლელად შემოგთავაზებთ.
მირიან ბოქოლიშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"