reportiori.ge - რაში დაარწმუნა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტები?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:50
პრეს-დაიჯესტი
რაში დაარწმუნა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტები?
ავტორი:
27 სექტემბერი, 2014. 17:15


დგას თუ არა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე? მიიღებს თუ არა რეალურ სახეს „ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა? დღეს ეს საკითხი კულუარებში აქტიურად განიხილება.


ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი „ალიასთან" ინტერვიუში აი, რას აცხადებს:


- რევოლუციური რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობის" არსებობის ფორმაა, ჩვენ ამას დიდი ხანია შევეგუეთ, მათი გამონათქვამები უფრო მჭახეა, რაც უფრო შორდება „ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ოცნებას ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ. ცხადია, კრიტიკის გარკვეული საფუძველი არსებობს, მაგრამ კრიტიკის ნაცვლად ვაი-უშველებლის ძახილი ამცირებს სანდოობას სხვა ტიპის სამართლიან განცხადებებზე. ამიტომ სჯობს, ფართო საზოგადოება ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში და თუ გვსურს, რომ რყევებს ადგილი არ ჰქონდეს, სამოქალაქო საზოგადოებამ ნელ-ნელა უნდა მიჭირხვნოს ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავსმოხვეული კოჰაბიტაციის ფონზე ერთმანეთის მიმართ წყევლა-კრულვით არიან დაკავებულნი. ამ დროს სახელმწიფო ინტერესები უკან იწევს, მათთვის მთავარია, სიტყვაში მოუგონ ერთმანეთს, წარსული წამოაძახონ და უპერსპექტივობა უმკითხაონ. ამიტომ სულ უფრო მიუღებელია საზოგადოებისთვის ეს ორპარტიული წყევლა-კრულვა, სადაც რეალურად არ ჩანს სახელმწიფო ინტერესების უპირატესობა.


სამოქალაქო  დაპირისპირების ნიშნები შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ პარტიული ნიღაბი ექნებათ ამოფარებული, მაგრამ „თავისუფალი ზონა" რა იყო, გავიგეთ. ახლა გამოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა", რომელიც დაკავებულია იგივე საქმიანობით, ესეც წარმოშობს ეჭვებს, რომ ორივე ორგანიზაცია ნაადრევად პოლიტიზებულია.  სულ რამდენიმე დღეა, რაც გავიგე, რომ ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა", სრულიად მკაფიო ორიენტირების ირგვლივ, მაგრამ მეთოდები, რომლითაც საზოგადოების წინაშე წარმოჩინდნენ, არის მიუღებელი, რადგან ასეთი ახალგაზრდების ჯგუფები ჩვენ უკვე გვყავდა მრავალი წელია და ისინი არ იქნენ მოწონებულნი საზოგადოების მიერ.


- „ნაციონალების" მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?

 

- ის, რაზეც ილაპარაკა „ალიასთან ინტერვიუში შს მინისტრმა, შეთქმულების არსებობა არ იქნებოდა დიდი მოულოდნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის: ვერა და ვერ შეეგუა „ნაციონალური მოძრაობა", რომ ის აღარ არის ხელისუფლების სათავეში. გადის უკვე ორი წელი, რაც მან ეს ფუნქცია დაკარგა და მათ კისერზეა უამრავი დანაშაული, მაგრამ ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. სამწუხაროდ, თვითკრიტიკას ვერ ვისმენთ, როგორც „ნაციონალების", ასევე „ოცნების" ლიდერებისგან. „ოცნების" თვითკმაყოფილება მაგონებს „ნაციონალების" დამკვიდრებულ პრაქტიკას, მაგრამ საზოგადოება კვლავ კრიტიკულია, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც არ არის გულწრფელი. დღემდე ვერ გავიგეთ, რას ეყრდნობა ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა, თუ სანაქებო მთავრობა გვყავს და არავის მიმართ პრეტენზია არ არის, მაშინ  როგორ ხდება, რომ ერთ დღეში შვიდ მინისტრს ხსნიან? ეს საკადრო პოლიტიკაა თუ ლატარია?


- მინისტრებზე გამახსენდა. ბიძინა ივანიშვილი წუხს, პრემიების თაობაზე, თუმცა არავის მოუთხოვია უკანონო პრემიების დაბრუნება, რაც, ფაქტობრივად, უსაქმურობაში აიღეს მინისტრებმა...

 

- ვფიქრობ, პრემიები არის ხარაკირი, რომელიც შეასრულეს „ქართული ოცნების" „სოლისტებმა". რჩება შთაბეჭდილება, რომ, თუ გინდა ამ ქვეყანაში იცხოვრო ისე, რომ ხვალინდელი დღის ბედი არ გაწუხებდეს, აუცილებლად სახელმწიფო მოხელე უნდა იყო. ყველა სხვა პროფესიის ადამიანი იჩაგრება და მან არ იცის, ხვალ როგორი დღე დაუდგება. საკმარისი არ არის ის რეალობა, რომ დღევანდელი ყოფა ამ ხელისუფლების პირობებში უკეთესია, წინამორბედზე. საზოგადოებამ გააცნობიერა, უკეთესი არ ნიშნავს კარგს, რადგან სტანდარტი, რომელიც დღევანდელობას ვადარებთ, იყო სრულიად მიუღებელი, ნებისმიერი ძალა რომ ყოფილიყო სათავეში „ქართული  ოცნების" ნაცვლად. ცხადია, მაინც იმაზე უკეთესი იქნებოდა, რაც იყო „ნაციონალების" დროს. ასე რომ, დროა „ქართული ოცნება" თვითკმაყოფილებიდან გამოვიდეს.


-  პრეზიდენტისა და პრემიერის კინკლაობა, მიგვიყვანს თუ არა იმ აუცილებლობამდე, რომ დაიშალოს პარლამენტი და გამოცხადდეს რიგგარეშე არჩევნები. პრეზიდენტი გამოიყენებს თავის უფლებას სახელისუფლებო კრიზისის შემთხვევაში?


- კონსტიტუცია, რომლითაც დღეს ქვეყანა იმართება, კარგი იქნებოდა თავფურცელზე ყოფილიყო მკაფიო ჩანაწერი „სახსოვრად ბიძინას მიშასგან"... ვენეციის კომისიამ ამ კონსტიტუციაზე თავის დასკვნაში დაწერა, რომ ეს კონსტიტუციური ნორმები შესაძლოა, ქვეყანაში გახდეს კრიზისული სიტუაციების საფუძველი. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს მშვენივრად გვახსოვს 2013 წლის მაისში ბატონი ივანიშვილის სტუმრობა, სადაც კონსტიტუციის საფუძვლებზე გვქონდა მსჯელობა, ჩვენი ქვეყნის წამყვან კონსტიტუციონალისტებთან ერთად, სადაც მან დაგვარწმუნა, რომ არ შეიძლება პრეზიდენტს არ ჰქონდეს საკმარისი უფლებამოსილებანი იმისთვის, რომ მან დაარეგულიროს ურთიერთობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის. ის იყო სრულიად მკაფიო თავის წარმოდგენაში, რომ რაც შეიძლება მეტი ბერკეტი უნდა დაუბრუნდეს პრეზიდენტს. სინამდვილეში დღეს ვხედავთ სრულიად სხვა რამეს, ზეგულწრფელმა ექსპრემიერმა თავის შეცდომად აღიარა მის მიერ დასახელებული კანდიდატი ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ დაგვენახა შესაბამისი ნაბიჯები, რომ არ ჩამოყალიბებულიყო კონფლიქტები სხვადასხვა მმართველობით შტოებს შორის, თავად დაიწყო პოლიტიკურ სცენაზე მსახიობების განთავსება და უპირველეს ყოვლისა, ბატონმა ივანიშვილმა მოინდომა პრეზიდენტის განადგურება. ეს ასე მარტივად არ ხდება ქვეყანაში, როდესაც პრეზიდენტი არის საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული და არა დანიშნული. როცა მილიონზე მეტი ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს, ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, თუ ვინ იყო წინაპირობა ასეთი არჩევანის. რაც ხდება, პრობლემის არსი ისაა, რომ პრეზიდენტს აქვს მკაფიო პოზიცია, რომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, რომელიც უკრძალავს რომელიმე პარტიის თავკაცობას, მით უმეტეს, წევრობას, ის ვერ იქნება ვერც ერთი პოლიტიკური გუნდის მიმართ სუბიექტური, ის უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოსახლის საკუთრება და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის. ამიტომ ღიმილისმომგვრელია, როცა ჩვენ ე.წ. ორპარტიული დემოკრატიის მოქმედი პირნი და შემსრულებელნი ცდილობენ შეტევასაც და პრეზიდენტის დაცვასაც. ამასობაში პრეზიდენტი ასეთი დაპირისპირების ფონზე მხოლოდ იმაღლებს საკუთარ ავტორიტეტს ქვეყანაში. პრეზიდენტი და პრემიერი ძალიან კორექტულები არიან ერთმანეთის მიმართ და არ ყოფილა არც ერთი ფრაზა, რომლითაც ერთმანეთის მიმართ რაიმე ტიპის უპატივცემულობა გამოეხატათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ არის მათივე გუნდის მახასიათებელი. რატომ იყო ასეთი გულგახეთქილი მთავრობა, რომ შესაძლებელი იყო ნიუ-იორკში პრეზიდენტი წასულიყო და არა პრემიერი, გამოიკვეთა ის, რომ საქართველოში სამთავრობო დეფიციტია. დღეს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს შორის მოძრაობენ. პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი. აღმოჩნდა, რომ ერთკვირიანი პაუზა საქართველოს მთავრობის საქმიანობაში, მიგვანიშნებს შესაძლებლობაზე, რომ გააქტიურდეს „ნაციონალური მოძრაობა", რადგან ამ დღეებში პასუხთა გამცემის დეფიციტია „ქართულ ოცნებაში", ხოლო პარლამენტის უმრავლესობის წევრები თანდათან უფრო თავშეკავებულები არიან ამა თუ იმ ფაქტების შეფასებისას, მით უმეტეს აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად გაისარჯნენ პრეზიდენტის კრიტიკით, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, ამიტომ რჩება მხოლოდ ნეგატიური შთაბეჭდილება იმ პოლიტიკოსი კაჭკაჭების მიმართ, რომლებიც ამ ხნის მანძილზე ერთ ხმაში აძაგებდნენ პრეზიდენტს. პოლიტიკურმა კაჭკაჭებმა იჩქარეს, დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს, საზოგადოებას თავისი მკაფიო აზრი გააჩნია და თუკი რაიმეა გასასწორებელი ჩვენს ქვეყანაში, ეს არის საქართველოს კონსტიტუცია და შესაძლოა, ამაზე უფრო აუცილებელი და საჩქარო იყოს საარჩევნო კოდექსის შესწორება.


- კულუარებში საუბარია, რომ აიძულონ ქვეყნის პრეზიდენტი, გადადგეს და ქვეყანაში ჩატარდეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. რა საინტერესოა, ვინ ვის დაასწრებს?

 

- თუ პრეზიდენტი თავის უფლებამოსილების ჩარჩოდან გავა და მან დაიწყო პოლიტიკური პარტიის შექმნა, ეს საკმარისი იქნება იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ეს პროცესი ვერ დასრულდება ისე, როგორც ზოგიერთს სურს, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში მმართველ პარტიას არ გააჩნია. გამორიცხულია, პრეზიდენტი თავისი ნებით გადადგეს, მას ვერ აიძულებენ, ხოლო თუკი ქვეყანაში შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, პრეზიდენტის ვალდებულება, პირდაპირი ფუნქციაა, დაშალოს პარლამენტი და გამოაცხადოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.


ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016