reportiori.ge - სააკაშვილს ამერიკა სამუშაო ვიზის შემდეგ პოლიტიკურ თავშესაფარზეც უარს ეტყვის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:59
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილს ამერიკა სამუშაო ვიზის შემდეგ პოლიტიკურ თავშესაფარზეც უარს ეტყვის?
ავტორი:
30 სექტემბერი, 2014. 21:38


„ნაციონალური მოძრაობის" მთავარ  ოფისში დიდი გლოვა აქვთ გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილს აშშ-ს საკონსულომ ამერიკაში სამუშაო ვიზა არ მისცა. „ალიას"" ეს ინფორმაცია სწორედ "ნაცმოძრაობის" მთავარი ოფისიდან მოაწოდეს. მისი უტყუარობა, მალე გაირკვევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ პარტიის ოფისში დიდი პანიკაა, ნიშნავს, რომ ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია სარწმუნო უნდა იყოს და ამიტომაცაა, რომ „ნაცებს" დანა კბილს არ უხსნით. ჩვენთვის უცნობია, ეს ინფორმაცია პარტიის ლიდერებს თავად სააკაშვილმა დაუდასტურა თუ არა. თუმცა, ლოგიკურად, პარტიის ლიდერებს აღნიშნული ინფორმაცია ან თავად სააკაშვილისგან უნდა ჰქონდეთ, ან იმ ადამიანისგან, ვისაც მიშამ ეს ამბავი უთხრა. 


სააკაშვილისთვის ამერიკის სამუშაო ვიზის არმიცემას, ერთი ფაქტი კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის. მაისში, საქართველოს ექსპრეზიდენტს სამსახურზე უარი უთხრა ტაფტის უნივერსიტეტმა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი" წერდა და ეს ფაქტი მოგვიანებით დადასტურდა. ტაფტის უნივერსიტეტმა განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილთან კონტრაქტი შეწყვიტა და მასთან არც მომავალში აპირებს თანამშრომლობას. 


ამერიკული პოლიტიკური ელიტა სააკაშვილს კარგა ხანია, ცუდი თვალით უყურებს, მასთან შეხვედრაზე უარს ამბობენ ის სენატორები და კონგრესმენები, რომლებიც ადრე სიამოვნებით მასპინძლობდნენ. თეთრ სახლში კი სააკაშვილს, ფაქტობრივად, მხარდამჭერი აღარ დარჩა. ბარაკ ობამას გუნდი აშკარად არ სწყალობს სააკაშვილს. მას ვერც ლობისტები შველიან და მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, უკვე თვეები გადის და სააკაშვილი ვერც ერთ გავლენიან პოლიტიკურ ლიდერს ვერ შეხვდა ამერიკაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადია, მისთვის სამუშაო ვიზის არმიცემაც არ განეკუთვნება ფანტასტიკის სფეროს. 


ალია" აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო სამართლის იურისტ ზურაბ მამულაშვილს ესაუბრა: 


- ბატონო ზურაბ, როგორ ხდება ამერიკის სამუშაო ვიზის გაცემა? 


- თითოეული სახელმწიფო  თავად წყვეტს, რომელ ადამიანს  მისცეს სამუშაო თუ სხვა სახის ვიზა, ეს ინდივიდუალურია. ამერიკის კანონმდებლობაში ზუსტად როგორ წერია, ვერ გეტყვით, მაგრამ საკონსულო ინდივიდუალურად წყვეტს, რომელ ადამიანს მისცეს თუ არ მისცეს ვიზა. 


- კონსული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ექვემდებარება. იქიდან მიღებულ ინფორმაციას ხომ აუცილებლად გაითვალისწინებს? 


- რა თქმა უნდა, საქმე ეხება კონკრეტული ქვეყნის ექსპრეზიდენტს, საკონსულო აუცილებლად გაითვალისწინებს იმ ინფორმაციას, რასაც მასზე სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიიღებს. ასეთი პიროვნებისთვის სამუშაო ვიზის გაცემის საკითხს, არა მგონია, მარტო კონსული წყვეტდეს. მით უფრო, როცა ვიზის არმიცემაზე ვლაპარაკობთ. მეეჭვება, ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო კონსულს. ცხადია, თუ ეს მართლაც ასეა, ამერიკის ხელისუფლების უფრო მაღალ დონეზეა გადაწყვეტილი ვიზის საკითხი. 


- ანუ ეს შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა? 


- რა თქმა უნდა, როცა ასეთ პიროვნებას არ აძლევენ ვიზას, ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. კონსული და ელჩი ამას საკუთარ თავზე ვერ აიღებდნენ. 


- შესაძლოა, რომ ამ სავარაუდო გადაწყვეტილებაზე, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულმა სისხლის სამართლის საქმემ იმოქმედა? იმ ფაქტმა, რომ მას საქართველოში სამი ბრალი აქვს წაყენებული და ძებნაც არის გამოცხადებული? 

 

- არა, ეს მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეგ ყველაფერი, შესაძლოა, საბაბად გამოადგეს საკონსულოს და თქვას, რომ აი, ამის გამო არ მივეცით ვიზა სააკაშვილს, მის წინააღმდეგ ბრალი იყო წაყენებული და ამის გამო თავი შევიკავეთო. 


- ერთხელ თუ უთხრეს უარი სამუშაო ვიზაზე პიროვნებას, რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება მან ხელმეორედ შეიტანოს ანალოგიურ მოთხოვნით განაცხადი საელჩოში? 


- 6 თვის შემდეგ შეუძლია ხელახლა შეიტანოს და განიხილავენ. 


- თუ სააკაშვილს სამუშაო ვიზაზე მართლა უარი უთხრეს, მას შეუძლია ტურისტული ვიზით ჩავიდეს და სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციები წაიკითხოს? 


- არა, ეს გამორიცხულია, მაგას სამუშაო ვიზა სჭირდება, ისე ლექციას ვერ წაიკითხავს და ვერც ანაზღაურებას მიიღებს. 



ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა „ალიასთან" განაცხადა, რომ უმჯობესია, დაველოდოთ, ორ დღეში ან დადასტურდება ეს ინფორმაცია, ან - არა და თუ დადასტურდა, მერე განვიხილოთ დეტალურადო: „თუ ეგ ინფორმაცია მართალია და სააკაშვილს ამერიკამ უარი უთხრა სამუშაო ვიზაზე, ეს იქნება დიდი დარტყმა მთლიანად სააკაშვილისთვის და „ნაცმოძრაობისთვის". ეს იმის ნიშანი იქნება, რომ სააკაშვილი და მისი პარტია უკვე საბოლოოდ ჩამოწერეს ამერიკელებმა და მათთვის აღარაფერს წარმოადგენენ. ვიმეორებ, თუ ეს ინფორმაცია მართალია, სააკაშვილსა და მის პარტიას ამერიკის ხელისუფლების არანაირი, უმცირესი მხარდაჭერის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ. არ გამოვრიცხავ, რომ, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ამერიკის ხელისუფლებამ, აქ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებიც იყოს რაღაც კავშირში. ასეთ გადაწყვეტილებას მარტო საელჩოს დონეზე ვერ მიიღებდნენ, ეს მხოლოდ მაღალ სახელისუფლებო დონეზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს". - განცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. 


ჰოდა, ჩვენც მაგას ვამბობთ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. თუ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილს სამუშაოსაც არ აძლევენ ამერიკაში, ცხადია, ის ამერიკის ხელისუფლებამ საბოლოოდ გაწირა. ამას რა მოჰყვება, შეგვიძლია, ვივარაუდოთ. ამერიკის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი „ნაცმოძრაობის" დაშლის პროცესი დაჩქარდება და ვეღარც გიგა ბოკერიას დაანონსებული კანონიერი გზებით მოაწყობენ რევოლუციას, რადგან ამ ყველაფერში, მათ, უპირველესად, სწორედ ამერიკის პოლიტიკური წრეების მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილს კი, უარესად წაუვა საქმე. მას დიდი იმედი აქვს, რომ, თუ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გამწვავდა და ინტერპოლით დაუწყებენ ძებნას, პოლიტიკურ თავშესაფარს ამერიკაში მიიღებს და ამას არც „ნაციონალები" მალავენ. 


მეტიც, იმ „ნაცებს", ვისაც დასაჭერად აქვთ საქმე, სწორედ იმის იმედი ჰქონდათ, რომ ამერიკაში გაიქცეოდნენ და იქ მიიღებდნენ პოლიტიკურ თავშესაფარს და  მართლმსაჯულებას ამით აარიდებდნენ თავს. საქმე კი, სავარაუდოდ, იქითკენ მიდის, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილსაც უარი უთხრან პოლიტიკურ თავშესაფარზე ამერიკაში. თუ სამუშაო ვიზაზე უარი უთხრეს, ჩანს, რომ მისმა ლობისტებმა ყველანაირი გავლენა დაკარგეს და ვეღარაფრით ეხმარებიან. ამერიკის ხელისუფლებამ მართლა გამოწურული ლიმონივით მოისროლა მიშა, მისგან მიიღო მაქსიმუმი, ყველაფერი, რაც სჭირდებოდა და დღეს უკვე ერთცენტიანის ფასიც აღარ აქვს. თუ მიშა გაწირა ამერიკის ხელისუფლებამ, უკვე ნათელი ხდება, რომ არც ერთ „ნაციონალს" არ გადაუსვამს თავზე ხელს და პოლიტიკურ თავშესაფარსაც, სავარაუდოდ, არ მისცემს. 

 

ლევან ჯავახიშვილი 

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016