reportiori.ge - სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში 6 მილიარდი შეჭამა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:00
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში 6 მილიარდი შეჭამა!
ავტორი:
25 სექტემბერი, 2014. 23:37


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, მამალ ნაციონალს ლაშა ვახტანგის ძე თორდიასა და მამამისს ვახტანგ სალდათის ძე თორდიას ამხელს! მჟავანაძის განცხადებით, ლაშა თორდიამ აუდიტის სამსახური ნაცისტი ზონდერების ბუნაგად გადააქცია, სადაც ხალხის დამარბევლები და ბიზნესის დამყაჩაღებელ-დამყადაღებლები სამსახურს უპრობლემოდ შოულობენ...

 

- ბატონო ნიკოლოზ, საიდან ეს სკანდალური დასკვნა ლაშა თორდიას უწყების - აუდიტის  სამსახურის უკანონო საქმიანობის შესახებ? ჯერ ერთი, იქნებ ის გამაგებინოთ, მამალი ნაცისტი ლაშა თორდია რატომ არის აუდიტის სამსახურის უფროსი?


- ეს ჩემთვისაც გაუგებარია და, სიმართლე გითხრათ, მეც გაოგნებული ვარ, რა უნდა ლაშა თორდიას აუდიტის სამსახურის უფროსად? სახელმწიფო აუდიტის სამსახური დღეს წარმოადგენს კრაზანების ბუდეს, სადაც ლაშა თორდიას შეფარებული ჰყავს ავადსახსენებელი ნათია მოგელაძე, რომელიც გაქანებული ნაცისტი და მიხეილ სააკაშვილის ყურმოჭრილი მონაა. ამ ბოლო ხანს აუდიტის სამსახურში ლაშა თორდიამ ერთ-ერთ წამყვან აუდიტორად დანიშნა ისან-სამგორის რაიონის ყოფილი პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ავადსახსენებელი დავით გაგნიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს „ქართუ ბანკს", „ქართუ ჯგუფსა" და, საერთოდ, ბიზნესმენებს ატერორებდა. მე არ ვიცი, ასეთი ვინ მფარველობს ლაშა თორდიას, თანამდებობას დღემდე რომ ინარჩუნებს?! კაცი არის ნაცისტური სექტის წევრი, რასაც არ მალავს და, სხვათაშორის, დღემდე მამლაყინწობს იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისბიჭია!


- ეს მამლაყინწობა მაინც რაში გამოიხატება?

 

- რაში გამოიხატება და შარშან მთვრალმა ლაშა თორდიამ, რომელიც თავის რვა თანამშრომელთან ერთად ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა, უმიზეზოდ ჩხუბი ატეხა. დაუწყია ბაქიბუქი, - მე ლაშა თორდია ვარო! ჩხუბში თორდიას თავი გაუტეხეს და კარგადაც სცემეს. სხვათა შორის, ამ ინციდენტის გამო აჭარის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული... რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ ვინ მომაწოდა სკანდალური მასალები აუდიტის სამსახურის შესახებ, გეტყვით,  რომ ეს მონაცემები კონტროლის პალატის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ბატონმა ნოდარ ლიპარტელიანმა გადმომცა. ბატონი ნოდარი სააკაშვილის რეჟიმმა სამსახურიდან იმისთვის გაათავისუფლა, რომ 2007 წელს, პარლამენტის წინ, სტუდენტების საპროტესტო მიტინგზე მივიდა, სადაც მისი შვილიც იმყოფებოდა. აი, ეს არ აპატიეს!


- ბატონო ნიკოლოზ, გავაცნოთ მოსახლეობას ეს მასალები!

 

- აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ასევე გაქანებული ნაცისტი ლევან ბეჟაშვილი და ლაშა თორდია ერთ საკანში უნდა ისხდნენ! ლევან ბეჟაშვილმა, რომელიც დღეს პარლამენტში ზის, ენას არ აჩერებს და მამა აბრაამის ბატკანივით იმზირება, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში „საიდუმლო" გრიფი დაადო და რეაგირებისათვის პროკურატურას არ გაუგზავნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფინანსური აუდიტის შესახებ, სადაც უამრავი ფინანსური დარღვევაა ასახული.


- კონკრეტულად, რა დარღვევებზეა ლაპარაკი?


- მაგალითად, 2010 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მხოლოდ სასაწყობე მომარაგების ინვენტარიზაციისას გამოვლინდა 2,3 მილიონ ლარის დანაკლისი. გამოვლინდა გარე და შიდა მივლინებებში დახარჯული ათეულ ათასობით ლარი... ლევან ბეჟაშვილმა ამ აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ტუხაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რათა მასალები პროკურატურაში არ წასულიყო, ხოლო აუდიტის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სოსო ჩიქობავა, რომელმაც ლევან ბეჟაშვილისა და მისი ბანდის კრიმინალური საქმიანობის შესახებ ყველაფერი იცოდა, 2013 წლის ნოემბერში მეტრო „მარჯანიშვილთან", რუსულ ეკლესიასთან, საეჭვო ვითარებაში მოკლეს. ლევან ბეჟაშვილის მემკვიდრე ლაშა თორდია დღემდე არ დაინტერესებულა, როგორ გაქრა კახა ლომაიას დროს განათლების სამინისტროდან 64 მილიონი ლარი, ხოლო 2012 წელს ვისზე გაიცა 6,6 მილიონი ლარის პრემია. სიღარიბის გამოკვლევის პროექტზე 12 მილიონი ლარი დახარჯეს და ქვეყანა კიდევ უფრო გააღარიბეს. არავის გამოუკვლევია, რა ბედი ეწია „თბილწყალკანალისა" და „რუსთავწყალის" გაყიდვის შედეგად ამოღებულ 700 მილიონ ამერიკულ დოლარს: თბილისის მერიაში გახარჯულად ნაჩვენებ 10,7 მიილონ ლარს; აჭარაში შპს „ანაგიას" მიერ გახარჯულ 36,7 მილიონ ლარს; მოსახლეობის დასაქმების პროგრამის განხორციელებაზე გახარჯულ 100 მილიონ ლარს; თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან არამიზნობრივად დახარჯულ 50 მილიონ ლარს; სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობისთვის დახარჯულ 400 მილიონ ლარს და რეზიდენციის ადგილიდან მოსახლეობის გასახლებაში გადახდილ 40 მილიონ ლარს... ლაშა თორდიას აუდიტის სამსახურს არ მოუკითხავს, თუ სად წავიდა და რამდენად კანონიერად დაიხარჯა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართველი ხალხის დასახმარებლად უცხოეთიდან შემოსული 4,5 მილიარდი ამერიკული დოლარი. ასევე არავის გამოუკვლევია ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის მშენებლობაში 360 მილიონი ლარის კანონიერად გახარჯვის საკითხი. 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი  შეადგენდა 1,5 მილიარდ ლარს... ლევან ბეჟაშვილისა და ლაშა თორდიას აუდიტის სამსაურს არ შეუმოწმება კეზერაშვილის მიერ ნაჩვენები სამხედრო აღჭურვილობის შეძენისა და ომის შემდგომ მათი ჩამოწერის კანონიერება; კახა ბაინდურაშვილის ფინანსთა მინისტრობის დროს სამინისტრომ ერთბაშად შეიძინა 156 ავტომობილი, რაშიც 13,3 მილიონი ლარია გადახდილი (!!) ხეთაგურის მინისტრობის დროს ენერგეტიკის სამინისტროდან გამქრალია 186 მილიონი ამერიკული დოლარი. აღარაფერს ვამბობ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ძალოვანი უწყებების ე.წ. სპეცფონდებზე.


- ძალიან შთამბეჭდავი და შოკისმომგვრელი მონაცემებია... ამ მართლაცდა ხროვის ხელში კიდევ კარგად გაუძლიათ ჩვენს ხალხსა და ქვეყანას!

 

- 9 წლის განმავლობაში, რაც სააკაშვილი ქვეყანას მართავდა, საერთო ჯამში საქართველოს ბიუჯეტმა შეადგინა 42 მილიარდი ლარი. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, განვაცხადოთ, რომ ამ 42 მილიარდიდან 16,6 მილიარდი ლარი, ანუ ბიუჯეტის 39,5 პროცენტი უკანონოდ და არამიზნობრივად გახლავთ დახარჯული, მიტაცებული და მითვისებული!


- ბატონო ნიკოლოზ, ეს 16,6 მილიარდი დაახლოებით ის თანხაა, რომლის შეთქვლეფა-მიტაცებასაც მიხეილ სააკაშვილსა და ნაცისტურ ხროვას აბრალებენ!

 

- სააკაშვილის დროს სახელმწიფო აუდიტის სამივე ხელმძღვანელი - ჭოლაძე, ბეჟაშვილი და თორდია წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ ერთიან ნაცისტურ ბანდას, რომლებიც აუდიტებს ატარებდენ ინკოგნიტოდ, კონტროლის პალატისა და სამართალდამცავი ორგანოების შეთანხმების საფუძველზე. დოკუმენტების დედნების ამოღება წინასწარ ხდებოდა იმ შესამოწმებელი ობიექტებიდან, რომლებშიც უახლოეს დროში კონტროლის პალატა აპირებდა შესვლას. ამის გამო ლევან ჭოლაძეც, ლევან ბეჟაშვილიც და ლაშა თორდიაც სასწრაფოდ უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში! ისე, რომ იცოდეთ, არა მარტო ლაშა თორდიას, არამედ მამამისის ვახტანგ სალდათის ძე თორდიას მიმართაც არსებოს კითხვები!


- მამამისმა რაღა დააშავა?

 

- ლაშა თორდიას მამას ვახტან სალდათის ძე თორდიას აქვს ორი ფირმა. ერთი ფირმაა შპს „ცისკარი", სადაც ის 50 პროცენტის მფლობელია, ხოლო მეორეა შპს „ორიენტი", სადაც მას 25 პროცენტიანი წილი აქვს. ეს არის მრავალპროფილური ფირმები, სადაც მზადდება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, რკინის მილები და ა.შ. ვახტანგ სალდათის ძე თორდიას ფირმები საქმიანობენ ყოფილი 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტი „დელტა", შპს „თავ-კერა", შპს „ენერჯი სერვისი" ...არცერთი ეს ობიექტი ლაშა თორდიას აუდიტის სამსახურს არ შეუმოწმებია, ანუ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ლაშა თორდიას მამა ვახტანგ სალდათის ძე თორდია სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტში ხელს ცუდად ურევს! სხვათა შორის, „დელტაში" არსებული დარღვევების შესახებ პროკურატურამ, როგორც ვიცი, მოკვლევა დაიწყო, მაგრამ ვახტანგ „სალდათოვიჩი" რა დოზით არის გარეული კორუფციულ საქმეებში, ეს ცალკე კვლევის საგანია.


- ბატონო ნიკოლოზ, რას ითხოვთ?

 

- მოვითხოვთ, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ გადააყენონ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ლაშა თორდია და ლევან ბეჟაშვილთან და ჭოლაძესთან ერთად  მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში! სირცხვილია, რომ დღეს სააკაშვილის ხელისბიჭი და გაქანებული ნაციონალი ლაშა თორდია აუდიტის სამსახურს უფროსია! ეს არის მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და ხალხის აბუჩად აგდება!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016