reportiori.ge - რატომ არ მოხდა ყოფილი პრეზიდენტის სრული ქონების დაყადაღება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:46
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რატომ არ მოხდა ყოფილი პრეზიდენტის სრული ქონების დაყადაღება!
ავტორი:
29 სექტემბერი, 2014. 19:42


ყოფილ პრეზიდენტს 8 მილიონ 837 461 ათასი ლარის გაფლანგვაში ედავებიან. არასაპარლამენტო ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ სააკაშვილთან გარიგება შედგა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი ქონების ნაწილის დაყადაღება. პოლიტიკოსების ამ ნაწილს სააკშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაყადაღებული ქონების მიმართ ბევრი კითხვა აქვს. მათი მტკიცებით, სააკაშვილის ქონება ასე „ღარიბულად" არასოდეს გამოიყურებოდა, შესაბამისად, ისინი ითხოვენ, გამოქვეყნდეს სააკაშვილის საკუთრების სრული ჩამონათვალი და შემდეგ მოხდეს მისი კონფისკაცია.


უკვე ჩამორთმეული ქონების ჩამონათვალში, ყოფილი პრეზიდენტის ყვარელში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გარდა, მოხვდა „HONDA ACCORD"-ის მარკის ავტომანქანა, რომლის გამოშვების წელია 1988. დაყადაღებულია სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული 154 კვადრატული მეტრი ბინა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე და 164 კვადრატი მანსარდა. ყადაღა დაედო, ასევე, გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ყვარელში, 172,80 კვ.მ. ბინას ბათუმში და შპს „იუჯი ბაღში"  არსებულ 50%-იან წილს. ქონება დაუყადაღდა ყოფილი პრეზიდენტის ბებიასაც, მზია წერეთელს - ბინა თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის ფართია 197 კვადრატი, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 2010 წლის TOUOTA RAV4-ის მარკის ავტომანქანა.


აღნიშნულმა ჩამონათვალმა პოლიტიკოსები ხუმრობის ხასიათზე დააყენა, ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ქონება მხოლოდ დაყადაღებული „სიმდიდრით" შემოიფარგლებოდა, მაშინ ის ყველაზე პატიოსანი პრეზიდენტის სტატუსის მინიჭებას იმსახურებს. ბუნებრივია, ეს ხუმრობით, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილი სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დანარჩენი ქონების ჩამორთმევასაც მოითხოვს.


მიხეილ სააკაშვილის ქონება გაპრეზიდენტებამდე მხოლოდ 123 ათას ლარს წარმოადგენდა. პრეზიდენტობის პერიოდში მან ოფიციალურად 623 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, მისი დღევანდელი ქონება ლოგიკურად ვერ უნდა აღემატებოდეს ნახევარ მილიონ ლარს. თუმცა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ანგარიშით სააკაშვილის სახელზე მილიონ 800 ათასი ლარის ქონება ფიქსირდება. ეს ოფიციალურად. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სააკაშვილის საკუთრებაში დღესაც ირიცხება 300-მილიონიანი ქონება.


ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასის" ლიდერი: „სააკაშვილს საკმაოდ მოკრძალებული ქონება დაუყადაღეს, მაშინ როდესაც რეალურად 200-300-მილიონიან ქონებას ფლობს. ეს ქონება ნაქურდალია. ინფორმაცია ამ ქონების შესახებ იუსტიციის მინისტრსაც გავუგზავნე და პროკურატურასაც. მოვითხოვ, მოხდეს მისი ქონების სრული დაყადაღება და ის დაუბრუნდეს ხალხს".


სააკაშვილის ოჯახმა 2004-2011 წლებში შემოსავლის სახით ოფიციალურად მიიღო 623 ათას 976 ლარი. ყველაზე მაღალი შემოსავალი 2008 წელს დაფიქსირდა - 179 ათას 758 ლარი. შემოსავლიდან 43 ათასი ლარი მიხეილ სააკაშვილის ხელფასის ოდენობაა, ხოლო დანარჩენი ანუ 136 ათას 710 ლარი, მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის ჰონორარია.


ჩამონათვალში ბევრად დიდი ადგილი უჭირავს ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას საკუთრებაში არსებულ ქონებასა და ბიზნესწილებს. ყოფილი პრეზიდენტის დედის საკუთრებაში ასპროცენტიანი წილით შედის: „შპს „საქართველოს უნივერსიტეტი", შპს „საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო სკოლა", „შპს „საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლა", „გაუ - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი", შპს კაფე ხადილი". 14%-იანი წილის მფლობელია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და, ასევე, წილებს ფლობს - რუსთაველის სახელობის ლიცეუმში, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმში, ბათუმის დაწყებით სკოლა-ლიცეუმში, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლაში, დემირელის სახელობის კერძო სკოლაში, ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსებსა და ენათა ცენტრში, რუსთავის რუსთაველის სახელობის დაწყებით სკოლაში და თბილისის სკოლა-ლიცემუ „სხივში".


ჩამონათვალი საკმაოდ სოლიდურია. „ქართული დასის" ლიდერის განცხადებით, თითოეულ ინფორმაციას საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტები ამყარებს. შესაბამისად, მათი მოთხოვნაა, მოხდეს გამოძიება, რა გზებით და რამდენად სამართლიანად მოიპოვეს პრეზიდენტმა და მისი ოჯახის წევრებმა აღნიშნული ქონება და ბიზნესწილები.


გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი:


- ვფიქრობ, აღნიშნული განცხადება, რა გზით მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა დაგროვილი ქონება, სულ ცოტა, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ბუნებრივია, ეს პარლამენტის განსახილველი თემა არ არის სამართლებრივ ჭრილში, თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ყოფილი პრეზიდენტის ქონების საკითხი წინა პლანზე წამოსწიოს და კითხვები დასვას. საკითხის მთავარი ასპექტი ნებისმიერ შემთხვევაში დაკავშირებულია სამართლებრივ საგამოძიებო სტრუქტურებთან, თუ მასალები პროკურატურაში გადაგზავნილია, მაშინ პროცესი დაწყებულია.


ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ოთო კახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება ქონების გაფლანგვაში და არა მითვისებაში, შესაბამისად, ის კავშირს ვერ ხედავს დაყადაღებულ ქონებასა და დანაშაულს შორის. სწორედ ამიტომ მისთვის წარმოუდგენელია, რა ლოგიკით შეიძლება მოხდეს საკუთრებაში დარჩენილი ქონების ჩამორთმევა, მაშინ როდესაც მიაჩნია, რომ ქონების უკვე დაყადაღებული  პროცესიც არასამართლიანად განხორციელდა.


ოთო კახიძე, ადვოკატი:


- არანაირი დასაბუთება სასამართლოს განჩინებაში ყადაღის დადების შესახებ არ გვხვდება. არ ვიცით, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მოხდა ქონების დაყადაღება. სააკაშვილს ბრალი ედება ქონების გაფლანგვაში და არა მითვისებაში. არავითარი კავშირი დანაშაულსა და დაყადაღებულ ქონებას შორის არ არსებობს. დაყადაღებულ ქონებასა და დანაშაულს შორის მიზეზ-შედეგობრიობა უნდა დადგინდეს. ანუ ეს ქონება უნდა იყოს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ან ამ ქონების მიმართ უნდა იყოს დანაშაული ჩადენილი. როდესაც დანაშაულსა და ქონებას შორის კავშირი არ არის, დაყადაღების საფუძველი არ არსებობს.


ქონების  ჩამორთმევის პროცესის დასაწყებად საჭიროა, დადასტურდეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს კონკრეტული ქონება არაკანონიერი გზით აქვს მითვისებული. ამაზე პროკურატურამ უნდა იზრუნოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სასამართლო მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა სასამართლოს წარუდგენს დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილს, ან მის დედას, გიული ალასანიას კანონს მიღმა ქმედებით აქვს მოპოვებული საკუთრება, სასამართლო ქონების ჩამორთმევის გადაწყვეტილებას მიიღებს. იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, მტკიცებულების სახით პროკურატურამ შეიძლება წარადგინოს პრეზიდენტის შემოსავლების დოკუმენტაცია. მაგალითად, თუ ქონება ბევრად აღემატება წლების განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს.


ლევან ალაფიშვილი, იურისტი:

 

- ჩამოერთმევა თუ არა სახელმწიფოს სასარგებლოდ ყოფილ პრეზიდენტს კუთვნილი ქონება, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურამ სასამართლო უნდა დაარწმუნოს საკუთარი პოზიციების სისწორეში, ანუ პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რომ აღნიშნული ქონება, იქნება ეს ბიზნესწილები, უძრავი თუ მოძრავი ქონება, თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით, კანონს მიღმა ქმედებით და სხვა არაკანონიერი გზებით არის მოპოვებული. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ქონების წარმომავლობა მნიშვნელოვანია. მტკიცებულებები შეიძლება გახდეს კონკრეტული ქონების შეძენის აქტი, ან შემოსავლების დოკუმენტაცია. ბუნებრივია, საკუთარი პოზიციები იგივენაირად უნდა წარმოადგინოს ამ შემთხვევაში სააკაშვილის დამცველმა მხარემ. მხოლოდ მას შემდეგ რაც სასამართლო მოისმენს ორივე მხარის პოზიციებს, აწონის მტკიცებულებებსა და დოკუმენტაციებს, მიიღებს გადაწყვეტილებას.


ხათუნა მგალობლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016