დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს დაუდასტურდება, რომ მას მითვისებული აქვს სახელმწიფოს კუთვნილი თანხა, დაყადაღებული ქონება იქნება ერთ-ერთი საშუალება, რომ გაიყიდოს და შემოსული თანხით მის მიერვე ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი დაიფაროს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 19 სექტემბერს სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი 19 ერთეული უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა: მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, ავტომანქანები და ა.შ.
რა პროცედურებს ითვალისწინებს კანონი და მოსალოდნელია თუ არა სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე დარჩნენ?
„ალიას" ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ესაუბრა:
ასეთი კატეგორიის საქმეების მიმდინარეობა პროცედურულად ასეთია. მიუხედავად იმისა, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში, ძიებას შეუძლია, თავისი ეტაპი წარმატებით დაასრულოს, საქმე გადაიგზავნოს სასამართლოში და განაჩენი დადგეს დაუსწრებლად. განაჩენის დადგენისას სასამართლო იმავდროულად წყვეტს ისეთ საკითხებს, როგორიც არის, მაგალითად, დამატებითი ჯარიმა, არსებობს ასევე პროცედურა უკანონოდ შეძენილი ქონების ჩამორთმევის. აქ არის ორი ვარიანტი. ერთი - შეიძლება პირს ჯარიმა, დამატებითი სასჯელის სახით, რომელიც აანაზღაურებს ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს. ვთქვათ, სააკაშვილს მიუსაჯეს 15 წელი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დამატებით სასჯელად მას დაეკისროს 10 მილიონი ლარი ჯარიმა. ეს აპრობირებული მეთოდია მთელ მსოფლიოში. სააკაშვილის დროსაც ასე ხდებოდა, მისი ხელწერაა და, ალბათ, ახლა მისსავე მეთოდს გამოიყენებენ მის წინააღმდეგ.
- პროკურატურა სააკაშვილს 8 მილიონის უკანონო გახარჯვას ედავება, თუკი მას დაუსწრებლად გაასამართლებენ, მისი ქონებიდან აღებული თანხით გადაიფარება ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი და ამავდროულად ცალკე თანხა იქნება ჯარიმა?
- რა თქმა უნდა, 8 მილიონის ამოღება მოხდება დაყადაღებული ქონების გასხვისებიდან, ბუნებრივია, მაგის გარდა, იქნება ცალკე დამატებითი ჯარიმა. როდესაც განაჩენი კანონიერ ძალაში შევა, მაშინ გადაწყდება, საით მოხდეს ამ ქონების მიქცევა, რომელი ზიანი უნდა ანაზღაურდეს. როგორც წესი, (პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ასე ხდება) ბრალით დაგენილ ზიანს ანაზღაურებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში სააკაშვილის უკანონო ქმედებით რა ზიანიც მიიღო სახელმწიფომ, ამაზე წავა პირველადი თანხის მიქცევა, შემდგომში საჯარიმო სანქცია თუ იყო, ბუნებრივია, ისიც ასანაზღაურებელი იქნება. თუკი სააკაშვილი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, ან მას „წითელი ცირკულარით" ძებნის შედეგად არ დააპატიმრებენ, კანონი სწორედ იმ პროცედურებს ითვალისწინებს, რაზეც ვსაუბრობთ.
- წლების განმავლობაში იწერებოდა, რომ სააკაშვილი ბიუჯეტის თანხებს პირადი ინტერესებისთვის განკარგავდა, მას და მისი ოჯახის წევრებს ჰქონდათ მსხვილი ბიზნესწილები, ხდებოდა ოფშორებში თანხის გადაქაჩვა. საზოგადოების ნაწილისთვის გამაღიზიანებელია ის ციფრი, რაც პროკურატურამ დაასახელა და ამბობენ, რომ მოპარულ ფულთან შედარებით არაფერია 8 მილიონი. როგორ ფიქრობთ, გამოძიება გავა სააკაშვილის გადამალულ ქონებასა და თანხებზე?
- ნებისმიერი ეპიზოდი, ეს იქნება მილიონი დოლარი თუ ერთი ლარი, იქნება გამოძიებული. როდესაც საჯარო მოხელე სჩადის დანაშაულებრივ ქმედებას, არის ცალკე ეპიზოდი. სააკაშვილის მიერ უკანონოდ მითვისებული თანხები რომ აღმოჩნდეს კიდევ, თუ ერთ პერიოდში დაემთხვა თანხების მითვისება, შესაძლოა, გაერთიანდეს ერთ ეპიზოდად, ან ცალ-ცალკე და პირი იმდენჯერვე მიეცემა პასუხისგებაში, რამდენჯერაც მსგავსი ფაქტი იქნება აღმოჩენილი. ამ შემთხვევაში პირს კვლავ დაეკისრება სასჯელი და თანხის ანაზღაურება. თუ პირი არ იმყოფება პატიმრობაში, მაშინ ჯარიმა დაეკისრება. ასევე, ყადაღა დაედება აღმოჩენილ ქონებას, თუ დამტკიცდება, რომ მის მიერ უკანონოდ არის მოპოვებული. რაც შეეხება საზოგადოების გულისწყრომას, მესმის, რადგან კაცმა, რომელმაც ასეულობით მილიონი გაიტანა ქვეყნიდან, გამოძიება კაპიკებს ედავება და გამაღიზიანებელია. სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ვინაიდან მტკიცებულებების დონეზე, ასეთი მაღალი რანგის მოხელისთვის რაიმეს დადასტურება, იმ პირობებში, როდესაც მისი ხელისუფლების დროს მის ხელში იყო ყველაფერი, საკმაოდ რთულია. ისინი ხომ, ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კვალი დაეფარათ? სამწუხაროდ, იმ პიროვნებებთან არ მაქვს შეთანხმებული, თორემ გვარებსაც დაგისახელებდით. პირადად ვიცი რამდენიმე ბიზნესმენი, რომელსაც დავალებული ჰქონდა სააკაშვილის ოჯახის წევრებისთვის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ეს იყო ათეულობით მილიონი ლარი. ეს ანგარიშები იყო სადღაც ოფშორულ ზონაში და გამოძიებისთვის ძალიან რთულად იქნება დასამტკიცებელი, რომ ეს თანხა სააკაშვილისთვის ირიცხებოდა.
- რა როლს შეასრულებს სააკაშვილის საქმეში ამ ბიზნესმენების ჩვენებები?
- კი, ბატონო, იტყვიან მოწმეები, მაგრამ სასამართლოში ძალიან რთულია რამდენიმე ჩვენებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
- თუკი მოვლენები ისე განვითარდება, რომ სააკაშვილს ვერ დააპატიმრებენ, ქონების დაყადაღებისა და ჯარიმის დაკისრების შემდგომ რა სამართლებრივი პროცედურები გატარდება?
- ამის შემდგომ პირი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. ქართული კანონმდებლობით არ შეიძლება ერთი და იგივე დანაშაულის გამო პირი ორჯერ იქნას პასუხისგებაში მიცემული, თორემ თუკი სხვა დანაშაული გახდება ცნობილი და დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, იმდენჯერ მიეცემა პირი პასუხისგებაში, რამდენი კანონდარღვევაც დადასტურდება. თუკი სააკაშვილი გასამართლდება 8 მილიონის გამო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მას მოპარული არ აქვს 800 მილიონი? ამიტომ განაჩენი, რომელიც ამ ეპიზოდში დადგება, არ გამორიცხავს სხვა ათეულობით და ასეულობით ეპიზოდის გამოვლენას და მასზე სასჯელის დაკისრებას.
- წეღან მითხარით, ოფშორულ ზონებში გადარიცხული თანხების წარმომავლობის დამტკიცება რთულიაო. ასე უიმედოდაა საქმე? შერჩება, რაც ოფშორებში გადამალა?
- ძალიან მძიმე ვითარებაა მაგ მხრივ. ოფშორულ ზონებთან წვდომა გამოძიებას არ აქვს, თუმცა არის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებათა შეთანხმების დონეზე ხდება ინფორმაციის გაცვლა. ამ დროს ბანკებიც მიდიან გარკვეულ დათმობებზე და კონფიდენციალურ ანგარიშებსაც ასაჯაროებენ. გააჩნია, როგორი ინტერესი იქნება ამ საკითხისადმი და როგორ მოინდომებს პროკურატურა. შეუძლებელი არაფერია.
P. S. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ მოხდება თუ არა სააკაშვილის დაყადაღებული ქონების გასხვისება, რადგან ჯერ კიდევ გასატარებელია საგამოძიებო პროცედურები, თუმცა ქონების გასხვისება და, ამ მხრივ, პირის მხრიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოსთვის კანონიერი ქმედებაა.
შორენა გოგოლაძე
გაზეთი „ალია"