reportiori.ge - „ბიზნესმენებო, თქვით, ვინ რამდენს სწირავდით იძულებით ყოველთვიურად სანდრა რულოვსს“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:02
პრეს-დაიჯესტი
„ბიზნესმენებო, თქვით, ვინ რამდენს სწირავდით იძულებით ყოველთვიურად სანდრა რულოვსს“!
ავტორი:
29 სექტემბერი, 2014. 18:16


საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილსა და მასთან დაკავშირებულ პირებს აღსრულების თბილისის ბიურომ უძრავ-მოძრავი ქონება დაუყადაღა. მოგეხსენებათ, სააკაშვილის წინააღმდეგ სამი მუხლით არის ბრალი აღძრული. ერთი მათგანი 182-ე მუხლის მესამე ნაწილია და ექსპრეზიდენტს სამართალი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. ამ ეტაპზე ლაპარაკია 8 მილიონ 837 თასი ლარის გაფლანგვაზე. ამ დაყადაღებულ ქონებაში ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის, სანდრა რულოვსის ბინაც მოჰყვა. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ეს ბინა, სანდრას მამამისმა მაშინ უყიდა, როცა მიშას მეუღლე ჯერ არ იყო. თუმცა, ვიმეორებ, ეს ბინა სამართლიანად დაყადაღდა, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ბინა, მიშა სააკაშვილს თავის ყველა ქონებრივ დეკლარაციაში აქვს შეტანილი, რითაც მის მფლობელობას თუ არა, თანამფლობელობას აღიარებს. 


სანდრას ბინა დაუყადაღესო? ვაიმე  დედაო, და აწიოკდნენ "ნაცები", ერთი ალიაქოთი ატეხეს - ეს როგორ გაუბედეს მაგ ანგელოზივით ქალს, მაგის ფასი მთელი საქართველო არ არისო. რამდენიმე დღე "ნაცებს" დიდი მოთქმა-გოდება ჰქონდათ სოციალურ ქსელში, ცხადია, ხელისუფლების ლანძღვა-გინების ფონზე. თუმცა, მალე მაშველიც გამოუჩნდათ. ჩინეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და თავგადამკვდარმა „ნაციონალმა", მამუკა გამყრელიძემ „ფეისბუკში"" პოსტი-მოწოდება „გამოაცხო". მიშას მომხრეებს მოუწოდა, - ხალხნო, თავს ნუ მოვიჭრით საბოლოოდ, მოვაგროვოთ ფული და სანდრას ის დაყადაღებული ბინა გამოვისყიდოთო! იქვე „ნაცმოძრაობის" ახალ აღმასრულებელ მდივანს, ზურაბ ჯაფარიძეს მიმართა - შენ ორგანიზაციული ამბები მოაგვარე, ამ საქმეს თავი მოაბი და მეტი რა გინდა, პირველ შენატანსაც მე შევიტანო. სანდრას ბინა გამოვისყიდოთო? მეტი რაღა უნდოდათ „ნაცებსა"! ამ მოწოდებას აჰყვნენ და ახლა, იმავე სოციალურ ქსელში ერთი ამბავი აქვთ სანდრას ბინის გადასარჩენად - საბანკო ანგარიშის გახსნას ელოდებიან და ათასობით ადამიანი მართლა მზად არის, ფული შეიტანოს და ეს დაყადაღებული ბინა გამოისყიდოს. ცხადია, მერე პატრონს დაუბრუნებენ, ანუ სანდრას. 


ამ „ფეისბუკში" ისეთებს პოსტავენ ეს „ნაცები", რომ არ იცოდე, სანდრა რულოვსი ვინ არის, უსახლკარო, უპოვარი, ერთი ობოლი ქალი გეგონება, რომელსაც „ნაცმოძრაობის" წევრთა და ამ პოლიტიკური სექტის მიმდევართა მეტი პატრონი აღარავინ დარჩენია დედამიწის ზურგზე. ამ „ნაცებს" ხომ პატარა რაღაცაც ჰყოფნით გასაგიჟებლად და როცა სანდრა რულოვსმა თავისი ბინის დაყადაღებაზე განცხადება გააკეთა, ერთი მოთქმა-ვაებაც მაშინ ჰქონდათ. საქართველოსთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ასე მიხდით მადლობასო? დაგვამუნათა ქართველები ყოფილმა პირველმა ლედიმ. არადა, ეს ის ევროპელი ქალბატონია, რომელიც კანონის დაცვასა და მისდამი პატივისცემას გვასწავლიდა მუდამ და აი, ეს კანონი, რომლის საფუძველზეც ის ბარნოვის ბინა დაუყადაღეს, სხვათა შორის, 2004 წელს, მისი დამთხვეული ქმრის მიერ არის მიღებული, მაგრამ მას და მის ოჯახს როცა შეეხო, აღარ მოეწონა. ხედავ, შენ? სხვებს ბინებიც დაუყადაღეს და ბიზნესიც წაართვეს, მილიონრები გაამათხოვრეს და ამ მართლა ცალ-ცალი კალოშით მოსულ სააკაშვილს, ქვეყანა თავზე რომ დაიმხო და საქართველოს ბიუჯეტი საკუთარი ჯიბის ფულად აქცია, თურმე პასუხიც არ უნდა მოსთხოვო. ჰოლანდიაში ეგრეა, ქალბატონო სანდრა? ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა რომ მარტო ერთი კონკრეტული სახელმწიფო უწყებიდან 9 მილიონი გაფლანგოს, მადლობას ეტყვიან და ხმას არავინ ამოიღებს? თუ კანონი მისი და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას მოითხოვს, მისი მეუღლის ბინას, იმიტომ რომ უცხოელია, არ დააყადაღებენ? რაღაც მეეჭვება, ეგრე  იყოს საქმე და შენ გენაცვალე, შენი მოთქმით, იმ ისედაც დაშტერებულ ხალხს მთლად ნუ გამოათაყვანებ! თავისიც ეყოფათ. 


ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ „ნაციონალურ მასკარადში" ბევრი მიიღებს მონაწილეობას, ბევრი გაიღებს ფულს და სანდრა რულოვსს იმ ბინას გამოუსყიდიან - აბა, უსახლკაროდ ხომ არ დატოვებენ ორი შვილის დედას, თან ქმარიც უმუშევარი ჰყავს და ზამთარიც კარს მოადგათ - მართლა უხერხულია, ექსპრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს „ვარკეთილის" მეტროს ჩასასვლელთან რომ წააწყდე ხელგაწვდილებს და პურის ფულს მათხოვრობდნენ. მარტო ბინის გამოხსნა არ შველის ამ საქმეს. მიშა უმუშევარია და მხოლოდ დეპუტატის პენსიას იღებს, რადგან კანონით, მას საპრეზიდენტო პენსია ჯერ არ ეკუთვნის. ჯვარი სწერია და თუ მოკვდა, მერე მისი ოჯახი აიღებს მიშას საპრეზიდენტო პენსიას. დიახ, ასეა - რა უკუღმართი პრეზიდენტიც იყო, ისეთ უკუღმართ კანონებსაც იღებდა. ჰოდა, სადეპუტატო პენსია რა სახსენებელია, ოჯახი ხრამია. ადექით და ბარემ ზამთრისთვის სურსათ-სანოვაგეც მოუმარაგეთ - ზოგმა კომპოტები მიიტანეთ „ნაციონალთა" ოფისში, ზოგმა მურაბა, მწნილეული და საახალწლოდ ერთი ბურვაკიც მოაყოლეთ. ჰო, ღვინო, ჩურჩხელები არ დაგავიწყდეთ, ახალი წელი მოდის, მიშასა და სანდრას ყვარლის ვენახები დაყადაღებულია და ეგეც არ იყოს, პროკურატურის მიერ ძებნილი მიშა აქ ვერ ჩამოდის და იმ ყურძენს ვერ მოკრეფს და ვერც ღვინოს დაწურავს. მართალია, „რუსთავი 2"-მა ბელადს გული არ დასწყვიტა,ა საჩვენებელი რთველი ამერიკაში მოუწყო და დიდი ზარ-ზეიმით მაყურებელსაც აჩვენა, მაგრამ ეს უკვე ძველი მეთოდებია და ასეთი "ნოსტალგიებისა" ნორმალურებს აღარ სჯერათ. 


არა, მაინც ვერაფრით ვერ გავიგე, საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ბინის გაყიდვა რატომ არის საქართველოს სირცხვილი, თუ მის მეუღლეს კორუფციასა და 9 მილიონის გაფლანგვაში ედება ბრალი და კანონი ჯერ ამ ბინის დაყადაღებას და მერე გაყიდვას მოსთხოვს? განა ისეთი რა ვალი აქვს საქართველოს სანდრა რულოვსისა, რომ მის ბინას ახლოს არავინ უნდა გაეკაროს და რადგან უცხოელია და საქართველოს რძალია, კანონზე მაღლა უნდა დადგეს? ვიმეორებ, იმ კანონზე მაღლა, რომელიც მისი ქმრის პრეზიდენტობისას მიიღო საქართველოს პარლამენტმა. რა, სანდრა წითელი კოჭია? მიშას ქონების დაყადაღებას, ჰა და ჰა, ნელ-ნელა ინელებენ „ნაცები", მაგრამ ეს სანდრას ბინა გაეჩხირათ ყელში. ერთ „არგუმენტს" იშველიებენ „ნაცები", როცა სანდრას ბინის გაყიდვას აპროტესტებენ, - სანდრა დიდი ქველმოქმედი იყო, უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და აბა, ეს რა უმადურობაა, ქალს ერთადერთ სახლს რომ უყიდითო. აი, ამ მართლა გამოთაყვანებულების 99 პროცენტისგან განსხვავებით, სანდრას პირადად ვიცნობდი, რამდენჯერმე შევხვდი და ინტერვიუც მაქვს მისგან აღებული, ვიცნობდი მისი გარემოცვის არაერთ წევრს და რა ქველმოქმედებას ეწეოდა და როგორ ეწეოდა, მაგასაც მოგახსენებთ. ბიზნესმენთა მთელი არმია ჰყავდათ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს მიმაგრებული სანდრა რულოვსზე. კონკრეტულ ბიზნესმენებს კონკრეტული თანხა ჰქონდათ შეწერილი სანდრას პროექტების დასაფინანსებლად. მაგარი ბიჭი იყო ვინმე და სანდრას ჩაფიქრებული პროექტი ეგრევე რეალობად არ ექცია - დედას უტირებდნენ, გააკოტრებდნენ და თუ საქართველოდან გაასწრებდა, ხომ კარგი, თუ არადა ციხეში ამოალპობდნენ. მეტიც, კონკრეტულ ბიზნესმენებს თავად ურეკავდა სანდრა და სთხოვდა სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას. მაგალითად, „ჯეოსელის" ყოფილ გენერალურ მენეჯერს, ოსმან თურანსა და სხვებს. ეს თხოვნა კი ბრძანების ტოლფასი იყო. არავის არ ეხალისებოდა იმ პროექტების დაფინანსება, რასაც სანდრა სთხოვდათ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ - ხარკი უნდა გაეღოთ, არადა, გააკოტრებდნენ. აი, ეგრე ეწეოდა იმ ქველმოქმედებას სანდრა. სხვა, არასაქველმოქმედო საქმეებსაც ეგრე აგვარებდა. ძალით გაკეთებული ქველმოქმედების მართლა დედა ვატირე! გინდა პირველი ლედი იყავი და გინდა - მეორე. თუ კაცს არ უნდა ფულის მოცემა და ძალით წაართმევ, ეგ რაღა ქველმოქმედებაა? სიკეთე ის არის, ბიზნესმენი დაარწმუნო, კონკრეტული მადლიანი საქმისთვის ფული გაიღოს და იმანაც, სიამოვნებით, ძალდაუტანებლად გაიკრას ჯიბეზე ხელი. ერთმა ეგეთმა, სანდრაზე მიმაგრებულმა ბიზნესმენმა მითხრა ერთხელ, - არც მეტი და არც ნაკლები, სანდრა რულოვსი ქართველი ბიზნესმენების რეკეტიორი იყო, დაგირეკავდნენ მისი წარმომადგენლები მისი სახელით, ყასიდად ფულს გთხოვდნენ რაღაც პროექტის დასაფინანსებლად და თუ ფულს არ მისცემდი, მერე გაგაუბედურებდნენო. ბიზნესმენებო, ამოიღეთ ხმა, როდემდე უნდა იყოთ ასე ხმაჩაწყვეტილები?! თქვით, ვინ რამდენს სწირავდით იძულებით ყოველთვიურად სანდრა რულოვსს და ისიც თქვით, თუ ამ თანხას არ გაიღებდით, ვინ და რით გემუქრებოდათ. ეგრე როგორ დაგაჩმორათ ამ სააკაშვილმა, რომ კაცი ერთი წელია პრეზიდენტი აღარ არის და მისი შიშით კრინტი ვერ დაგიძრავთ? არა, ნამუსზეც რომ გვაგდებენ, სანდრა ქველმოქმედებას ეწეოდა და უმადური ხალხი ვართო. ჯერ ერთი, ყველა ქვეყანაში, ყველა პირველი ლედი ეწევა ქველმოქმედებას და ეს ჩვეულებრივი ამბავია. აბა, პრეზიდენტებისა და პრემიერების მეუღლეები არც ერთ ქვეყანაში არ უდგანან კრიმინალურ სინდიკატს სათავეში. მეორეც, ნორმალურ ქვეყნებში კონკრეტული ბიზნესმენები საკუთარი სურვილით აფინანსებენ პირველი ლედის საქველმოქმედო თუ სხვა სახის პროექტებს, მერაბიშვილისა და ადეიშვილისთანა მიზანთროპების მუქარის გარეშე. მესამეც, არც ერთი პირველი ლედი არ მაგონდება, რომელსაც ეს საქველმოქმედო საქმიანობა ხალხისთვის წამოეძახებინოს, - თან გადაგყევით და უმადურები ხართო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის პრეზიდენტი თუ პრემიერი მეუღლე, იმხელა შარში გახვეულა, სააკაშვილისა მათთან მონაგონია. 


არა, ეს ხალხი იმას რატომ არ ფიქრობს, ვის უგროვებენ ბინის გამოსასყიდ ფულს? იმ მიშა სააკაშვილის ცოლს, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში ვერ დაეტია და 600-მილიონიანი სასახლე აიშენა ავლაბარში. გარდა ამისა, 7 საპრეზიდენტო რეზიდენცია ჰქონდა და ამ ყველაფრის შენახვა, მიშას კომფორტული მუშაობა და მისი და მისი ოჯახის დასვენება, ბიუჯეტს წლიურად ათეულობით მილიონი  ლარი უჯდებოდა. სააკაშვილმა ქართველ ხალხს მართლა სულში ჩააფურთხა, როცა ერთდროულად 2 თვითმფრინავი შეიძინა და ორივეს საერთო ღირებულება 360 მილიონი დოლარი იყო. ამას არ დასჯერდა და  „სუპერპუმას" 2 ვერტმფრენიც იყიდა - ვერტმფრენების ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება და ის ფრანგული კრედიტით - საქართველოს მთავრობის მიერ „სოსიეტე ჟენერალთან" გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებითაა შეძენილი. ვერტმფრენების საფასურის გადახდა საქართველოს მთავრობას ქვეყნის ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში მოუწევს. ვის უგროვებთ ფულს? მიშას, რომელიც დღესაც საკუთარი იახტით დაგრიალებს და ხან რომელ კურორტზე ასვენებს ცოლ-შვილს და ხან - რომელზე. ბოლოს ალბანეთს სტუმრობდა და ერთ-ერთ იქაურ კურორტზე ერთი კვირა იგრიალა, მაგ უსახლკარო სანდრასთან ერთად. იმას აღარ ჩამოვთვლი, რაც მიშას გრიალს ფული მოხმარდა - მაგის სლოვენიელი და უკრაინელი მოდელი „ნაშების" სასტუმროში ცხოვრებისა და  საჩუქრების ფულს ბიუჯეტი იხდიდა, გერმანელი მასაჟისტის „დოქტორ დოტის" მომსახურების საფასურსაც და ინსბრუკის კლინიკაში გასახდომი პროცედურების ხარჯებსაც. დღეს ეგ თქვენი მიშა მანჰეტენზე, ბიძამისის სახლშია წამოპლაკული და მეფურად ცხოვრობს - რაც მაგან საქართველოს ბიუჯეტიდან ფული მოიპარა, რაც ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ატყავა, სააკაშვილების ერთ ათ თაობას კიდევ გასწვდება ის ფული. თქვენ იდარდეთ, ყვავებივით 300 წელი რომ იცოცხლოთ, იმის მეასედს ვერ ნახავთ, რაც სანდრასა და მიშას აქვთ ნანახი. 


მათ, ვინც სანდრა რულოვსის ბინის გამოსყიდვის კამპანიას უდგანან სათავეში, სხვა რამ ადარდებთ. მართლა გულის დამწველ ხალხს აბითურებენ, ატყუებენ, რომ, თუ სანდრას ბინა გაუყიდეს, ეს საქართველოს თავის მოჭრა იქნება საერთაშორისო მასშტაბით, თავად სანდრას მიმართ კი - უჩვეულო და არნახული უმადურობა. რეალურად, „ნაციონალებს" დიდი პიარკამპანიის აგორება სურთ „კონკიას" ზღაპრის ქართული ვერსიით. ეს პიარი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" ინტერესებს ემსახურება. უცხოეთში უკვე ატეხილია ერთი ამბავი, „ნაციონალებს" ჯერაც შერჩენილი ლობისტები წინ და უკან დარბიან და უცხოელ პოლიტიკოსებს ახლა ამ ამბით „აბოლებენ". ამათი საბოლოო მიზანი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილო ჩაგრულად, ხელისუფლების მიერ დევნილად გაასაღონ. მიშა თუ დევნილია, მაშინ დაჭერილი და დასაჭერი „ნაციონალებიც" დევნილები გამოდიან. მიშასა და „ნაცმოძრაობის" ლიდერთა პოლიტიკური დევნაზე 2 წელია ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან, მაგრამ ყურს უკვე აღარავინ უგდებთ. ამიტომ ახლა „საწყალი სანდრას" თემა წამოსწიეს და ამ ამბით უნდათ უცხოელთა ყურადღების მიპყრობა. სანდრა და მისი ბინა „ნაციონალთა" ბინძური პოლიტიკის ნაწილია, ერთი რგოლია მათ პიარკამპანიაში და მეტი არაფერი. სანდრა რულოვსის ბინის შეძენის კამპანიას არაფერი საერთო არ აქვს ქველმოქმედებასთან, ეს ერთი ვირეშმაკულად მოფიქრებული ხრიკია, „ნაცმოძრაობის" ოფისში დაგეგმილი და მერე მამუკა გამყრელიძის გახმოვანებული. აი, სულ ეს არის მთელი ამ ალიაქოთის მიზეზ-საბაბი. 





ლევან ჯავახიშვილი 

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016