reportiori.ge - კერძო მევახშეებთან ნაღდი ანგარიშსწორება იკრძალება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:56
პრეს-დაიჯესტი
კერძო მევახშეებთან ნაღდი ანგარიშსწორება იკრძალება
ავტორი:
27 სექტემბერი, 2014. 17:10


კერძო იპოთეკარებსა და მსესხებლებს შორის ურთიერთობაზე რეგულაციები მკაცრდება და უახლოეს მომავალში ურთიერთობა უნაღდო ანგარიშსწორებით მოუწევთ. „ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ ასოციაცია ამ თემაზე უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს. გვასალიას თქმით, კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობს, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ კი ნოტარიუსი ვეღარ დაარეგისტრირებს ხელშეკრულებას, თუ მსესხებელსა და გამსესხებელს საბანკო ანგარიშები არ ექნებათ. გარდა ამისა, სასამართლოს არ ექნება უფლება, მიიღოს დავა, რომელშიც ორ სუბიექტს შორის უთიერთობა საბანკო  ანგარიშების მეშვეობით არ იქნება. როგორც გვასალია ამბობს: „როდესაც მსესხებელს უნდა გამსესხებლისთვის თანხის მთლიანად დაბრუნება, მას გამსესხებელი ემალება, რომ  ვადები გადააცილოს და შემდეგ ჯარიმები დაუწესოს. ამ რეგულაციის დაწესების შემდეგ კი არც შეეკითხება, ისე ჩაურიცხავს პირდაპირ ანგარიშზე".


კიდევ რა რეგულაციების გაწერა იგეგმება კანონპროექტში? შეეზღუდება თუ არა მოქალაქეს უფლება, აირჩიოს, ვისთან სურს ურთიერთობა - მევახშესთან თუ ბანკთან? ხომ არ მოხდება საპროცენტო განაკვეთის აწევა მევახშეებისთვის, რომლებიც ამჟამად 10 %-ად აძლევენ სესხს მოქალაქეს, ბანკში კი ორჯერ მაღალი პროცენტია? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის მიღება „ალიას" ზურაბ გვასალიასგან სურდა, თუმცა მას მთელი დღის განმავლობაში მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ასოციაციის ინტერნეტგვერდზე მითითებულ ნომერზე დარეკვისას კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვხვდით.


„ალიას" ესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე.

 

- იდეა სწორია, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობას მხარეებს შორის და, ფაქტობრივად, ხილულს ხდის ყველა იმ ოპერაციას, რომელიც კერძო იპოთეკარსა და კერძო გამსესხებელს შორის კონტრაქტით იქნება დადგენილი. ცხადია, ინტერპრეტაციის თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ამას სხვანაირადაც შევხედოთ. არგადახდის შემთხვევაში ჩნდება ბერკეტი მსესხებლის მიმართ ყველა ანგარიშზე არსებული თანხის მობილიზაციისა და გადახდისკენ მიმართვისა, მაგრამ ასეთ უკიდურეს ინტერპრეტაციაზე საუბარს, სჯობია, ვიმსჯელოთ დადებით კონტექსტზე. ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია ლეგალურად უნდა ხორციელდებოდეს, და რაღა დროს ნაღდი ფულით სიარული და ანგარიშსწორებაა. ერთი თვალსაზრისით ეს კარგია, მაგრამ მეორე თვალსაზრისით რაღაც იზღუდება. ის, რომ კაბალური პირობებია კერძო სესხის აღებისას, ის, რომ აბსოლუტურად შეუსაბამო პროცენტები და ჯარიმებია და 5-6 ათასი დოლარისთვის უხდებათ 10 ათასობით ღირებულების სახლის გაყიდვა, ეს უკვე სხვა საკითხია და ამ კანონთან კავშირში არ არის.


- ამ კანონის მიღების ფარული აზრი ის ხომ არ არის, რომ გამკაცდეს ურთიერთობა მევახშესა და მსესხებელს შორის და ადამიანი იძულებული გახდეს ბანკში მივიდეს ფულის სასესხებლად? ხშირია შემთხვევები, როდესაც მევახშესთან პირადი მოლაპარაკების საფუძველზე ხდება სესხის გადავადება და ქონებას არ კარგავს ადამიანი, რაც ბანკთან გამორიცხულია.

 

- ქართული საბანკო სისტემა რომ ვარგოდეს, ისინი არ დატოვებდნენ თავისუფალ ნიშებს კერძო გამსესხებლებისთვის. სად ნახეთ ცივილიზებულ სამყაროში, აიღეთ გნებავთ დასავლეთისა და აღმოსავლეთის განვითარებული ქვეყნები, რომ ვიღაც კერძო გამსესხებელი ბანკებს კონკურენციას უწევდეს და უზარმაზარ მოთხოვნას აკმაყოფილებდეს? ამიტომ ეს პროცესი შეიძლება კარგიც იყოს, რომ ჩვენ ვაიძულოთ ხელისუფლება, ყურადღება მიაქციოს ბანკებს და დააწესოს ცივილიზებული რეგულაციები. ბანკები ახლა თავზეხელაღებულად ყვლეფენ ხალხს და ეს ვინმემ უნდა შეაჩეროს. კერძო მევახშეებს ნორმალურ საბანკო სივრცეში არსებობის არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, მაგრამ ქართული ბანკები დღეს კერძო  მევახშეებზე უარესები არიან თავიანთი მიდგომებით, ეკონომიკური პოლიტიკით და ამიტომაც არის, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს მევახშესთან ურჩევნია ურთიერთობა.


- რეგულაციების გამკაცრებით მოქალაქეს არჩევანი არ ეზღუდება? ცნობილი არც ის არის, ბანკის მეშვეობით მევახშისთვის ფულის გადახდისას რა პროცენტის გადახდა მოუწევს მსესხებელს საბანკო მომსახურებისთვის. ამ დრომდე ბანკებზე დაბალი პროცენტი ჰქონდათ მევახშეებს, უცნობია, ამიერიდან როგორ იქნება.

 

- გეთანხმებით, მაგრამ ეს უნდა იყოს სწორად გაკეთებული. საქართველოს ეროვნული ბანკი არ ასრულებს თავის ფუნქციას კომერციული ბანკების რეგულაციების თვალსაზრისით, რაც შეეხება ხელისუფლებას, მათ კანონების მთელი პაკეტი უნდა შემოიტანონ, სადაც კერძო სექტორის მთელი ასპექტი და ბანკის ურთიერთობა იქნება მკაცრად რეგულირებული, რომ არც ბანკებს მიეცეთ თვითნებური პოლიტიკის გატარების საშუალება და მოქალაქესაც საშუალება ჰქონდეს, ცივილიზეული პროცენტით მიიღოს სესხი. დღეს ფულის საჭიროებით შეწუხებული ადამიანი ხაფანგშია გაბმული. როცა ადამიანს ოჯახის წევრი ავად ჰყავს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, ის ყველაფერზე თანახმაა და ხშირად რჩება უსახლკაროდ ამ გამომძალველი პოლიტიკის გამო.


- როცა მოქალაქე საცხოვრებელ სახლს დებს ბანკში ესე იგი მას არ აქვს ფული და თითქმის შეუძლებელია ძირი თანხის ზემოდან მან გადაიხადოს 18,24 და 36 %. არათანმიმდევრულად რატომ იქცევა ბანკების ასოციაცია? ჯერ ბანკებმა გადახედონ სატარიფო პოლიტიკას და შემდეგ მიდგეს ჯერი მევახშეებზე.

 

- ამაშიც გეთანხმებით, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ 20 და 24 %-ად გიფასებდნენ უზარმაზარ ქონებას და შემდეგ ჩალის ფასად ყიდდნენ მას. ეს კანონმა და ხელისუფლებამ უნდა დაარეგულიროს. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ძარცვის მექანიზმად არის გადაქცეული.


- ალბათ, რეგულაციების გამკაცრება კერძო მევახშეებს აიძულებს, არალეგალურად მოხდეს გარიგება მსესხებელსა და გამსესხებელს შორი.

 

- ნამდვილად ასეა, თუ რეგულაციები სწორად არ იქნება მიღებული, ჩვენ საერთოდ დამალულ ხელშეკრულებებზე გადავალთ, რომელიც კიდევ არაერთი უბედურების შემქმნელი იქნება. გასესხების პროცესი ლეგალური სფეროდან გავა და ეს გაცილებით უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება, როგორც კლიენტისთვის, ისე მევახშეებისთვის. ამიტომ ამას უნდა დეტალური გაწერა და სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ცვლილებები შეეხოთ ბანკებსაც. კანონი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ მხარეზე მორგებული, ამ შემთხვევაში ბანკებზე. ისე არ გამოვიდეს, რომ ბანკებს კლიენტების რაოდენობა გაეზარდოთ, მევახშეები ისე დარჩნენ და მოქალაქეებს მოუწიოთ მაღალ პროცენტში ბინის იპოთეკით დატვირთვა, რომელთა დიდი ნაწილი გასხვისებისთვის არის განწირული. თუმცა რეგულაციების ყველაზე უარყოფითი მოსალოდნელი შედეგი მაინც მევახშეთა საქმიანობის ლეგალური სფეროდან გასვლაა.


„ალია" ამ თემას კვლავ დაუბრუნდება. შევეცდებით, ზურაბ გვასალიას არგუმენტები მოვისმინოთ კანონპროექტის შემუშავების საჭიროებასა და მის უარყოფით მხარეზე.


შორენა გოგოლაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016