reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: ნაცმოძრაობაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის განხეთქილებაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:56
ინტერვიუ
ვახტანგ მაისაია: ნაცმოძრაობაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის განხეთქილებაა
ავტორი:
30 სექტემბერი, 2014. 19:35



პოლიტიკური პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი საქართველოში, უნდა არსებობდეს თუ არა ჩვენს ქვეყანაში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზა და რა საფრთხე გვემუქრება ისლამური ხალიფატისაგან? – ამ საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი, ექსპერტი უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, პროფესორი ვახტანგ მაიასია:

 

– ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილისაგან დისტანცირებას და ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნას აპირებს. გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე ვაშინგტონში იმყოფებოდნენ, სადაც მაკ-კეინსა და სხვა კონსერვატორებს შეხვდნენ. მათი ამერიკდან დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ნაცმოძრაობაში განხეთქილებაა. ამას უკვე თავად ნაციონალებიც ღიად ლაპარაკობენ!

 

– რომელი ნაციონალისაგან მოისმინეთ მსგავსი რამ?

 

– აი, მაგალითად, ნაციონალების აქტიური მხარდამჭერი და სააკაშვილის დროს საქართველოს ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე ადასტურებს, რომ ნაცმოძრაობაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის განხეთქილებაა.

 

დააკვირდით, ტელევიზიების საშუალებით როგორ ხდება ზოგიერთი მივიწყებული ნაციონალის წარმოჩენა და გაპიარება. მაგალითად, ბოლო დროს აქტიურად აპიარებენ ნინო კალანდაძეს, ბათუ ქუთელიას, დავით სიხარულიძეს, რაც გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ისინი იქნებიან იმ ახალი პოლიტიკური პარტიის სახეები, რომლის შექმნასაც ნაცმოძრაობა აპირებს!

 

ერთი სიტყვით, ნაციონალური მოძრაობის ე.წ. რებრენდინგი დაწყებულია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს!

 

– მერედა, უშველის ნაციონალურ მოძრაობას კოსმეტიკური რემონტი?

 

– თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარეს სრული ქაოსი და გარკვევლობაა, გამორიცხული არაფერია. ხელისუფლება უსაფრთხოებისა თუ პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური კუთხით ელემენტარული პრობლემის მოგვარებასაც ვერ ართმევს თავს, რაც ხალხში მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენის სურვილს აძლიერებს!

 

არ გამოვრიცხავ, რომ რებრენდირებულ ნაცმოძრაობაში კოალიცია „ქართული ოცნების“ გარკვეული ჯგუფი გაერთიანდეს და ამ ახალი პოლიტიკური ძალის კონცენტრაცია მოხდეს პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო!

 

– ე.ი. თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში ოფიციალურად გადავიდეს?

 

– პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ დაპირისპირებამ ოფიციალურად დეკლარირებული სახე უკვე მაშინ მიიღო, როცა მარგველაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მას ამერიკაში ვიზიტი ჩაუშალეს!

 

დიახ, ეს იყო პოლიტიკური დემარში მარგველაშვილის მხრიდან!

 

და კიდევ, მარგველაშვილს, რომელიც ამერიკაში ვერ წავიდა, კიდევ უფრო გააღიზიანებს ის, რომ აშშ-ში ღარიბაშვილის ვიზიტმა საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა! პოლიტიკას რომ თავი გავანებოთ, წმინდა ადამიანური და ემოციური თვალსაზრისით მარგველაშვილი ამაზე გაბრაზდება!

 

სხვათა შორის, მარგველაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა, რომ მან, შესაძლოა, პარლამენტი დაითხოვოს! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად მძიმე მესიჯი, რაც პრეზიდენტმა საზოგადოებას და „ქართულ ოცნებას“ გაუგზავნა!

 

მოკლედ, მარგველაშვილმა დააფიქსირა, რომ მას ხელთ სერიოზული ბარკეტები უპყრია და მზად არის, პოლიტიკურ ოპონენტებს, ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, წინააღმდეგობა გაუწიოს!

 

– ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გავლენიანი ამერიკული მედიასაშუალების „ფორინ პოლისის“ სტატიამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა ხდება. მართალია, საქართველოს მთავრობა ამას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ „ფორინ პოლისს“ თავის სიტყვები უკან არ მიაქვს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

– როგორც ჩანს, ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში ამერიკელებმა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება მოითხოვეს, მაგრამ ამ საკითხზე პრემიერ ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ალასანიას შორის განსხვავებული შეხედულება არსებობს.

 

დიახ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანტიისლამისტურ კოალიციაში საქართველო მხოლოდ სიმბოლურ მონაწილეობას მიიღებს და ჰუმანიტარულ კონტრიბუციას განახორციელებს, მაშინ, როცა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ანტიტერორისტულ კოალიციაში საქართველო აქტიურად ჩაერთვება!

 

ისე, ღარიბაშვილის პოზიცია ცოტა გაუგებარია, სამხედრო კოალიციის ფორმატში ჰუმანიტარული დახმარების სახით როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა? ეს ხომ სამშვიდობო მისია არ არის, ეს არის მთლიანად სამხედრო კოალიცია, რომელსაც სამხედრო-სტრატეგიული მიზნები გააჩნია!

 

სხვათა შორის, ამერიკის სენატმა მიიღო დადგენილება, რომ შეერთებული შტატების მთავრობა სირიელ მეამბოხეებს ფინანსურადაც დაეხმარება და სამხედრო საწვრთნელი კუთხითაც, რათა სირიის თავისუფალმა არმიამ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს როგორც ბაშარ ასადის რეჟიმს, ისე ისლამური ხალიფატის შეიარაღეულ ნაწილებსაც!

 

– ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა და ანალიტიკოსმა ლინკოლნ მიტჩელმა განაცხადა, რომ სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზის განთავსება საქართველოს ტერორისტების სამიზნედ აქცევს!

 

– საქართველოს ისლამური ხალიფატის მხრიდან საფრთხე ისედაც ემუქრება! ავიღოთ თუნდაც ერთი მომენტი, რომელზეც, რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას – ისლამური ხალიფატის 5 საველე მეთაური ქართული წარმოშობისაა, მათ შორის, ისლამური ხალიფატის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი!

 

თარხან ბათირაშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში საკმაოდ ვრცელი მონაკვეთი დაუთმო ქართულ ციხეში მისი ყოფნის პერიოდს და გაიხსენა, როგორ ემქურებოდნენ მას განადგურებით საქართველოს ძალოვანი სტრქტურების წარმომადგენლები!

 

– ანუ ბათირაშვილს, შესაძლოა, შურისძიების წყურვილი ამოძრავებდეს?

 

– ფაქტია, რომ თარხან ბათირაშვილმა საქართველოში პატიმრობის ეპიზოდზე ყურადღება გაამახვილა და, ჩემი აზრით, ეს შემთხვევით არ გაუკეთებია!

 

– კი მაგრამ, თუ მას შურისძიება უნდა, მაშინ ეს სააკაშვილის რეჟიმის მიმართ უნდა განახორციელოს, რომელმაც იგი ციხეში გამოკეტა და არა საქართველოს მიმაპრთ. ასე არ არის?

 

– გასაგებია, მაგრამ აქ უკვე გეოპოლიტიკურ თამაშებთან გვაქვს საქმე! ისლამურ ხალიფატს საქართველო დასჭირდება, როგორც სახმელეთო კორიდორი, თუნდაც იგივე ჩრდილოკავკასიელ ისლამისტებთან ურთიერთობის განვითარებისათვის!

 

არ არის გამორიცხული, დასავლეთ ევროპიდან სირიის მიმართულებით მოხდეს ისლამური ხალიფატის მებრძოლების გადასროლა და გზაგამტარად საქართველო იყოს გამოყენებული!

 

მოკლედ, ისლამური ხალიფატისათვის საქართველოს ტერიტორიას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს!

 

აქედან გამომდინარე, ისლამური ხალიფატის მხრიდან საფრთხე რეალურია. მით უმეტეს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე გაჩნდა ისლამური ხალიფატის წარმომადგენელთა 50-კაციანი ჯგუფი, რაც ისრაელისა და რუსეთის სპეცსამსახურებმა უკვე დააფიქსირეს!

 

– ე.ი. მარტივად და ყველასთვის გასაგებად რომ ვთქვათ, თუ საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა მოხდება, ეს ისლამური ხალიფატისა და მისი მთავარსარდლის თარხან ბათირაშვილის განრისხებას გამოიწვევს?

 

– რა თქმა უნდა, გამოიწვევს, იმიტომ, რომ საქართველო ბათირაშვილის მტრების გამაძლიერებელი გამოვა!

 

– მერედა, ამ შარში თავის გაყოფა გვიღირს თუ არა?

 

– ანტიისლამისტურ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობა ჩვენი უსაფრთხოებისათვის ცუდი ნამდვილად არ იქნება! ისლამური ხალიფატი ისეთი საფრთხეა, რომელსაც დაყვავებით და ტკბილი ენით თავიდან ვერ აიცილებ! ამ საფრთხის პირისპირ მარტო დარჩენა კარგს არაფერს მოგვიტანს, ამიტომ ჯობს, ანტიისლამისტური კოალიციის ქოლგის ქვეშ ვიყოთ!

 

მე თქვენ ექსკლუზიურად გადმოგცემთ მონაცემებს, თუ რა შეიარაღება გააჩნია ისლამურ ხალიფატს, რომელი ქვეყნებიდან რამდენი მებრძოლი ჰყავთ და ა.შ. გამოაქვეყნეთ ეს მონაცემები „ასავალ-დასავალში“, რათა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რაოდენ სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს საქმე!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

 

გაზეთი „ასავალ-დასავალი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016