დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამის, კახეთის დედოფალ ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან-ბატონის ასული იყო. შაჰ აბასის ბრძანებით წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძვრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დატოვეს. მის წმინდა ნეშტს კი სამი ნათლის სვეტი დაადგა.
წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელმა ბერებმა, წმინდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გოაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. ამჟამად საქართველოში წმინდა დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელი, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.
„რეპორტიორი“ სრულიად საქართველოს ულოცავს წმინდა ქეთევანის ხსენების დღეს.
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)