XXI საუკუნე გამორჩეულია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებით. ამას გარდა გარემო პირობები ხელს უწყობს ადამიანს, თავისი შემოქმედებითი უნარები გამოავლინოს და განავითაროს.
იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი უნარის მქონე მოზარდს არ ექნება შემოქმედობითობის მასტიმულირებელი და მისი რეალიზებისთვის საჭირო გარემო პირობები, ფსიქოლოგიური უსაფრთხოების, ნდობის, მიმღებლობის, გაგების, თანაგანცდის, თავისუფალი შეფასების, ნებადართულობის, გულღიაობის, სპონტანურობის ატმოსფერო; თუ მის პიროვნებას და საქმინობას ახლობლები და მეგობრები მუდმივად კრიტიკის ობიექტად აქცევენ და თვითგამოხატვის საშუალებას არ მისცემენ, ადვილი შესაძლებელია, რომ მოზარდში სამუდამოდ ჩაკვდეს შემოქმედებითი უნარი, რაც, თავის მხრივ, უამრავი გართულების მიზეზად იქცევა: პიროვნებაში მატულობს შფოთის დონე, ძლიერდება სტრესი, რომელთანაც გამკლავება ადეკვატური გზებით ხდება, მოზარდს უჩნდება საკუთარი არსებობის უაზრობის განცდა და პროტესტი საზოგადოების მოთხოვნების მიმართ, ვინაიდან საზოგადოება, მისი აზრით, ზღუდავს დ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას არ აძლევს.
ამ პროტესტმა მომავალში შეიძლება პათოლოგიური ფორმა მიიღოს და გამოვლინდეს ნარკომანიაში, ალკოჰოლიზმში, დანაშაულებრივ ქმედებებში. შესაძლოა, მოხდეს ისეც, რომ მოზარდი უბრალოდ შეეგუოს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს და გახდეს „სტანდარტიზირებული“. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, აღმოცენდება პირადი ცხოვრების უაზრობის, უფუნქციობის განცდა, რასაც შედეგად მოჰყვება სხვადასხვა სახის ფსიქოსომატური დაავადებები. სწორედ ამგვარი და უამრავი სხვა უარყოფითი შედეგის ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისათვის შეიქმნას თვითგამოხატვის შესატყვისი პირობები და მხარდაჭერის ატმოსფერო.
ფსიქოლოგებისა და თეორეტიკოსების რჩევა:
1.ხელი შეუწყვეთ იდეების წარმოშობას.
2.დააჯილდოვეთ ბავშვები კრეატიული იდეებისათვის.
3.წაახალისეთ გონივრული რისკი.
4.იყავით შემწყნარებელი შეცდომების მიმართ, აქცენტი გააკეთეთ მათ გაანალიზებაზე.
5.ეძებეთ სტიმულის გამომწვევი გარემო.
6.დაანახვეთ ბავშვებს კავშირი მათსა და გარემოს შორის.
7. ხელი შეუწყვეთ სხვა შეხედულებების განხილვას.
8. გააკეთეთ აქცენტი კითხვების დასმაზე და არა პასუხების გაცემაზე.
შემოქმედებითობა არა მხოლოდ თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენები მრავალფეროვნად აღიქვას, არამედ ახალი იდეებისკენ სწრაფვის, აღმოჩენების გაკეთების, უწყვეტი გამოცდილებების შეძენის საწინდარია. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სამყაროს განვითარების გარანტიაა. ამიტომ ნუ ჩავახშობთ მოზარდებში და არა მარტო მათში შემოქმედებითობის უნარს.
(სპეციალურად „რეპორტიორისთვის“ მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)