ბავშვის პიროვნების განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შეძლებს ის საკუთარი შესაძლებლობების, თავისებურებებისა და მთლიანად პიროვნების შეფასებას, ე.ი. როგორი თვითშეფასება ექნება მას. ბავშვებს ჯერ კიდევ საკმაოდ ადრეულ ასაკში უყალიბდებათ თვითშეფასება - საკუთარი პიროვნების, შესაძლებლობების გაცნობიერებისა და შეფასების უნარი. მოგვიანებით ბავშვი საკუთარ ქცევას იმის მიხედვით წარმართავს, თუ როგორი თვითშეფასება აქვს.
არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვი მარცხს მხოლოდ გარეშე ფაქტორებით ხსნის და უჭირს წარუმატებლობის მიზეზების საკუთარ თავში პოვნა, ზედმეტად პრეტენზიულია, აღიზიანებს უყურადღებობა და დაუფასებლობა გარშემომყოფთა მხრიდან.
არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვი საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობით გამოირჩევა. ის ხშირად უარს აცხადებს ისეთი დავალებების შესრულებაზე, რომელსაც წარმატებით გაართმევდა თავს, მაგრამ დაბალი თვითშეფასება და აქედან გამომდინარე, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა მასში ბადებს მოსალოდნელი მარცხის შიშს, რაც ბევრ, მისთვის სასარგებლო და საჭირო წინადადებაზე უარს ათქმევინებს.
უფროსებს და პირველ რიგში მშობლებს, დიდი როლის შესრულება შეუძლიათ ისეთი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, რომელიც ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზების საშუალებას მისცემდა.
ბავშვის შესაძლებლობების მიმართ ზედმეტი მოთხოვნილება ართულებს ბავშვის ცხოვრებას!
თავდაპირველად ბავშვის თვითშეფასება უფროსების, უპირველეს ყოვლისა კი მშობლების, მიერ მისი მისამართით გამოყენებული შეფასებების საფუძველზე აიგება. მშობელთა ერთი კატეგორია, იმის შიშით, რომ მომავალში შვილი არ დაეჩაგროს, მუდმივად დადებით შეფასებას იყენებს და განურჩევლად იმისა, იმსახურებს თუ არა, მუდმივად აქებს ბავშვს. მშობლების ასეთი შეფასებითი დამოკიდებულება ბავშვთან შესაძლებელია მომავალში არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბების პირობა გახდეს, რაც თავის მხრივ, უამრავი პრობლემის მიზეზად შეიძლება იქცეს.
მშობელთა მეორე კატეგორია კი, პირიქით, იმის შიშით, რომ არ გაყოყოჩდეს მისი შვილი, მუდმივად თავს იკავებს დადებითი შეფასებისგან, მაშინაც კი, როცა ბავშვი ძალისხმევას არ იშურებს, რომ წარმატებით შეასრულოს ესა თუ ის დავალება, რათა მშობლისგან შექება დაიმსახუროს. ბავშვის წარმატების შეუმჩნევლობა და დაუფასებლობა არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ხდება. ასეთი თვითშეფასება კი, თავის მხრივ, ბავშვში შესაძლებლობების რეალიზების ბლოკირებას ახდენს, რის გამოც საზოგადოებამ შეიძლება საკმაოდ დიდი შესაძლებლობების მქონე პიროვნება დაკარგოს. გარდა ამისა, არსებობს სხვა საშიშროებაც -არარეალიზებული პიროვნება ხშირად საშიში ხდება როგორც ახლობლებისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისათვის.
ამდენად, უფროსებს, განსკუთრებით კი მშობლებს სერიოზული სიფრთხილე მართებთ ბავშვებთან შეფასებითი ურთიერთობების პროცესში. იყავით ობიექტურები, სამართლიანები და სათანადოდ შეაფასეთ ბავშვის მცდელობა და ძალისხმევა, რომ ის წარმატებული იყოს. ამასთან კარგი იქნება, თუ თავს შეიკავებთ დაუმსახურებელი ქებისგან და არ ჩამოუყალიბებთ ბავშვს საკუთარ თავზე ისეთ წარმოდგენას, რომელიც მას მომავალში ადამიანებთან ურთიერთობას სერიოზულად გაურთულებს.
(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)