reportiori.ge - ლუკა კურტანიძე: ფრთხილად, საქართველოვ! რევანშისტები არ ისვენებენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:56
პრეს-დაიჯესტი
ლუკა კურტანიძე: ფრთხილად, საქართველოვ! რევანშისტები არ ისვენებენ!
ავტორი:
29 სექტემბერი, 2014. 17:50



საქართველოს ბევრი დიდი სპორტსმენი ჰყავს, მაგრამ მათგან დიდი კაცი და მამულიშვილი ბევრი არ არის! ლუკა კურტანიძე კი დიდი სპორტსმენიც არის და დიდი კაციც! სიკეთით სავსე ფალავანი, ერის ტკივილით ბეჭებდამძიმებული და სამშობლოს გამარჯვებისათვის გულანთებული.


როცა ბევრი მოჭიდავე სააკაშვილის რეჟიმის ზონდერად მუშაობდა და თანამოძმეების დარბევაში პრემიებს იღებდა, მაშინ ლუკა კურტანიძე ამ რეჟიმისაგან სამშობლოს გასათავისუფლებლად ლომივით იბრძოდა!


მაშინ, როცა ლუკა კურტანიძე შიშველი ხელებით ებრძოდა ნაცისტურ ბოროტებას, ზოგიერთი მოჭიდავე შიშველი პოზირებდა კინოკამერის წინ და პორნოფილმებში იღებდა მონაწილეობას.


და დღეს ეს ხალხი ლუკა კურტანიძეს კვერცხებს ესვრის და კაბინეტის კარს უჭედავს! დიახ, კვერცხებს ესვრიან იმ კაცს, რომელიც ყველა მათგანზე ერთად აღებული დიდი სპორტსმენიც არის და დიდი ქართველიც!


სამარცხვინოა ეს ყველაფერი! დიახ, გრცხვენოდეს საქართველოვ, რადგან შენ ხარ ქვეყანა, სადაც ლუკა კურტანიძისნაირ მამულიშვილს, რომელსაც შენთვის ბევრი სიხარული და დიდება მოუტანია, შენი სახელი მსოფლიოში გაუცისკროვნებია, დღეს კვერცხებს ესვრიან! „ბედნიერი ხარ, სამშობლოვ, ბედნიერი გყვან შვილები"!


ბოლოდროინდელი პერიპეტიების კვალდაკვალ, რომელიც ჯერ არ ჩამცხრალა და კაცმა არ იცის, როგორ გაგრძელდება, ლუკა კურტანიძე „ასავალ-დასავალს" ვრცელ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს და მთელი საქართველოს გასაგონად ამბობს იმას, რისი თქმის საშუალებაც არცერთ ტელეეთერში არ მიეცა.


- ლუკა, რას უკავშირებთ თქვენს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, რომელმაც მოქმედი თუ ვეტერანი მოჭიდავეების მხრიდან აშკარად უღირსი ფორმები მიიღო?

 

- პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩემი ძმური სიყვარული და პატივისცემა „ასავალ-დასავალის" კოლექტივის მიმართ, რადგან ჩვენ ერთურთის იმედით და მხარში დგომით გამოვიარეთ ძალიან მძიმე წლები და დავამარცხეთ უბოროტესი რეჟიმი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქადდა!


ასე რომ, მინდა, მთელი საქართველოს გასაგონად უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გამოგიცხადოთ!


- გაიხარეთ! ჩვენც გიდასტურებთ ასევე დიდ სიყვარულსა და პატივისცემას!

 

- თქვენ იცით, რომ 2012 წლის 15 დეკემბერს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გავიმარჯვე. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ რამდენიმე დღეში პროვოკაცია მომიწყვეს, რომელიც არა იმდენად ჩემს წინააღმდეგ, არამედ უფრო იმისაკენ იყო მიმართული, რომ თბილისში ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩატარებისათვის შეეშალათ ხელი.


მიუხედავად ამისა, ევროპის ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ. 53 ქვეყნის სპორტული დელეგაცია ჩამოვიდა თბილისში და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არამარტო სპორტული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რადგან 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ახალი რეალობა იდგა.


მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელმაც თბილისში ევროპის ჩემპიონატის გრანდიოზულად ჩატარება უზრუნველყო. თანაც, იმ დროს საკითხი იდგა - ჭიდაობა სპორტის ოლიმპიურ სახეობად უნდა დარჩენილიყო თუ არა? ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთელი მსოფლიოს დასანახად ხელი მოაწერა პეტიციას, რომ ჭიდაობა ოლიმპიური სახეობებიდან არ ამოეღოთ.


მოკლედ, ევროპის ჩემპიონატს როგორც ორგანიზაციული, ისე სპორტული თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ და დღესაც, რომელ ტურნირზეც არ უნდა ჩავიდეთ, ამის გამო მადლობას გვეუბნებიან, რითაც ძალიან ამაყი ვარ!


- მახსოვს, თბილისში ევროპის ჩემპიონატის გახსნის დღეს თქვენ სპორტის სასახლეში ათასობით მაყურებლის თვალწინ დაიჩოქეთ და პატიება სთხოვეთ ყველას, ვისთვისაც რამე გიწყენინებიათ. რატომ გააკეთეთ ეს, როცა სააკაშვილის რეჟიმმა უდიდესი ტანჯვა მოგაყენათ და ბოდიშის მოხდა, პირიქით, აქეთ გეკუთვნოდათ ბევრის მხრიდან?

 

- ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ჩემთვის ქართველობის, მამულიშვილობის, ვაჟკაცობის მაგალითია, ჩვენ, თითოეულ მის ჯარისკაცს, გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გვითხრა - საქართველოში უნდა დასრულდეს შუღლი და გაუტანლობა! ჩვენ უნდა შევძლოთ პატიება! ჩვენ ადამიანებს უნდა მივცეთ შანსი, მოინანიონ თავიანთი შეცდომები და გამოსწორდნენ, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ ძლიერი ქვეყნის აშენებას!


ამიტომაც, მე ჩემი პირადი ტკივილი გვერდზე გადავდე, მუხლი მოვიყარე და ამით მტერსაც  და მოყვარესაც მაგალითი ვაჩვენე, რომ სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ და არა ბოღმითა და სიძულვილით!


მიუხედავად ამისა, ბევრმა ადამიანმა, რომლებიც სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმით არიან მოწამლულნი და ყელამდე სიბინძურეში დგანან, მაინც ვერაფერი შეიგნო,  ისინი კვლავ აგრესიას აგრძელებენ! დიახ, ისევ აგრესიას ვხედავთ არა მარტო სპორტში, არამედ ყველა სფეროში, სადაც კი ნაციონალებს საცეცები გააჩნიათ!


დიახ, ნაციონალები ისევ რევანშით, დაბრუნებით და ციხეებით გვემუქრებიან, თუმცა, ისეთებიც არიან, რომლებმაც მოინანიეს!


- სად ნახეთ მონანიე ნაციონალი? მე პირადად ასეთი ჯერ არ შემხვედრია!

 

- პირადად ჩემთან მოვიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც 26 მაისის აქციის დარბევაში იღებდნენ მონაწილეობას! მათ ჩემთან ბოდიში მოიხადეს და შენდობა ითხოვეს!


- რა გითხრეს, რატომ გარბევდითო?

 

- თქვეს, რომ ბრძანებას ასრულებდნენ! მითხრეს, ჩვენ თუ ასეთ ბრძანებებს არ შევასრულებდით, ის გველოდა, რაც მიშისტურ ციხეებში ხდებოდა და რაც კადრებში ვნახეთ, ამიტომ გვეშინოდაო!


შეიძლება, ეს გამართლება არ არის, მაგრამ გმირობას და დავით აღმაშენებლობას ყველას ვერ მოსთხოვ!


ყველა ნაციონალი, ვინც საკუთარ შეცდომასა და დანაშაულს ვერ ხვდება და არ ინანიებს, საზოგადოებიდან მოსაკვეთია!


- ლუკა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სააკაშვილის რეჟიმის ზონდერებში, რომლებიც აქციებს არბევდნენ და ხალხს სცემდნენ, ბევრი სპორტსმენიც ერია. საინტერესოა, რომელიმე ნაზონდერალი მოჭიდავე თუ მოვიდა თქვენთან ბოდიშის მოსახდელად?

 

- ვერ გეტყვით, რომ რომელიმე სპორტსმენმა ბოდიში მოიხადა და მოინანია, მაგრამ ისინი ამბობენ იძულებულნი ვიყავით, რომ ჩავსულიყავით ზესტაფონში, სამტრედიაში, სხვა რაიონებში და ნაციონალების დავალებით „ქართული ოცნების" წინააღმდეგ გვემოქმედაო!


- დავუბრუნდეთ პირადად თქვენს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას...

 

- მე დავსვი ეროვნული ნაკრებებიდან იმ მწვრთნელების გათავისუფლების საკითხი, რომლებმაც ორი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს და ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამას მოჰვა განაწყენება და განაწყენებული ადამიანების მხარდამხარ აღმოჩნდნენ ის რევანშისტებიც, რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმს აძლიერებდნენ!


მე ვაფრთხილებ ყველას - თუ არ გაჩერდებიან, სახელებით და გვარებით საჯაროდ დავასახელებ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ზონდერებად მუშაობდნენ და სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს აძლიერებდნენ!


- ანუ იმ სპორტსმენებს შორის, რომლებიც დღეს თქვენ გიპირისპირდებიან, სააკაშვილის რეჟიმის ზონდერებიც არიან?

 

- დიახ, არიან! სპორტსმენები სხვადასხვა რეგიონში ზონდერ-კოორდინატორებად იყვნენ გადანაწილებულნი და ამაში უზარმაზარ თანხებს იღებდნენ!


როცა ჩვენ მოვედით და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონნახევარი ლარი ჩამოეჭრა, ამ სპორტსმენებმა ეს პრემიები, რომელსაც ნაცკოორდინატორობაში იღებდნენ, ავტომატურად დაკარგეს! დღეს უკმაყოფილებას გამოხატავენ და ამბობენ, სააკაშვილის დრო ჯობდა, რადგან ჩვენ დიდი ხელფასები გვქონდაო!


არიან ისეთებიც, რომლებიც ზონდერები არ ყოფილან, მაგრამ ფულს სიჩუმესა და პასიურობაში იღებდნენ და ამ ფორმით აძლიერებდნენ რეჟიმს!


დავით გობეჯიშვილმა თქვა, მე არ ვიქნები იქ, სადაც ლუკა კურტანიძე არისო! ძალიან სწორს ამბობს - სადაც ლუკა-ელდარ კურტანიძეა, იქ გობეჯიშვილის ადგილი ნამდვილად არ არის და, თუ რამე ღირსება შერჩენია, ადგეს და წავიდეს, იმიტომ, რომ კარგად ვიცით, როგორ მოქმედებდა იგი მიშისტური რეჟიმის გასაძლიერებლად! კარგად გადახედოს თავის ცხოვრებას დავით გობეჯიშვილმა!


- დავით გობეჯიშვილს ჭიდაობის ფედერაციაში რა თანამდებობა უჭირავს?

 

- გობეჯიშვილი, როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, პრეზიდიუმის წევრია, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად რევანშისტული პოზიცია უკავია!  სულ იმაზეა ორიენტირებული, როგორმე რამე პრობლემა შექმნას! ცალკე იკრიბებიან და იმაზე ფიქრობენ, როგორმე ლუკა კურტიანიძე დააზიანონ!


მაგრამ ხაზგასმით ვამბობ - ესენი ლუკა კურტანიძეს კი არა, ქართული ჭიდაობის მომავალს ებრძვიან!


დიახ, ისინი ებრძვიან არა ლუკა კურტანიძეს - საჭიდაო კომპლექსს, რომელიც დიღომში, ამერიკის საელჩოს გვერდზე შენდება და მომავალ წელს, ახალგაზრდული ოლიმპიადისათვის, 5 ობიექტი იხსნება!


დიახ, ისინი ებრძვიან არა ლუკა კურტანიძეს, არამედ იმას, რომ საქართველო 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის ერთადერთი პრეტენდენტია.


- გადაწყვეტილია, რომ 2016 წელს ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება?

 

- დიახ, ეს ამბავი 90 პროცენტით გადაწყვეტილია! იმის გამო, რომ ჩვენ თბილისში ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად ვუმასპინძლეთ, ჭიდაობის მსოფლიო ფედერაცია თავს ვალდებულად თვლის, 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის პატივიც ჩვენ მოგვანიჭოს!


აი, ეს მოახერხა ლუკა კურტანიძემ წელიწადსა და 9 თვეში და მე ამით ვამაყობ!


როცა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მოვედი, ფედერაციის ბიუჯეტში სულ რამდენიმე ათასი ლარი იყო დარჩენილი, რაც ადმინისტრაციის მომსახურებასაც არ ჰყოფნიდა! წელიწადსა და 9 თვეში იმდენი მოვახერხე, რომ დღეს ჭიდაობის ფედერაციის ბიუჯეტი 400 ათას ლარზე მეტს შეადგენს!


ბატონმა რომან რურუამ მითხრა, ლუკა, შენ რომ საერთოდ არაფერი გაგეკეთებინა, არც ევროპის ჩემპიონატი ჩაგეტარებინა  თბილისში და არც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენდენტი იყო, მარტო ის ეყოფა შენს კარიერას, რომ საჭიდაო კომპლექსის მშენებლობით საუკუნის პროექტს ახორციელებო!


აი, ამ ყველაფერს ებრძვიან ის რევანშისტები, რომლებიც ახლა ლუკა კურტანიძეს უპირისპირდებიან!


ეს რევანშისტები არ მოისვენებენ! დღეს მე მომადგნენ, ხვალ სხვას მიუკაკუნებენ კარზე!


ვაჟბატონი რამაზ ნოზაძე აანონსებს, რომ, თურმე, მე ბენზინს გადამასხამენ და დამწვავენ!


- რამაზ ნოზაძე ამბობს ამას?

 

- დიახ! ერთი წლის წინათ, როცა მე ზონდერებზე განცხადება გავაკეთე, ჭიდაობის ფედერაციაში, ჩემი კაბინეტის წინ, ვიღაცებმა ბენზინი მოასხეს და ხანძარი გააჩინეს! მე შესაბამისი ორგანოები გამოვიძახე, რომლებმაც ეს ფაქტი დააფიქსირეს! ახლა ნოზაძე ჩემთვის ბენზინის გადასხმით და დაწვით რომ იმუქრება, კითხვები მიჩნდება, ის ერთი წლის წინანდელი ხანძარიც ნოზაძის ხელწერა ხომ არ არის? შესაბამისმა ორგანოებმა შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატარონ ამ მიმართულებით!


- რამაზ ნოზაძე რითია უკმაყოფილო და რატომ გიპირისპირდებათ?

 

- ძალიან მიკვირს ნოზაძის ფერისცვალება! ბევრი კითხვა მიჩნდება, რატომ იქცევა ასე? იქნებ იმიტომ, რომ დუშეთის საწვრთნელ ბაზასთან დაკავშირებით პირადი ინტერესები გააჩნია? არ ვიცი!


- დუშეთის საწვრთნელი ბაზა რა შუაშია?

 

- ნოზაძე არის ამ სპორტული ბაზის ერთ-ერთი მეპატრონე, დუშეთის ბაზა ეკუთვნოდათ სააკაშვილის ნაცისტური რეჟიმის წარმომადგენლებს და ადვილი წარმოსადგენია, როგორ ჩაიგდეს იგი ხელში!


როცა მე ეროვნულ ნაკრებებს მოსამზადებლად ვთავაზობ რამდენიმე ბაზას - ბორჯომი, ბაკურიანი, „სტაიკები", წახკაძორი, ბაზალეთი და სხვა, სპორტსმენები არასდროს ირჩევენ დუშეთის ბაზას, მათ არ უნდათ იქ მომზადების გავლა, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის დროს, აბა, კაი დედის შვილი იყავი და დუშეთის ბაზაზე უარი გეთქვა! ეს იყო უზარმაზარი შემოსავალი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ნაციონალურ რეჟიმს აძლიერებდნენ!


ნოზაძეს, ალბათ, იმის გამო გაუჩნდა აგრესია, რომ მე მის დუშეთის ბაზას ვერ ვტვირთავ და ამით სოლიდური შემოსავალი მოაკლდა!


- ნოზაძის ოჯახის წევრები თქვენს პირად ცხოვრებასაც შეეხნენ!

 

- ცხოვრებაში ბევრი ტკივილი, განცდა, ცრემლი გამოვიარე, შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში შეცდომებიც იყო, მაგრამ, როცა ადამიანი ამაში ხელს აფათურებს, ეს სიბინძურეა!


მე მინდა, რამაზ ნოზაძეს მესამე შვილის შეძენა მივულოცო და ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო, მაგრამ, როცა ანგელოზი გებადება, სხვის ცხოვრებაში ბინძურად რატომ აფათურებ ხელს?!


რამაზ ნოზაძეს ვურჩევ, თავის წარსულ ცხოვრებას გადახედოს და ჩემს ცხოვრებაში ხელების ბინძურად ფათურს შეეშვას!


ვაფრთხილებ ყველას, ვინც მიშისტურმა სიზმრება შეაწუხა - ყველანი პასუხს აგებთ!


და კიდევ, ჩვენც გვჭირდება სიფრთხილე, რადგან რევანშისტებმა თავი წამოჰყვეს!


დიახ, ფრთხილად, საქართველოვ! რევანშისტები არ ისვენებენ!


ძალიან დიდი ერთობა გვჭირდება, არა იმიტომ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში ვიყოთ,  არამედ იმიტომ, რომ საქართველო არ დაიღუპოს!


ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016