"ალიას" ესაუბრება საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია.
- ბატონო ვალერი, პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში აჭრილია, "ნაციონალები" ყველანაირად ცდილობენ, ნებისმიერი წვრილმანი გამოიყენონ და რაღაც გადატრიალების მსგავსი მოაწყონ. თქვენი აზრით, რამდენად საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე?
- "ნაციონალები" რომ ინტენსიურად მუშაობენ, ეს აშკარად ჩანს. მაგალითად, "რუსთავი 2" ყველაფერს იწყებს ნეგატივით, მუშაობენ სოციალურ ქსელებში, მუშაობენ საზოგადოებაზე, რათა მოსახლეობაში ნეგატივის აღქმის ხარისხი აამაღლონ. სამწუხაროდ, დღეს რეალობაც აქეთ მიდის, ბევრი რამ მათ წისქვილზე ასხამს წყალს, მათ აქვთ საშუალება, მერე რაღაცები გააზვიადონ. ამ ყველაფერს ეშველება კანონიერი მიდგომით, უნდა გაირკვეს, საიდან ფინანსდება "თავისუფალი ზონა". თუ დაფინანსება კანონიერია, მაშინ მათ საქმიანობას ხელს ვერავინ შეუშლის, თუ არაკანონიერია, უნდა აიკრძალოს. ახლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოყო 10 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადანაწილდეს სამ ქვეყანაზე - მოლდოვა, საქართველო, უკრაინა. ეს თანხა უნდა მოხმარდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას ანტირუსული პროპაგანდის კუთხით. როდესაც საქართველოში ანტირუსულ პროპაგანდაზე ლაპარაკობენ, ამ დროს სად არის რუსული პროპაგანდა? მე არ გამოვრიცხავ, ეს 3 მილიონი დოლარი წავიდეს "რუსთავი 2"-ში, "თავისუფალ ზონაში" და სხვა მსგავს ორგანიზაციებში. როგორც ჩანს, ეს ამერიკელებს აწყობთ, თუ რატომ აწყობთ, ეს სხვა საკითხია.
- რა სხვა საკითხია? სწორედ ესაა საინტერესო, ჩვენ ხომ ამერიკელები მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ, რუსეთთან ურთიერთობა დააბალანსეთო? თუკი ახლა 3 მილიონ დოლარს იძლევიან იმაში, რომ აქ ანტირუსული პროპაგანდა გაჩაღდეს, მაშინ გამოდის, ამერიკელები ფარისევლობენ.
- მე ვფიქრობ, დღეს მთავარი მიზეზი არის ის, რაც დაახლოებით ჩემი მინისტრობის დროს იყო. ამერიკელები დღევანდელი ხელისუფლების პირველ პირებს ვერ აღიქვამენ თავიანთ ხალხად. ეს პირველ რიგში ეხება პრემიერ-მინისტრს. მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებული ვიზიტებისა, ისინი ნამდვილად ვერ აღიქვამენ თავიანთ კაცად. მარგველაშვილს უფრო ნდობით უყურებენ და კიდევ რამდენიმე ადამიანს კოალიციიდან. სამწუხაროდ, ამერიკელებს ჯერ კიდევ თავიანთ კაცებად მიაჩნიათ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი. თუმცა ამ უკანასკნელის ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოიქცევა.
- ჩვენი ხელისუფლებიდან არავინ ჩასულა მოსკოვში, არავინ შეხვედრია პუტინს, ირაკლი ღარიბაშვილი ხან ევროპაშია, ხან ამერიკაში, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ყელგამოწეულები ვიხვეწებით, მიგვიღეთ ნატოშიო, ერაყსა და ავღანეთში ჯარისკაცებს ვაგზავნით. ამ ყველაფრის შემდეგ რატომ უყურებენ უნდობლად?
- ახლა მოვყვები ერთ მომენტს ჩემი შემთხვევიდან, ამაზე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ რაკი სიტყვამ მოიტანა, გავიხსენებ: როდესაც უშიშროების მინისტრად დავინიშნე, ამერიკელებისთვის ეს იყო ცოტა გაუგებარი, განსაკუთრებით სადაზვერვო სამმართველოს ჯგუფისთვის. მანამდე ანტიკორუფციული კანონი შევიმუშავე და ამ კუთხით ამერიკელებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდი, სისტემა მიცნობდა, მაგრამ ვიყავი უცნობი სპეცსამსახურების ჯგუფისთვის. თავიდან თითქოს ურთიერთობა ნორმალურად წარიმართა, მაგრამ მერე დაიწყო არევები. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დავიწყე რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსება. ამერიკელები მოვიდნენ და პირდაპირ განმიცხადეს: ჩვენ ამ დაბალანსებას ვერ ავიტანთო. მე მაშინვე წავედი ამერიკაში, იქ პოლიტიკურ დონეზე მომიწონეს დაბალანსების მცდელობა, მაგრამ როგორც კი დავბრუნდი, ამერიკელი რეზიდენტი, რომელიც ჩემთან კონტაქტობდა, ისევ იყო გულმოსული, ისევ იგონებდა რაღაცებს, ქმნიდა პრობლემებს და ასე შემდეგ. მოდი, პირდაპირ ვიტყვი, ირაკლი ალასანიას, რომელიც მაშინ ჩემი მოადგილე იყო, რაღაც-რაღაცები არასწორად მიჰქონდა რეზიდენტთან. ეს არის ქართული ვარიანტი, ამას ამერიკელებს ნუ დავაბრალებთ. ესენი თვლიან, რომ ეს სივრცე არის მათი და წინსვლის საშუალებას არ მოგცემენ. როგორც კი ეს ვიგრძენი, შევეცადე, ამერიკელებთან დამელაგებინა ურთიერთობები, ამის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ჩემთან მუშაობდა ერთი მეგობარი, ძალიან კარგი კაცი, სერგო ძაგნიძე, რომელიც თავის დროზე პოსტსაბჭოთა სივრციდან იყო "ეფბიაის" აკადემიის პირველი მსმენელი. მას ამ წრეებში ჰყავდა ბევრი ნაცნობ-მეგობარი. როგორც კი ძაგნიძის დახმარებით "ეფბიაისთან" ურთიერთობები გავარკვიე, ამან უფრო გააბრაზა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. როდესაც მომზადდა ჩემი ვიზიტი "ეფბიაიში", აქედან პირდაპირ იყო სატელეფონო ზარები, რომ იმჟამინდელი ხელმძღვანელი, რობერტ მიულერი არ შემხვედროდა. როდესაც ამერიკიდან დავბრუნდი, შევარდნაძეს ამბავი მიუტანეს, თითქოს მიულერმა არ მიმიღო. ირონიულად მითხრა: რაო, არ მიგიღესო? იძულებული გავხდი, შევარდნაძისთვის ვიდეოკადრები და ფოტოები მენახვებინა. რატომ ვამბობ ამას? რაც არ უნდა იმუშაოს ღარიბაშვილმა, თუ მისი გუნდიდან და არამარტო მისი გუნდიდან ხელის შეშლა იქნება, მით უმეტეს, "ნაციონალებიდან", ამერიკელები ყოველთვის ეჭვის თვალით შეხედავენ. მაგალითად, ბოლო დროს ერთი ამბავი ატყდა, თურმე ჩვენი ხელისუფლება მზად არის სირიელი ამბოხებულების მოსამზადებლად. ამის შესახებ ამერიკელებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს მართლაც ითქვა, ხელისუფლებაში იძახიან, არ გვითქვამსო. მე მგონი, თეთრი სახლის დონეზე დაამტკიცეს, რომ ასეთი რამე ითქვა, ბოლოს და ბოლოს, ბავშვობა ხომ არ არის?
მოკლედ, მერე ამ სატელეფონო ზარებზე ირაკლი ალასანიას ველაპარაკე, მკაცრი საუბარი მქონდა, ყველაფერი უარყო, მაგრამ მე მქონდა 100-პროცენტიანი ინფორმაცია, რომ ამბები მიჰქონდა სადაზვერვო სამმართველოს ჯგუფთან, რომელიც საქართველოში მუშაობდა. ესე იგი, თვითონ ვისებიც არიან, იმათთან არავინ არ მიგიშვებს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ამერიკელები არ არიან რუსული ყაიდის ტიპები, ადვილად არ შედიან სხვასთან ურთიერთობაში. მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნები ერთმანეთისგან დაშორებულია და ყველა ყველას არ იცნობს. სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, ირაკლი ღარიბაშვილს ვინ იცნობდა? თითქმის არავინ, მას ურთიერთობა არ ჰქონია ამერიკის სპეცსამსახურებთან, ამ მხრივ, გაცნობითი სამუშაო უნდა შეასრულოს ირაკლი ალასანიამ.
- ირაკლი ალასანია ამერიკელებთან რა დონეზეა გასული, ანუ რა დონეზე შეუძლია საქმის გაკეთება ან გაფუჭება?
- რაღაც ისეთი მესიჯები მივიღე ირაკლი ალასანიასგან, რას მერჩის, ჩემგან რა უნდა, რატომ მაკრიტიკებსო? მე არავის არ ვერჩი, უბრალოდ ვლაპარაკობ სიმართლეს. თუმცა გამოგიტყდები, ალასანიას მიმართ პირადი გაბრაზების საფუძველიც მაქვს, მას და მისნაირებს ერთხელ არ დასცდენიათ ვალერი ხაბურძანიას დასაცავი სიტყვა. როდესაც პანკისზე ლაპარაკობენ, როცა ყველა თავის თავზე ირგებდა ყველაფერს, კარგად გადახედონ თავიანთ განვლილ ცხოვრებას, გაიხსენონ, ვის რა გაუკეთებია იგივე პანკისში, ვის რა დამსახურება აქვს და მიხვდებიან, რომ ამდენი არ უნდა ილაპარაკონ. ირაკლი ალასანიას ჰქონდა კავშირი ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან, მას ამზადებდნენ გელა ჩარკვიანის შემცვლელად. ჩარკვიანი თარჯიმანი იყო სადაზვერვო სამმართველოსა და შევარდნაძეს შორის, მაგრამ, ფაქტობრივად, ამ როლს ასრულებდა ირაკლი ალასანია, მან რაღაც კურსები გაიარა და კავშირები დარჩა. განსაკუთრებით მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მეთიუ ბრაიზასთან. ამ ადამიანს მეც შევხვდი ოთხჯერ, ძალიან გულახდილი საუბარი გვქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შორს მაინც ვერ წავედი, მაინც ჩამიკეტეს გზები. სამწუხაროდ, ჩემი აქტიურობა რუსეთთან მიმართებაში ცუდად მიჰქონდათ ამერიკელებთან. მე ამერიკელებსაც და რუსებსაც პირდაპირ ვუთხარი, მხოლოდ ჩემი ქვეყნის ინტერესები მამოძრავებს-მეთქი. ეს ნიშნავდა იმას, რომ პანკისის საკითხი ერთობლივად უნდა გადაგვეწყვიტა და ეს გავაკეთე კიდეც. როცა ირაკლი ალასანია ჩემს მოადგილედ დავნიშნე, მას ჩავაბარე მხოლოდ ამერიკული მიმართულება, რუსულ საკითხს, წესით, არ უნდა შეხებოდა.
- გამოდის, ალასანია თქვენს წინააღმდეგ მუშაობდა?
- ამერიკელებს რომ ჩემთვის არასასურველი ინფორმაციები მიეწოდებოდათ, ამას ვგრძნობდი.
- ალბათ, ხვდებით, საით მიმყავს საუბარი... ესე იგი, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ალასანიაზეა დამოკიდებული ამერიკული კუთხით, ანუ მას შეუძლია, რომ ამერიკელებთან საქმე გაუფუჭოს?
- ამ წუთას ალასანიას ამას ვერ დავაბრალებ, ბოლო დროს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ლოიალური გახდა, თბილ განცხადებებს აკეთებს. თუმცა ზოგადად პოლიტიკაში ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს თვითონ უნდა გაარკვიონ, გუნდში ვინ ქმნის ამ ტიპის ბარიერებს, აქ ვგულისხმობ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის გარემოცვას.
- რა თამაშს თამაშობს გიორგი მარგველაშვილი?
- მარგველაშვილმაც იცის თავის ხეზე ასვლა. მე ის მახსოვს, როცა თარჯიმნად დაგვყვებოდა უცხოეთში. მაგალითად, ერთხელ უსაფრთხოების ჯგუფი ვიყავით ამერიკაში - იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, იყო გია ბარამიძე, პეტრე მამრაძე, ავთო იოსელიანი, ვალერი ჩხეიძე და ასე შემდეგ. რაღაც პროგრამა გაგვაცნეს და იქ სათარჯიმნო-საოფიცრო საქმიანობას ახორციელებდა მარგველაშვილი ამერიკული ორგანიზაციების მხრიდან. ბუნებრივია, მასაც ჰყავდა თავისი ლობი და ეტყობა, ახლაც იქიდან ხდება მისი წაქეზება.
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ესე იგი, მარგველაშვილი თავისი თარჯიმნობით ამერიკულ სპეცსამსახურებთან იყო დაკავშირებული?
- მე ვფიქრობ, მარგველაშვილს მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს ამერიკელებისგან, ამდენს ვერ "გაბედავდა". ეს ადამიანი ძალიან ბევრს იცნობს, ძირითადად ისეთებს, რომლებიც სამოქალაქო სექტორში მუშაობენ. ვგულისხმობ ამერიკულ ორგანიზაციებს. მოდი, სიტყვა "თარჯიმანს" ნუ გავაუფასურებთ, მარგველაშვილს თავისი ფუნქციები ჰქონდა. მაგალითად, მე ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა "აირაი", "ენდიაი", "იუსაიდი" და სხვები, სპეცსამსახურებად ვთვლი. ვინც სპეცსამსახურს მხოლოდ სახელმწიფო უწყებას ეძახის, ძალიან ცდება. ამ არასამთავრობო სტრუქტურებს დავალებული აქვთ, მოიპოვონ ინფორმაცია თავიანთი ქვეყნისთვის, გააანალიზონ ეს ინფორმაცია, გადაიბირონ ხალხი და ასე შემდეგ. მე ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩამოვთვალე, არ არიან ამერიკის სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებლები. თუ არ ვცდები, როცა ჩვენ ამერიკაში ერთად წავედით, მარგველაშვილი "ენდიაის" ოფისში მუშაობდა.
- გამოდის, მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს ამერიკელებმა შესთავაზეს.
- მე არ ვიცი, ვინ შესთავაზა. რაკი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მან ამ საკითხში შეცდომა დაუშვა, მისი მჯერა. სხვათა შორის, არც ჩემთვის შემოუთავაზებიათ ირაკლი ალასანიას კანდიდატურა. მე ის ჩემს მოადგილედ დავნიშნე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
- მართლა არავის შემოუთავაზებია? არც შევარდნაძეს უთქვამს რამე?
- არა, პირიქით, შევარდნაძეს მე ვუთხარი და მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. ალასანია იმ დროს მუშაობდა უშიშროების საბჭოში და შევარდნაძესთან ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი, როცა უნდოდა, მაშინ ურეკავდა. მახსოვს, ცხონებული ნუგზარ საჯაია ამაზე ბრაზდებოდა ხოლმე.
- რატომ ჰქონდა ალასანიას ამდენი უფლება?
- ამაზე უკვე გითხარი, მას ამზადებდნენ გელა ჩარკვიანის შემცვლელად, ირაკლი, ფაქტობრივად, იყო თარჯიმანი შევარდნაძესა და ამერიკის სპეცსამსახურებს შორის. ვიცი, ახლა რასაც ვამბობ, ამას ალასანიას გაბრაზება მოჰყვება, მაგრამ ვიმეორებ, თუ კიდევ გააკეთებს არასწორ განცხადებებს, აუცილებლად გავაკრიტიკებ. როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ალასანია გამოაგდო სამსახურიდან და ერთი თვე უმუშევარი იყო. ამის შემდეგ მეთიუ ბრაიზას დაჟინებული თხოვნით დანიშნა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ. ეს არ იყო სააკაშვილის სურვილი, ამერიკელებმა თავიანთი კაცი არ მიატოვეს. ამ თვისებას ნამდვილად ვაფასებ.
(წყარო: ალია)