„ქრონიკა+“-ის 26 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა წერილი სათაურით „საიდან სადაო ვაგატა სან?“, სადაც ბიზნესმენი გელა ბარკალაია „ტოიოტა კავკასიის“ ხელმძღვანელის იუჯი ვაგატას თაღლითურ მაქინაციებზე საუბრობს. სხვა დროს იქნებ ჩვენი ევროპელი მეგობრების მსგავსად შეშფოთება-აღშფოთებით შემოვფარგლულიყავი, მაგრამ გამახსენდა თბილისში ორიოდე წლის წინ დატრიალებული ტრაგედია, სადაც (მართალია ირიბად) ასევე ფიგურირებდა ამ იუჯი ვაგატას სახელი.
უფრო გასაგები რომ იყოს, შევეცდები, ორი წლის წინანდელი ამბების დეტალები გავიხსენო. იმ ხანად „ტოიოტა კავკასიის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო გოგა გომიაშვილი; პრესტიჟული სამსახური, საქართველოს კვალობაზე საკმაოდ დიდი ანაზღაურება – თითქოს იმის საწინდარი უნდა ყოფილიყო, რომ ერთ კარგ თბილისელ კაცს საყვარელი საქმე ეკეთებინა და უზრუნველადაც ეცხოვრა... თუმცა ერთ მშვენიერ (ან სევდიან) დღეს მეხივით გავარდა: გოგა გომიაშვილმა თავი მოიკლაო... რა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა მაშინვე დაიწყეს მოკვლევა, უამრავმა ვერსიამ გაიჟღერა, მოკლედ, ბევრი ეცადნენ თუ ცოტა ჩვენი შერლოკ ჰოლმსები, საქმე ადგილიდან არ დაძრულა და დღესაც გამოუძიებელია...
მაგრამ რა ვუყოთ გონივრულ ეჭვებს? (გაიხარონ ნაცებმა ამ ტერმინის შემოღებისთვის), როგორც მოგახსენეთ, ბევრი ვერსია არსებობდა, „ქრონიკაში+“-ში გამოქვეყნებულმა წერილმა კი ერთი მათგანი გამახსენა:
იმ ავბედით დღეებში გოგას სახლთან შეკრებილებს შორის „ტოიოტა კავკასიის“ თანამშრომლებიც მრავლად იყვნენ და იხსენებდნენ, რომ ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე გოგას დიდი უსიამოვნება მოუვიდა წარმომადგენლობის ახალდანიშნულ უფროსთან. რა თქმა უნდა, ჩავეძიეთ და გამოირკვა, რომ ეს არ ყოფილა უბრალო შეკამათება, საქმე იქამდე მისულა, ერთმანეთს მოკვლითაც დაემუქრენო. ეს შეხლა-შემოხლა შემდეგ დღეებშიც გაგრძელებულა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, იუჯი ვაგატა შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ გომიაშვილზე აუგი არ ეთქვა, უეჭველია, არც გომიაშვილი აკლებდა და მალე ეს ამბავი ნახევარმა თბილისმა იცოდა. არ გამოვრიცხავ, რომ დაპირისპირებაში საკმაოდ „წონიანი“ პირებიც ჩაერიენ და თითქოს ყველაფერი მიწყნარდაო და უეცრად... თვითმკვლელობა.
შორს ვარ იმ აზრისგან, იუჯი ვაგატას რამე დავაბრალო (ეს არც ჩემი საქმეა და უდანაშაულობის პრეზუმფციაც კარგად ვიცი), კიდევ ვიმეორებ, უბრალოდ, გაზეთში გამოქვეყნებულმა სტატიამ ძველი მოგონებები წამოატივტივა.
ეს მოგონებები კი, იცოცხლეთ, ბევრი მაქვს. თუნდაც ის, რომ „ტოიოტა კავკასიის“ დილერად დანიშნული „თეგეტა მოტორსის“ ხელმძღვანელი, ბატონი დავით ნოზაძე ერთ ხანს სწორედ იაპონიაში მუშაობდა საქართველოს საელჩოში და იმჟამინდელ ელჩ ვანო მაჭავარიანთან კონფლიქტის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ვერავინ დამაჯერებს, რომ ძირძველი ნაციონალი, პატივცემული ვანო მაჭავარიანი ამ ბატონთან ურთიერთობაში მტყუანი იქნებოდა (როდის იყო, ნაცები ვინმესთან ტყუოდნენ), გამოდის, რომ ბატონ დავითს შეეშალა რაღაც.
ბატონ გელა ბარკალაიას ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ მოგახსენეთ, რომ გოგას თვითმკვლელობის დროს გავიცანი „ტოიოტა კვაკასიის“ თანამშრომლები და საჭიროდ მივიჩნიე მათთან გასაუბრება. გამოირკვა, რომ ჩემს კოლეგას „ქრონიკა+“-დან ზოგი რამ გამორჩენია ან არ მიიჩნია ყურადსაღებად. მეტიც, ის დაკავშირებია „ტოიოტას“ თანამშრომლებს, მაგრამ კომენტარის გაკეთება კატეგორიულად არ ისურვეს! საკითხავია, კომენტარის არმიცემა ახალი წესია თუ ასე სურთ მონობაში ყოფნა?!
იუჯი ვაგატას წინამორბედებს შეუსწავლიათ შუა აზიის ქვეყნებში „ტოიოტას“ წარმომადგენლობის გახსნის საკითხი და კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნიეს ეს მოსაზრება. ბატონმა ვაგატამ კი ჩამოსვლისთანავე ყოველგვარი ანალიზისა და გამოკვლევის გარეშე გაუფორმა მათ ხელშეკრულება. ნეტავ რატომ? (ისევ გონივრული ეჭვი).
მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ „ტოიოტა კავკასიაში“ „თეგეტა მოტორსიდან“ გადმოსულმა კადრებმა დაიკავეს თითქმის ყველა საკვანძო თანამდებობა გაორმაგებული ხელფასებით, თუმცა საქმეს ისევ ძველ თანამშრომლებს აკეთებინებენ, რადგან ახალგამომცხვარი „ტოიოტელები“ ჯერ ვითარებას აკვირდებიან(!) და სწავლობენ(!). მე ამ ფაქტზე იქნებ გამეცინა, თუმცა ვიღაცას ალბათ ბოღმის ცრემლი ახრჩობს.
„თეგეტა მოტორსისა“ და იუჯი ვაგატას „დაძმობილებას“ უცნაურად დაემთხვა „ტოიოტას“ ერთ-ერთი ევროპული ცენტრიდან სამი მენეჯერის ჩამოყვანა, რომელთა მთავარი დამსახურებაც თავის სამშობლოში არსებული წარმომადგენლობის გაკოტრება გახლდათ; თუმცა ბატონმა ვაგატამ ამას რატომღაც ყურადღება არ მიაქცია, უზარმაზარი ხელფასები დაუნიშნა (როგორც ამბობენ, 25 000 ევრო თითოეულს), ხოლო მათი აქაური საქმიანობის ძირითადი მიმართულება ადგილობრივი კადრების შევიწროება და საქმეში ხელის შეშლა იყო. ამ ორი ფაქტის (ევროპელი და „თეგეტა მოტორსის“ ვითომ ვითომსპეციალისტების აღზევებას ვგულისხმობ) ანალიზი საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას და ისევ და ისევ გონივრულ ეჭვებს ტოვებს. ერთი ეჭვი კი ასეთია: ხომ არ ცდილობენ მავანნი „ტოიოტას“ კავკასიის წარმომადგენლობის ხელოვნურ დისკრედიტაციას?
ცოტა გლობალურად თუ შევხედავთ ამ ამბავს, ასეთ სურათს მივიღებთ:
2013 წლის მონაცემებით, „ტოიოტა კავკასია“ საქართველოს ბიუჯეტში უმსხვილესი გადამხდელია, საუბარია ფრიად სოლიდურ თანხაზე და ამავე დროს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანასთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობაზე, რომელსაც საქართველოში „ტოიოტას“ ამჟამინდელი ხელმძღვანელის (რბილად რომ ვთქვათ) არაკეთილსინდისიერმა საქციელმა შესაძლოა ხინჯი მიაყენოს, აღარაფერს ვამბობ აქ დასაქმებულ უამრავ ადამიანზე, რომელთა ოჯახების კეთილდღეობა „ტოიოტა კავკასიისა“ და მისი დილერების საქმიანობაზეა დამოკიდებული. ეს კი ნამდვილად არავის ინტერესებში არ არის. როგორც ბატონი ბარკალაია თავის ინტერვიუში ბრძანებს, აპირებს, საქმის კურსში ჩააყენოს იაპონიის საელჩო და „ტოიოტას“ სათავო ოფისი და იმედია, სასამართლო გარჩევამდე საქმე არ მივა, რადგან ამან შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს როგორც ცალკეულ ადამიანებს (ბევრ უდანაშაულოსაც), ისე ორი ქვეყნის ურთიერთობას! არადა, ვატყობ, ყველა „გონივრული ეჭვის“ გადამოწმება და გამოძიება საკმაოდ დიდ შარში გახვევს ბევრს!!!
ჯაბა ნიგლიაური