სხვადასხვა ბოსტნეულისგან დამზადებული და ათასნაირი მწვანილით მორთული სალათები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ვიტამინების მთელ ასორტს შეიცავს, მაგრამ ნიახურის ძირებს კერძების შესაკაზმავად ყველა როდი იყენებს. ჩვენ კი გირჩევთ: ხშირად გამოიყენეთ კერძებში ნიახურის ძირები. ეს მათ არაჩვეულებრივ გემოსაც შესძენს და თან თქვენს ჯანმრთელობასაც არგებს.
ნიახური ოხრახუშის „ახლო ნათესავია", თუმცა ბოსტანში ისინი სხვადასხვა გზით მოხვდნენ: ოხრახუში - მთიდან, ნიახური კი - ჭაობიდან. ნიახურს კარგა ხანი დასჭირდა, სანამ ბოსტნეულის რიგში დაიმკვიდრებდა ადგილს. შუა საუკუნეებში ის ერთ-ერთ სერიოზულ სამკურნალო მცენარეულ საშუალებად მიიჩნეოდა. ნიახურით მკურნალობდნენ სიყვითლეს, „პოდაგრას", რევმატიზმს, სისხლნაკლულობას, თირკმლების დაავადებებს.
ნიახური ეთერზეთებს, მინერალურ ნივთიერებებს, მჟავებს, C, B, PP და წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინ U-ს შეიცავს. ნიახური დღესაც ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და კულინარიაში.
მთვარის ფესვები
ნიახურს ძველი ბერძნები მთვარის მცენარეს უწოდებდნენ. ნიახური სიყვარულის იმ უძველეს ჯადოსნურ სასმელის შედის, რომლის რეცეპტიც საიდუმლოს წარმოადგენს, თუმცა ხალხური მკურნალები ამტკიცებენ, რომ მისი მსგავსი სასმელი ანუ საშუალება, რომელსაც მამაკაცური ძალების აღდგენის უნარი შესწევს, შეიძლება, ნებისმიერმა მსურველმა იოლად მოამზადოს:
აურიეთ 0,5 ჭიქა ნიახურის ძირების წვენი და 1/4 ჭიქა გარეული მსხლის წვენი (შეიძლება შეცვალოთ 1 ს. კ. ვაშლის ძმრით). ახალმომზადებული სასმელი მამაკაცებმა შებინდებისას უნდა მიირთვან.
ნიახურის ძირები არა მარტო მამაკაცებს ეხმარება ძალების აღდგენაში, არამედ ქალებსაც: კლიმაქსი შეუმჩნევლად ჩაივლის, თუ 35 წლის ასაკიდან ხშირ-ხშირად მიირთმევთ ნიახურის ძირებით შეკაზმულ კერძებს.
ნივთიერებათა ცვლა ყოველთვის ნორმაში გექნებათ
ნიახური განსაკუთრებით ხანში შესულ ადამიანებს ესაჭიროებათ. ის ამ დროისთვის დარღვეულ წყალ-მარილოვან ცვლას აღადგენს. სწორედ ამიტომაა სასარგებლო ნიახურის მიღება მათთვის, ვისაც სიმსუქნე, „პოდაგრა", დიაბეტი, რევმატიზმი და პოლიართრიტი აწუხებს. მცენარე კურნავს ამ დაავადებებს და პარალელურად სახსრების ტკივილსაც ხსნის.
ართრიტის დროს სასარგებლოა ახალგამოწურული ნიახურისა და ოხრახუშის წვენის ნარევი (თანაბარი რაოდენობით). მიიღება 2 ს. კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
რევმატიზმის, „პოდაგრის", სახსრების ტკივილის დროს შემდეგი წესით დამზადებული ნაყენი მიიღეთ: 1 ს. კოვზ ნედლ, წვრილად დაჭრილ ნიახურის ძირებს 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით, 4 საათი თავდახურულ ჭურჭელში დააყენეთ, შემდეგ კი გაფილტრეთ.
მიიღეთ 2 ს. კოვზი, დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე.
ნიახურის ძირები ზემოხსენებულ დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენება.
დაავადებული კანისთვის უებარი საშუალება
სახალხო მკურნალები ნიახურის ძირებს კანის მრავალი დაავადების სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. სებორეის, თმის ცვენის (ალოპეცია), სებორეული ეგზემის, ფსორიაზისა და ვიტილიგოს დროს რეკომენდებულია ნიახურის შეზელა კანში, დღეგამოშვებით, 10-20 წუთის განმავლობაში. სულ უნდა გაკეთდეს 10-18 პროცედურა. 2-3 თვის შემდეგ კი მკურნალობის კურსი უნდა გაიმეოროთ.
მკურნალობა უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ნიახურს გამოიყენებენ არა მარტო კანის ზედაპირული დამუშავების, არამედ შინაგანი მოხმარების მიზნითაც, რადგან ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ღვიძლის მუშაობას უწყობს ხელს.
კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს 1 ს. კოვზ წვრილად დაჭრილ ნიახურის ძირებს დაასხით 1,5 ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 4 საათი, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ თითო-თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. კარგია 1-2 ჩ. კოვზი ახალგამოწურული ნიახურის ძირების წვენის მიღება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ჰიპოკრატეს საშუალება
თვით ჰიპოკრატე მიიჩნევდა, რომ ნერვული აშლილობის დროს ადამიანმა რაც შეიძლება მეტი ნიახურის ძირები უნდა მიიღოს - დამშვიდდება და გაწონასწორებული გახდება.
ნერვების დასამშვიდებლად ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნიახურის ძირების წვენი და თაფლი. მიიღეთ 3 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, 8-8 ჩაის კოვზი ნარევი.
თანაბარი რაოდენობით აღებული ნიახურის წვენისა და სტაფილოსაგან მომზადებული ნარევი ნერვული სისტემისთვის ძლიერ სასარგებლოა.
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)