reportiori.ge - ნაცების ახალი შემოტევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:17
ინტერვიუ
ნაცების ახალი შემოტევა
ავტორი:
27 სექტემბერი, 2014. 00:27



სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დირექტორად მიყვანილმა ირაკლი შიხიაშვილმა  ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებით, მასთან ერთად, საკრებულოში გაყალბებული არჩევნებით შესული კადრებით გაავსო სამსახური და იქ მომუშავე ადამიანების, მათ შორის ომის ვეტერანების, რბევა-შევიწროება დაიწყო. პირველი, ვინც შიხიაშვილის თავნებობას „ემსხვერპლა", იყო ცნობილი ჟურნალისტი, პირველი არხის ყოფილი გენერალური დირექტორი, ომის ვეტერანი გურამ კუციავა. იგი იძულებული გახდა, განცხადება დაეწერა და სამსახურიდან წამოსულიყო. თუ რა გახდა ამის მიზეზი, ამის შესახებ რამდენიმე კითხვით მივმართეთ ბატონ გურამს.


- ამ უმუშევრობის ეპოქაში, რამ მიგაღებინათ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება?


- თქვენ ახლა პირველი არხი ახსენეთ და ის პერიოდი გამახსენდა. მაშინაც დღევანდელის ანალოგიით ხდებოდა ყველაფერი. „სუპერ ქანჩი" - ნაცებისგან გულმიცემული ზაზა შენგელია, სასტიკად გაუსწორდა ტელევიზიის გამოცდილ მუშაკებს და ნამდვილი „ბართლომეს ღამე" მოუწყო - ასობით ადამიანი უსამსახუროდ დატოვა. ცხადია, გამოთავისუფლებული ადგილები „სუპერ ქანჩის" ახლობლებმა, მეგობრებმა და მონებმა დაიკავეს. იგივე ხდება დღესაც. ისტორია მეორდება - ამჯერად შიხიაშვილი გადახტა ოცნებაში და ნაციონალებთან ბრძოლაში რომის პაპზე მეტი კათოლიკობა დაიბრალა. მან და მისმა პარტიულმა მეგობრებმა - ნაციონალებმა, გაყალბებული არჩევნებით საკრებულოს წევრობა „იშოვეს". როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, გამზრდელ პარტიას უღალატეს და სიმართლისათვის მებრძოლის მანტიები ჩამოირიგეს.


- არ გჯერათ მათი გულწრფელობა?


- არა, აქ მთავარი გამორჩენა იყო და არა მორალი, რომელიც მათ არც მაშინ ჰქონიათ და ვეჭვობ, არც ახლა აქვთ.


როცა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებმა ქვემო ქართლში შიხიაშვილის გუბერნატორობა ჩაშალეს, მისმა მფარველებმა მაშინვე დაიწყეს გამოსავლის ძებნა. იპოვეს კიდეც - შიხიაშვილი ვეტერანის სტატუსის მატარებელი აღმოჩნდა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად დანიშნეს. ცხადია, ამ ინდულგენციით თანამშრომლების დარბევის უფლება არ მიუციათ, მაგრამ ეს უკვე მისთვის პირადი საქმე იყო. კერძოც.


- შიხიაშვილის ვეტერანობაზე ადრე თუ გსმენიათ?


- როცა ნაცები გმირთა მოედანზე ვეტერანებს ცემდნენ, ალბათ, სავარძელში იჯდა და ტელევიზიით უყურებდა ამ ამაზრზენ სანახაობას. არც იმ დღეს, არც მომდევნო დღეებში მას პროტესტი არ გამოუთქვამს და „თანამებრძოლებისათვის" სოლიდარობა არ გამოუცხადებია. თქვენ ვერც საკრებულოს იმდროინდელ სხდომების ოქმებში ნახავთ მის გამოსვლაში თუნდაც მცირეოდენ კრიტიკას ნაცების მიერ ჩადენილ ამ და არაერთ სხვა დანაშაულზე და უზნეობაზე. შიხიაშვილის პოლიტიკური „გავაჟკაცება" მაშინ დაიწყო, როცა მიხვდა, ნაცების საქმე საბოლოოდ წასული იყო.  და კიდევ, ვეტერანად მოაქვს თავი კაცს, რომელსაც მიაჩნია, რომ შეიძლება მეგობარი ჩამოაქვეითებინო და შენ მისი ადგილი დაიკავო. წარმოიდგინეთ ამ მენტალობის კაცი ომში, მტერთან ბრძოლაში, როგორ მოექცეოდა მეგობარს. გეტყვით - უღალატებდა და სინდისიც არ შეაწუხებდა. თუმცა, სინდისი და შიხიაშვილი - მგონი ცოტა ხმამაღალი გამომივიდა.

 

- თქვენ ახლა მეგობრის ჩამოქვეითება ახსენეთ. რამე მსგავსი ხდება? საერთოდ, რა ვითარებაა სამსახურში?


- სრული განუკითხაობა ძველი თანამშრომლებისადმი. კოლექტივთან შეხვედრაზე ყველას დაამადლა, სამსახურიდან არ მოგხსნითო, თუმცა, იქვე განაცხადა, ზოგიერთს დაგაქვეითებთ და არ გააპროტესტოთო. შეუდგა კიდეც საქმეს - პირველი მხვერპლი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი აღმოჩნდა. იგი განყოფილების უფროსად ჩამოაქვეითა. ცხადია, ამ დამსახურებულმა ადამიანმა დიდი მატერიალური და მორალური დარტყმა მიიღო, მაგრამ შიხიაშვილისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის კი არადა, მას შემდეგ,  როცა პირად საუბარში არ მოვუწონე ეს საქციელი, ჩემი ვარაუდით, მან განცხადება დააწერინა ძებისაშვილს და იურიდიულად „გაამართლა" მისი „ჩამოლაბორანტება".  აბა, დაფიქრდით, და მითხარით, იგივე მოცულობის სამუშაოს შესრულებისას, რომელი ჭკუათმყოფელი დაწერს განცხადებას - ჩამომაქვეითეთ ბატონო და ერთი 500 ლარი ხელფასიც დამაკელითო. შემთხვევით, ის ხომ არ გაგახსენდათ, ღამის ოთხ საათზე, ნოტარიუსის თანდასწრებით რომ „ეხვეწებოდნენ" ნაცებს, არა ჩემი ქონება გადაიფორმეთ არა ჩემიო.

 

- პირადად თქვენც შეგექმნათ პრობლემა?


- წეღან რომ მეგობრის ჩამოქვეითება ვახსენე, ესეც სინამდვილიდან არის. ჯერ მოადგილის პირით, შემდეგ კი თავად განმიცხადა, რომ ჩემს ადგილზე „თავისი კაცის" მოყვანა უნდოდა და ჩემი ჩამოქვეითება იყო საჭირო. კერძოდ, მისი ჭკუით, მე უნდა დამეკავებინა ჩემი მეგობრისა და კოლეგის, ომის ვეტერანის, ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძის ადგილი, რომელიც ამ წუთამდე საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია.


- როგორ მიიღო კრიტიკა ხელმძღვანელმა?


- ჩემს პროტესტს მოყვა ის, რომ შიხიაშვილმა ბრძანებით შემიცვალა ფუნქცია და ყოველგვარი საშტატო უზრუნველყოფის გარეშე, დამავალა წარმოუდგენელი მოცულობის სამუშაოს შესრულება. ჩემი შეფასებით, ბრძანება უფრო პროვოკაცია და გამოწვევა, სარეპრესიოდ გათვლილი დოკუმენტია, ვიდრე საქმის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ამ ბრძანებას მეორეც მოყვა. შიხიაშვილი მივლინებით მგზავნიდა საქართველოს 11 რეგიონში, სადაც 10 დღეში უნდა მომეგვარებია ამ რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისა და შიხიაშვილის შეხვედრები. და ეს მაშინ, როცა პერიფერიაში ცხოვრობს 50 ათასამდე ვეტერანი და მხოლოდ 3 რეგიონში ფუნქციონირებს ჩვენი ტერიტორიული სამმართველო.

 

- ბატონო გურამ, ახალ ხელმძღვანელს მართლა ნაციონალები მოყავს სამსახურში?


- შიხიაშვილთან საუბრის დამთავრებისას, გადავწყვიტე ჩემი, ჯერ კიდევ მრჩევლის სტატუსით მესარგებლა და პირველი და უკანასკნელი რჩევა მიმეცა. კერძოდ, ვუთხარი, რომ მოეხსნა სახეზე ჭანჭიკებით დამაგრებული გაბრაზებული კაცის ნიღაბი და თანამშრომლებს ადამიანური ენით დალაპარაკებოდა.


რა არის იცით, თვითონ ამ ხალხს, გაყალბებული არჩევნებით რომ გაიკეთეს კარიერა და თბილისის საკრებულო 300 პროცენტიანი პრემიებით დატოვეს, შიხიაშვილი ორიენტაციაშეცვლილ და სახელმწიფოს გვერდით დამდგარ ადამიანებს უწოდებს. ცხადია, პირველ რიგში საკუთარ თავს გულისხმობს. ჩემი ინფორმაციით, დღეს შიხიაშვილმა ხელი მოაწერა 10 ბრძანებას და მაღალ თანამდებობაზე გაამწესა ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრები.


დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება და შიხიაშვილი თავის ნატვრასაც აისრულებს: I კატეგორიის მრჩევლად, როგორც თვითონ ამბობს, „თავის კაცს" დასვამს. სამსახურიდან წამოსვლაზე ჩემს მიერ განცხადების დაწერით მას ხელ-ფეხი გახსნილი აქვს.

 

- ძალიან მუქი სურათი დახატეთ, ბატონო გურამ...


- შიხიაშვილი არის ჩვეულებრივი მედროვე, რომლის მსგავსი არაერთი მოუნელებია ისტორიას. თუმცა, ასეთ უმორალო სუბიექტებს, იმავე უახლოეს წარსულში ბევრი პატიოსანი ადამიანი გაუმწარებია. მივმართავ ხელისუფლებას, გამოფხიზლდეს, გაიგოს, რომ შიხიაშვილი მარადიული ყვარყვარეა, რომელიც ყველგან და ყოველთვის ნაცნობი ფრაზით იმართლებს თავს. გახსოვთ, არა ვარ მე ის კაცი! ის კაცი კი ყოველთვის პირადულის წინ წამოწევით მოქმედებს. მისთვის არც სახელმწიფო, არც ქვეყანა მთავარი არ არის.


და ბოლოს, მინდა მივმართო ვეტერანებს: არ აყვეთ შიხიაშვილის პროპაგანდას. იმ რესურსებით, რომელიც მას სახელმწიფომ ანდო, შიხიაშვილს წამოწყებული აქვს ერთი დიდი პიარ-აქცია, სადაც იქნება საჩუქრების დარიგება, სევდიანი გამომეტყველება, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, დაპირებები, ცაში ბუშტებსაც გაუშვებენ და ეკლესიაში კელაპტარსაც დაანთებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთივე ყალბი და უშედეგო იქნება, როგორიც თვითონ ათას პარტიაზე გადამხტარი შიხიაშვილია.


ესაუბრა: ირაკლი(სეხნია) ჩიჩუა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016