მამაკაცების უმრავლესობას ერთი პრობლემა აწუხებს - გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანება, რომელიც გარდა დისკომფორტისა, იწვევს ანთებას, ტკივილსა და ქავილს. ამ შემთხვევაში, გირჩევთ, ერთხანს პირი აღარ გაიპარსოთ. მითუმეტეს, რომ ოდნავ მოზრდილი წვერი მოდურია და ნებისმიერ მამაკაცს ამშვენებს.
გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანებას რამდენიმე მიზეზი აქვს. თუ მათ გაითვალისწინებთ, შეიძლება, უსიამოვნებას თავი აარიდოთ.
- გაღიზიანება ხშირად კანის არარეგულარული მოვლის ბრალია. ეცადეთ, ყოველდღიურად კვებოთ და დაინოტივოთ სახის კანი.
- საპარსს მეტისმეტად ნუ დააჭერთ კანს.
- გაპარსვის წინ სასურველია კანის ოდნავ დალბობა ორთქლით. ამ პროცედურის შემდეგ თმას უფრო ადვილად მოიცილებთ.
- აუცილებლად გამოიყენეთ საპარსი კრემი, ოღონდ მისი წასმისთანავე არ შეუდგეთ პარსვას - დაელოდეთ, ვიდრე თმა ცოტათი მაინც არ დარბილდება.
- პარსვა დაიწყეთ ლოყებიდან და კისრიდან. ტუჩების ირგვლივ არსებული არე ბოლოსთვის მოიტოვეთ - ამ მიდამოში კანი განსაკუთრებით ნაზია, ამიტომ იგი უნდა გაიპარსოთ ფაქიზად, ფრთხილად და სათუთად.
- წვერის ჩამოპარსვა რეკომენდებულია თმის ზრდის მიმართულებით და არა პირიქით. პარსვის დროს სახის კანი ოდნავ გადაიჭიმეთ.
- გაპარსვის შემდეგ სახეზე შეისხით ჯერ თბილი, შემდეგ კი გრილი წყალი.
- აუცილებლად წაისვით პარსვის შემდგომი ბალზამი სპირტის მცირე შემცველობით ანდა სულაც უსპირტო.
- გამოიყენეთ ბაქტერიოციდული კრემი - ის კანს დაარბილებს და გაღიზიანებისგან დაიცავს. კრემი კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ.
თუ გაღიზიანება მაინც შეინიშნება, წაისვით კორტიზონის შემცველი ბაქტერიოციდული კრემი - ის სწრაფად დააცხრობს კანს. თუ არაფერმა გიშველათ, მჭრელი, ბასრი სამართებელი შეცვალეთ რბილით ან სულაც ელექტროსაპარსით - ის სუფთად და უსაფრთხოდ, გაღიზიანებისა და ანთების გარეშე მოგაცილებთ სახიდან ზედმეტ თმას.
წყარო: მკურნალი.ჯე
(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)