ცნობილი მსახიობი, დიმა ჯაიანი, წლების მანძილზე „ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში იყო. 2011 წლის 26 მაისის მოვლენების ეპიცენტრშიც გახლდათ - თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმელებმა მიტინგი რომ დაარბიეს და ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, იქ იდგა თავის მეგობარ მსახიობებთან ერთად. ყველამ იცის, რომ მაშინ ხელისუფლების წინააღმდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა თავისი მისია მაინც შეასრულა, - როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლაზე განცხადება გააკეთა, ნიადაგი მომზადებული დახვდა და ერთ მუშტად შეკრული საპროტესტო ტალღა „ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების მთავარ საშუალებად იქცა.
- საშინელი დღე იყო 26 მაისი. მაშინ ბევრი არ გამოვიდა და არ დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ამან მაინც გამოიღო თავისი შედეგი, თანაც საუკეთესო შედეგი, რაც უკვე მერე გამოჩნდა. სხვათა შორის, ძალიან მიკვირდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მაშინ იმ საშინელების ჩადენისთვის პასუხი არავინ მოსთხოვა, პირიქით, ბევრმა ევროპელმა პოლიტიკოსმა მხარდაჭერაც კი გამოუცხადა. არადა, ამას სხვანაირი გამოხმაურება უნდოდა, რადგან ხალხი დაიღუპა. ჯერ რამდენი ნაცემ-ნაბეგვი იყო, მერე იქამდე მივიდა მათი სითავხედე, რომ დახოცილი ხალხი დაყარეს სახურავებზე და ურცხვად უნდოდათ შეექმნათ სურათი, რომ ისინი დენით გარდაიცვალნენ. მერე რუსთაველის კინოთეატრში რა არაადამიანობაც ჩაიდინეს, ესეც საყოველთაოდ ცნობილია. აი, ამ ყველაფერზე იყვნენ ჩუმად სააკაშვილის ევროპელი მეგობრები. ახლა, ამ გადასახედიდან, ჩემთვის უკვე აბსოლუტურად ნათელია, რატომ იყვნენ ჩუმად. „ნაციონალები" რომ ამბობდნენ, დიდი ხნით მოვედითო, მართლა 50-100 წლით იყვნენ მოსულები. არც არავინ იყო მათი შემცვლელი და აახდენდნენ კიდეც საკუთარ დანაპირებს. ამიტომ არავის არ ვეფერები ზედმეტად და როდესაც ამას ვამბობ, ჩემი კოლეგები და ნაცნობები ზოგჯერ ღიზიანდებიან. ეტყობა, მე, როგორც პიროვნებას, როგორც ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეს, სხვანაირად გამეგება სიტყვა უმადურობა. ჩემთვის უმადურობა არის ყვალაზე დიდი ტრაგედია და ცოდვა! საშინელებად აღვიქვამ დაუნახაობას და უმადურობას.
რაც მოხდა 26-ში, ევროპამ, თურმე, მაინც დაინახა. ეს უკვე დღეს ირკვევა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომ არის, კარლ ბილდტი, თურმე, ისიც ყველაფერს ხედავს, მაგრამ ისეა ეს კარლ ბილდტი და მისნაირი ხალხი „დაკერილი" და ისეთ კორუფციაში არიან გახვეული, თურმე, რომ, აბა, ვინ ამოიღებდა ხმას?! სააკაშვილის მმართველობის დროს კი არა, მერე, რომ შეიცვალა ეს მთავრობა და ახალი ხელისუფლება ევროკავშირთან აპირებდა გზების გამოძებნას, როცა იქ ყრილობებს თუ სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრებოდნენ, მაშინაც ხომ კარგად ვხედავდით, იქ რა წინააღმდეგობები იყო?
- ახლა არის წინააღმდეგობა და მაშინ, ცხადია, გაცილებით დიდი იქნებოდა.
- უარესი იყო. დღეს უკვე, უნდათ თუ არა,ბოლომდე ვერ დახუჭავენ თვალს. მაშინ მაგათ ნებაზე იყო ყველაფერი და ესენიც გაწამაწიაში იყვნენ. კანდელაკი რომ იქნება პირველი კაცი საქართველოს დელეგაციაში, გიორგი კანდელაკს ვგულისხმობ, იქ რა უნდა მომხდარიყო ქვეყნისთვის კარგი? იმიტომ აგზავნიდნენ, რომ ჩაწყობილი საქმე იყო და რა აზრი ჰქონდა, ვინ წავიდოდა და ვინ იქნებოდა დელეგაციის მეთაური?
ყოველთვის ვამბობდი, მაშინაც კი, პარლამენტშიც რომ ვიყავი, რომ არ ვარ პოლიტიკოსი. რაღაც განგების, ან იმის გამო, რომ მაშინ გვეგონა, აფხაზეთში უფრო ადრე დავბრუნდებოდით, ამიტომ ვაქტიურობდი. გამოვდიოდი და ტრიბუნიდან გადმოვცემდი ჩემს ემოციას. ამის გამო ვიყავი პარლამენტში და ამის გამო მთხოვა თამაზ ნადარეიშვილმა, რომ კენჭი მეყარა, თორემ დიდი პოლიტიკოსი არ გახლავართ. „ნაციონალი" რომ ვყოფილიყავი და მე გავეგზავნე კანდელაკის ნაცვლად იმ ჩაწყობილ კარტში, ეს არაპოლიტიკოსი და მსგავს მოლაპარაკებებში გამოუცდელი კაცი, მშვენივრად გავართმევდი ყველაფერს თავს.
- გასაგებია, მაგრამ, თქვენი აზრით, ამათ რა უნდოდათ, 50 წლით რომ აპირებდნენ ხელისუფლებაში ყოფნას?
- ამათ უნდოდათ, რომ ეპარპაშათ და თავიანთ ოჯახებსა და საახლობლო წრეზე მოერგოთ მთელი ქვეყანა, ინტერესები. სულ ფეხებზე ეკიდათ ამ დროს საქართველო და დღესაც ისევ ისე კიდიათ. ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ტელევიზიით რომ გამოდიან და პრესკონფერენციებს ატარებენ, თუ კომენტარებს იძლევიან, აქაც კარგად ჩანს, რომ საერთოდ არაფერში ანაღვლებთ ქვეყანა და მისი ბედი.
- მაგრამ საქმეც ის არის, ხალხში ერთგვარი უკმაყოფილება გაჩნდა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ბევრის აზრით, ახალი მთავრობა ზედმეტად ელოლიავება წინა ხელისუფლებას.
- ამაზე სხვა მოსაზრება მაქვს: რომ ამბობენ, სამართლიანობის აღდგენა არ მიდისო, მე ვპასუხობ, რომ მიდის, მაგრამ აქ სხვა რამ ხდება. ერთ დღეს ყველას დაჭერა არ შეიძლება. სამი კაცი ზის ციხეში. წარმოიდგინეთ, მერაბიშვილი ციხეში ზის! - ეს დიდი საქმეა; ახალაია ციხეში ის! - ესეც დიდი საქმეა; ცოტა ხნის წინ ქალაქის მერი უგულავაც ციხეში ჩასვეს! სულ მალე, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, რომ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა სააკაშვილზე და ორი კაცი კიდევ მიუჯდება მერაბიშვილსა და უგულავას.
- ვინ არის ეს ორი კაცი, ვერ დაასახელებთ?
- ჯერ ვერ ვიტყვი, მით უმეტეს, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, - წლის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა. ის თამაშები, რომელსაც ესენი აპირებდნენ და ბუნტზე ფიქრობდნენ, არ გამოვა. გაყიდული კარტია, ესენი ვერაფრის მომწყობნი არიან. „ნაციონალები", ფაქტობრივად, აღარც არსებობენ, დამარხულები არიან! ანუ ყველაზე კარგი, რაც მოხდა, ის არის, რომ დასამარდა „ნაციონალური მოძრაობა". დასრულდა მათი ამბავი! მეცინება ხოლმე, „ნაციონალები" რაღაც მოქმედებებს რომ დააანონსებენ და ვიღაცები ნერვიულობენ, - ესენი, თურმე, რაღაცას აპირებენო. არაფერსაც არ აპირებენ, უფრო სწორად, ვერ აპირებენ, იმიტომ რომ მოკვდნენ და აღარ არიან. დამთავრდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამბავი. თუ გინდა, მათ გარეგნობას შეხედეთ - რას გვანან?! კარგად დააკვირდით და დაინახავთ.
- გარეგნობა თითოქმის ისეთივე აქვთ.
- კი, მაგრამ მაშინ უფრო რიხიანად იყვნენ და რაღაცის იმედი ეტყობოდათ. სახეზე ასპროცენტიანი თვითკმაყოფილება ჰქონდათ გამოხატული, ახლა კი გაფითრებულები არიან, იმიტომ რომ იციან, არაფერი ეშველებათ.
- მაგათ შველაზე არც არის საუბარი, მაგრამ უკმაყოფილებაა ქვეყანაში, რაზეც თქვენი აზრი მაინტერესებს, რადგან მე ინტერვიუზე მოვედი არა მინისტრ ჯაიანთან, არამედ მსახიობ ჯაიანთან, ანუ თქვენგან გულღია საუბარს ველოდები.
- უკმაყოფილება არის, მაგრამ ეს როგორაა, იცი? - ასეთ ჩასვრილ და ჩაბინძურებულ ადგილზე რომ მოდიხარ, ცოტა ძნელია უცბად საქმის კეთება და ყველაფრის გამოსწორება. როგორ იყო, ხომ გახსოვს? ესენი ყველაფერს გარედან ღებავდნენ, შიგნიდან კი დანგრეული იყო. ყველგან და ყველაფერში ეს საშინელი ფასადური პოლიტიკა გვხვდებოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ცხრა წლის განმავლობაში რაც გააკეთა, კომუნისტებსაც კი არ ჩაუდენიათ მსგავსი სისაძაგლე. კომუნისტურ წყობაში რომ საშინელებები ხდებოდა, რად უნდა ამას ლაპარაკი, მაგრამ მაშინ გარედან თუ გაღებავდა ადამიანი, ცოტას შიგნითაც შეიხედავდა სიღრმეში. ესენი მარტო გარედან ფაფხურობდნენ და მორჩა! არაფერზე ვიშლი ნერვებს, მაგრამ ჩემზე ყველაზე მეტად რა მოქმედებს, იცი? - როცა „ნაციონალები" სიტყვას ჩამოაგდებენ პატიმრებზე, ადამიანის დაჩაგვრაზე, კრიმინალზე, მკვლელობებსა და მსგავს დანაშაულებებზე - რა უფლება აქვთ, ამას რომ ამბობენ?! არც მორალური, არც კაცური და, საერთოდ, არანაირი უფლება არ აქვთ. თუმცა იმიტომ არ ვიშლი ნერვებს მათ საქციელზე, რომ ვიმეორებ, - მოკვდნენ და საფლავიდან აქვთ ბოლო ამოძახილი! ამიტომ ვამბობ, რომ გარკვეული სარეაბილიტაციო პერიოდია საჭირო. რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოლოდინიც ჰქონდა ხალხს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე დღეს აფხაზეთის სტრუქტურაში ვარ განათლებისა და კულტურის მინისტრი, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი თანამდებობა საქართველოს სახალხო არტისტობაა, რაც განათლებასა და კულტურაზე მაღლა დგას. ძალიან ახალგაზრდამ მივიღე ეს წოდება ჩემით. ცხონებულმა ლეო ფილფანმა იცოდა თქმა: ჰაი, დედასა, დედასა, ბიძა რომ მყავდეს ცეკასაო. მე ვუთხარი ერთხელ, - ჭკუიდან არ შემშალო, შენ რა გჭირს, გენიალური პიროვნება ხარ და მთელი საქართველო პატივს გცემს, რა არ გაქვს, ცეკაში ბიძას რომ ნატრულობ, როლი შენ არ გაკლია და კაცობა-მეთქი. - არიან ადამიანები, რომლებიც გაცილებით ადრე აღწევენ წარმატებას, როცა ეხმარებიანო, ამას გულისხმობდა. არც არაფერში სჭირდეოდა ასეთი დახმარება, ისე ამბობდა და მეც ასე ვიყავი. არავინ დამხმარებია კარიერაში, ჩემი შრომით მივაღწიე ყველაფერს, ამიტომ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, მაგრამ უმადურობაც ტყუილად არ მიხსენებია ჩვენი საუბრის დასაწყისში. ახლა ვიღაცები რომ გამოდგნენ და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ, ეს ცოტა ძნელი საყურებელია. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა ეს ერთი კაცი, ამ ქვეყანას არაფერი ეშველებოდა. ამას გეუბნებით აბსოლუტური თავდაჯერებით და ჩემს აზრს არავის თავზე არ ვახვევ. 50 წელი არ გამოჩნდებოდა კაცი, რომელიც სააკაშვილს ლაგამს ამოსდებდა და ჩამარხავდა მიწაში. ეს შეძლო ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა და ეს უნდა ახსოვდეს თითოეულ ქართველს და არ უნდა აგინებდეს ზოგ-ზოგიერთი.
- გინებაზე არ არის საუბარი, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ კი გადაგვარჩინა ამ კაცმა, მაგრამ ახლა ხმა აღარ ამოვიღოთ და ერთი უღელი მეორით შევცვალოთ? ასეც არ გამოვა. მაგალითად, ლუდის დალევაზე დაჯარიმება ძალიან ბევრს აღიზიანებს და ვფიქრობ, სამართლიანადაც.
- ლუდის დალევაზე არ აჯარიმებენ. გუშინწინ, აგერ, ბაღში ვსვამდი ლუდს... გააჩნია ვინ როგორ სვამს ლუდს და როგორ იქცევა. ხალხმა რომ აიშვა, ასეც არ შეიძლება.
- არა, ვერ დაგეთანხმებით, ლუდის დალევა აშვება არ არის, პირწმინდად აჯარიმებენ ყველას.
- მაშინ, თუ ამას აკეთებენ და ასეთ შეცდომას უშვებენ, ამას გამოსწორება სჭირდება და უნდა ვთქათ ეს ხმამაღლა, მაგრამ ის, რომ დღეს ვინმეს თუ იჭერენ, მას რომ აწამებდნენ და რაღაც სასწაულს უშვრებოდნენ, ასე აღარ ხდება. ამასაც ხომ უნდა დანახვა? არ აუპატიურებენ ხალხს. ეს არის მთავარი, თორემ არაკაცი რამდენი იყო მაშინ და ახლაც რამდენი დადის, ვინ მოთვლის?! ვიღაცას კიდევ ხელის მოთბობა უნდა ამ სიტუაციის დროს და იმიტომ მოხდა ის მკვლელობები, თუმცა ეს ყველაფერი გამოსწორდება და აღარ იქნება პრობლემები.
- გასაგებია, მაგრამ კრიტიკის საფუძველიც არსებობს. მაგალითად, იგივე 26 მაისს თქვენ, სოსო ჯაჭვლიანი, გურამ ფირცხალავა და სხვა ცნობილი მსახიობები იდექით ერთად. იმ პოლიციელებიდან, ვინც თქვენ დაგარბიათ, ახალმა ხელისუფლებამ ბევრი დააწინაურა კიდეც. ადრე სოსო ჯაჭვლიანი ამბობდა, რომ პოლიციელი, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციის უფროსად დაუნიშნავთ. ეს როგორ უნდა გავიგოთ?
- მე მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამას ამბობენ. ეს არის შეცდომა, რომელიც უნდა გამოასწოროს „ქართულმა ოცნებამ". 26 მაისი რატომ არასოდეს არ დამავიწყდება, იცით? პირადად მე იმ დღეს ხელი არ გამარტყეს, მაგრამ ჩემზე ასჯერ უკეთეს ხალხს სცემდნენ და მიწასთან ასწორებდნენ, რაც ჩემთვის ტრაგედიაა. მაიძულეს, მეყურებინა, თუ როგორი ცინიზმით და სიძულვილით ექცეოდნენ ყველასთვის საყვარელ და პატივსაცემ ადამიანებს. კიდევ უფრო მეტი ცინიზმი იქნება ამის ჩამდენთა დაწინაურება და მათი კეთილდღეობისთვის ზრუნვა. გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, ბევრია, მაგრამ მე ერთი რამ მინდა ისევ გავიმეორო: უმადურები ნუ ვიქნებით. ყველაფერი ზომიერად უნდა განვსაზღვროთ, თორემ შეცდომები, ალბათ, ძალიან ბევრია და უნდა გამოსწორდეს.
დავით დევიძე
გაზეთი „ქრონიკა +"