დღეს მსოფლიომ ყავის დღე აღნიშნა. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში თითქმის ყველა კომპანია სპეციალურ აქციებს აწყობს და მომხმარებლებს ყავას დიდი ფასდაკლებით სთავაზობს.
ყავის სამშობლოდ ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთი მხარე ითვლება. იგი მე-11 საუკუნეში მწყემსებმა აღმოაჩინეს, ხოლო მათგან ყავის შესახებ მისიონერმა ბერებმა შეიტყვეს. ყავა ეთიოპიიდან წითელი ზღვის გავლით არაბეთში შემოიტანეს, ის განსაკუთრებით სწრაფად გავრცელდა იემენში. ორი საუკუნის განმავლობაში იემენი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ყავა გაჰქონდა მსოფლიო ბაზარზე. ყავა სწრაფად ვრცელდებოდა მთელ ისლამურ ქვეყნებში, თურქი დიპლომატების საშუალებით ყავამ ევროპაში შეაღწია მე-17 საუკუნეში. პირველი ყავის სახლები ლონდონში 1652 წელს გაიხსნა,1672 წელს პარიზში, ხოლო მე-18 საუკუნეში დაიწყეს ყავის ხის მოყვანა ცენტრალურ ამერიკაში. ბრაზილიაში 1834 წლიდან ყავა ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის ძირითად კულტურად და შემოსავლის წყაროდ გადაიქცა.
ყავის სასარგებლო და უარყოფითი თვისებები:
მსოფლიოს მრავალ ადამიანს აერთიანებს ყავის სიყვარული და ამ ჯადოსნური სითხით იწყებს კიდეც დილას, თუმცა ყავას ისევე, როგორც ყველაფერ სხვას თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს.
ფინჯანი ყავა ახდენს ორგანიზმის მობილიზებას მთელი დღის განმავლობაში,მაგრამ ამავე დროს ჭარბი დოზით მიღება იწვევს თავბრუსხვევას, თავის ტკივილს და დაძაბულობას.
ყავა სასარგებლოა ტვინისათვის, რადგან ზრდის ტვინის უჯრედების მიმღეობას, მობილიზებას. კოფეინი სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისათვის, მაგრამ ამავდროულად მისი მიღება მედიკამენტებთან ერთად დაუშვებელია. ყავა ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის დაგროვებას, მეცნიერები მსგავს მოქმედებას ნარკოტიკულს მიაკუთვნებენ. კოფეინის დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს დეპრესია.