reportiori.ge - პრეზიდენტი ასურეთში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამღვდელოების მიერ ჩაშლილ ფესტივალს გამოეხმაურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:28
პოლიტიკა
პრეზიდენტი ასურეთში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამღვდელოების მიერ ჩაშლილ ფესტივალს გამოეხმაურა
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 19:20

განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე გავრცელდა, ნათქვამია, რომ ასეთი ფესტივალები საქართველოს პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის დადებითად წარმოჩენას ემსახურება. ასევე ხელს უწყობს ადამიანური ურთიერთობების განვითარებას, კულტურული კონტაქტების დამყარებას, ახალგაზრდების სოციალიზაციას და მათ ცივილიზებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

 „რეპორტიორმა“ გადაამოწმა, ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება პრეზიდენტს, რაც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დაგვიდასტურა.

 შეუძლებელია პროგრესი სიცოცხლის ხალისის გარეშე, შეუძლებელია განვითარება გარესამყაროს მიმართ გახსნილობის გარეშე! ჩვენი, ხელისუფლების, ეკლესიის, პოლიტიკოსებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების ვალია არა შიშისა და უწიგნურობისაკენ მოწოდება, არამედ - საზოგადოებაში გამბედაობის, გახსნილობის, განათლების, შემწყნარებლობისა და პროგრესის ქადაგება და ამ სწრაფვების ხელშეწყობა!

დაუშვებელია ადამიანების რაიმე ნიშნით სეგრეგაცია, დევნა და თავისუფლებების შეზღუდვა. ადამიანთა თანასწორობისა და თავისუფლებების შესახებ კონსენსუსი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია! ამიტომ, თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ სახელმწიფოს ვალია, დაიცვას ყველას თავისუფლება, აღკვეთოს ერთი ჯგუფის მიერ მეორეზე ზეწოლა, ენერგიულად შეუწყოს ხელი საზოგადოებრივ შეთანხმებას იმის შესახებ, რომ საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულება სწორედ ერთმანეთის თავისუფლებების დაცვაა და არა - აკრძალვების, ტაბუსა და შიშების თავსმოხვევა ერთმანეთისთვის.

ჩვენ ვაშენებთ თავისუფალი საზოგადოების თავისუფალ სახელმწიფოს, ამისათვის კი თავისუფლებას პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა მივაღწიოთ! უპირველესად თავად უნდა განვთავისუფლდეთ, რომ სხვისმა თავისუფლებამ არ გაგვაღიზიანოს, რომ დავაფასოთ თავისუფლება და შევძლოთ მისი დაცვა! მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეების საზოგადოებას შეიძლება ქონდეს პასუხისმგებლობის განცდა სხვისი თავისუფლების მიმართ და მხოლოდ ასეთი საზოგადოება შეიძლება იყოს ერთიანი და ძლიერი!

ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ არა უმრავლესობის დიქტატურას, არამედ - დიქტატის მთლიანად დაძლევას. ხელი უნდა შევუწყოთ საზოგადოების წევრთა დამოუკიდებელ აქტივობას და მათ უფლებებს, რომ ეს აქტივობა სხვათა დაუზიანებლად და თავისუფლად განახორციელონ. სწორედ ესაა სახელმწიფოს ძირითდი ვალი და ამ მიზნიდან გადახვევა მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ ხელისუფალი დაშორდა საკუთარ ხალხს, ცალკე ბიუროკრატიად ჩამოყალიბდა და მომხმარებლური დამოკიდებულება გაუჩნდა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ეს დაუშვებელია!

ასურეთის მაგალითი, სამწუხაროდ, ერთადერთი არ არის. ბოლო დროს მომრავლდა შემთხვევები, როცა ხელისუფლება თვალს ხუჭავს ძალადობაზე, არ იყენებს მის ხელთ არსებულ ლეგიტიმურ უფლებებს და უპირატესობას ანიჭებს პოპულიზმს, ვიდრე - სწორ და პრინციპულ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ესეც დაუშვებელია.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაქვს რწმენა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს იზეიმებს ფუნდამენტალიზმი, უკანონობა, ქაოსი და უსამართლობა. მე მაქვს რწმენა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით თავისუფლებისკენ და განუხრელად გავაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს.

მინდა, მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ასეთ, ვინმესთვის შეიძლება უმნიშვნელო ინციდენტებს. ასეთი ფესტივალები, სხვა მსგავსი თავყრილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მათ ორგანიზებას ჩვენი ნიჭიერი და ინიციატივიანი თანამოქალაქეები ახერხებენ და მათ არა ხელის შეშლა, არამედ - წახალისება სჭირდებათ!

მიხარია, რომ თბილისის მერიამ ალტერნატიული ადგილი გამოუყო ფესტივალის ორგანიზატორებს და მიხარია, რომ ეს ფესტივალი, ისევე როგორც სხვა მრავალი პროგრესული ღონისძიება, მაინც ჩატარდება ახლაც და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც! - წერს პრეზიდენტი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016