reportiori.ge - ოქტომბერში დიდ ქაოსს ელოდებიან - რა როლი აქვს მედიას მოსალოდნელ ქაოსში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:16
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ოქტომბერში დიდ ქაოსს ელოდებიან - რა როლი აქვს მედიას მოსალოდნელ ქაოსში?
ავტორი:
30 სექტემბერი, 2014. 21:35

 

 

ბოლო დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ ფრონტი გაშალა, ეს თვალნათლივ შეინიშნება. ადრე თუ წერტილოვან დარტყმებს აყენებდნენ კონკრეტულ უწყებებს, ამჯერად უკვე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, რომლის პიკსაც ძალიან მალე, ოქტომბერში ელოდებიან.


უკვე რამდენიმე თვეა, ანონსდება, რომ სააკაშვილის გუნდი რევანშისთვის ემზადება. ბოლო დროს კი კონკრეტულად იშიფრება სქემები.


„ნაციონალური მოძრაობის" რევანშისტული განზრახვების სამოქმედო გეგმა პირველად „პრაიმტაიმში" ახალგაზრდა სამართალდამცველების ხელმძღვანელმა ნიკა მემანიშვილმა გაშიფრა. ეს სქემა კი დაახლოებით ასე გამოიყურება:



ნაციონალური ოცნების პარალელები

 

როგორც ჩანს, ბრძოლის მეთოდი უცვლელია. მაშინ, როდესაც სააკაშვილის გუნდი 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავდა, სხვადასხვა მიმართულებით ხდებოდა მიზნობრივი შეტევები. ეს იყო ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტრო, კორუმპირებული ჩინოვნიკები, მაღალი თანამდებობის პირთა ნათესავები...


თემატიკაც ასეთი იყო: ბიზნესის გადანაწილება მაღალი თანამდებობის პირების ნათესავებს შორის...


გარღვეული ბიუჯეტი....

მომძლავრებული კრიმინალი...

ნეპოტზიმი და ა.შ.


თუმცა, მაშინ ამ პრეტენზიებს საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, ვინაიდან შევარდნაძის მმართველობა მაშინდელ ოპოზიციას რეალურად აძლევდა ასეთი სახით ბრძოლის საფუძველს.


მაშინდელი ოპოზიცია კი ორ ნაწილად იყოფოდა - შედარებით თავდაჭერილი გუნდი ჟვანიას ხელმძღვანელობით და თავაშვებული და აგრესიული ნაციონალები, რომლებსაც ზონდერჯგუფები ჰყავდათ ჩამოყალიბებული, რომელთა წევრები ზოგჯერ ერთმანეთსაც კი უბათქუნებდნენ, ტელეეკრანებზე დასისხლიანებული  ცხვირ-პირის ავტორებად ხელისუფლება რომ მოენათლათ...


მკითხველისთვის, რომელიც 12 წლის წინათ ჯერ არ იყო მიღწეული იმ ასაკს, რომ ამ მოვლენებისთვის თვალყური ედევნებინა და გაეანალიზებინა, ეს სურათი, ალბათ, მაინც ძალიან ნაცნობია, ვინაიდან დღესაც აბსოლუტურად იგივე ტენდენციები შეიმჩნევა მუდმივად ცხელ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე.


მაშინ ბრძოლა უფრო ადვილი იყო, ვინაიდან ახალგაზრდა რეფორმატორებად ცნობილი გუნდის ერთი ნაწილი მაღალ სახელისუფლებო თანამდებობებსაც იკავებდა და შესაბამისად, ციხის შიგნიდან გატეხაც იოლად მოხერხდა...


დღეს კი ხელისუფლებაგამოცლილებს მართვის, ინტრიგების ხლართვის, მასშტაბური პროვოკაციების მოწყობის დიდი გამოცდილება და კიდევ, საკვანძო უწყებების შუა რგოლში არცთუ მცირე რაოდენობის „თავისიანები" დარჩათ, რომლებსაც ახალმა ხელისუფლებამ საკუთარი პატიოსნების საჩვენებლად ხელი არ ახლო. არადა, არსებობს ეჭვი, რომ საჯარო უწყებებიდან, განსაკუთრებით კი ძალოვნებიდან, ინფორმაციის გადინება სწორედ ამ რგოლის დამსახურება უნდა იყოს...


მაშინ იყო „კმარა", ახლა კი არის „თავისუფალი ზონა"...


მაშინ იყო ბევრი და ხალხმრავალი აქცია. დღეს ხალხმრავალს ჯერ ვერ, მაგრამ ბევრ აქციას ოქტომბრიდან პროგნოზირებენ.



სისხლიანი გზა ოცნებამდე?


და მაინც, რა იწყება ოქტომბერში?.. ნიკა მემანიშვილის პროგნოზებით, „ნაციონალური მოძრაობა" მინიმუმ მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს სახელმწიფო გადატრიალების სისრულეში მოსაყვანად. მათ უკვე კონკრეტული სქემაც აქვთ შემუშავებული და აქტიურ ქმედებებზე ისინი ოქტომბრიდან გადავლენ. სქემა უშუალოდ სააკაშვილთან ერთად არის შემუშავებული და შეთანხმებული. მის განხორციელებაზე კი, გიორგი ვაშაძესთან ერთად, კიდევ რამდენიმე ლიდერია პასუხისმგებელი. ყველა რეგიონში შეიქმნება დაჯგუფებები, რომლებსაც სამი ხელმძღვანელი ეყოლება. ვალდებულებები თითოეულ მათგანზე გადანაწილდება და ისინი, თავის მხრივ, რეგიონალურ ხელმძღვანელან იქნებიან პასუხისმგებლები. „ნაციონალური მოძრაობა" გადადის პოლიტიკურ ვა-ბანკზე. მათი მიზანია, ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და გადავიდნენ პოლიტიკურ რევანშზე. სიტუაცია ბევრად მძიმეა რეგიონებში, ვირე დედაქალაქში. ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობა" ქმნის ზონდერჯგუფებს, საუბარია რამდენიმე ათას ადამიანზე... უშუალო მითითებები მიიღეს სააკაშვილთან შეხვედრაზე, სარფში. ამის შემდეგ აღნიშნული საქმე ჩაიბარა გიორგი ვაშაძემ. „ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, ძალიან დიდი ფული დახარჯოს და სახელმწიფო გადატრიალება  მოახდინოს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ეს აღარასოდეს მოხდება. მათი მიზანია საკუთარი პოლიტიკური ძალის რეაბილიტაცია და სწორედ ამისთვის სჭირდებათ მათ ქვეყანაში ქაოსი და არეულობა... ნაციონალების ხელშია რამდენიმე მილიარდი ლარი და ამ თანხებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. შექმნიან და, უკვე ქმნიან კიდეც დაჯგუფებეს, შეეცდებიან, მოსახლეობაში უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვიონ და ძალადობრივი გზით შეცვალონ ხელისუფლება. შესაძლებელია, მოაწყონ მიზანმიმართული პროვოკაციები, თითქოს კრიმინოგენური მდგომარეობა დამძიმებულია... მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს დაჯგუფებების შექმნა, განსაკუთრებით შემოდგომაზე აპირებენ გააქტიურებას. თითოეულ დაჯგუფებას ეყოლება სამი ხელმძღვანელი. თითოეული მათგანი გადაინაწილებს ფუნქციებს. თითოეულ დაჯგუფებაში ეყოლებათ ათობით ადამიანი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან,წავიდნენ ნებისმიერ პროვოკაციასა და საქმეზე... ბუნებრივია, ის ადამიანები, ვინც ამ გზას დაადგებიან, სერიოზულ თანხებს მიიღებენ, ნაციონალები მათ სთავაზობენ ფულს. ისინი იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე აქვთ შექმნილი. საუბარია იგივე „დროა"-ზე, „თავისუფალ ზონა"-ზე. მიმდინარე დღეებში კიდევ შეიქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები. ძალიან სერიოზული და საშიში ჯგუფია..." - დაახლოებით ასე გამოიყურება ნიკა მემანიშვილის მიერ გაშიფრული ნაციონალური რევანშის სქემა. თუმცა ამ მიმართულებით დინება არც ამ განცხადებას და არც შინაგან საქმეთა მინისტრის პრესაში გამოქვეყნებულ სკანდალურ ინტერვიუს არ შეუჩერებია. ალექსანდრე ჭიკაიძემ დაადასტურა შესაძლო გადატრიალების მცდელობა: „ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდაპარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული   გეგმები მისცა. მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც, თავის მხრივ, ცალკეულ მობილურ ჯგუფებად დაიყოფა. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ, მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორმსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, მათი მიზანია, შექმნან ნეგატიური ფონი, როგორც ქართველ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში. სააკაშვილისვე დავალებით, ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველოში. ეს არის ნაწილი იმ გეგმისა, რასაც სააკაშვილი გეგმავს. ამ გეგმას, პირადად ვაცხადებ, განხორციელება არ უწერია! ისინი ვერც იმ ილუზიას შექმნიან, რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია. მათი სურვილები დარჩება სურვილებად. ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება. ჩვენ განვახორციელებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად. უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს შეთქმულების მომზადებას სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერ დავკონკრეტდები", - აცხადებს ალექსანდრე ჭიკაიძე.


ის ტენდენციები, რაც უკანასკნელ ხანს შეიმჩნევა, ნამდვილად არ გვაძლევს ამ განცხადების ეჭვქვეშ დაყენების საშუალებას. თუმცა, საეჭვო მხოლოდ ერთი დეტალია - თუ ამ ინფორმაციას უკვე ფლობს ქვეყნის ნომერ პირველი პოლიციელი, რას უყურებს? მით უმეტეს, უკვე გვაქვს გამოცდილება არშემდგარი შეთქმულებების მიმართ ანგარიშსწორების. საკმარისია 2007 წლის 7 ნოემბრის გახსენებაც, როდესაც უამრავი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში... მაგრამ, ალბათ, აჯობებს, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და როგორც ჩანს, წინ ძალიან ცხელი შემოდგომა გველის, რომელსაც, ალბათ, ის პოლიტიკური ფონი ვერ შეაჩერებს, სადაც „ნაციონალებს თურმე პოლიტიკურად დევნიან".


როგორც ირკვევა,  ასეთი კრიზისი ერთხელ უკვე გადაილახა და ამის აფიშირებას ექსპერტი მამუკა არეშიძე ახდენს: „ძალიან სერიოზული პროვოკაცია მზადდებოდა აგვისტოს დასაწყისმში, როდესაც მარნეულში დაახლოებით შემდეგი შინაარსის მქონე წარწერიანი მაისურები დარიგდა: ბორჩალო არის თურქული ტომების განსახლების ადგილი. ეს მაისურები დარიგდა ზუსტად მაშინ, როდესაც განმეორებითი თამაში უნდა ჩატარებულიყო საჩხერესა და ბაქოს გუნდებს შორის. ამ მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები უნდა დასწრებოდნენ თამაშს. როგორც გაირკვა, ამ ყველაფრის ორგანიზატორები ძალიან ახლოს იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან". გაცილებით მასშტაბური პროვოკაცია მზადდებოდა თბილისში, საპასუხო თამაშის დროს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის დროულად აღკვეთა... ქვემო ქართლში არსებობს გარკვეული ისლამისტური ჯგუფები, რომლებიც შეიძლება რაღაც მომენტში „ნაციონალურ მოძრაობას" შეეკრან. ასეთი რისკი არსებობს. რაც შეეხება ეროვნული უმცირესობის დანარჩენ წარმომადგენლებს, კერძოდ - სომხებს,  ეჭვი მეპარება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" მათი გამოყენება შეძლოს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჯავახეთში სოციალური ფონი არ შეიცვლება, სერიოზული რეფორმები არ გატარდება, გამორიცხული არ არის, მათი უკმაყოფილების პროვოცირება მოხდეს. „ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ხომ ასეთია - ჩვენ სახელმწიფო გადატრიალებას კი არ ვაპირებთ, ვაპირებთ ისეთ აქტივობას, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, ხელისუფლებას თავისი დანაპირების შესრულება მოსთხოვოს" - აცხადებს მამუკა არეშიძე მედიასთან საუბრისას.


„მასირებული შეტევა გამოხატული იქნება პოლიტიკურ დარტყმებში და აისახება განცხადებებში, ინტერვიუებში, გამოსვლებში, ხოლო ამ შეტევის მიზანი იქნება ხელისუფლების დასუსტება, დისკრედიტაცია და დაუძლურება. „ნაციონალების" ვარაუდით, მათი ფარული მოკავშირეები ამ საქმეში იქნებიან „რესპუბლიკელები", ალასანიას გუნდი და გარკვეულწილად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. მათი ვარაუდითვე, დროთა განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან მათი შეუთავსებლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", - ასეთ პროგნოზს აკეთებდა რამდენიმე თვის წინ ირაკლი ბათიაშვილი.



მედიის როლი

 

ისევ პარალელებს თუ მივუბრუნდებით, დავრწმუნდებით, რომ მედიის როლი განსაკუთრებით დიდია პოლიტიკურ ბრძოლებში. თავის დროზე, მედიის ეს ღირსება ყველაზე კარგად აითვისა „ნაცმოძრაობამ" და წარმატებითაც გამოიყენა. მოგვიანებით, მასთან ასოცირებულმა და „დამსახურებულმა" ჟურნალისტებმა უპირატესი ადგილები მოიპოვეს იმ რევოლუციურ მატარებელში, რომლებმაც მგზავრები გზადაგზა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების თბილ კაბინეტებში ჩამოსვა, ზოგსაც ოჯახის წევრი მიუყვანა სარფიან ბიზნესთნ. მაშინდელი დამსახურებისთვის ირმა ნადირაშვილი დღეს პარლამენტში იკავებს სავარძელს. ეკა კვესიტაძემ კი, როგორც ჩანს, დააგვიანა... თუმცა, როგორც იტყვიან, არც ახლაა გვიან, მით უმეტეს, თუ იმ ლოგიკურ ჯაჭვს მივყვებით, რაც მოვლენათა განვითარების ფინალს  თვალსაჩინოდ წარმოგვიჩენს. მოლოდინი, მართლაც, ძალიან დიდი უნდა იყოს.


დაახლოებით ნანა ლეჟავას კატეგორიაში გადის დღეს ჩემი კოლეგა ნათია მიქიაშვილი. ნანა ერთ-ერთი წარმატებული რუპორი გახლდათ ნაციონალური მატარებლის, თუმცა მოგვიანებით ის მაინც ოპოზიციაში დარჩა.


ნათია მიქიაშვილი კვლავაც აგრძელებს მუშაობას და ამჯერად ისევ ხელისუფლების კრიტიკით. ამაში უჩვეულო არც არაფერი უნდა იყოს, რომ არა ერთი ფაქტი: მისი განცხადებით, მას პრემიერ-მინისტრის მეუღლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი ემუქრება. მისი თქმით, ჯანყარაშვილი მოითხოვდა, რომ გადაცემა, რომელშიც ის იყო ერთ-ერთი მონაწილე პირი, ეთერში არ გასულიყო. „ჯანყარაშვილმა დაიბარა ჩემი ოჯახის წევრი გუშინწინ საღამოს და უთხრა, რომ თუ მე ამას გავაკეთებდი და ეს გადაცემა გავიდოდა, ძალიან ცუდად მომექცეოდა და ძალიან ცუდ რამეს გამიკეთებდა მე და ჩემი ოჯახის წევრებს... იმ 9 წლის განმავლობაში, როცა „ნაციონალურ მოძრაობას" ვუკეთებდი „ანატომიას" და ყოველ კვირა გადიოდა გადაცემა ეთერში, „ნაციონალების" მხრიდან არასდროს არ ყოფილა ჩემზე მუქარა", - განაცხადა მიქიაშვილმა.


მართლაც, საშინელი ფაქტია. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს განცხადება ჟურნალისტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი მეუღლე, სოსო მესხი, რომელიც ერთ-ერთი რეგიონის კრიმინალური პოლიციის უფროსის თანამდებობაზე იმყოფებოდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნათია, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს თავის საქმიანობასა და მოსალოდნელ გადაცემასთან აკავშირებს. გაჩნდა საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც სოსო მესხი ჯერ კიდევ ნაციონალების მმართველობის დროს იკავებდა მაღალ პოზიციას კუდ-ში და დათა ახალაიასთან მეგობრობდა. თუმცა მოგვიანებით მათ შორის პირადი ურთიერთობა დაიძაბა და პოლიციელი ამირან მესხელის მფარველობის ქვეშ მოექცა, რომლის დამსახურებითაც ის შიდა ქართულში დაინიშნა კრიმინალური პოლიციის უფროსად. ნათია თავის დროზე აცხადებდა, რომ მან ეს სამსახური მაშინაც მასთან ურთიერთობის გამო დაკარგა, თუმცა, დღეს კულუარებში ამბობენ, რომ ის იმ რეგიონში ბიზნესის ტერორში და კიდევ სხვა დანაშაულში შეიმჩნეოდა, რომელსაც ახლა შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ და რომლის გამოც მისი დაჭერაც კი არაერთხელ მოუნდომებიათ, სადაც მფარველად კვლავაც ამირან მესხელი ევლინებოდა. რა თქმა უნდა, ვერსიებს აქვს არსებობის უფლება...


„რუსთავი 2"-ში კი ეკა კვესიტაძის გამოჩენას იქაური ჟურნალისტების სერიოზული პროტესტი მოჰყვა. ვინაიდან ის ნაციონალური ხელისუფლების მაღალჩინოსნის მეუღლე გახლდათ, ჟურნალისტები სწორედ იმას აპროტესტებდნენ, რომ უტიაშვილის ცოლის გადაცემა ტელევიზიის მჭიდრო კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასთან" საბოლოოდ დაუსვამდა ბეჭედს. უფრო მეტიც, ის ყოველთვის ვანო მერაბიშვილის უახლოეს გარემოცვად და მარჯვენა ხელად აღიქმებოდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ვერ ალაგებდა ურთიერთობებს ამირან მესხელთან. მინისტრის ეს ორი მეგობარი, თურმე ფარულ დაპირისპირებაშიც იმყოფებოდნენ ერთმანეთთან. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო ახალაიამ ჩაანაცვლა, სწორედ ეს ორი ფიგურა იყო, რომელმაც უპირობოდ დატოვა სამინისტრო. თუმცა მითი ამ მოჩვენებითი ერთობის შესახებ მალე პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ დაარღვია, როდესაც საზოგადოებას უამბო, როგორ აიძულებდა მას კონტრდაზვერვა, რომელსაც მესხელი კურირებდა, მიეცა მათთვის კომპრომატი უტიაშვილზე, რომ თითქოს მაისაია ინფორმაციებს სწორედ უტიაშვილს აწვდიდა... მიუხედავად ტელეკომპანიის ჟურნალისტების პროტესტისა, კვესიტაძე მაშინ „გაპრავდა" ერთი პირობით - ის არხზე საკუთარი სტუდიით გადიოდა და ვნებათაღელვაც დროთა განმავლობაში ჩაცხრა.


პროტესტი მოჰყვა ნათია მიქიაშვილის განცხადებასაც ამ არხზე საკუთარი გადაცემის გასვლასთან დაკავშირებით. მაშინ ამ პროტესტს გურამ დონაძე უნთებდა ცეცხლს და გირგვლიანზე მიქიაშვილის ცნობილი სიუჟეტის გამო, მის ამ პროტესტს შესაძლოა, საფუძველიც მოეძებნოს.


ერთი სიტყვით, ტელეკომპანია კვლავაც აქტუალურია თავისი შემადგენლობით, თემატიკით პოზიციით და რაც მთავარია, დატვირთვით, რომელიც აბსოლუტურად მარტივად გასაშიფრია მათ მიერ ე.წ. „აწეული თემების" მიხედვით და რომელსაც, როგორც ჩანს, განსაკუთრებულ ადგილს უჩენს ზემოშემოთავაზებულ შეთქმულების სქემაში არა მარტო ხელისუფლება, არამედ ისინიც, ვინც ამ ადგილის მნიშვნელობა უკვე მრავალი წელია ყველაზე კარგად იცის.


მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016